Facebook Twitter

ას-19-14-2011 21 მარტი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა

ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პ. ქათამაძე, ბ. ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ Aო. მ-ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები _ ნ. გ-ძე, თ. ქ-ძე (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 21 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ო. მ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. გ-ძისა და თ. ქ-ძის მიმართ ზიანის ანაზღაურების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 1998 წელს მოსარჩელემ თ. ქ-ძეს გადასცა 2000 აშშ დოლარი უძრავი ქონების შესაძენად, მაგრამ ქონება არ გადაფორებულა მის სახელზე. 2006 წელს მისთვის ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული ქონება საჯარო რეესტრში აღრიცხული იყო ნ.გ-ძის სახელზე. მან კი გაარემონტა სადავო ფართი და მოაწყო ინკუბატორი. მოსარჩელემ მოითხოვა თ.ქ-ძეს მის სასარგებლოდ დაეკისროს 4400 აშშ დოლარი, ხოლო ნ.გ-ძეს 27112.90 ლარი.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ო. მ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ო. მ-ძემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით ო. მ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ო. მ-ძემ.

საქართველოს უზენაესი სასამარლთლოს 2011 წლის 14 იანვრის განჩინებით ო. მ-ძეს მიეცა ვადა ხარვეზის შესავსებად, კერძოდ, მას უნდა გადაეხადა 220 აშშ დოლარი და 1355 ლარი.

ო. მ-ძემ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და უარი განაცხადა საკასაციო საჩივარზე თ. ქ-ძის მოთხოვნის ნაწილში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ განიხილა განცხადება და მივიდა დასკვნამდე, რომ განცხადება საკასაციო საჩივარზე თ. ქ-ძის მოთხოვნის ნაწილში უარის თქმის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს და მოცემულ ნაწილში საკასაციო წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამრთლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 378-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. ამავე მუხლის მეორე ნაწილში კი მითითებულია, რომ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «გ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.

ვინაიდან, ო. მ-ძემ უარი განაცხადა საკასაციო საჩივარზე 4400 აშშ დოლარის მოთხოვნის ნაწილში თ. ქ-ძის მიმართ, განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს და მოცემულ ნაწილში საკასაციო წარმოება შეწყდეს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომადე მოსაჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე, 272-ე, 399-ე, 372-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ო. მ-ძის განცხადება საკასაციო საჩივარზე თ. ქ-ძის მოთხოვნის ნაწილში უარის თქმის შესახებ, დაკმაყოფილდეს;

შეწყდეს საკასაციო წარმოება ო. მ-ძის საკასაციო საჩივარზე თ. ქ-ძის მიმართ 4400 აშშ დოლარის ნაწილში;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.