ას-174-166-2010 12 ივლისი, 2010 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ლალი ლაზარაშვილი, ვასილ როინიშვილისაქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ვ-ხ ფ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ქ-მ ფ-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი _ გზით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ვ-ხ ფ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ქ-მ ფ-ის მიმართ საერთო გზით სარგებლობის უკანონო ხელშეშლის აღკვეთის შესახებ შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელე ცხოვრობს მ-ის რაიონის სოფელ ე-ი და არის 311 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის მესაკუთრე. მოპასუხემ კანონის დარღვევით, რკინის ჭიშკრით ჩაკეტა მოსარჩელის ნაკვეთთან მისასვლელი გზა. ვ.ფ-მა და მისმა მეზობლებმა მოსთხოვეს ქ-მ ფ-ს უკანონო ქმედებათა აღკვეთა და გზის გახსნა, რა მიზნითაც მიმართეს ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამართალდამცავ ორგანოებსაც. მოპასუხის მიერ სადავო საერთო სარგებლობის გზის უკანონოდ გადაკეტვის ფაქტი დასტურდება მ-ის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შედგენილი კომისიის 2008 წლის 30 აპრილის აქტით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მ-ის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2008 წლის 8 მაისს გაცემული მიმართვით, მ-ის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის ზედამხედველობის განყოფილების უფროსის 2008 წლის 30 მაისის ¹18 მოხსენებითი ბარათით, 2008 წლის 10 ივნისის მიმართვით, ასევე საკუთრების მოწმობებითა და საკადასტრო რუკებით.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: 1998 წელს მ-ის რაიონის შ-ის საკრებულოს მიწის გამანაწილებელმა კომისიამ სოფელ ე-ში მცხოვრებ 24 მაცხოვრებელს, მათ შორის, მოპასუხესაც გამოუყო 1300 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელსაც გააჩნია 8 მეტრის სიგანის ცენტრალური გზა. მოსარჩელის მითითება ქ.ფ-ის მიერ საერთო სარგებლობის გზის გადაკეტვის შესახებ უსაფუძვლოა, რადგან ზემოხსენებული გზა შეუფერხებლად ფუნქციონირებს.
მ-ის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ვ-ხ ფ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე ქ-მ ფ-ს დაევალა ხელშეშლის აღკვეთა, საერთო სარგებლობის გზის გათავისუფლება და რკინის ალაყაფის მოხსნა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ-მ ფ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილებით ქ-მ ფ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ვ-ხ ფ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებანი: მოსარჩელე ვ-ხ ფ-ს მ-ის რაიონის სოფელ შ-ის საკრებულოს ტერიტორიაზე, სოფელ ე-ში საკუთრების უფლებით გადაეცა 0,311 ჰა ¹15 მიწის ნაკვეთი. მოპასუხე ქ-მ ფ-ის სახელზე ამავე სოფელში ირიცხება 1300 კვ.მ მიწა. პალატამ მიუთითა საქმეში წარმოდგენილ 2002 წლის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საკადასტრო რუკაზე, რომლის მიხედვით ¹22 მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა მიშდიკ ფ-ი, ხოლო ¹23 სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთისა _ ფარმან ფ-ი. მოცემული საკადასტრო რუკის მონაცემების მიხედვით, ¹22 და ¹23 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს შორის დაფიქსირებულია 3,5 მეტრის სიგანის გზა. ამასთან, საქმეში წარმოდგენილია 2004 წლის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მ-ის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საკადასტრო რუკა, რომლის მიხედვით მიწის ნაკვეთებს შორის მითითებული 3,5 მეტრის სიგანის გზა არ არის.
პალატამ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნულ საკადასტრო რუკებს შორის შეუსაბამობებისა და საქმეზე ფაქტობრივი გარემოების დადგენის მიზნით, სპეციალისტმა დაადასტურა ის გარემოება, რომ 2004 წლის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მ-ის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საკადასტრო რუკაზე მოცემულია მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები. სპეციალისტის განმარტებით, აღნიშნულს საფუძვლად დაედო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული ბრძანება, რომლის მიხედვით, რეგისტრაციის სრულყოფის მიზნით, საკადასტრო რუკებში შევიდა გარკვეული ცვლილებები და მოქალაქეებს მიეცათ შესაძლებლობა, მათ მიერ წარმოდგენილი აზომვითი ნახაზების საფუძველზე შეეტანათ ცვლილებები მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის დაზუსტების მიზნით. შესაბამისად, 23-ე მიწის ნაკვეთს მიენიჭა ¹830910637, ხოლო 21-ე მიწის ნაკვეთს _ ¹830910636. დაზუსტდა აგრეთვე ¹23-ე სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრე – თ- ფ-ი. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ ჩათვალა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მ-ის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2004 წელს გაცემულ საკადასტრო რუკაზე ერთმანეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთებად ასახულია ¹21 და ¹23 ნაკვეთები.
