ას-185-175-2011 28 აპრილი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, თ.ზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ თ. ბ-ნკო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. კ-რია, ნ. ი-თი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება, გაჩუქებული ქონების დაბრუნება, უღირს მემკვიდრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თ. ბ-ნკომ სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. ი-თისა და ნ. კ-რიას მიმართ 2008 წლის 21 აპრილს თ.ბ-ნკოსა და ნ.კ-რიას შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების, გაჩუქებული ნივთის გამჩუქებლისათვის დაბრუნებისა და ნ. კ-რიას უღირს მემკვიდრედ ცნობის მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით: მოპასუხე ნ.კ-რია არის მოსარჩელის შვილიშვილი და ერთადერთი მემკვიდრე, რომელმაც უმადურობა გამოიჩინა მის მიმართ და მოტყუებით მოაწერინა ხელი ჩუქების ხელშეკრულებაზე.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებით თ. ბ-ნკოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 დეკემბრის განჩინებით თ.ბ-ნკოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოება გამო:
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გარემოების დასადასტურებლად პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმედ დაიკითხა რამდენიმე პირი, კერძოდ, ლ. ჯ-ძე, ა. გ-ია, ზ. კ-რია და ნ. ჯ-ძე. ლ.ჯ-ძემ დაადასტურა მხარეთა შორის დაძაბული ურთიერთობის არსებობა და ის ფაქტი, რომ ნ. კ-რია ფულს საერთოდ არ უგზავნიდა თ. ბ-ნკოს, თუმცა მაცივარი და ტელევიზორი უყიდა და სთავაზობდა მომვლელის დაქირავებას, რაზეც ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა. იგივე გარემოებები დაადასტურა მოწმე ა. გ-იამ, რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ ნ. კ-რიამ უმადურობა გამოიჩინა ბებიის მიმართ.
მოწმე ზ. კ-რიამ განმარტა, რომ ნ. კ-რია ეხმარება ბებიას და პერიოდულად აწვდის ფულს, მომვლელის დაქირავებაც შესთავაზა, მაგრამ ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა. აღნიშნული დაადასტურა მოწმე ნ. ჯ-ძემაც, რომელმაც განმარტა, რომ ნ. კ-რია ბებიას ყველანაირად ეხმარება და ამ უკანასკნელს არასოდეს არაფერი მოჰკლებია. მოწმემ ასევე დაადასტურა მხარეებს შორის ჩუქების ხელშეკრულების გაფორმების ფაქტი.
ამდენად, სასამართლომ აღნიშნა, რომ მოწმედ დაკითხული პირების ნაწილი ადასტურებს, ხოლო ნაწილი კი უარყოფს ჩუქების ხელშეკრულების მონაწილე მხარეებს შორის სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გარემოებების არსებობას.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტმა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მის მიერ მითითებული გარემოებები ვერ დაადასტურა, მოწმეთა ჩვენებების არსებითი შეუსაბამობის გამო, სასამართლო ვერ ჩათვლის დადგენილად ჩუქების ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გარემოებების არსებობას. გაჩუქებული ქონების უკან გამოთხოვა ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების თანამდევი შედეგია, ხოლო ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც დასაჩუქრებული გამოიჩენს დიდ უმადურების და მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს გამჩუქებელს.
სასამართლომ შეაფასა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მოწმე ზ. კ-რიასა და ნ. ჯ-ძის განმარტებები, რომლებმაც მიუთითეს, რომ თ. ბ-ნკო ახორციელებდა ფულის გასესხებას, შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ მჩუქებელი ჩუქების შემდეგ მძიმე მდგომარეობაში არ აღმოჩენილა და სადავო ქონება მის საარსებო წყაროს არ წარმოადგენს, რის გამოც მისი მოთხოვნა, სამოქალაქო კოდექსის 530-ე მუხლის თანახმად, არ შეიძლება დაკმაყოფილდეს.
სასამართლოს მითითებით, თ. ბ-ნკომ ვერ დაადასტურა, რომ ნ. კ-რიამ მოტყუებით მოაწერინა ხელი ჩუქების ხელშეკრულებაზე ნაცვლად სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებისა და რეალურად იგი არ გასცნობია ხელშეკრულების შინაარსს, რის გამოც მისი ეს არგუმენტები მოკლებულია დასაბუთებას და ვერ გახდება მისი მოთხოვნის _ ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების _ დაკმაყოფილების საფუძველი.
სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სამემკვიდრეო სამართალურთიერთობა და არც სამოქალაქო კოდექსის 1310-ე მუხლით გათვალისწინებული ის გარემოებები, რომელთა არსებობაც შესაძლებელია გახდეს სასარჩელო მოთხოვნის _ უღირს მემკვიდრედ ცნობის დაკმაყოფილების საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება თ. ბ-ნკომ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო პალატამ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლი, არასწორად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, მოწმეთა ჩვენებები და უკანონოდ არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია სადავო ჩუქების ხელშეკრულების მოტყუებით დადების თაობაზე.
სასამართლომ არასწორად ჩათვალა, რომ სამოქალაქო კოდექსის 530-ე მუხლით განსაზღვრული ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების საფუძველი მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს. ფაქტობრივად და სამართლებივად დაუსაბუთებელია პალატის მსჯელობა, რომ გაჩუქებული ბინა მჩუქებლის საარსებო წყაროს არ წარმოადგენს, რადგან აღნიშნული ბინა კასატორის ერთადერთი თავშესაფარია. ნ.კ-რია კი უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს გაასახლოს იგი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 თებერვლის განჩინებით თ. ბ-ნკოს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით კასატორი გათავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა თ. ბ-ნკოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს უკავშირებს გარკვეულ შეზღუდვებს და ადგენს იმ დავათა კატეგორიებს, რომლებზეც შეტანილი საკასაციო საჩივარი საკასაციო სასამართლოს მიერ დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი. აღნიშნული დანაწესები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლში.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები მითითებული ნორმით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით.
მოცემული საკასაციო საჩივრის საგანია ჩუქების შედეგად გამჩუქებლის მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში აღმოჩენის, ასევე დასაჩუქრებულის მხრიდან გამჩუქებლის მიმართ უმადურობის გამოჩენისა და შეურაცხყოფის მიყენების გამო ჩუქების ხელშეკრულების, როგორც მოტყუებით დადებული გარიგების ბათილად ცნობის მართლზომიერება. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ეფუძნება სამოქალაქო კოდექსის 529-ე, 530-ე მუხლებს. აღნიშნული პრაქტიკა ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.
კასატორი ვერ ასაბუთებს და საქმის მასალებითაც არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ისეთი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის შედეგზე, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თ. ბ-ნკოს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.