Facebook Twitter

ას-186-176-2011 29 მარტი, 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ნ. კ-ძე

წარმომადგენელი _ ნ. გ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე – მ. კ-ძე, თ. მ-ელი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალქო საქმეტა პალატის 2010 წლის 24 დეკემბრის განჩინება

დავის საგანი – მესაკუთრედ ცნობა, სამკვიდრო მოწმობაში ცვლილების შეტანა, ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 14 იანვრის გადაწყვეტილებით ნ. კ-ძის სარჩელი მოპასუხეებიის _ მ. კ-ძისა და თ. მ-ელის მიმართ მესაკუთრედ ცნობის, სამკვიდრო მოწმობაში ცვლილებების შეტანისა და ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. კ-ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალქო საქმეთა პალატის 2010 წლის 24 ნოემბრის განჩინებით ნ. კ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული განჩინების მიღებისას სააპელაციო პალატას არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი და ამიტომ სამოქალქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის შესაბამისად, 2010 წლის 24 დეკემბერს გამოიტანა დამატებითი განჩინება და ნ. კ-ძეს მ. კ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება 600 ლარის ოდენობით, ასევე ნ. კ-ძეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა გადავადებული სახელმწიფო ბაჟის _ 1000 ლარის გადახდა.

აღნიშნული განჩინებები საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ნ. კ-ძის წარმომადგენელმა ნ. გ-ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 თებერვლის განჩინებით ნ. კ-ძის წარმომადგენელ ნ. გ-ძის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და კასატორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის წარმოდგენა.

2011 წლის 28 თებერვალს კასატორის წარმომადგენელმა ნ. გ-ძემ განცხადებით მიმართა საკასაციო პალატას და მოითხოვა ნ.კ-ძის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება.

საკასაციო პალატის 2011 წლის 9 მარტის განჩინებით ნ. კ-ძის წარმომადგენელ ნ. გ-ძის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის 3 დღით.

2011 წლის 17 მარტს კასატორის წარმომადგენელმა ნ. გ-ძემ განცხადებით მიმართა საკასაციო პალატას და მოითხოვა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელება.

კასატორის წარმომადგენელმა კვლავ მიმართა საკასაციო პალატას განცხადებით და მოითხოვა საპროცესო ვადის გაგრძელება.

საკასაციო პალატის 2011 წლის 14 მარტის განჩინებით ნ. კ-ძის წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის გამოსწორებისათვის საპროცესო ვადა 2 დღით.

აღნიშნული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა ნ. კ-ძეს 2011 წლის 21 მარტს. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის განმავლობაში არც კასატორმა და არც მისმა წარმომადგენელმა ხარვეზი არ გამოასწორეა და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. კ-ძის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია სასამართლო შეტყობინება მხარეს ჩააბაროს აგრეთვე ტელეფონის საშუალებით. აღნიშნული ტიპის შეტყობინების ნამდვილობისათვის კანონმდებელი მოითხოვს, რომ საქმეში წარმოდგენილი იყოს სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ შედგენილი აქტი სატელეფონო შეტყობინების მხარისათვის ჩაბარების თაობაზე (სსკ-ის 73.2 მუხლის «ა» ქვეპუნქტი). ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილი კი ადგენს, რომ სასამართლო დამოუკიდებლად წყვეტს ადრესატს შეტყობინება რა ფორმით ჩააბაროს.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ კასატორს ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 21 მარტის განჩინების საფუძვლები და სარეზოლუციო ნაწილი ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით 2011 წლის 21 მარტს, საქმეში მის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე (იხ. სატელეფონო შეტყობინების აქტი ს.ფ.175). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ხუთდღიანი ვადის დენა დაიწყო 2011 წლის 22 მარტს და ამოიწურა ამავე წლის 23 მარტს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში არც კასატორმა და არც მისმა წარმომადგენელმა ხარვეზი არ გამოუსწორეს და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოქმედება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ იქნა შევსებული, ნ. კ-ძის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს დაუშვებლობის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. კ-ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.