აღნიშნული მიწის ნაკვეთების მფლობელების მიერ წარმოდგენილ იქნა რა მათი აზომვითი ნახაზები და საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები, მოცემული ნაკვეთები აისახა საკადასტრო რუკაზე. რაც შეეხება ¹22 მიწის ნაკვეთს, პალატის მითითებით, მის მფლობელად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების 2002 წლის საკადასტრო რუკის მიხედვით, აღრიცხულია მიშდგიკ ფ-ი, ხოლო ასეთი პიროვნების მიერ ¹22 მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები არ წარმოდგენილა, შესაბამისად, ¹22-ე ნაკვეთი მიჩნეულ იქნა დაუზუსტებელ რეგისტრაციად. ამდენად, პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება ¹22 და ¹23 მიწის ნაკვეთებს შორის 3,5 მეტრი სიგანის გზის არსებობის შესახებ და არც ვ-ხ ფ-ის მოსაზრება, რომ აღნიშნული 3,5 მეტრი სიგანის გზა მიეკუთვნება საერთო სარგებლობის გზას, რადგან საქართველოს პრეზიდენტის ¹327 ბრძანების (რომლითაც განისაზღვრა საქართველოს მოქალაქეთა მფლობელობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია), საქართველოს იუსტიციის მინისტრის საჯარო რეესტრის შესახებ ¹318 ინსტრუქციისა (რომლითაც შესწორება შევიდა ზემოაღნიშნულ ბრძანებაში) და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2006 წლის 13 დეკემბრის ბრძანების მიხედვით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მ-ის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გაცემული მიწის ნაკვეთების საკადასტრო რუკაზე მოცემულია მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, ხოლო იმ შემთხვევაში თუ 3,5 მეტრი სიგანის გზა აღირიცხებოდა სახელმწიფოს მიერ, იგი აისახებოდა საკადასტრო რუკაზეც.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემულ საკადასტრო რუკაზე 3,5 მეტრი სიგანის გზა დაფიქსირებული არ არის. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, საკუთრების უფლება შეუზღუდავი ხასიათის არ არის, თუმცა მისმა შეზღუდვამ სხვა პირის მართლზომიერი მფლობელობის შელახვა არ უნდა გამოიწვიოს. მოცემულ შემთხვევაში პალატამ დაადგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოება სადავო მიწის ნაკვეთებს შორის საერთო სასარგებლო გზის არარსებობის თაობაზე და ჩათვალა, რომ ქ-მ ფ-ის მიერ სხვისი საკუთრების უფლების შეზღუდვის ფაქტი არ დადასტურდა. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მეორე ნაწილით, 174-ე და 176-ე მუხლებით გათვალისწინებული უკანონო ხელშეშლის აღკვეთის საფუძველიც არ არსებობს.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ვ-ხ ფ-მა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ მართებულად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მეორე ნაწილი, 174-ე და 176-ე მუხლები, თუმცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს არასწორი სამართლებივი შეფასება მისცა. საქმის მასალებითა და საჯარო რეესტრის წარმომადგენლის დაკითხვისას დადგინდა ¹21 და ¹22 მიწის ნაკვეთებს შორის საერთო სარგებლობის არსებობის ფაქტი. პალატამ ვერ დაასაბუთა, თუ რატომ უნდა ჰქონდეს ქ.ფ-ს აღნიშნული 3,5 მეტრის საერთო სარგებლობის გზა ჭიშკრით გადაკეტილი და რა საფუძვლით ეკრძალება კასატორს ამ გზით სარგებლობა. სასამართლომ უდავოდ დაადგინა, რომ ქ.ფ-მა ჭიშკარი მოაწყო საერთო სარგებლობის გზაზე, რაც უნდა შეფასდეს სადავო გზის სხვა მოსარგებლეთა მიმართ უკანონო ხელშეშლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ-ხ ფ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს იმავე სასამართლოში, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ დავაზე გააწყვეტილების გამოტანისას დარღვეულია კანონი, კერძოდ:
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაეფუძნა იმ ფაქტს, რომ სასამართლო სხდომაზე დაკითხული სპეციალისტის მითითებით, 3,5 მეტრის სიგანის გზა 2004 წლის მიწის ნაკვეთების საკადასტრო რუკაზე არ ფიქსირდება. ამასთან, აქვე მიეთითა, რომ აღნიშნული გზა ძველ საკადასტრო რუკაზე არსებობდა და იგი განთავსებული იყო ¹22 და ¹23 მიწის ნაკვეთებს შორის. ამავე ექსპერტმა განმარტა, რომ, ვინაიდან ¹22 მიწის ნაკვეთი არის დაუზუსტებელი რეგისტრაცია, შესაბამისად, ¹21 და ¹23 მიწის ნაკვეთები გახდა მომიჯნავე მიწის ნაკვეთები.
