ას-169-161-10 7 ოქტომბერი, 2010 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ა. ა-ოვი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ვ. ი-აია (მოპასუხე)
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს
2010 წლის 6 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2008 წლის 12 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ა. ა-ოვმა მოპასუხე ვ. ი-აიას მიმართ და მოითხოვა ზიანის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილებით ა. ა-ოვის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური ზიანის ანაზღაურება 5209 ლარისა და 70 თეთრის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. ი-აიამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 13 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, ა. ა-ოვის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება, აპელანტ ვ. ი-აიას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა მოწინააღმდეგე მხარის სააპელაციო პასუხის სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის გამო.
2009 წლის 26 ოქტომბერს ა. ა-ოვმა გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 13 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 6 იანვრის განჩინებით ა. ა-ოვის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 13 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
სასამართლომ მიუთითა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 31 აგვისტოს განჩინებით ა. ა-ოვს ვ. ი-აიას სააპელაციო საჩივარზე შესაგებლის წარმოსადგენად განესაზღვრა 10 დღე. აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე, გზავნილზე დართული მიმართვით გაფრთხილებულ იქნა სააპელაციო საჩივრის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში შესაგებლის წარმოუდგენლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. ა. ა-ოვს სააპელაციო პასუხის წარმოდგენის 10 _ დღიანი ვადა ამოეწურა 2009 წლის 11 სექტემბერს. მას სააპელაციო პასუხი სასამართლოში არ წარმოუდგენია.
სააპელაციო პასუხის წარუდგენლობის გამო, პალატამ დადგენილად მიიჩნია აპელანტის მიერ მითითებული გარემოებები იმასთან დაკავშირებით, რომ ა. ა-ოვის ბინა დღეს არსებულ მდგომარეობამდე თავად ბინის მესაკუთრემ მიიყვანა. ვ. ი-აიას ა. ა-ოვისთვის ზიანი მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით არ მიუყენებია და, შესაბამისად, არც მიზეზობრივი კავშირი არსებობდა მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ ჩათვალა, რომ არ არსებობდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე და 992-ე მუხლებით განსაზღვრული წინაპირობები ზიანის ანაზღაურების დასაკისრებლად.
2009 წლის 26 ოქტომბერს მოწინააღმდეგე მხარის ა. ა-ოვის წარმომადგენელმა ნ. ფ-ძემ საჩივრით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას. საჩივრის ავტორმა მოითხოვა 2009 წლის 13 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის განახლება. საჩივრის მიხედვით, დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დადგენილად მიჩნეული გარემოებები ეწინააღმდეგება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. ამასთან, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა აპელანტის მოთხოვნას და არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის სავალდებულო წინაპირობა.
საჩივრის ავტორის მითითებით, მას არ ჩაჰბარებია სააპელაციო საჩივარი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, რაც გახდა შესაგებლის დროულად წარუდგენლობის მიზეზი. რაც შეეხება ა. ა-ოვისავის სააპელაციო საჩივრის და თანდართული დოკუმენტების ჩაბარებას, ის ვერ ჩაითვლება კანონშესაბამისად, ვინაიდან მან არ იცის ქართული ენა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 6 იანვრის განჩინებით ა. ა-ოვის წარმომადგენელ ნ. ფ-ძის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 13 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას სააპელაციო სასამართლო არ იკვლევს მტკიცებულებებს და საქმის ფაქტობრივ გარემოებებს ადგენს სააპელაციო საჩივრის მიხედვით. შესაბამისად, შესაძლებელია, დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები ეწინააღმდეგებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ უსაფუძვლოა საჩივრის ავტორის მითითება იმის შესახებ, რომ ა. ა-ოვმა არ იცის ქართული ენა, რის გამოც მისთვის გზავნილის ჩაბარება ვერ ჩაითვლება კანონშესაბამისად. საქმეში არსებული მასალები მიუთითებს იმაზე, რომ ა. ა-ოვი თავისუფლად ფლობს ქართულ ენას.
აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ა. ა-ოვმა. მან განმარტა, რომ სასამართლომ მოახდინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2331 -ე მუხლის არასწორი ინტერპრეტირება. კასატორის აზრით, საქმის მასალებში არსებობს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც გვაძლევს წარმოდგენას მოწინააღმდეგე მხარის პოზიციაზე. აღნიშნული შესაძლებლობებს აძლევს სასამართლოს შეაფასოს სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები ამართლებენ თუ არა მოთხოვნას. მიუხედავად შესაგებლის წარდგენის ვალდებულებისა, კანონმდებელი გამოდის ზოგადი სამართლებრივი პრინციპიდან, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად უნდა ამართლებდეს სასარჩელო მოთხოვნას. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო ორივე მხარის პოზიციას სრულყოფილად ვერ აჯერებს, რადგან სარჩელის წარდგენისას მოპასუხის პოზიცია ზოგჯერ საერთოდ უცნობია.
სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე შეტანილ საჩივარში ერთმნიშვნელოვნად იყო განმარტებული, რომ აპელანტის საჩივარში მითითებული გარემოება, რომ არსენ ა-ოვმა თვითონ მიიყვანა ბინა დაზიანებამდე, არ შეიძლება იურიდიულად ამართლებდეს აპელანტის მოთხოვნას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი მიუთითებს, რომ პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახ ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ვ. ი-აიას მოქმედება იმაში მდგომარეობდა, რომ, წყალგაყვანილობის სისტემა ტექნიკურად გამართული არ იყო, რითაც ზიანი მიადგა ა. ა-ოვს. სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ ვ. ი-აიას ა. ა-ოვისათვის ზიანი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით არ მიუყენებია, არასწორია. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსხილველად დაბრუნება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს განიხილა საკაკსაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტს იმის თაობაზე, რომ სასამართლომ მოახდინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2331 - ე მუხლის არასწორი ინტერპრეტირება. კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლოს საქმის მასალებში არსებობს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც გვაძლევს წარმოდგენას მოწინააღმდეგე მხარის პოზიციაზე. აღნიშნული შესაძლებლობებს აძლევს სასამართლოს შეაფასოს სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები ამართლებენ თუ არა მოთხოვნას.
პალატა თვლის, რომ კასატორის ზემოთ მითითებული მოსაზრება არ გამომდინარეობს კანონის განმარტებიდან. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირებობის არსებობისას, მისი სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, არ ხდება გამოუცხადებელი მხარის არგუმენტების განხილვა- შეფასება. სასამართლო უფლებამოსილია იმსჯელოს მხოლოდ მოსარჩელის (აპელანტის) მიერ მითითებული გარემოებების იურიდიულ შესაბამისობაზე სარჩელის ან სააპელაციო საჩივრის მოთხოვნასთან, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 230-ე მუხლის მე-2 ნაწილისა. სხვა ფაქტორების მხედველობაში მიღების უფლება სასამართლოს არ გააჩნია. იგი არ გამომდინარეობს არც ერთი საპროცესო ნორმიდნ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას მხედველობაში მიიღოს საკასაციო საჩივარში მითითებული არგუმენტები სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში. განსახილველ სააპელაციო საჩივრში მითითებულია სარჩელის უარმყოფელი გარემოებები და ეს გარემოებანი სამოქალაქო საპროცესო კოდქსის 230- ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დამტკიცებულად ითვლება. ასეთ დროს შეუძლებელია არ დააკმაყოფილო მხარის მოთხოვნა იმ საფუძვლით, რომ მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ გამოტანილ გადაწყვეტილებაში მითითებულია ამ მხარის პოზიციის ამსახველი არგუმენტები.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოიტანა კანონით დადგენილ ვადაში შესაგებლის სასამართლოში შეუტანლობის გამო. შესაგებელს გააჩნია თავისი ფორმა, შინაარსი და წარდგენის ვადა, რომელიც განსაზღვრულია სსკ 201-ე მუხლით. შესაგებელში მითითებული უნდა იყოს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებსაც სამოქალაქო კანონმდებლობა უკავშირებს მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მას ჰქონდეს წერილობითი ფორმა და წარდგენილი იყოს განსაზღვრულ ვადაში, რათა მხარეს მიეცეს საშუალება სათანადოდ მოემზადოს და დაიცვას თავი სასამართლო პროცესზე. სსსკ-ის 2321 მუხლი ითვალისწინებს დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას მოპასუხის მიერ შესაგებლის დადგენილ ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში, კერძოდ, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო ნიშნავს მთავარ სხდომას, რის შესახებაც ეცნობება მხარეებს ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
მხარეთა სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობა, შესაგებლის წარმოუდგენლობა, საპროცესო მოქმედებათა შესასრულებლად გათვალისწინებული ვადის დარღვევა იწვევს პროცესის გაჭიანურებასა და ხარჯების გაზრდას. საქმის განხილვის დაჩქარება კი მნიშვნელოვანია, რათა უზრუნველყოფილი იქნეს საქმეთა დროულად განხილვა და გადაწყვეტა. მოპასუხემ დროულად უნდა შეასრულოს საპროცესო მოქმედებები, რისი უზრუნველყოფაც ხდება სწორედ კოდექსის 2321 მუხლის საშუალებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციის საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო ვალდებულია საქმის განხილვისას იხელმძღვანელოს პირველ ინსტანციაში საქმეთა განხილვის მომწესრიგებელი ნორმებით, თუ საპროცესო კოდექსი სააპელაციო სასამართლოში საქმის წარმოებისათვის სპეციალურ ნორმებს არ ადგენს ამ ინსტანციაში საქმეთა განხილვის თავისებურებებიდან გამომდინარე.
აღნიშნულიდან გამომდინარე გასარკვევია არსებობს თუ არა სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის წარმოების წესებში ნორმა, რომელიც განსაზღვრავს შესაგებლის წარმოუდგენლობის შემთხვევაში დამდგარ სამართლებრივ შედეგებს.
ასეთი ნორმა არ არსებობს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის სახით არსებობს ნორმა, რომლითაც განისაზღვრება სააპელაციო სასამართლოში სასამართლოს მთავარ სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობის შედეგები. თუმცა ეს სხვა ურთიერთობაა და ამ ნორმას ვერ გავავრცელებთ შესაგებლის წარმოუდგენლობის შემთხვევაზე.
