Facebook Twitter

¹ას-176-166-11 18 აპრილი, 2011 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა

ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პ. ქათამაძე, ბ. ალავიძე

კასატორი _ მ. გ-შვილი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ე. ს-ვა (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 3 ნოემბრის განჩინება

კასატორების მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება და გაჩუქებული ნივთის დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. გ-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ე. ს-ვას მიმართ ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებისა და გაჩუქებული ნივთის დაბრუნების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 2006 წლის 31 მაისს სანოტარო აქტით ქ. თბილისში, ... პირველი მ/რ-ის ¹ ... კორპუსში მდებარე მოსარჩელის კუთვნილი 61 კვ.მ ¹31 ბინა მოსარჩელემ აჩუქა ძმისშვილს ე. ს-ვას. მჩუქებელი შეუთანხმდა დასაჩუქრებულს, რომ ქონების ჩუქების სანაცვლოდ დასაჩუქრებული იზრუნებდა მის ჯანმრთელობაზე. სწორედ ეს გახდა ჩუქების გაფორმების საფუძველი. დასაჩუქრებულის მხრიდან ამ პირობის შეუსრულებლობა ჩაითვლებოდა ჩუქების ხელშეკრულების დარღვევად, რაც ხელშეკრულების გაუქმების საფუძველი გახდებოდა. დასაჩუქრებულმა ე. ს-ვამ მოსარჩელის მიმართ გამოიჩინა გულგრილობა და უმადურობა, რაც გამოიხატება იმაში, რომ ნახევარ წელიწადზე მეტია მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, მოპასუხე არ აქცევს ყურადღებას, არ ეხმარება არც მატერიალურად, არც ფიზიკურად არ ზრუნავს მასზე, აყენებს მძიმე შეურაცხყოფას. ქონების გაჩუქების შემდეგ ის აღმოჩნდა მძიმე მდგომარეობაში.

მოპასუხის განმარტებით, არ არსებობს ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების საფუძველი შემდეგი გარემოებების გამო: მ. გ-შვილს მშობლების გარდაცვალების შემდეგ, სადავო ბინაში არ უცხოვრია. 2004 წლიდან ცხოვრობს გურჯაანის რაიონის სოფელ ... მეუღლესთან ერთად. ვინაიდან მამიდას არც ერთი ქორწინებიდან არ დარჩენია შვილი, გადაწყვიტა მოპასუხისათვის ეჩუქებინა მისი კუთვნილი ბინა. მამიდას შეუთანხმდა, რომ ის განაგრძობდა ცხოვრებას დედასთან და სანამ არ დასჭირდებოდა ბინაში საცხოვრებლად გადასვლა, ბინის გაქირავების შედეგად მიღებულ ქირას მოახმარდა მოსარჩელეს, ბინის გაქირავებამდე მამიდას ბინა გაქირავებული ჰქონდა თ. გ-შვილზე და იღებდა შემოსავალს. მის შემდეგ დამქირავებლებისგან ქირას იღებდა მოსარჩელე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილებით მ. გ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მ. გ-შვილმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 3 ნოემბრის განჩინებით მ. გ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2006 წლის 31 მაისს, ჩუქების ხელშეკრულების თანახმად, მ. გ-შვილმა ე. ს-ვას აჩუქა ქ. თბილისში, ... პირველი მ/რ-ში, ... კორპუსში მდებარე 61 კვ.მ ¹31 ბინა. ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, ე. ს-ვა საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ზემოაღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრედ. ე. ს-ვა უმადურობას არ იჩენდა, ამასთან, უძრავი ქონების გაჩუქების შემდეგ მჩუქებელი მძიმე მდგომარეობაში არ აღმოჩენილა. მოპასუხის განმარტებითა და საქმეზე დაკითხული მოწმეთა ჩვენებებით, დადგენილ იქნა, რომ უძრავი ქონების გაჩუქების შემდეგ, გაქირავების შედეგად მიღებულ შემოსავალს იღებდა მჩუქებელი მ. გ-შვილი. დადგენილ იქნა, აგრეთვე რომ საქმის განხილვის დროისათვის გაჩუქებულ ბინაში, მოსარჩელე მ. გ-შვილის თანხმობითა და მისი ნებით ცხოვრობდა მისი ნათესავი, რომელიც ბინაში ცხოვრების სანაცვლოდ ქირას არ იხდიდა.

სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე დიდ უმადურობად მიიჩნევდა იმ გარემოებას, რომ მისი ძმისშვილი მოხუც მამიდას არ აქცევდა ყურადღებას, არ ეხმარებოდა არც მატერიალურად, არც ფიზიკურად, აყენებდა შეურაცხყოფას. მისივე განმარტებით, მოპასუხის ეს ქმედებები იყო ზნეობრივად გასაკიცხი, რის გამოც მას სურდა, ჩუქების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მათ შორის სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტა.

სააპელაციო პალატამ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4-ე მუხლის თანახმად, განმარტა, რომ სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არა მარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები, მოცემულ შემთხვევაში კი, მოსარჩელემ ვერ შეძლო თავისი მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება და ვერ წარადგინა მის მიერ მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები.

პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ ე. ს-ვას უმადურობა არ გამოუჩენია და მოსარჩელის მიმართმ ზრუნველობის ვალდებულების შეუსრულებლობა, არ შეიძლება ჩაითვალოს ზნეობრივად გასაკიცხ მოქმედებად და დიდ უმადურობად. პალატამ ასევე მიუთითა, რომ საქმეში არ მოიპოვება დასაჩუქრებულის მხრიდან მძიმე შეურაცხყოფის მიყენების ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები, ხოლო აპელანტის განმარტება იმის თაობაზე, რომ ე. ს-ვამ და მისმა დედამ არაერთხელ მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, აღნიშნული გარემოება გარდა აპელანტის ახსნა-განმარტებისა არ დასტურდებოდა სხვა მტკიცებულებებით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, პალატამ განმარტა, რომ სიტყვიერი შეურაცხყოფა ვერ განიხილება ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების საფუძვლად, ვინაიდან კანონმდებელი ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების საფუძვლად მიუთითებს მხოლოდ მძიმე შეურაცხყოფაზე, რაც მოცემულ შემთხვევაში დადასტურებული არ არის. პალატამ ასევე გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 530-ე მუხლთან მიმართებაში. აღნიშნული ნორმით კანონმდებელი გაჩუქებული ნივთის გამოთხოვას დასაშვებად მიიჩნევს მხოლოდ განსაკუთრებული გარემოებების არსებობის შემთხვევაში - თუ ჩუქების შემდეგ მჩუქებელი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება. ასეთი გარემოების მტკიცების ტვირთი აწევს მჩუქებელს, რომელმაც უნდა ადასტუროს, რომ მისი მატერიალური მდგომარეობა ჩუქების შემდეგ მნიშვნელოვნად გაუარესდა და არ შეუძლია საკუთარი თავის ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა. ამავდროულად, კანონმდებელმა გაითვალისწინა დასაჩუქრებულის ინტერესებიც და განსაზღვრა, რომ გაჩუქებული ნივთის დაბრუნება დასაჩუქრებულს არ უნდა აყენებდეს მძიმე მდგომარეობაში. აღნიშნულ ნორმაში მითითებული გარემოებებიც შეფასებითი კატეგორიისაა და ყოველი კონკრეტული საქმის გარემოებებიდან უნდა დადგინდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 3 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. გ-შვილმა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, შემდეგი დასაბუთებით: სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ჩუქება შეიძლება გაუქმდეს, თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს ან დიდ უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ. მოწინააღმდეგე მხარეს დღემდე მისთვის ერთი თეთრიც კი არ მოუწოდებია. უფრო მეტიც, პროცესზეც კი არ გამოცხადდა, წასულია საქართველოდან. სასამართლომ არ გაიზიარა ისიც, რომ ის არის 1-ლი ჯგუფის უსინათლო ინვალიდი, დახმარების გარეშე გადაადგილება არ შეუძლია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. გ-შვილის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა)საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

მოცემული დავის საგანია, სამოქალაქო კოდექსის 529-ე, 530-ე მუხლის საფუძველზე ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რაც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ. გ-შვილის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.