ას-196-187-2010 6 ივლისი, 2010წ.
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლ. ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნ. კვანტალიანი, ვ. როინიშვილი
სხდომის მდივანი _ ლ. სანიკიძე
კასატორი (მოპასუხე) _ ი. დ-ძე, წარმომადგენელი ჯ. ქ-შვილი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ სს “ს-ი”, დირექტორი მ. ზ-ძე, წარმომადგენელი ლ. მ-ძე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 6 იანვრის გადაწყვეტილება
დავის საგანი _ თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2009 წლის 10 ივნისს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა სს “ს-მა” (დირექტორი მ. ზ-ძე) მოპასუხეების _ ი. დ-ძის, ზ. ა-ძისა და ბ. მ-ძის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეებისათვის თანხების შემდეგნაირად დაკისრება: ი. დ-ძე _ 9 111 ლარი, ზ. ა-ძე _ 546 ლარი, ბ. მ-ძე _ 2 543 ლარი.
სარჩელის თანახმად, მოპასუხეები სხვადასხვა პერიოდში მუშაობდნენ სს “ს-ში”, რა დროსაც მათ საზოგადოებისათვის სხვადასხვა დასახელების მატერიალური ფასეულობების შესასყიდად მიიღეს ფულადი თანხები, რაც დანიშნულებისამებრ არ გამოუყენებიათ. 2007 წლის აგვისტოს თვეში ბათუმის საგადასახადო ინსპექციამ სს “ს-ში” ჩაატარა საკონტროლო გასვლითი საგადასახადო შემოწმება, რაზეც შედგა შესაბამისი აქტი. აღნიშნული შემოწმების აქტით მოპასუხეებზე გაცემული თანხები, რომლის ჩამოწერაც არ იყო დადასტურებული შესაბამისი დოკუმენტაციით, საგადასახადო კოდექსის 174.1 მუხლის მიხედვით განხილულ იქნა, როგორც ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები და დაიბეგრა საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, რითაც საზოგადოებამ განიცადა მატერიალური ზიანი. მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, მოპასუხეები ნებაყოფლობით არ აბრუნებდნენ ამიღებულ თანხებს, რამაც განაპირობა მოსარჩელის მიერ მისი კანონიერი უფლებების დასაცავად სასამართლოსათვის მიმართვა.
სამართლებრივად მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა დააფუძნა სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 976-ე მუხლებზე (ს.ფ. 2-11).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილებით სს “ს-ის” სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეები _ ი. დ-ძე, ზ. ა-ძე და ბ. მ-ძე წარმოადგენდნენ სს “ს-ის” ხელმძღვანელ პირებს და ისინი საზოგადოებაში აღარ მუშაობდნენ 2006 წლიდან. სალაროს გასავლის ორდერები, რომელთა საფუძველზეც მოსარჩელე მოითხოვდა მოპასუხეებისათვის თანხების დაკისრებას, გაიცა 2004 წელს და ისინი ამ დრომდე ინახებოდა საწარმოს ბუღალტერიაში. მ. ზ-ძე საზოგადოების დირექტორი იყო 2005 წლიდან.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლზე, რომელსაც მოსარჩელე თავის მოთხოვნას აფუძნებდა და რომლის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ კრედიტორს მისი უკან დაბრუნება, თუ: ა. ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლების გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში; ბ. ვალდებულების საწინააღმდეგოდ ისეთი შესაგებელი იქნა წარდგენილი, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამორიცხულია მოთხოვნის წარდგენა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით იმპერატიულადაა განსაზღვრული, რომ უკან დაბრუნების მოთხოვნა გამორიცხულია, თუ გავიდა ხანდაზმულობის ვადა.
