Facebook Twitter

ას-192-181-2011 1 აპრილი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ნ. კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ 1. შპს «ზ-ი”

2. ი/მ «შ. კ-შვილი”

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 25 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს «ზ-მ” სარჩელი აღძრა სასამართლოში ინდ. მეწარმე «შ. კ-შვილის” მიმართ ზიანის ანაზღაურების შესახებ.

შეგებებული სარჩელი შეიტანა ინდ. მეწრამე შ. კ-შვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით შპს «ზ-ის” სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ინდ. მეწარმე «შ. კ-შვილის” სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შპს «ზ-მა” და ინდ. მეწარმე «შ. კ-შვილმა”.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 25 ნოემბრის განჩინებით შპს «ზ-ს” და ინდ. მეწარმე «შ.კ-შვილის” სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს შპს «ზ-მა” და ინდ. მეწარმე «შ. კ-შვილმა”. მოცემულ საკასაციო საჩივრებზე არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 18 თებერვლის განჩინებით შპს «ზ-სა” და ი/მ «შ. კ-შვილს” მიეცათ ვადა ხარვეზის შესავსებად.

დადაგენილ ვადაში შპს «ზ-ის” წარმომადგენელმა ა. ს-ძემ განცხადებით მომართა უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადავადება 10 დღით. ასევე განცხადებით მომართა უზენაეს სასამართლოს ი/მ «შ. კ-შვილმა” და მოითხოვა საპროცესო ვადის გაგრძელება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 28 თებერვლის განჩინებით შპს «ზ-სა” და ი/მ «შ. კ-შვილს” გაუგრძელდათ ვადა ხარვეზის შესავსებად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს «ზ-ისა” და ი/მ «შ. კ-შვილის” საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

მოცემულ შემთხვევაში, ი/მ «შ. კ-შვილს” საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 28 თებერვლის განჩინებით მიეცა ვადა ხარვეზის შესავსებად. აღნიშნული განჩინება კასატორის წარმომადგენელ პ. ს-იას ჩაჰბარდა 2011 წლის 7 მარტს. შპს «ზ--ის” წარმომადგენელ ა. ს-ძეს კი 2011 წლის 28 თებერვლის ხარვეზის გაგრძელების განჩინება ჩაჰბარდა 2011 წლის 7 მარტს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. სასამართლო შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარება სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველს წარმოადგენს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. დასახელებული ნორმის თანახმად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი სამდღიანი ვადის დენა დაიწყო 2011 წლის 8 მარტს და ამოიწურა ამავე წლის 11 მარტს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში კასატორებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს «ზ-ისა” და ი/მ «შ. კ-შვილის” საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს «ზ-ისა” და ი/მ «შ. კ-შვილის” საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.