სააპელაციო პალატამ მთლიანად გაიზიარა სპეციალისტის განმარტება ისე, რომ სრული და ობიექტური შეფასება არ მიუცია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისთვის, კერძოდ, საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებენ 2004 წლამდე სადავო გზის არსებობაზე. აღნიშნული მტკიცებულებები სასამართლოს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, არ შეუფასებია. ამავე კოდექსის 249-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს მოსაზრებანი, რომლითაც უარყოფს ამა თუ იმ მტკიცებულებას. მოცემული სასარჩელო მოთხოვნა ემყარება სწორედ იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ საერთო სარგებლობის გზა მოპასუხის უკანონო ქმედებით მოშლილია და ამჟამად აღარ არსებობს. ამდენად, საკადასტრო რუკაში ამჟამინდელი მდგომარეობით მისი დაუფიქსირებლობა, უდავოდ არ ადგენს არსებული გზის მოშლის კანონიერებას და, შესაბამისად, სასამართლოს უნდა შეეფასებინა სადავო გზის გაუქმების კანონიერება.
სასამართლო გზის ამჟამინდელი მდგომარეობით არარსებობასთან მიმართებით უთითებს ¹22 მიწის ნაკვეთის დაუზუსტებელ რეგისტრაციაზე, თუმცა არ ასაბუთებს, რა გავლენას ახდენს დამოუკიდებელი მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის დაუზუსტებლობა საერთო სარგებლობის გზის გაუქმებაზე.
ამავდროულად, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ უძრავი ნივთის _ მიწის ნაკვეთის მიმართ მოქმედებს რა სპეციალური სამართლებრივი რეჟიმი, მიწის ნაკვეთების რეგისტრაციაში ცვლილებები უნდა დასაბუთდეს არა სპეციალისტის მიერ საკადასტრო რუკების შეფასებით, არამედ სათანადო ოფიციალური მტკიცებულებებით, რომლითაც უტყუარად უნდა გაირკვეს მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ ამა თუ იმ მიწის ნაკვეთის რეგისტრაციისას განხორციელებული ცვლილების სამართლებრივი საფუძველი. აღნიშნული საკითხის გარკვევას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საქმისათვის, შესაბამისად, სასამართლოს, საჭიროების შემთხვევაში შეუძლია, გამოიყენოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 162-ე მუხლით გათვალისწინებული ექსპერტიზის დანიშვნის უფლება.
საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ უნდა გამოარკვიოს, რეალურად არსებობდა თუ არა სადავო გზა;
დადებით შემთხვევაში, ვინ იყო მისი მესაკუთრე და მესაკუთრეს ხომ არ გაუსხვისებია იგი;
რა განაპირობებს საქმეში წარმოდგენილ საკადასტრო რუკებში არსებულ სხვაობას სადავო გზასთან მიმართებით;
თუკი სასამართლო დაასკვნის საერთო სარგებლობის გზის აღდგენის აუცილებლობას, ამავდროულად უნდა შეფასდეს, რამდენად არის გზის აღდგენა აუცილებელი და შესაძლებელი ისე, რომ არ დაირღვეს მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეთა ინტერესები.
მხოლოდ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების დადგენის შემდეგ შეიძლება შეფასდეს, დაირღვა თუ არა მოცემულ დავაზე სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე, 174-ე მუხლების მოთხოვნები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ვ-ხ ფ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.