შესაბამისად 372-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ შესაგებლის წარმოუდგენლობისას ურთიერთობა უნდა დაარეგულიროს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციის საქმეთა განხილვისათვის.
სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას არა მარტო სამართლებრივი, არამედ ფაქტობრივი თვალსაზრისითაც. შესაბამისად სააპელაციო სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება გარკვეული ფაქტობრივი გარემოებების არსებობის პრეზუმფციასაც ეფუძნება. სასამართლოს გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სააპელაციო საჩივარში (სარჩელში) მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად გაამართლებენ მასში ჩამოყალიბებულ მოთხოვნას. სააპელაციო სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებების ცნობა-არცნობასთან და ფაქტობრივი გარემოებების არსებობასთან არის დაკავშირებული. 387-ე მუხლის თანახმად სააპელაციო სასამართლო მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში იღებს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რაც მიუთითებს რომ ასეთი სახის ღონისძიებები სააპელაციო სასამართლოს ბუნებიდან გამომდინარე მიუღებელი არ არის.
მოცემულ შემთხვევაში კანონში არ არის ბუნდოვანი დებულებები, რომლებიც დაზუსტებას და შევსებას, მისი იურიდიული ბუნების ანალიზს საჭიროებს. მოცემულ შემთხვევაში ასეთი ანალიზით ვცდებით კანონის საფუძველზე დავის გადაწყვეტის ფუნქციებს და ვიძენთ მიზანშეწონილობის საკითხის გადაწყვეტის ფუნქციას. კანონის ინტერპრეტაცია კანონის ტექსტს უნდა ემყარებოდეს და მაქსიმალურად ცდილობდეს კანონის ტექსტის საფუძველზე დაადგინოს კანონის აზრი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გააჩნდა ყველა სამართლებრივი წინაპირობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა.
დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა ხდება მხოლოდ გარკვეული პირობების არსებობისას, კერძოდ ერთ-ერთი ასეთი პირობაა, რომ არ უნდა არსებობდეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, რომლებიც გათვალისწინებულის კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით. მითითებული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია ამ მუხლის პირველი ნაწილის “ბ” და “გ” ქვეპუნქტებით მითითებული გარემოებების არსებობისას, კერძოდ თუ ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც შეეძლო ხელი შეეშალა შესაგებლის წარმოდგენაში, ან თუ მოპასუხეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები. გარდა ამ ორი გარემოებისა სსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულია, რომ საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის ავადმყოფობა, ახლო ნათესავის გარდაცვალება, ან სხვა განსაკუთრებით ობიექტური გარემოება, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ამასთან, ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხალმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში აღნიშნულია, რომ საპატიო მიზეზის განმარტება ხდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიზნებისათვის. შესაბამისად 2321 და 201-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტში აღნიშნული საპატიო მიზეზის განმარტება უნდა მოხდეს 215-ე მუხლი მე-3 ნაწილის მიხედვით.
აქედან გამომდინარე, იმ საპატიო მიზეზებს, რომელთა გამოც მოპასუხის მიერ შესაგებლის დადგენილ ვადაში წარმოუდგენლობა არ გამოიწვევს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას წარმოადგენენ: დაუძლეველი ძალა ან სხვა მოვლენა, რომელსაც შეეძლო ხელი შეეშალა შესაგებლის წარმოდგენაში; თუ მოპასუხეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; მხარის ავადმყოფობა; ახლო ნათესავის გარდაცვალება; სხვა განსაკუთრებით ობიექტური გარემოება, რომელიც მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის შესაგებლის წარდგენას.
განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საპატიოდ არ მიიჩნია კასატორის მიერ საჩივარში მითიებული გარემოებები, რომელთა საფუძველზეც იგი ითხოვდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს არგუმენტაციას მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ენის არცოდნასთან დაკავშირებით. აღნიშნული საკითხი ა. ა-იანს სასამართლოს წინაშე არ დაუყენებია დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებამდე. უფრო მეტიც, მის მიერ მიღებულია და ქართულად ხელმოწერილია სასამართლოდან მიღებული კორესპონდენციები. (ს.ფ.75, 86, 102, 141 ტ.1). ეს საკითხი არ წამოჭრილა არც ნოტარიუსთან რწმუნებულების დადასტურების დროს და არც სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვის დროს. პალატა თვლის, რომ აღნიშნული არგუმენტი მხარეს მოხმობილი აქვს მხოლოდ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მიზნით და მას რეალური საფუძველი არ გააჩნია. აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტს იმის თაობაზეც, რომ კასატორის მიმართ დარღვეულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის მოთხოვნები. პალატა თვლის, რომ არც მე-4 მუხლის დარღვევას ჰქონია ადგილი. მხარეს სრული უფლება ჰქონდა წარედგინა შესაგებელი სასამართლოში, რაც მან არ შეასრულია. კანონი კი ასეთ შემთხვევას დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას უკავშირებს. რაც გამოიყენა კიდეც სასამართლომ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების და შესაბამისად საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412- ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ა. ა-იანის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო სქმეთა პალატის 2010 წლის 6 იანვრის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.