Facebook Twitter

ას-197-186-2011 16 მარტი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

მ. სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ა. კ-ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ მ. უ-ია (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი _ ალიმენტის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. უ-იამ სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. კ-ძის მიმართ და მოითხოვა ალიმენტის სახით 500 ლარის, ასევე წარსული დროის ალიმენტის, კერძოდ, სამი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხის გადახდის დაკისრება.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილებით მ. უ-იას სარჩელი ა. კ-ძის მიმართ ალიმენტის დაკისრების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ა. კ-ძეს მ. უ-იას სასარგებლოდ შვილის _ 1997 წლის 16 მარტს დაბადებული ლ. კ-ძის რჩენა-აღზრდისათვის 2010 წლის 29 ივნისიდან ყოველთვიურად ალიმენტის სახით დაეკისრა 70 (სამოცდაათი) ლარის გადახდა მის სრულწლოვანებამდე, მ. უ-იას უარი ეთქვა ა. კ-ძისთვის წარსული დროის ალიმენტის დაკისრებაზე.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ. მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ამ ნაწილში სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. უ-იას სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად, ა. კ-ძეს მ. უ-იას სასარგებლოდ შვილის _ 1997 წლის 16 მარტს დაბადებული ლ. კ-ძის რჩენა-აღზრდისათვის 2010 წლის 29 ივნისიდან ყოველთვიურად ალიმენტის სახით დაეკისრა 140 (ას ორმოცი) ლარის გადახდა მის სრულწლოვანებამდე.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. კ-ძემ. კასატორმა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 თებერვლის განჩინებით ა. კ-ძის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო, ხოლო საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა.

ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა კასატორს და პირადად ჩაბარდა 2011 წლის 5 მარტს.

ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში ა. კ-ძეს მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ა. კ-ძის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

დასახელებული ნორმა წარმოადგენს ერთგვარ სამოქალაქო-სამართლებრივ სანქციას იმ მხარის მიმართ, რომელმაც სასამართლო განჩინებით დადგენილი საპროცესო ვადის განმავლობაში არ განახორციელა მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის სრულად გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 თებერვლის განჩინებით ა. კ-ძის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო, ხოლო საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა.

ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა კასატორს და პირადად ჩაბარდა 2011 წლის 5 მარტს (იხ. ტ.II, ს.ფ.77).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.

დასახელებული ნორმის დანაწესისა და საქმეში წარმოდგენილი საფოსტო შეტყობინების ანალიზის საფუძველზე პალატა მიიჩნევს, რომ ა. კ-ძეს სასამართლო შეტყობინება ჩაბარდა პირადად, რაც საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.

ამდენად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ხუთდღიანი ვადის დენა დაიწყო 2011 წლის 6 მარტს და ამოიწურა ამავე წლის 10 მარტს.

ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში კასატორს მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის, რაც მოცემული საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ა. კ-ძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.