¹ას-17-16-2010 20 იანვარი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე რ. ნადირიანი
საკასაციო სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე სს “ჭ.-ის” საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილებაზე.
პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სარჩელი მოპასუხე სს “ჭ.-ის” მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის კანონით გათვალისწინებული პროცენტის დაკისრებისა და დაგირავებული ქონების რეალიზაციის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და მოითხოვა მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა. სს “ჭ.-ი” ღვინის ქარხანას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 5658,45 ლარის გადახდა და თანხის გადახდის მიზნით მოხდა გირავნობის საგნიდან _ 43400 ლიტრი საკონიაკე სპირტიდან (საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ¹2863/04) შესაბამისი რაოდენობის სპირტის რეალიზაცია.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს “ჭ.-ის” წარმომადგენელმა ც. ჯ.-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 1 თვე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლი სს “ჭ.-ის” დირექტორ გ. ზ-შვილს ჩაჰბარდა 2009 წლის 8 ოქტომბერს (ტ.II, ს.ფ.103), ხოლო კასატორის წარმომადგენელმა კი საკასაციო საჩივარი შეიტანა 2009 წლის 14 დეკემბერს (ტ.II, ს.ფ.117), ე.ი. ერთთვიანი საპროცესო ვადის დარღვევით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში საკასაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. თუ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს სასამართლოს გამოაქვს განჩინება საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სს “ჭ.-ის” საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველად გასაჩივრების ვადის გაშვების გამო.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე, 397-ე მუხლის პირველი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სს “ჭ.-ის” საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება;