Facebook Twitter

ას-189-180-2010 17 მაისი, 2010წ.

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),

ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) _ სსიპ კავკასიის ალექსანდრე თვალჭრელიძის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტი

მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) _ ნ. გ-ძე, ი. მ-იადი, ნ. ს-ძე, ლ. ჭ-ძე, ლ. დ-ოვა, ა. ს-ძე, ი. ჯ-ძე, ს. ღ-ძე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 6 იანვრის განჩინება

დავის საგანი _ სახელფასო დავალიანების ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2008 წლის 24 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართეს ნ. გ-ძემ, ი. მ-იადმა, ნა. (იგივე ნ.) ს-ძემ, ლ. ჭ-ძემ, ლ. დ-ოვამ, ა. ს-ძემ, ი. ჯ-ძემ და ს. ღ-ძემ მოპასუხე სსიპ კავკასიის ალექსანდრე თვალჭრელიძის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტის მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს სახელფასო დავალიანების ანაზღაურება შემდეგი ოდენობით: ნ. გ-ძე _ 1 670.34 ლარი; ი. მ-იადი _ 867 ლარი; ნ. ს-ძე _ 661 ლარი; ლ. ჭ-ძე _ 498.10 ლარი; ლ. დ-ოვა _ 417.35 ლარი; ა. ს-ძე _ 514.10 ლარი; ი. ჯ-ძე _ 880.32 ლარი; ს. ღ-ძე _ 1 252.06 ლარი.

მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ ისინი სხვადასხვა დროს და სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდნენ კავკასიის ალექსანდრე თვალჭრელიძის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტში და ასრულებდნენ თემატურ სამუშაოებს, რომელიც ხორციელდებოდა გეოლოგიის დეპარტამენტის დაკვეთით, პროგრამული დაფინანსებით. 1998-2001 წლებში თანამშრომლები დარჩნენ შრომის ანაზღაურების გარეშე, რის შედეგადაც მოპასუხეს მათ მიმართ ასანაზღაურებელი აქვს სახელფასო დავალიანება მთლიანობაში 6 760.57 ლარის ოდენობით. მოსარჩელეები სამსახურიდან გათავისუფლდნენ სხვადასხვა დროს სხვადასხვა მიზეზით, თუმცა სახელფასო დავალიანება არ ანაზღაურებიათ. მოპასუხე დაწესებულების დირექტორმა დაადასტურა სახელფასო დავალიანების არსებობა, თუმცა უარი განაცხადა მის ანაზღაურებაზე (ტომი I, ს.ფ. 1-12)

წარდგენილ შესაგებელში მოპასუხე სსიპ კავკასიის ალექსანდრე თვალჭრელიძის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტმა სარჩელი ცნო და განმარტა, რომ შესაბამისი დავალიანება წარმოშობილია სახელშეკრულებო სამუშაოებიდან, რომელსაც მოსარჩელეები ასრულებდნენ გეოლოგიის დეპარტამენტის პროგრამული დაფინანსებით. მითითებული დეპარტამენტიდან პროგრამული დაფინანსებით შესრულებული სამუშაოების საერთო ვალი შეადგენს 51 000 ლარს, რის თაობაზეც არაერთხელ ეცნობა როგორც ფინანსთა, ისე _ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროებს. მათ მიერ თანხის გადაუხდელობის გამო მოპასუხე ვერ ახორციელებდა ყოფილ თანამშრომლებთან საბოლოო ანგარიშსწორებას (ტომი I, ს.ფ. 50-56).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 27 თებერვლის საოქმო განჩინებით მოსარჩელეების შუამდგომლობის საფუძველზე მოცემულ საქმეში მოპასუხეებად ჩაებნენ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო (ტომი I, ს.ფ. 80-81, 96-97, 98).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 23 ივლისის საოქმო განჩინებით სარჩელი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ასევე საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიმართ მოთხოვნის ნაწილში დარჩა განუხილველი მოსარჩელეების მიერ მისი გამოხმობის გამო (ტომი I, ს.ფ. 224, 226-228).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 12 აგვისტოს განჩინებით ნ. გ-ძის, ი. მ-იადის, ნ. ს-ძის, ლ. ჭ-ძის, ლ. დ-ოვას, ა. ს-ძის, ი. ჯ-ძის, ს. ღ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, სსიპ კავკასიის ალექსანდრე თვალჭრელიძის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტს დაეკისრა მოსარჩელეთა მიმართ სახელფასო დავალიანების ანაზღაურება შემდეგი ოდენობით: ნ. გ-ძე _ 1 670.34 ლარი; ი. მ-იადი _ 867 ლარი; ნ. ს-ძე _ 661 ლარი; ლ. ჭ-ძე _ 498.10 ლარი; ლ. დ-ოვა _ 417.35 ლარი; ა. ს-ძე _ 514.10 ლარი; ი. ჯ-ძე _ 880.32 ლარი; ს. ღ-ძე _ 1 252.06 ლარი.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქმეზე დადგენილ შემდეგ უდავო ფაქტობრივ გარემოებებზე:

მოსარჩელეები 1998-2000-2001 წლებში გეოლოგიის დეპარტამენტის შეკვეთით ასრულებდნენ გეოლოგიურ სამუშაოებს. აღნიშნული სამუშაოების შესრულების შედეგად მოპასუხეს მათ მიმართ წარმოეშვა დავალიანება შემდეგი ოდენობით: ნ. გ-ძე _ 1 670.34 ლარი; ი. მ-იადი _ 867 ლარი; ნ. ს-ძე _ 661 ლარი; ლ. ჭ-ძე _ 498.10 ლარი; ლ. დ-ოვა _ 417.35 ლარი; ა. ს-ძე _ 514.10 ლარი; ი. ჯ-ძე _ 880.32 ლარი; ს. ღ-ძე _ 1 252.06 ლარი;

მოსარჩელეები წარმოადგენდნენ მოპასუხე დაწესებულების თანამშრომლებს, მათ შორის: ნ. გ-ძე _ 1998-2007 წლებში; ი. მ-იადი _ 1998-2001 წლებში; ნა. ს-ძე _ 1998-2001 წლებში; ლ. ჭ-ძე _ 1998-2001 წლებში; ი. ჯ-ძე _ 1998-2001 წლებში; ს. ღ-ძე _ 1998-2006 წლებში; ლ. დოლოგოვა და ა. ს-ძე ასევე წარმოადგენდნენ მოპასუხის თანამშრომლებს 1998 წელს, რაც დასტურდებოდა მათ მიმართ წარმოშობილი სახელფასო დავალიანებით.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხემ სახელფასო დავალიანების არსებობა აღიარა, მან სასამართლო სხდომაზეც დაადასტურა, რომ მოსარჩელეები წარმოადგენდნენ მის თანამშრომლებს და შესაბამისი თანხის გადახდის ვალდებულება მას ეკისრებოდა. მოპასუხემ ასევე განმარტა, რომ თანხას მას შემდეგ გადაიხდიდა, როდესაც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო მის მიმართ არსებულ დავალიანებას დაფარავდა. სსიპ კავკასიის ალექსანდრე თვალჭრელიძის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტს სასამართლოსათვის არ წარუდგენია იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მას შესაბამისი თანხის გადახდა არ ევალდებოდა და ასეთი ვალდებულება ეკისრებოდა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ან ფინანსთა სამინისტროს. უფრო მეტიც, სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა ცნო სარჩელი. ამ უკანასკნელის განმარტებით, მოსარჩელეთა მოთხოვნა საფუძვლიანი იყო და უნდა დაკმაყოფილებულიყო.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. რამდენადაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენლის (რომელსაც აღნიშნული უფლებამოსილება მინიჭებული ჰქონდა დადგენილი წესით) მიერ სარჩელის ცნობას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული კანონის ანალოგიის გამოყენებით, ამავე კოდექსის 208.3 მუხლზე დაყრდნობით, საქალაქო სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა (ტომი I, ს.ფ. 249-253).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ კავკასიის ალექსანდრე თვალჭრელიძის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება (ტომი I, ს.ფ. 277-286).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 6 იანვრის განჩინებით სსიპ კავკასიის ალექსანდრე თვალჭრელიძის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და დამატებით განმარტა შემდეგი:

სამოქალაქო საპროცესო სამართალი აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რაც ნიშნავს მხარეთა ნების თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. ამდენად, მოპასუხემ სარჩელის ცნობით გამოხატა ნება თავისი საპროცესო უფლების რეალიზაციაზე, რაც სავალდებულოა სასამართლოსათვის და სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების მიღების კანონისმიერ, უპირობო საფუძველს წარმოადგენს.