გარდა ამისა, საქალაქო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 128-ე, 129-ე, 130-ე მუხლებზე, რომელთა თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა; სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა _ ექვს წელს. ამასთან, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია; ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, რამდენადაც მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენდა 2004 წელს საზოგადოების სალაროდან გაცემული თანხების დაბრუნება, შესაბამისად, მასზე უნდა გავრცელებულიყო 3-წლიანი ხანდაზმულობის ვადა.
საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სს “ს-ისათვის” თავიდანვე, ხოლო მისი ამჟამინდელი დირექტორის _ მ. ზ-ძისათვის 2005 წლიდან იყო ცნობილი მოპასუხეებისადმი მოთხოვნის უფლების შესახებ, თუმცა მან სარჩელი სასამართლოში შეიტანა 2009 წელს, რაც ხანდაზმულობის გამო მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებას გამორიცხავდა (ს.ფ. 147-150).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს “ს-მა”, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება (ს.ფ. 156-165).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 18 ნოემბრის განჩინებით სს “ს-ის” სააპელაციო საჩივარი მოპასუხე ზ. ა-ძისათვის 546 ლარის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში დარჩა განუხილველი, ვინაიდან აღნიშნულ ნაწილში სააპელაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნას, კერძოდ, ზ. ა-ძის მიმართ წარდგენილ მოთხოვნაზე დავის საგნის ღირებულება არ აღემატებოდა 1 000 ლარს (ს.ფ. 173-176).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 6 იანვრის გადაწყვეტილებით სს “ს-ის” სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილება ი. დ-ძისა და ბ. მ-ძის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, სს “ს-ის” სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ი. დ-ძეს სს “ს-ის” სასარგებლოდ დაეკისრა 9 111 ლარის გადახდა, ბ. მ-ძეს _ 2 523 ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
მოპასუხეები _ სს “ს-ის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ი. დ-ძე და სამეურნეო ნაწილის გამგე ბ. მ-ძე წარმოადგენდნენ სს “ს-ის” ხელმძღვანელ პირებს და საზოგადოებაში აღარ მუშაობდნენ 2006 წლიდან;
2005 წლიდან სს “ს-ის” დირექტორი იყო მ. ზ-ძე;
2004 წლის 1 იანვრიდან 2007 წლის 1 ივლისამდე განვლილ საანგარიშგებო პერიოდში საზოგადოების სალაროდან ანგარიშვალდებულ პირებზე გაიცა თანხები, რომელთა ჩამოწერაც არ არის დადასტურებული შესაბამისი დოკუმენტაციით, მათ შორის, 2004 წლს ი. დ-ძეზე გაიცა 9 111 ლარი, ხოლო ბ. მ-ძეზე _ 2 523 ლარი;
სალაროს გასავლის ორდერები, რომელთა საფუძველზეც მოსარჩელე ითხოვდა თანხების დაკისრებას, გაიცა 2004 წელს და აღნიშნულ ორდერებსა და საგადასახადო ინსპექციის მიერ 2007 წლის 16 აგვისტოს შედგენილი შემოწმების აქტის ¹10 დანართში დაფიქსირებული თანხები, საზოგადოების სალაროდან მოპასუხეებს მიღებული ჰქონდათ.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ი. დ-ძესა და ბ. მ-ძეს, საზოგადოების ინტერესებისათვის, კერძოდ, სარემონტო და სხვა აუცილებელი სამუშაოების წარმოებისათვის მასალების შესაძენად, წინასწარ ჰქონდათ გახარჯული პირადი თანხები და სალაროს გასავლის ორდერებსა და საგადასახადო ინსპექციის ¹10 დანართში “კრედიტორული დავალიანების დაფარვის მიზნით” დაფიქსირებული თანხები მიღებული ჰქონდათ წინასწარ გახარჯული პირადი თანხების ასანაზღაურებლად. სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მხარის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ი. დ-ძისა და ბ. მ-ძის მიერ, სალაროს გასავლის ორდერებსა და საგადასახადო ინსპექციის ¹10 დანართში დაფიქსირებული “ანგარიშვალდებული პირის” სახით მიღებული თანხებით შეძენილ იქნა საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისა და სხვა აუცილებელი სამუშაოებისათვის საჭირო მასალები. ამ გარემოებათა დამადასტურებელი მტკიცებულებები მოპასუხეს არ წარუდგენია, ხოლო მის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, სასაქონლო ზედნადებების ასლებითა და სხვა წერილობითი მტკიცებულებებით არ დგინდებოდა, რომ მათში დაფიქსირებული მატერიალური ფასეულობები სწორედ იმ თანხებით იქნა შეძენილი, რაც სალაროს გასავლის ორდერების საფუძველზე მიიღეს, როგორც ანგარიშვალდებულმა პირებმა, ან მათი შეძენა მოხდა პირადი თანხებით.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ 2004 წელს, ი. დ-ძეზე 9 111 ლარისა და ბ. მ-ძეზე 2 523 ლარის საზოგადოების სალაროდან გაცემა სამართლებრივი საფუძვლის გარეშე განხორციელდა, აღნიშნული თანხები საზოგადოების ინტერესებისათვის არ გახარჯულა და არც მათი ჩამოწერის დოკუმენტაცია შედგენილა. თანხის გადაცემას მხარეთა შორის ხელშეკრულება არ ედო საფუძვლად, ვინაიდან ასეთი ხელშეკრულებები მოპასუხეს არ წარუდგენია და არც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით გათვალისწინებული სხვა სათანადო მტკიცებულებებით არ მომხდარა ხელშეკრულების არსებობის ფაქტის დადასტურება.
იმის გათვალისწინებით, რომ ი. დ-ძესა და ბ. მ-ძეზე თანხების გადაცემა ვალდებულების გარეშე განხორციელდა, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად მოპასუხეებისათვის თანხის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანი იყო. ამასთან, ამავე კოდექსის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, რომლის თანახმად ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს, ეს მოთხოვნა არ იყო ხანდაზმული.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, რამდენადაც პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, მოპასუხეთა მიერ სს “ს-ის” სალაროდან თანხის მიღება სახელშეკრულებო ვალდებულებად მიიჩნია და ამ გარემოების გათვალისწინებით სარჩელი ხანდაზმულად ჩათვალა. გარდა ამისა, პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უმსჯელია, თუ რამდენად დასაბუთებული იყო სასარჩელო მოთხოვნა და სარჩელს უარი ეთქვა მხოლოდ ერთი საფუძვლით _ ხანდაზმულობით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმებას, ხოლო სარჩელის მოთხოვნები ნაწილობრივ დაკმაყოფილებას ექვემდებარებოდა, კერძოდ, ი.დ-ძეს სს “ს-ის” სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა 9 111 ლარის, ხოლო ბ. მ-ძის სასარგებლოდ _ 2 523 ლარის გადახდა (ს.ფ. 219-227).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. დ-ძემ (წარმომადგენელი ჯ. ქ-შვილი), რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:
კასატორის აზრით, სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, კერძოდ, შესასრულებელი ვალდებულება არ მიიჩნია პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებად. რეალურად, თანხის გაცემა ხდებოდა პერიოდულად და, შესაბამისად, მათი დაბრუნების ვალდებულებაც მხარეებს ეკისრებოდათ გატანის პერიოდულობიდან გამომდინარე. ასეთი ვალდებულებების მიმართ სამოქალაქო კოდექსის 142-ე მუხლის, 128-129-ე მუხლების თანახმად მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი.
სადავო შემთხვევაში სასამართლომ დაადგინა, რომ თანხების გატანა არ მომხდარა რაიმე ვალდებულების გამო, თუმცა მხარე არ უარყოფს თანხების საზოგადოებისათვის საჭირო ინვენტარისა და მოწყობილობების შესაძენად გატანის ფაქტს. საქმეში არსებული საგადასახადო შემოწმების აქტით დადასტურებულია ინვენტარის შეძენა, რასაც სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია. გარდა ამისა, მოპასუხეებმა წარადგინეს საზოგადოების საქმიანობის ამსახველი აუდიტორული დასკვნა, სადაც გარკვევით ჩანს, რომ შეძენილი ინვენტარი საზოგადოების კუთვნილებაშია. ამდენად, მხარემ შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულება, შეიძინა საზოგადოების საქმიანობისათვის აუცილებელი ინვენტარი, რის გამოც გადაცემული ქონების ღირებულების უკან დაბრუნების მოთხოვნა დაუშვებელია (ს.ფ. 236-240).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის სასამართლო განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 6 იანვრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე დადგენილია:
მოპასუხე ი. დ-ძე მუშაობდა სს “ს-ის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ;
2007 წელში სს “ს-ი” შეამოწმა ბათუმის საგადასახადო ინსპექციამ. საგადასახადო შემოწმების 2007 წლის 16 აგვისტოს აქტისა და მისი ¹10 დანართის თანახმად, 2004 წლის 1 იანვრიდან 2007 წლის 1 ივლისამდე განვლილ საანგარიშგებო პერიოდში საზოგადოების სალაროდან ანგარიშვალდებულ პირებზე გაცემულია თანხები, რომელთა ჩამოწერა არ არის დადასტურებული შესაბამისი დოკუმენტაციით, კერძოდ, ი. დ-ძეზე 2004 წელში გაცემულია 9111 ლარი.
მოსარჩელე სს “ს-ის” განმარტებით, მოპასუხემ აღნიშნული თანხები მიიღო საზოგადოებისათვის სხვადასხვა მატერიალური ფასეულობების შესაძენად, მაგრამ არაფერი შეუძენია და არც თანხები დაუბრუნებია (ს.ფ. 4).
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალების საფუძველზე არასწორად შეაფასა მხარეთა შორის არსებული სადავო ურთიერთობის სამართლებრივი ბუნება და მისი ხანდაზმულობის საკითხი.
სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა უსაფუძვლო გამდიდრებიდან წარმოშობილი სამართალურთიერთობა. სწორედ ამგვარად აკვალიფიცირებდა სადავო ურთიერთობას თავად მოსარჩელე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო სამართლებრივი ურთიერთობისათვის სწორი სამართლებრივი კვალიფიკაციის მიცემა არის სასამართლოს ვალდებულება და ამასთან დაკავშირებით სასამართლო არ არის შეზღუდული მხარის მოსაზრებით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საწარმოს თანამშრომლის მიერ საწარმოს საჭიროებისათვის სხვადასხვა ნივთების შესაძენად საწარმოს სალაროდან თანხის მიღება, თუკი ეს ხორციელდება საზოგადოებასთან შეთანხმებით, არის სახელშეკრულებო ურთიერთობა, სადაც მხარეებს გააჩნიათ შესაბამისი უფლება-მოვალეობანი, მათ შორის, თანხის მიმღებს გააჩნია ვალდებულება, შეიძინოს კონკრეტული ნივთი საწარმოს სახელით და ხარჯზე, ანუ ეს ურთიერთობა შეესაბამება დავალების ხელშეკრულების არსს. სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლის თანახმად, დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის მინდობილი ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელით და ხარჯზე. ამ შემთხვევაში დავალების ხელშეკრულების შინაარსის გარკვევისას ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებას, რომ რწმუნებული ასრულებს მოქმედებებს არა თავისი, არამედ მარწმუნებლის სახელით და მისი მოქმედების შედეგად მესამე პირთან წარმოშობილი ურთიერთობის მონაწილე თვითონ კი არ ხდება, არამედ _ მარწმუნებელი. რწმუნებულის მოქმედებით უფლებები და მოვალეობები წარმოიშობა, შეიცვლება და შეწყდება მარწმუნებლისათვის.
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ი. დ-ძეზე საზოგადოების სალაროდან 9111 ლარის გაცემა სამართლებრივი საფუძვლის გარეშე განხორციელდა. ამასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საქმეში წარმოდგენილია ი. დ-ძის მიერ საწარმოს სალაროდან თანხების გატანის შესახებ სალაროს გასავლის ორდერები, კერძოდ: 2004 წლის მარტში _ 2121,75 ლარი, 8 მაისს _ 893 ლარი, 23 ივნისს _ 2200 ლარი, 21 ივლისს _ 950 ლარი, 23 აგვისტოს _ 188,70 ლარი, 29 სექტემბერს _ 685 ლარი, 16 დეკემბერს _ 1685 ლარი, 30 დეკემბერს _ 1188,05 ლარი (ს.ფ. 29-33, 35-37). ამასთან, ორდერების ნაწილი დამოწმებულია ხელმძღვანელის ხელმოწერით, ხოლო სამ შემთხვევაში (2004 წლის 8 მაისი, 16 დეკემბერი, 30 დეკემბერი) ორდერს ხელს აწერს მხოლოდ ი. დ-ძე და ხელმძღვანელის ხელმოწერა არ ფიგურირებს (ს.ფ. 30, 31, 33).
სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია და შეაფასა სალაროს გასავლის ის ორდერები, რომლებზეც ფიგურირებს ხელმძღვანელის ხელმოწერა (ს.ფ.28-29, 32, 34-37), საქმის ხელახალი განხილვისას სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოარკვიოს, ნიშნავდა თუ არა აღნიშნული ხელმოწერის არსებობა საწარმოსთან შეთანხმებით დავალების ხელშეკრულების საფუძველზე თანხის გატანას და, ამდენად, სამართლებრივი საფუძვლის არსებობას.
თუკი სამართლებრივი საფუძვლის არსებობა დადასტურდება, შესაბამისად, მოცემული თანხების ნაწილში სადავო სამართლებრივ ურთიერთობას წარმოადგენს ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა და ამ თანხების ნაწილში მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხი უნდა გადაწყდეს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადის გამოყენებით.
სააპელაციო სასამართლომ ასევე უნდა გამოარკვიოს, დანარჩენი სამი სალაროს გასავლის ორდერით გათვალისწინებული თანხების მიღებისას, სადაც არ ფიგურირებს საწარმოს ხელმძღვანელის ხელმოწერა (ს.ფ. 30, 31, 33), ი. დ-ძე მოქმედებდა თუ არა საწარმოსთან შეთანხმებით.
იმ შემთხვევაში, თუკი ი. დ-ძეს თანხა გატანილი აქვს საწარმოსთან შეთანხმების გარეშე, თვითნებურად, ასეთ შემთხვევაში სახეზე იქნება ზიანის მიყენების (დელიქტის) საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებითი ურთიერთობა და გამოყენებულ უნდა იქნეს სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლით გათვალისწინებული დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადა. ამასთან დაკავშირებით ასევე საყურადღებოა ის გარემოება, რომ ი. დ-ძე საზოგადოების სალაროდან სადავო თანხების გატანის პერიოდში წარმოადგენდა საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს. აღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ ასევე უნდა გაარკვიოს, აღნიშნული წესით საზოგადოების სალაროდან თანხის გატანა ი. დ-ძის შიდასაზოგადოებრივ ფუნქციონალურ ვალდებულებას შეესაბამებოდა, თუ თანხა გატანილია თვითნებურად, მისი თანამდებობრივი უფლებამოსილების გამოყენებით და დარღვეულია თუ არა სადავო პერიოდში მოქმედი “მეწარმეთა შესახებ” კანონის 9.7, 55.10 და 56.4 მუხლებით გათვალისწინებული სამეთვალყურეო საბჭოს წევრების კეთილსინდიერი ხელმძღვანელობის მოვალეობა, კერძოდ, გულმოდგინე ხელმძღვანელობის მოვალეობა. ასეთ შემთხვევაში გამოყენებული უნდა იქნეს “მეწარმეთა შესახებ” კანონის 15.1 მუხლით დადგენილი პრეტენზიების ხანდაზმულობის 5-წლიანი ვადა, რისი გათვალისწინებითაც სარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია 2004 წლის 10 ივნისამდე გატანილი თანხების ნაწილში, ხოლო 2004 წლის 10 ივნისიდან დეკემბრის ჩათვლით გატანილი თანხების მოთხოვნასთან მიმართებით არ არის ხანდაზმული, რამდენადაც სარჩელი აღძრულია 2009 წლის 10 ივნისს.
საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაზე “მეწარმეთა შესახებ” კანონით გათვალისწინებული ხანდაზმულობის 5-წლიანი ვადის გავრცელების საკითხი დასმულია აპელანტ სს “ს-ის” სააპელაციო საჩივარშიც, თუმცა ამ საკითხზე საპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ შეიცავს მსჯელობას.
საქმეში არ მოიპოვება 2004 წლის ივლისში გატანილ 1450 ლარისა და სექტემბერში გატანილი 416 ლარის სალაროს გასავლის ორდერები, თუმცა ამ თანხებზე მითითებულია საგადასახადო შემოწმების აქტის ¹10 დანართში. სააპელაციო სასამართლომ ასევე უნდა გამოარკვიოს, რითი ადასტურებს საწარმო, რომ ამ თანხების გატანა ი. დ-ძის მიერ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე განხორციელდა.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს საკასაციო საჩივრის არგუმენტს იმის შესახებ, რომ საქმეში წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურები, ზედნადებები, ასევე საგადასახადო აქტის ჩანაწერი ადასტურებენ იმ გარემოებას, რომ ი. დ-ძის მიერ ნამდვილად შეძენილია ინვენტარი სადავო თანხებით. ამასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში მართლაც წარმოდგენილია მასალები ი. დ-ძის მიერ 2004 წლის 15 აპრილს 6800 ლარის ღირებულების სტომატოლოგიური დანადგარებისა და 2005 წლის 15 დეკემბერს 300 ლარის ღირებულების სამედიცინო მასალების შეძენის შესახებ, მაგრამ ეს უკანასკნელი პერიოდი (2005 წლის 15 დეკემბერი) საერთოდ არ არის მოცემულ საქმეზე სადავო, ასევე, საგადასახადო შემოწმების აქტის ¹10 დანართით არ არის სადავო 2004 წლის აპრილში გაცემული თანხები, ხოლო 2004 წლის აპრილამდე პერიოდში სადავოა მარტში გაცემული 2121,75 ლარი. გარდა ამისა, საგადასახადო შემოწმების აქტში ნათლად არის საუბარი მხოლოდ ისეთ თანხებზე, რომელთა ჩამოწერაც არ არის დადასტურებული შესაბამისი დოკუმენტაციით, კასატორს კი არ აქვს წამოყენებული დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია იმის შესახებ, რომ საგადასახადო შემოწმების აქტმა და მისმა ¹10 დანართმა მოიცვა მის მიერ შეძენილი 6800 ლარის ღირებულების თანხა და რომ 6800 ლარი შედის სადავო თანხაში.
საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს საკასაციო საჩივრის არგუმენტს, რომ სადავო თანხების სისწორის დასადგენად საჭირო იყო, სს “ს-ს” გაესაჩივრებინა საგადასახადო შემოწმების 2007 წლის 16 აგვისტოს აქტი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტის გასაჩივრება მეწარმე სუბიექტის უფლებაა და არა ვალდებულება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის ხელახალი განხილვისას სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოარკვიოს, თუ რა სამართალურთიერთობის ძალით მიიღო ი. დ-ძემ საზოგადოების სალაროდან სადავო თანხები და ხანდაზმულია თუ არა სასარჩელო მოთხოვნა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ი. დ-ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 6 იანვრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.