ას-193-182-2011 28 აპრილი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ შპს «ს-ო ც-ი» (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ გ. გ-შვილი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 19 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. გ-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს «ს-ო ც-ის» მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის 4400 აშშ დოლარის დაკისრება შემდეგი საფუძვლებით:
2009 წლის იანვარში შპს «ს-ო ცეტრსა” და გ. გ-შვილს შორის დაიდო ზეპირი სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე შპს «ს-ო ც-ი” ვალდებული იყო, სესხით გათვალისწინებული თანხა, 4400 აშშ დოლარი, დაებრუნებინა მოსარჩელისათვის არა უგვიანეს 2009 წლის 30 ივნისისა. აღნიშნულზე შპს-ს მიერ გაიცა ხელწერილი. მოპასუხეს ვალდებულება არ შეუსრულებია.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
გორის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ. გ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე შპს «ს-ო ც-ს» დაეკისრა გ. გ-შვილის სასარგებლოდ 4 400 აშშ დოლარის გადახდა, რაც შპს «ს-ო ც-მა» გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით შპს «ს-ო ც-ის» სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
გ. გ-შვილსა და შპს «ს-ო ც-ს” შორის 2009 წლის 6 იანვარს დაიდო იჯარის ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე, რომლის საფუძველზეც გ. გ-შვილი უხდის საიჯარო ქირას შპს «ს-ო ც-ს”.
2009 წლის 5 იანვრიდან შპს «ს-ო ც-ის” დირექტორის თანამდებობა დაიკავა და საზოგადოების სახელით წარმომადგენლობითი უფლებამოსილება შეიძინა გ. ბ-შვილმა. გ.ბ-შვილმა, როგორც საზოგადოების დირექტორმა, გ. გ-შვილის სახელზე შეადგინა ხელწერილი. 2009 წლის 30 ივნისამდე შპს «ს-ო ც-ს” გ. გ-შვილისათვის უნდა გადაეცა 4400 აშშ დოლარი. 2008 წლის ოქტომბერში შპს «ს-ო ც-მა” ვ- ბ-შვილისაგან შეიძინა ავტომანქანა, რომლის ნასყიდობის თანხის ნაწილი _ 3 800 აშშ დოლარი 2009 წელს შპს-მ გადასცა გ. გ-შვილს ავტომანქანის გამყიდველისათვის გადასაცემად.
სააპელაციო პალატის მითითებით, რაიონულმა სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია, რომ ხელწერილით აღიარებულ იქნა შპს «ს-ო ც-ის” მიერ ვ- ბ-შვილისაგან ავტომანქანის (ყველგანმავალის) შესაძენად გადასახდელი ვალი. ხელწერილით შპს «ს-ო ც-მა” აღიარა გ. გ-შვილის (და არა ვ- ბ-შვილის) წინაშე არა უგვიანეს 2009 წლის 30 ივნისის 4 400 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება და განისაზღვრა თანხის გადაცემის ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება _ თანხის გადაცემის თაობაზე უნდა შემდგარიყო მიღება-ჩაბარების აქტი. ამდენად, ხელწერილით აღიარებული ვალდებულების კრედიტორია უშუალოდ ფიზიკური პირი გ. გ-შვილი, მოვალე კი _ შპს «ს-ო ც-ი”. რაც შეეხება სალაროს გასავლის ორდერს, მისი გაცემის საფუძვლად მითითებულია ავტომანქანა ყველგანმავალის ღირებულება. შპს «ს-ო ც-ს” უშუალოდ გ. გ-შვილისაგან ავტომანქანა არ შეუძენია. არ არსებობს გ. გ-შვილისათვის აღიარებული ვალის გადაცემის თაობაზე შედგენილი ხელწერილით განსაზღვრული დოკუმენტი _ მიღება-ჩაბარების აქტი. საქმის მასალებით არ დასტურდება ხელწერილით აღიარებული ვალის გ. გ-შვილისათვის გადახდა.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მართებულად იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 341-ე, 361-ე, მე-400 მუხლებით.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება შპს «ს-ო ც-მა» გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის მე-8, 52-ე და 378-ე მუხლები, რასაც არასწორი გადაწყვეტილების მიღება მოჰყვა. მოცემულ შემთხვევაში შპს «ს-ო ც-მა» ნაწილობრივ შეასრულა მასზე დაკისრებული ფულადი ვალდებულება, ხოლო ვ- ბ-შვილმა გ.გ-შვილის მეშვეობით თავისი მოქმედებით თანხმობა განაცხადა ნაწილობრივი შესრულების მიღებაზე. სადავო ხელწერილის სწორად შეფასების შემთხვევაში პალატა დარწმუნდებოდა, რომ შპს «ს-ო ც-მა» ხელწერილით აღიარა ვალდებულების არსებობა არა გ.გ-შვილის, არამედ ვ.ბ-შვილის წინაშე. კომპანია კეთილსინდისიერად ასრულებდა ფულად ვალდებულებას ნაწილ-ნაწილ ვ.ბ-შვილის მიმართ. ამდენად, 2200 აშშ დოლარი უნდა გამოკლებოდა ხელწერილით გათვალისწინებულ 4400 აშშ დოლარს და კასატორს დაკისრებოდა დარჩენილი თანხის გადახდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 7 მარტის განჩინებით შპს «ს-ო ც-ის» საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა შპს «ს-ო ც-ის» საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს უკავშირებს გარკვეულ შეზღუდვებს და ადგენს იმ დავათა კატეგორიებს, რომლებზეც შეტანილი საკასაციო საჩივარი საკასაციო სასამართლოს მიერ დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი. აღნიშნული დანაწესები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლში.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები მითითებული ნორმით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით.
მოცემული დავის საგანია ფულადი ვალდებულების შესრულების მართლზომიერება. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.
კასატორი ვერ ასაბუთებს და საქმის მასალებითაც არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ისეთი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის შედეგზე, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ შპს «ს-ო ც-ს» უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით 2011 წლის 4 მარტს შპს «ს-ო ც-ისა» და ჯ. გ-ის მიერ გადახდილი 380,45 ლარის 70% _ 266,31 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს «ს-ო ც-ის» საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
კასატორ შპს «ს-ო ც-ს» (საიდენტიფიკაციო კოდი ¹...) დაუბრუნდეს შემდეგ ანგარიშზე: თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი _ ¹220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300773150, დანიშნულება _ «სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე» გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 266,31 ლარი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.