Facebook Twitter

ას-194-185-2010 20 ივლისი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ლ. ლაზარაშვილი, ვ. როინიშვილი

სხდომის მდივანი – ლ. სანიკიძე

კასატორი _ შპს “ს-ა” (მოპასუხე)

წარმომადგენელი _ დ. ს-ძე

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს “ტ-ი” (მოსარჩელე)

წარმომადგენელი _ ზ. მ-შვილი, ლ. კ-შვილი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი _ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ზიანის ანაზღაურება, დავალიანებისა და პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს “ტ-მა” სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს “ს-ის” მიმართ დავალიანების _ 320223,75 ლარის, ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 2008 წლის 20 მარტიდან დავალიანების სრულ დაფარვამდე ყოველდღიურად აღნიშნული თანხის 0,021%-ის გადახდის, დავალიანების _ 198508,36 ლარისა და 2007 წლის 20 მარტიდან მის დაფარვამდე ყოველდღიურად ამ თანხის 0,021%-ის ანაზღაურების, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 7.2 პუნქტის თანახმად, ზიანის ასანაზღაურებლად 13577,50 ლარის დაკისრებისა და პირგასამტეხლოს _ 166405,2 აშშ დოლარის გადახდევინების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 2007 წლის 9 იანვარს შპს „ს-ამ“ გამოაცხადა ტენდერი ვაგონების წყვილთვალების საქარხნო შესაკეთებელი სამუშაოების შესყიდვის შესახებ, სადაც გაიმარჯვა შპს „ტ-მა“ და 2007 წლის 22 მარტს მხარეთა შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ¹შს/07-088 ხელშეკრულება, რომლის მთლიანი ღირებულება დღგ-ს გარეშე შეადგენდა 3520000 ლარს. ამ ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილის – ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების მე-3 მუხლის 3.4 პუნქტით, მიმწოდებელს – შპს „ტ-ს“ უნდა უზრუნველეყო შემსყიდველის – შპს „ს-ის” მომსახურება, ანუ ვაგონების წყვილთვალების შეკეთება საქარხნო პირობებში და შემსყიდველისათვის მიწოდება დადგენილი გრაფიკით. ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების მე-6 მუხლის 6.1 პუნქტით, ანგარიშსწორების ფორმა უნდა ყოფილიყო გაყოფადი, გამოუთხოვადი აკრედიტივი, ხოლო 6.4 პუნქტის მიხედვით, ანგარიშსწორების კონსიგნაციის წესზე გადასვლის შემთხვევაში, ანგარიშსწორება უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების მე-4 მუხლის დაცვით, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 საბანკო დღის ვადაში.

მხარეებმა გაითვალისწინეს საბანკო გარანტია, ხელშეკრულების ღირებულების 5%-ის ოდენობით, რომელიც შპს „ტ-ს“ უნდა წარედგინა ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. სს „ვ-ამ“ გასცა საბანკო გარანტია შესაბამისი თანხით, რომელიც შპს „ტ-მა“ მოპასუხეს წარუდგინა შეთანხმებული ვადის დაცვით – 2007 წლის 27 მარტს, თუმცა მოპასუხემ ვერ განახორციელა რა ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების მე-6 მუხლის 6.1 პუნქტის შესაბამისად აკრედიტივის გახსნა, მხარეებს შორის 2007 წლის 17 აპრილს დაიდო ¹1 შეთანხმება „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ¹შს/07-088 ხელშეკრულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“.

მოპასუხემ დაარღვია 2007 წლის 17 აპრილის ¹1 შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება საბანკო გარანტიების წარდგენის შესახებ, მაგრამ შპს „ტ-მა“ 2007 წლის 27 სექტემბერს დაიწყო ვალდებულების შესრულება. მოპასუხეს სხვადასხვა ანგარიშ-ფაქტურებით მიეწოდა სხვადასხვა ღირებულების შესრულებული სამუშაო, რაზეც მხარეთა შორის ფორმდებოდა მიღება-ჩაბარების აქტები. აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურებით მოპასუხეს მიეწოდა 2031110,40 ლარის შესრულებული სამუშაო, რაზედაც მოპასუხემ ანგარიშსწორება განახორციელა მხოლოდ 1556090,02 ლარის ოდენობით და გადასახდელი დარჩა 475020,38 ლარი, საიდანაც მოსარჩელე 154796,63 ლარის გადახდის საკითხს სადავოდ არ ხდის.

2006 წლის 24 ივლისს მხარეთა შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ¹შს/06-230 ხელშეკრულება, რომლის მთლიანი ღირებულება დღგ-ს გარეშე შეადგენდა 236300 ლარს. შპს „ტ-ს“ უნდა უზრუნველეყო შემსყიდველისათვის მომსახურება, ანუ ვაგონების წყვილთვალების არტახების მიწოდება 2006 წლის სექტემბერ-ოქტომბერში. საქონლის მიწოდება უნდა დაწყებულიყო აკრედიტივის გახსნიდან 35 კალენდარულ დღეში მიწოდების გრაფიკის შესაბამისად. მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება აკრედიტივის შეთანხმებულ ვადაში გახსნის შესახებ და აკრედიტივი გახსნა 2006 წლის 13 სექტემბერს 2007 წლის 15 იანვრამდე. შესაბამისი ვადით გადაიწია მიწოდების გრაფიკმაც. 2006 წლის ოქტომბრის დასწყისიდან, რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ფაქტობრივად, შეწყდა რუსეთიდან საქართველოში საზღვაო, საჰაერო და სარკინიგზო მიმოსვლა. მიუხედავად იმისა, რომ შპს „ტ-მა“ უზრუნველყო რუსეთის ფედერაციის შესაბამის ქარხანასთან დასახელებული საქონლის ღირებულების ანაზღაურება, ზემოაღნიშნული ფორს-მაჟორული გარემოების შედეგად მიწოდება შეფერხდა და ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში საქონელი მოპასუხეს ვერ გადაეცა, რის შესახებაც მოსარჩელემ წერილებით აცნობა შპს „ს-ას“ და სთხოვა, საქონლის მიწოდების ვადის გაგრძელება 2007 წლის მარტამდე და საჯარიმო სანქციებისაგან გათავისუფლება.

2007 წლის 9 თებერვალს ¹360809 ანგარიშ-ფაქტურით მოპასუხეს მიეწოდა 199770,66 ლარის ღირებულების ვაგონების წყვილთვალების არტახები, რაზედაც მან 2007 წლის 20 მარტს ანგარიშსწორება მოახდინა უნაღდო კონსიგნაციის წესით 1262,36 ლარის ოდენობით, ვინაიდან აკრედიტივს 2007 წლის 15 იანვარს ვადა გაუვიდა და გადასახდელი დარჩა 198508,3 ლარი. ამდენად, მოპასუხემ დაარღვია ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება.

2007 წლის 13 მარტს მხარეებს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ¹შს/07-075, შს/07-077, შს/07-079 ხელშეკრულებები, რომელთა მთლიანი ღირებულება დღგ-ს გარეშე შეადგენდა 271550 ლარს. ამ ხელშეკრულებების განუყოფელი ნაწილის – ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების შესაბამისად, შპს „ტ-ს“ 2007 წლის 31 მაისამდე უნდა უზრუნველეყო შპს „ს-ის“ მომსახურება – სალოკომოტივო მარაგნაწილების მიწოდება. მოპასუხემ არ შეასრულა ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება აკრედიტივების გახსნის შესახებ, მას ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების მე-7 მუხლის 7.2. პუნქტით გათვალისწინებული ზიანის სახით უნდა დაეკისროს 271550 ლარის 5%-ის 13577,50 ლარის გადახდა.

სახელმწიფო შესყიდვის შესახებ მხარეებს შორის დადებული 2006 წლის 1 მაისის ¹შს/06-114, 2006 წლის 23 მაისი ¹შს/06-140 და შს/06-141, 2006 წლის 24 ივლისის ¹შს/06-230, 2006 წლის 31 ივლისის ¹შს/06-260 და შს/06-261 ხელშეკრულებების განუყოფელი ნაწილების – ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების მე-3 მუხლის მე-2 წინადადებით, შპს „ტ-ს“ საქონლის მიწოდება უნდა დაეწყო შპს „ს-ის“ მიერ აკრედიტივის გახსნიდან 35 კალენდარულ დღეში. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადების გადაცდენის შემთხვევაში ყოველი დაგვიანებული დღისათვის მხარეებს ეკისრებათ პირგასამტეხლო შესასრულებელი ვალდებულების 0,1% ოდენობით.

2006 წლის 1 მაისის ¹შს/06-114 ხელშეკრულების შემთხვევაში მოპასუხემ აკრედიტივის გახსნა დააგვიანა 20 დღით, ამდენად, დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს 7295,6 აშშ დოლარს, 2006 წლის 23 მაისის ¹შს/06-140 ხელშეკრულების შემთხვევაში – 14 დღით, რის გამოც პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს 2051,812 აშშ დოლარს, ¹შს/06-141 ხელშეკრულების შემთხვევაში – 14 დღით, პირგასამტეხლოს ოდენობაა 3885,686 აშშ დოლარი, ¹შს/06-230 ხელშეკრულების შემთხვევაში _ 37 დღით, პირგასამტეხლოს ოდენობაა 8743,1 აშშ დოლარი, ¹შს/06-260 ხელშეკრულების შემთხვევაში – 9 დღით, პირგასამტეხლოს ოდენობა წარმოადგენს 8073 ლარს, ¹შს/06-261 ხელშეკრულების შემთხვევაში _ 62 დღით, ამდენად, პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს 14429 აშშ დოლარს.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: მოსარჩელემ აღიარა მის მიერ ¹შს/07-088 ხელშეკრულების პირობების დარღვევა და 3.4 მუხლით შეთანხმებული გრაფიკის გადაცილებით სამუშაოს მიწოდების ფაქტები. აღნიშნულის შესაბამისად, მოპასუხემ მას დაარიცხა ყოველ დაგვიანებულ დღეზე პირგასამტეხლოს თანხა, რაც საბოლოოდ გამოუქვითა მოსარჩელეს ასანაზღაურებელ თანხაში. მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი 320223,75 ლარი, ისევე როგორც 198 508,36 ლარი სწორედ გრაფიკის დაგვიანებით მიწოდებულ სამუშაოზე დარიცხულ და მოპასუხის მიერ გამოქვითულ პირგასამტეხლოს წარმოადგენს.

მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა მოთხოვნა აკრედიტივის გაუხსნელობის გამო რკინიგზისათვის ზიანის დაკისრების შესახებ, რის გამოც სარჩელს ამ ნაწილშიც უნდა ეთქვას უარი. აკრედიტივის დაგვიანებით გახსნა არ შეიძლება ჩითვალოს მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევად და ნაკისრი ვალდებულებების ისეთ შეუსრულებლობად, რისთვისაც კანონმდებლობა ითვალისწინებს პირგასამტეხლოს დაკისრებას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით შპს “ტ-ის” სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს “ს-ას” შპს “ტ-ის” სასარგებლოდ დაეკისრა 320223,75 ლარის, ასევე 198508,36 ლარის ანაზღაურება, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში შპს “ტ-მა” გაასაჩივრა სააპელაციო წესით, ხოლო მოთხოვნის დაკმაყოფილებულ ნაწილში სააპელაციო საჩივარი შეიტანა შპს “ს-ამ”.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს “ს-ის” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შპს “ტ-ის” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ნაწილობრივ გაუქმდა და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება შპს “ს-ისათვის” 13577,50 ლარის დაკისრების შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2007 წლის 13 მარტს შპს „ს-ასა“ და შპს „ტ-ს“ შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ¹¹შს\07-075, შს\07-076, შს\07-077, შს\07-078, შს\07-079 ხელშეკრულებები, რომელთა მთლიანი ღირებულება დღგ-ს გარეშე შეადგენდა 271550 ლარს. ამ ხელშეკრულებების განუყოფელი ნაწილის, ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების შესაბამისად, მიმწოდებელს – შპს „ტ-ს“ 2007 წლის 31 მაისამდე უნდა უზრუნველეყო შემსყიდველის – შპს „ს-ის“ მომსახურება – სალოკომოტივო მარაგნაწილების მიწოდება. ხელშეკრულებების სპეციფიკური პირობების მე-6 მუხლით, ანგარიშსწორების ფორმა უნდა ყოფილიყო გაყოფადი, გამოუთხოვადი აკრედიტივი. ანგარიშსწორების განხორციელებისათვის მიმწოდებელს მოეთხოვებოდა შემდეგი დოკუმენტების წარდგენა: მიღება-ჩაბარების აქტი, საგადასახადო ანგარიშფაქტურა (დედანი და ერთი ასლი). ხელშეკრულებების სპეციფიკური პირობების მე-3 მუხლის 3.2 პუნქტით, აკრედიტივის გახსნა შპს „ს-ას“ უნდა უზრუნველეყო შპს „ტ-ის“ მიერ საბანკო გარანტიის წარდგენიდან არა უგვიანეს 15 საბანკო დღისა. მოსარჩელის განმარტებით, სს „ვ-ას“ 2007 წლის 16 მარტის ¹02\42-622 საბანკო გარანტია, თანხით 13578 ლარი, მოპასუხე შპს „ს-ას“ წარედგინა 2007 წლის 16 მარტს. მაშასადამე, მოპასუხეს, ხელშეკრულების დასახელებული მუხლის შესაბამისად, 271 550 ლარის აკრედიტივები უნდა გაეხსნა არა უგვიანეს 2007 წლის 6 აპრილისა.

სასამართლომ დაადგინა და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ მოპასუხემ დაარღვია ნაკისრი ვალდებულება და აკრედიტივების გახსნა ვერ უზრუნველყო. შპს „ტ-მა“ ნაკისრი ვალდებულება შეასრულა ვადის გადაცილებით, რის საფუძველზეც მოპასუხემ ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების მე-7 მუხლის 7.1 პუნქტის შესაბამისად, ყოველი დაგვიანებული დღისათვის შპს „ტ-ს“ დააკისრა პირგასამტეხლოს გადახდა ზემოაღნიშნული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დარჩენილი შესასრულებელი ვალდებულებების 0.1%-ის ოდენობით (დასახელებული თანხა, მოპასუხემ გაქვითა ანგარიშსწორების თანხიდან). მითითებული ხელშეკრულებების სპეციფიკური პირობების მე-7 მუხლის 7.2 პუნქტით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, მხარეები ვალდებული არიან ერთმანეთს აუნაზღაურონ შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 5% ზიანის ანაზღაურების სახით. ამდენად, სასამართლომ საქმის მასალებით უდავოდ დაადგინა, რომ შპს „ს-ამ“ ზემოაღნიშნული ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება (აკრედიტივის გახსნა) ბრალეულად არ შეასრულა.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს უნდა დაემტკიცებინა აკრედიტივის გაუხსნელობით (ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობით) მიყენებული ზიანის არსებობა. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ სასამართლომ სადავო სამართალურთიერთობების მოსაწესრიგებლად არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 404-ე, 411-ე, 412-ე მუხლები, რადგან განსახილველ შემთხვევაში მითითებული ნორმებით განსაზღვრული დანაწესების გამოყენების საფუძველი არ არსებობს, კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენდა, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, პირგასამტეხლოს დაკისრება და არა ვალდებულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანი. პალატის მითითებით, პირგასამტეხლოს ლეგალური დეფინიცია მოცემულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლში. პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება იმის მიუხედავად, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. ვალდებულების დარღვევის ფაქტი საკმარისი მტკიცებულებაა პირგასამტეხლოს დაკისრებისათვის, მაშინ, როდესაც ზიანის ანაზღაურებისათვის კრედიტორმა უნდა დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი ოდენობა. შესაბამისად, გაზიარებულ უნდა იქნეს შპს „ტ-ის“ სააპელაციო საჩივრის მითითება, რომ სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს მხოლოდ ის, ნამდვილად დაარღვია თუ არა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მოპასუხემ და არა ის, თუ რა ზიანი მიადგა მოსარჩელეს ამ დარღვევის შედეგად. შესაბამისად, პალატამ დაუსაბუთებლად ჩათვალა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნა, რომ ამ ნაწილში მოსარჩელეს უნდა დაედასტურებინა აკრედიტივის გაუხსნებლობით მიყენებული ზიანის არსებობა და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლი.

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძველი არ არსებობს, რაც თავის მხრივ ქმნის ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების წინაპირობას.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა შპს „ს-ის“ სააპელაციო პრეტენზია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდებოდა შპს „ტ-ის“ დავალიანების არსებობა. პალატა ამ ნაწილში სრულად იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებას, რომ შპს „ს-ას“ სასამართლოსათვის კანონით გათვალისწინებული ფორმის დაცვით შედგენილი მტკიცებულებები არ წარუდგენია, რაც დაადასტურებდა მის მიმართ მოსარჩელის დავალიანების არსებობას. ამდენად, პალატამ ჩათვალა, რომ აპელანტმა ვერ შესძლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასარჩელო მოთხოვნების წინააღმდეგ შესაგებელში მის მიერ მითითებული გარემოებების დადასტურება.

