Facebook Twitter

საქმე # 190100117002157420

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№710აპ-18 ქ. თბილისი

ზ-ი ფ, 710აპ-18 14 მაისი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ფ. ზ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. კ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 მარტის განაჩენით ფ. ზ-ი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 7 წლით;

საქართველოს სსკ-ის 19,137-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით ფ. ზ-ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით.

ფ. ზ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2017 წლის 28 ივლისიდან.

ამავე განაჩენით: ა. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ა. გ-ს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი - 4 წელი, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 წელი. მასვე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა - 5000 ლარი.

ა. გ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2017 წლის 28 ივლისიდან.

ზ. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ზ. ა-ს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი - 4 წელი, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 წელი. მასვე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა - 5000 ლარი.

ზ. ა-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2017 წლის 28 ივლისიდან.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ოქტომბრის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 მარტის განაჩენი ფ. ზ-ის მიმართ დარჩა უცვლელად.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ფ. ზ-მა ჩაიდინა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთა და გაუპატიურების მცდელობა, ესე იგი პირის სხეულში ნებისმიერი ფორმით სექსუალური ხასიათის შეღწევის მცდელობა სხეულის ნებისმიერი ნაწილის გამოყენებით, ჩადენილი ძალადობით, რაც გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის 21 ივლისს, დაახლოებით 19:10 საათზე, ქალაქ გ-ში, დ. ა-ის ქ. N-ში მდებარე გ. ა-ას სახლიდან ფ. ზ-მა, ა. გ-სა და ზ. ა-თან წინასწარი შეთანხმებით, ცოლად შერთვის მიზნით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა ს. ზ-ეს. ფ. ზ-მა და ზ. ა-მა, დაზარალებულის ნების საწინააღმდეგოდ, ძალის გამოყენებით ჩასვეს ,,ბმვ-ს” მარკის ავტომანქანაში, რომელსაც მართავდა ა. გ-ი. ფ. ზ-მა ს. ზ-ე წაიყვანა და მალავდა სხვადასხვა ადგილას, ხოლო 2017 წლის 22 ივლისს, დილის საათებში, მიიყვანა ქ. გ-ში, კ-ის ქ. N-ში მდებარე მ. მ-ას საცხოვრებელ სახლში.

2017 წლის წლის 22 ივლისს, დილის საათებში, ქ. გ-ში, კ-ის ქ. N-ში მდებარე მ. მ-ას საცხოვრებელ სახლში, ფ. ზ-ი ცდილობდა ს. ზ-ეს ნების საწინააღმდეგოდ, ხელების დაჭერის, ფეხების იძულებით გადაწევისა და მსუბუქი დაზიანებების მიყენებით მის საშოში თავისი სასქესო ორგანოს მოთავსებასა და დაზარალებულთან სქესობრივი კავშირის დამყარებას, რაც ვერ შეძლო დაზარალებულის წინააღმდეგობისა და შემთხვევის ადგილზე დროულად მისული სამართალდამცავების ქმედებების გამო.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ფ. ზ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა რ. კ-ამ, რომელმაც ითხოვა გაუპატიურების მცდელობის ნაწილში ფ. ზ-ის გამართლება, ვინაიდან გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილია ირიბი მტკიცებულებებისა და დაზარალებულის გამოქვეყნებული ჩვენების საფუძველზე.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

7. დაცვის მხარე სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ ფ. ზ-მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, მაგრამ დაუსაბუთებლად მიიჩნევს მსჯავრდებულის მიერ ს. ზ-ეს გაუპატიურების მცდელობის ჩადენას, რასაც საკასაციო პალატა არ ეთანხმება, ვინაიდან წარმოდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის - მოწმეების: მ. მ-ასა და ა. მ-ას ჩვენებები, ს. ზ-ეს გამოკითხვის ოქმი, რომელიც, საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გამოქვეყნდა სასამართლო სხდომაზე, ტრასოლოგიური ექსპერტიზის N-დასკვნა, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №-, №- დასკვნები, ქმნის საკმარის საფუძველს ფ. ზ-ის მსჯავრდებისათვის.

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად იმსჯელა ყველა იმ საკითხზე, რაზეც საკასაციო საჩივარში ამახვილებს ყურადღებას ადვოკატი და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება, ხოლო რაიმე სხვა გარემოებებზე, რაც საკასაციო პალატის შეფასების საგანი გახდებოდა, დაცვის მხარე საჩივარში არ უთითებს.

9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ფ. ზ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. კ-ას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე