ას-192-183—10 15 ივლისი, 2010წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვ. როინიშვილი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა_ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - შპს ,,ზ-ოს ‘’ _ დირექტორი ვ. თ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. გ-ძე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 15 იანვრის გადაწვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.
დავის საგანი _ განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს სასარცელო განცხადებით მიმარტა ნ. გ-ძემ და მოითხოვა მოპასუხე შპს „ზ-ოს“დაეკისროს 2008 წლის ოქტომბრიდან დღემდე 10 თვის იძულებითი განაცდურის 1500 (ერთი ათას ხუთასი) ლარის ანაზღაურება.
მოსარჩელის განმარტებით იგი მუშაობდა საწარმოს ბუღალტრის თანამდებობაზე შპს „ზ-ში“ და საწარმოს დირექტორმა უკანონოდ გაათავისუფლა სამუშაოდან 2008 წლის 26 აგვისტოს. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 7 მაისის გადაწყვეტილებით იგი აღდგენილი იქნა შპს „ზ-ოს“ მუშაკად ბუღალტრის თანამდებობაზე და შპს „ზ-ოს“ მის სასარგებლოდ დაეკისრა ორი თვის იძულებითი მოცდენის დროისათვის ანაზღაურება 300 ლარის ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში დარჩა უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 27 ივლისის განჩინებით.
მიუხედავად არა ერთი მიმართვისა მოპასუხემ სამუშაოზე არ აღადგინა და არ აუნაზღაურა ორი თვის იძულებითი განაცდურის თანხა, რითაც მას დღემდე ადგება ზიანი და უნდა აუნაზღაურდეს იძულებითი განაცდური 2008 წლის ოქტომბრიდან 10 თვის ხელფასი თვეში 150 ლარი (2009 წლის 30 სექტემბრის სასამართლო სხდომის ოქმი ს.ფ.).
მოპასუხე შპს „ზ-ოს“ წარმომადგენელმა ვ. ა-ძემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელე ნ. გ-ძის აღდგენისა და ორი თვის იძულებითი მოცდენის თანხის ანაზღაურების შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილება ძალაში შევიდა უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 27 ივლისის განჩინებით.
ნ. გ-ძემ გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით საწარმოს მიმართა სააღსრულებო ფურცლით 2009 წლის 22 სექტემბერს. მაშინვე დაიწერა ბრძანება მისი აღდგენის შესახებ და შესაბამისად მიეცემა ორი ხელფასი 300 ლარი. მანამდე მას საწარმოსათვის აღდგენის შესახებ არ მიუმართავს და საწარმოს მიზეზით მისი მოცდენა არ მომხდარა.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით შეწყდა საქმის წარმოება ნ. გ-ძისათვის 2008 წლის 26 აგვისტოდან 2009 წლის 27 ივლისამდე პერიოდის იძულებითი მოცდენის ანაზღაურების ნაწილში; ნ. გ-ძის სარჩელი 2009 წლის 27 ივლისიდან მის სამუშაოზე აღდგენამდე პერიოდისათვის იძულებითი მოცდენის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ნ. გ-ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 15 იანვრის გადაწვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი იძულებითი მოცდენის თანხის ანაზღაურების ნაწილში დაკმაყოფილდა.
პალატამ დადეგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ნ. გ-ძე შპს „ზ-ში მუშაობდა ბუღალტრის თანამდებობაზე. 2008 წლის 26 აგვისტოს აპელანტთან შრომითი ურთიერთობები შეწყდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 7 მაისის გადაწყვეტილებით ნ. გ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. ნ. გ-ძე აღიარებულ იქნა შპს „ზ-ო მუშაკად ბუღალტრის თანამდებობაზე და მოწინააღმდეგე მხარეს მის სასარგებლოდ დააკისრა ორი თვის იძულებითი მოცდენის ანაზღაურება 300 ლარის ოდენობით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 27 ივლისის განჩინებით ეს გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.
მოწინააღმდეგე მხარემ აპელანტი სამუშაოდ დაუშვა მხოლოდ 2009 წლის 22 სექტემბერს, თუმცა იმავე წლის ნოემბერში მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობები კვლავ შეწყდა.
პალატამ არ გაიზიარა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ სასამართლომ ერთხელ უკვე განიხილა დავა იმავე მხარეებს შორის 2008 წლის 26 აგვისტოდან 2009 წლის 27 ივლისამდე პერიოდისათვის იძულებითი მოცდენის ანაზღაურების ნაწილში.
პალატამ მიიჩნია, რომ იმავე მხარეთა შორის უკვე განხილულ და გადაწყვეტილ დავაში ნ. გ-ძის მოთხოვნას წარმოადგენდა ორი თვის 2008 წლის აგვისტოსა და სექტემბრის იძულებითი მოცდენის ანაზღაურება, რაც სრულად იქნა დაკმაყოფილებული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ.
სადავო არ არის, რომ სწორედ ამ პერიოდის განაცდური აუნაზღაურა მოწინააღმდეგე მხარემ აპელანტს.
პალატამ მიიჩნია, რომ დავის საგანს არ წარმოადგენდა განაცდურის ანაზღაურება 2008 წლის ოქტომბრიდან პერიოდისათვის.
პალატამ არ გაიზიარა რაიონული სასამართლოს პოზიცია იმის თაობაზე, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ აღსრულდა ნ. გ-ძის ბრალით და, ამიტომ მას არ ეკუთვნის შრომის ანაზღაურება იძულებითი მოცდენისათვის. პალატამ მიიჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 7 მაისის გადაწყვეტილებით ნ. გ-ძე აღიარებულ იქნა მუშაკად, ე.ი. ამ გადაწყვეტილებით აღიარებულ იქნა მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობების არსებობა.
პალატამ ჩათვალა, რომ ამ სახის გადაწყვეტილება არ ექვემდებარება აღსრულებას. სასამართლოს მიერ სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის აღიარება, თავისთავად აღნიშნავს, რომ ეს ურთიერთობა არსებობს და იწვევს შესაბამის სამართლებრივ შედეგებს.
სწორედ ამიტომ, პალატამ არ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მოსაზრებას, რომ აპელანტი სამუშაოზე აღდგენილ იქნა მხოლოდ 2009 წლის 22 სექტემბრიდან.
სადავო პერიოდში ანუ 2008 წლის ოქტომბრიდან 20089 წლის სექტემბრამდე, მხარეები ერთმანეთთან იმყოფებოდნენ შრომით ურთიერთობაში და აპელანტი შრომით მოვალეობებს ვერ ასრულებდა იმის გამო, რომ მოწინააღმდეგე მხარე არ აძლევდა ამ მოვალეობების შესრულების შესაძლებლობას.
შესაბამისად, პალატამ დაადგინა, რომ 2008 წლის ოქტომბრიდან 2009 წლის სექტემბრამდე პერიოდში აპელანტი იძულებით მოცდა დამსაქმებლის ბრალით.
დადგენილია, რომ ნ. გ-ძის შრომის ანაზღაურება შეადგენლდა ყოველთვიურად 150 ლარს.
2008 წლის ოქტომბრიდან 2009 წლის სექტემბრამდე პერიოდისათვის მას ეკუუთვნოდა ანაზღაურება 150X11=1650 ლარის ოდენობით.
აპელანტმა მითხოვა მოწინააღმდეგე მხარისათვის 1500 ლარის დაკისრება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 15 იანვრის გადაწვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს „ზ-ოს’’ დირექტორმა ვ. თ-ძემ.
კასატორის განმარტებით სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება უკანონოა, არ გამომდინარეობს საქმის ფაქტიური გარემოებებიდან, რის გამოც გაუქმებულ უნდა იქნეს შემდეგ გარემოებათა და მოსაზრებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 272-ე მუხლის „ბ“ პუნქტის შესაბამისად „სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ „არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე სა მხარეებს შორის იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით“.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო პალატამ 2009 წლის 15 მაისის სხდომაზე, სადაც აპელანტი იყო ნ. გ-ძე, მოწინააღმდეგე მხარე: შპს ,,ზ-ო’’, დავის საგანი- განაცდურის ანაზღაურება. ერთხელ უკვე იმსჯელა და სასამართლოს გადაწყვეტილებით ნ.გ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებით განაცდურის ანაზღაურება 300 ლარის ანაზღაურება, რაც სისრულეში იქნა მოყვანილი მათ მიერ. კერძოდ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის და სააღსრულებო ფურცლის წარმოდგენისთანავე. ამდენად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ბ“ პუნქტის მოთხოვნა, რადგან საქმე ისე განიხილა და აპელაცია დააკმაყოფილა, როცა არსებობდა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, გამოტანილი დავაზე, იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით.
აღნიშნულიდან გამომდინრე კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ზ-ოს’’ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძველით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას შპს „ზ-ოს’’ საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს შპს „ზ-ოს’’ უნდა დაუბრუნდეს ვ. თ-ძის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% - 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე,401 მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შპს „ზ-ოს’’ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
კასატორს შპს „ზ-ოს’’ უნდა დაუბრუნდეს ვ. თ-ძის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% - 210 ლარი თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900 (სახელმწიფო ხაზინა ბანკის კოდი _ ¹220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300773150, დანიშნულება _ სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე);
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.