ამასთან, პალატამ მიიჩნია, რომ მითითებული გარემოების დადასტურების შემთხვევაშიც სარჩელზე უარის თქმის საფუძველი არ იარსებებდა, რადგან შპს „ს-ას“ სასამართლოში ასევე არ წარუდგენია ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის შესახებ სამოქალაქო კოდექსის ნორმებით გათვალისწინებული წინაპირობების დამადასტურებელი მტკიცებულებები. პალატამ ჩათვალა, რომ საქალაქო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოპასუხის ამ არგუმენტის უსაფუძვლობაც სათანადოდ დაასაბუთა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შპს “ს-ამ” გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძვლად სწორად მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 404-ე, 411-ე და 992-ე მუხლებზე. დაუსაბუთებელია აღნიშნულის საწინააღმდეგოდ პალატის მსჯელობა, რომ დასახელებული ნორმების ნაცვლად, გამოყენებული უნდა ყოფილიყო ამავე კოდექსის 417-ე მუხლი, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენდა, ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, პირგასამტეხლოს დაკისრება და არა ვალდებულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.

შპს “ტ-ის” მოთხოვნა კასატორისათვის შს/07-75, შს/07-076, შს/07-077, შს/07-078 და შს/07-079 ხელშეკრულებების საერთო ღირებულების _ 13577,50 ლარის დაკისრების საფუძველს წარმოადგენს ხელშეკრულებათა 7.2 პუნქტი, რომელშიც მითითებულია, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, მხარეები ვალდებული არიან, აუნაზღაურონ ერთმანეთს შესრულებული ვალდებულების 5% ზიანის ანაზღაურების სახით. აღნიშნულიდან გამომდინარე, 13 577 ლარი, რომლის ანაზღაურებაც სააპელაციო სასამართლომ შპს „ს-ას“ უსაფუძვლოდ დააკისრა, წარმოადგენდა ზიანის ანაზღაურებას, რომლის ოდენობის დათვლის მექანიზმიც (შეუსრულებელი ვალდებულების 5%) მხარეებმა განსაზღვრეს ხელშეკრულებებით. რაც შეეხება პირგასამტეხლოს, რომელიც გულისხმობს არაკეთილსინდისიერი მხარისათვის ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების გამო ე.წ. ფინანსური სანქციის გამოყენებას, მასზე საუბარია ამავე ხელშეკრულების 7.1 პუნქტში. ამდენად, უდავოა, რომ მხარეებმა ხელშეკრულებით ცალ-ცალკე განსაზღვრეს, როგორც პირგასამტეხლოს ოდენობა, ისე ზიანის ოდენობის დადგენის მექანიზმი და სააპელაციო პალატამ 13 577 ლარი პირგასამტეხლოდ არასწორად მიიჩნია, ვინაიდან ხელშეკრულებით იგი გათვალისწინებულია, როგორც ზიანი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ უსაფუძვლოდ იხელძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით, მაშინ, როცა მოცემულ შემთხვევაში არსებობდა 404-ე, 411-ე და 412-ე მუხლების გამოყენების წინაპირობები.

სააპელაციო პალატა დაეთანხმა რა სასამართლოს დასაბუთებას, არასწორად არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 442-445-ე მუხლები, რომელიც ეხება ვალდებულების შეწყვეტას მოთხოვნათა ურთიერთგაქვითვის გზით. შპს „ს-ამ” წარადგინა მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებდა შპს „ტ-ის“ მხრიდან დავალიანების არსებობის ფაქტს, რაც ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვისათვის აუცილებელია, თუმცა სასამართლომ აღნიშნული მტკიცებულებები უკანონოდ არ გაიზიარა და მიუთითა, რომ შპს „ს-ის“ მიერ წარდგენილი ცხრილები და გაანგარიშებები უფლებამოსილი და მითითებულ მონაცემთა სისრულესა და უტყუარობაზე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერებით დამოწმებული არ არის, შესაბამისად, მათ ოფიციალური საბუღალტრო დოკუმენტის სახე არა აქვთ.