სააპელაციო საჩივარში მითითებულ ახალ ფაქტებთან მიმართებით სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ იგი მათ ვერ მიიღებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის საფუძველზე (ამავე საფუძვლით აპელანტს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 16 დეკემბრის საოქმო განჩინებით, უარი ეთქვა საჩივარზე დართული ახალი მტკიცებულებების მიღებაზე).

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მითითება იმის შესახებ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არ დააკმაყოფილა მათი წარმომადგენლის შუამდგომლობა სხდომის გადადების თაობაზე, რის გამოც მან ვერ შეძლო სრულყოფილად გაცნობოდა საქმის მასალებს და წარედგინა მტკიცებულებები. საქმეში არსებული სასამართლო სხდომის ოქმის მიხედვით (ტომი I, ს.ფ. 244), მოპასუხის წარმომადგენელმა იშუამდგომლა არა სხდომის გადადების, არამედ სხდომაზე შესვენების გამოცხადების შესახებ, რაც სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დააკმაყოფილა (ტომი II, ს.ფ. 95-100).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ კავკასიის ალექსანდრე თვალჭრელიძის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება.

კასატორის მოსაზრებით, მოსარჩელეების მოთხოვნა სახელფასო დავალიანების ანაზღაურების შესახებ არის ხანდაზმული. სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა განსაზღვრულია 3 წლით, რაც ბუნებრივად იწვევს სადავო სამართალურთიერთობის, როგორც სახელშეკრულებო ურთიერთობის ხანდაზმულობას. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლიდან გამომდინარე, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოცემულ შემთხვევაში მხარეებს მოთხოვნის უფლება ყველაზე გვიან 2001 წელს წარმოეშვათ.

კასატორი აღნიშნავს, რომ მოწინააღმდეგე მხარეები სამსახურში აყვანილი იყვნენ არა სსიპ კავკასიის ალექსანდრე თვალჭრელიძის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტის, არამედ ზემდგომი ორგანოს მიერ გამოცემული ბრძანებით, რისი დამადასტურებელი მტკიცებულებაც საქმეშია, თუმცა სასამართლომ ამას ყურადღება არ მიაქცია. ამასთან, საქმეში ფიგურირებს ცნობები იმის შესახებ, რომ მოსარჩელეების დიდი ნაწილი 1998 წლიდან იმყოფებოდნენ უხელფასო შვებულებაში და წლების განმავლობაში ინსტიტუტში არ იმყოფებოდნენ, რის გამოც მოხდა მათი გათავისუფლება.

იმის გამო, რომ საკასაციო სასამართლოში შეუძლებელია საქმის ფაქტობრივი გარემოებების ხელახალი შემოწმება, აგრეთვე კასატორი მოკლებულია შესაძლებლობას წარმოადგინოს რაიმე ახალი მტკიცულებულება, იგი მიიჩნევს, რომ სახეზეა საქმის სააპელაციო სასამართლოში განსახილველად დაბრუნების საჭიროება (ტომი II, ს.ფ. 114-121).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ. გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე და განაპირობა არასწორი განჩინების გამოტანა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, სსიპ კავკასიის ალექსანდრე თვალჭრელიძის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტის საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება განსახილველად დაშვებას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე სსიპ კავკასიის ალექსანდრე თვალჭრელიძის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ( მთლიანობაში 339 ლარი) 70% _ 237.3 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ კავკასიის ალექსანდრე თვალჭრელიძის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 6 იანვრის განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. სსიპ კავკასიის ალექსანდრე თვალჭრელიძის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (მთლიანობაში 300 ლარი, მათ შორის, თავდაპირველად, 22.02.2010წ. გადახდილი 300 ლარი, არეთვე, 12.1211.03.2010წ. (გატარებულია 12.03.2010წ,) გადახდილი 39 ლარი)) 70% _ 237.3 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.