Facebook Twitter

ას-182-174-2010 20 ოქტომბერი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ნუნუ კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი _ ც. ა-ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ გ. ა-ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 22 დეკემბრის განჩინება

განმცადებლის მოთხოვნა _ უფლებამონაცვლედ ცნობა

დავის საგანი _ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტის დადგენა, მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. ა-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. და ვ. ა-ძეების მიმართ ქ.ბათუმში, ... ქ¹6-ში მდებარე სამკვიდრო ქონების 1/4-ის ფაქტობრივი ფლობით მიღებისა და აღნიშნული ქონების მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ. ა-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, დადგენილ იქნა, რომ მოსარჩელეს ფაქტობრივი ფლობითა და მართვით მიღებული აქვს 1967 წლის 18 აპრილს გარდაცვლილი მამის _ ვა. ა-ძის დანაშთი სამკვიდრო, მდებარე ქ.ბათუმში, ... ქ¹6-ში, აღნიშნული სამკვიდროდან _ 225,88 კვ.მ სასარგებლო ფართიდან მოსარჩელეს მიეკუთვნა 1/4 ნაწილი _ 56,47 კვ.მ.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ვ. და თ. ა-ძეებმა.

აღნიშნული საქმე არაერთხელ იქნა განხილული ზემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 22 დეკემბრის განჩინებით თ. და ვ. ა-ძეების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ა-ძემ. კასატორმა წარმოადგინა ვა. ა-ძის გარდაცვალების დამადასტურებელი მოწმობა.

საქართველოს უზენესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 5 მარტის განჩინებით სამოქალაქო საქმის წარმოება თ. ა-ძის საკასაციო საჩივარზე, საქმეზე _ გ. ა-ძის სარჩელის გამო თ. და ვ. ა-ძეების მიმართ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტის დადგენისა და მესაკუთრედ ცნობის შესახებ შეჩერდა ვა. ა-ძის უფლებამონაცვლის დადგენამდე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 29 სექტემბრის განჩინებით ვ. ა-ძის მიმართ საქმის წარმოება შეწყდა უფლებამონაცვლეობისათვის დადგენილ ვადაში გარდაცვლილი ვა.ა-ძის უფლებაონაცვლის დაუდგენლობის გამო, ხოლო საქმის წარმოება განახლდა.

2010 წლის 11 ოქტომბერს ც. ა-ძემ განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და წარმოადგინა ნოტარიუს მ.მახარაძის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობის ასლი, ასევე საჯარო რეესტრის ამონაწერის ასლი, რომლის თანახმადაც ქ.ბათუმში, ... ქ¹6-ში მდებარე უძრავი ქონება ირიცხება ც. ა-ძის საკუთრებად მხარის მიერ წარმოდგენილი სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო განცხადების საფუძვლიანობისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ც. ა-ძის განცხადება უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 29 სექტემბრის განჩინებით სამოქალაქო საქმის წარმოება თ. ა-ძის საკასაციო საჩივარზე, საქმეზე _ გ. ა-ძის სარჩელის გამო თ. და ვ. ა-ძეების მიმართ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტის დადგენისა და მესაკუთრედ ცნობის შესახებ განახლდა, ხოლო ვ. ა-ძის მიმართ საქმის წარმოება შეწყდა გარდაცვლილი ვა.ა-ძის მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღებისათვის დადგენილ ვადაში სასამართლოსათვის ინფორმაციის წარუდგენლობის გამო.

ამდენად, ვ.ა-ძის მიმართ საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინებით დასრულდა საქმის წარმოება ვა. ა-ძის უფლებამონაცვლის მიმართაც. უფლებამონაცვლეობის დამადასტურებელი მტკიცებულებები ც. ა-ძემ შპს “საქართველოს ფოსტის” ბათუმის ფილიალში წარადგინა 2010 წლის 11 ოქტომბერს, სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, რაც განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 63-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ც. ა-ძის განცხადება უფლებამონაცვლეობის დადგენის შესახებ დარჩეს განუხილველად.

საკასაციო სასამართლო განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.