შპს „ს-ის“ მიერ წარდგენილი ცხრილები წარმოადგენდა შპს „ტ-თან“ გაფორმებული ხელშეკრულებების შესაბამის ბუღალტრულ გაანგარიშებას, სადაც დეტალურად იყო ნაჩვენები ხელშეკრულებების შესაბამისი ბუღალტრული გაანგარიშება, მისი მიმდინარეობა და იგი უნდა მიჩნეულიყო სადავო გარემოების დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად, ხოლო ის ფაქტი, რომ ბუღალტრული გაანგარიშებებიდან მისი შემდგენლის ვინაობა არ ჩანდა, არ წარმოადგენს აღნიშნულ დოკუმენტებში ეჭვის შეტანის საფუძველს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “ს-ის” საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება შპს “ს-ისათვის” შპს “ტ-ის” სასარგებლოდ 13577 ლარისა და 50 თეთრის დაკისრების ნაწილში გაუქმდეს და საქმის წარმოება შპს “ტ-ის” სარჩელის გამო შპს “ს-ისათვის” 13577 ლარისა და 50 თეთრის დაკისრების ნაწილში შეწყდეს, ხოლო დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო მხარეთა განცხადებით შეწყვეტს საქმის წარმობას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე. ამავე კოდექსის მე-3 მუხლით აღიარებულია რა მხარეთა უფლებების დაცვა დისპოზიციურობის პრინციპით, მხარე უფლებამოსილია, სარჩელის სასამართლოში წარდგენით დაიცვას დარღვეულად მიჩნეული უფლება. ამავდროულად, მას შეუძლია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე უარი თქვას ამ უფლების დაცვაზე, რაც სარჩელზე საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველია. ამდენად, შპს “ტ-ის” შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოში დავის განხილვისას შპს “ტ-ის” სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა წარმომადგენელმა უარი განაცხადა მხარეთა შორის დადებული ხელშკერულების 7.2 პუნქტის საფუძველზე შპს “ს-ისათვის” 13577 ლარისა და 50 თეთრის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი. ამავე კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

საკასაციო სასამართლო ამოწმებს რა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში, თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, კერძოდ:

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა შპს „ს-ის“ სააპელაციო პრეტენზია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდებოდა შპს „ტ-ის“ დავალიანების არსებობა და მიუთითა, რომ შპს „ს-ას“ სასამართლოსათვის კანონით გათვალისწინებული ფორმის დაცვით შედგენილი მტკიცებულებები არ წარუდგენია, რაც დაადასტურებდა მის მიმართ მოსარჩელის დავალიანების არსებობას. ამ მოსაზრების საწინააღმდეგოდ კასატორს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია, უფრო მეტიც, მოთხოვნასთან დაკავშირებით საკასაციო საჩივრით შპს “ს-ას” იგივე საფუძვლები აქვს დასახელებული, რაც სააპელაციო საჩივარში.

აღნიშნულთან დაკავშირებით ყოველგვარ დასაბუთებასაა მოკლებული კასატორის მითითება, რომ შპს “ს-ის” მიერ წარდგენილ ბუღალტრულ გაანგარიშებებზე შემდგენლის ვინაობის გაურკვევლობა არ წარმოადგენს მასში ეჭვის შეტანის საფუძველს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, მხარეთა შორის გადანაწილებულია რა მტკიცების ტვირთი, თითოეულმა მხარემ უნდა დაადასტუროს ის გარემოებები, რომლებზეც იგი თავის მოთხოვნასა და შესაგებელს ამყარებს. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

ამდენად, შპს “ს-ამ” კანონით დადგენილი წესით ვერ დაადასტურა შპს “ტ-ის” დავალიანების არსებობა და ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის საფუძვლიანობა, რაც სავსებით სწორად შეფასდა სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინებით. აღნიშნული კი საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს “ს-ის” საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება შპს “ს-ისათვის” შპს “ტ-ის” სასარგებლოდ 13577 ლარისა და 50 თეთრის დაკისრების ნაწილში.

შეწყდეს საქმის წარმოება შპს “ტ-ის” სარჩელის გამო შპს “ს-ისათვის” 13577 ლარისა და 50 თეთრის დაკისრების ნაწილში.

დანარჩენ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.