ას-172-164-10 3 ივნისი, 2010 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),
თ. თოდრია (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – მ. კ-ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – რ. მ-ოვი (მოპასუხე)
დავის საგანი – უკანონოდ აშენებული მანსარდის მოშლა და ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს
2009 წლის 2 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართეს მ. კ-ძემ და რ. მ-ოვმა ერთმანეთის წინააღმდეგ უკანონოდ აშენებული მანსარდის მოშლისა და ზიანის ანაზღაურების შესახებ.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. კ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო რ. მ-ოვის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. კ-ძემ და რ. მ-ოვმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. კ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ხოლო რ. მ-ოვის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ თბილისში, ... ქ. ¹24-ში მდებარე ბინის 48/240 ნაწილი, საკუთრების უფლებით ეკუთვნოდა ტ. მ-ოვს, ხოლო 39/240 ნაწილი, მ. კ-ძეს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით ტ. მ-ოვის უფლებამონაცვლედ საქმეში ჩაბმულ იქნა რ. მ-ოვი.
ასევე სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ტ. მ-ოვს ქ. თბილისის რაიონული გამგეობის 1995 წლის 14 ივნისის ¹74 გადაწყვეტილებით ნება დაერთო მანსარდის მოწყობაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით არსებობს ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის 1996 წლის 11 იანვრის ¹5 ბრძანება პროექტის შეთანხმებასთან დაკავშირებით და თბილისის სახელმწიფო არქიტექტურულ-სამშენებლო კონტროლის ინსპექციის 1996 წლის 27 აგვისტოს მშენებლობის დაწყების ნებართვა ¹231.
მხარეთა შორის სადავოა ტ. მ-ოვის მიერ წაროებული მშენებლობის ტექნიკურ ნორმებთან შესაბამისობა, ასევე ის ფაქტი, თუ რამდენად გამოიწვია აღნიშნულმა მშენებლობამ მ. კ-ძის კუთვნილი ბინის დაზიანება, შესაბამისად, მისი ღირებულების შემცირება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ სადავო მანსარდის მშენებლობა განხორციელდა სათანადო ნებართვებისა და პროექტების საფუძველზე, ამასთან, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით აღნიშნული ადმინისტრაციული აქტები ბათილად ცნობილი არ ყოფილა. აღნიშნულიდან გამომდინარე, უსაფუძლოა მ. კ-ძის პრეტენზია მანსარდის მშენებლობის უკანონობასთან დაკავშირებით.
ასევე პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს ზიანსა და მოპასუხის ქმედებას შორის მიზეზობრივი კავშირი, რადგან საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მ. კ-ძის კუთვნილი ბინის დაზიანებები არ არის გამოწვეული ტ. მ-ოვის მიერ წაროებული მანსარდის მშენებლობით.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მ. კ-ძემ. მან მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო საქართველოს იუსტიიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევითი ცენტრის 2002 წლის 21 მარტისა და 2004 წლის 7 სექტემბრის საექსპერტო დასკვნებს, რომლის მიხედვითაც დადგენილად მიიჩნია, თითქოს მ-ოვს ნორმები მშენებლობისას არ დაურღვევია. მშენებლობის დაწყებამდე ბინა დანგრეული არ იყო, რადგან ნებართვების გამცემა შესაბამისმა ინსტანციებმა შესაძლებლად ჩათვალეს მასზედ მანსარდის დაშენება.
კასატორმა ასევე აღნიშნა, რომ სასამართლომ ასევე არასწორად მიუთითა, რომ მ-ოვის ბინის დანგრევა ტექნიკურად შეუძლებელია, ვინაიდან თუ ის ეყრდნობა იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზის დასკვნებს, მაშინ ის მოსაზრებაც უნდა გამოეყენებინა, სადაც ლეფსაია და კალანდაძე აღნიშნავენ, რომ იმისთვის რომ, მანსარდის მონგრევამ არ იქონიოს გავლენა ჩახრუხაძის 24-ში არსებული სახლის მდგომარეობაზე, საჭიროა მონგრევის სამუშაოები განხორციელდეს ლიცენზირებული ორგანიზაციის მერ სათანადოდ შედგენილი ორგანიზაციული პროექტის შესაბამისად. აღნიშნულის საწინააღმდეგო საქმეში ფაქტობრივად არც არაფერი მოიპოვება და თუ რას დაეყრდნო სასამართლო, არ დაუსაბუთებია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. კ-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით არსებობს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, რომ დაუშვას მ. კ-ძეს საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ. კ-ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
მ. კ-ძეს დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – (1735 ლარისა და 30 თეთრის) 70% - 1214 ლარი და 71 თეთრი;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.