ას-197-188-10 27 მაისი, 2010 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),
თ. თოდრია (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ზ. მ-შვილი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ლ. ბ-ძე (მოსარჩელე)
დავის საგანი – ნივთის კეთილსინდისიერი ფლობის დროს გაწეული ხარჯების ანაზღაურება
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
2010 წლის 15 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ლ. ბ-ძემ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ზ. მ-შვილის მიმართ და მოითხოვა ნივთის კეთილსინდისიერი მფლობელობის დროს გაწეული ხარჯების ანაზღაურება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ლ. ბ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ლ. ბ-ძის წარმომადგენელმა ი. ო-მა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილებით ლ. ბ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილება, ზ. მ-შვილს ლ. ბ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 4495 ლარის გადახდა, ასევე, ზ. მ-შვილს დაეკისრა 314 ლარისა და 65 თეთრის ანაზღაურება.
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 1997 წელს მოწინააღმდეგე მხარემ აპელანტს სახლი დაუთმო უსასყიდლოდ სარგებლობისათვის. სსკ-ის 615-ე მუხლის თანახმად ხელშეკრულება, რომლითაც ერთი პირი მეორეს გადასცემს ქონებას დროებით უსასაყიდლო სარგებლობისათვის, არის თხოვება, შესაბამისად, 1997 წელს მხარეთა შორის დაიდო თხოვების ხელშეკრულება. სსკ-ის 619-ე მუხლის თანახმად მონათხოვრემ უნდა გასწიოს ნათხოვარი ნივთის მოვლისათვის საჭირო ჩვეულებრივი ხარჯი ანუ მიმდინარე რემონტის ჩატარება ევალებოდა აპელანტს, შესაბამისად, 2780 ლარის ოდენობის ხარჯი მან გასწია არსებული ვალდებულების ფარგლებში და მოწინააღმდეგე მხარისათვის, აპელანტის სასარგებლოდ ამ თანხის ანაზღაურების დაკისრების საფუძვლები არ არსებობს. ზემოთხსენებული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამნათხოვრებლის მოვალეობა სხვა ხარჯების ანაზღაურების თაობაზე განისაზღვრება დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულების წესებით. ეს ნიშნავს, რომ გამნათხოვრებელი, ამ შემთხვევაში მოწინააღმდეგე მხარე, ვალდებულია აპელანტს აუნაზღაუროს აპელანტის მიერ გაწეული სხვა ხარჯები, გარდა მიმდინარე რემონტის ხარჯებისა და ამის ვალდებულება განისაზღვრება დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულების წესებით. დადგენილია, რომ ქონებაზე ხარჯების გაწევისას, აპელანტის ვარაუდით, იგი აუმჯობესებდა საკუთარ ქონებას. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, გაწეული ხარჯის ანაზღაურების საკითხი უნდა გადაწყდეს უსაფუძვლო გამდიდრების წესებით. ასევე დადგენილია, რომ გარდა მიმდინარე რემონტისა, აპელანტმა შეცვალა სახლის სახურავი, ჩაატარა სადურგლო, სამღებრო და საბათქაშო სამუშაოები, ეზოში მოაწყო ჭაბურღილი და გააკეთა ღობე, რაშიც დახარჯა 4495 ლარი. პალატა თვლის, რომ ამ სამუშაოს შედეგად ქონება უდავოდ გაიზარდა. აქედან გამომდინარე, ზ. მ-შვილი გამდიდრდა აპელანტის ხარჯზე, ამიტომ, აპელანტის მოთხოვნა მოწინააღმდეგე მხარისათვის 4495 ლარის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ზ. მ-შვილმა. მან მიუთითა, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოცემულ დავაში ადგილი აქვს ქონების თხოვებას. სსკ-ის 619-ე მუხლის თანახმად, მონათხოვრემ უნდა გასწიოს ნივთის მოვლისათვის საჭირო ჩვეულებრივი ხარჯი, ამ მუხლის მიხედვით კი ნათხოვარი სახლის მოვლისათვის საჭირო ჩვეულებრივი ხარჯის, ანუ მიმდინარე რემონტის ჩატარება ევალებოდა აპელანტს. დასახელებული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად გამნათხოვრებლის მოვალეობა სხვა ხარჯების ანაზღაურების თაობაზე განისაზღვრება დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულების წესებით, ამდენად, გამნათხოვრებელი ამ შემთხვევაში მოწინააღმდეგე მხარე ვალდებულია აპელანტს აუნაზღაუროს აპელანტის მიერ გაწეული სხვა ხარჯები, გარდა მიმდინარე რემონტის ხარჯებისა და ამის ვალდებულება განისაზღვრება დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულების წესებით. ამასთან, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ქონებაზე ხარჯების გაწევისას, აპელანტი აუმჯობესებდა საკუთარ ქონებას, რადგანაც იგი თვლიდა, რომ სადავო საცხოვრებელი სახლი მას ნაჩუქარი ქონდა. პალატამ დადგენილად ჩათვალა, რომ სსკ-ის 987-ე მუხლის თანახმად რადგანაც მოსარჩელემ შეცდომით გასწია ხარჯები მას უნდა აუნაზღაურდეს გაწეული ხარჯები 4495 ლარის ოდენობით, მაგრამ პალატის გადაწყვეტილებით გაუგებარია თუ რა სამუშაოები ჩათვალა შესრულებულად და რა არ ჩათვალა შეუსრულებლად, რადგან საქმეზე მიღებული აუდიტის დასკვნის მიხედვით, არც ერთი შესრულებული სამუშაოების ოდენობა არ იძლევა 4495 ლარის ჯამს. პალატამ არ დააკონკრატა თუ რა სამუშაოები შეასრულა მოსარჩელემ, რა ღირებულების და საიდან მიიღო შემაჯამებელი ციფრი 4495 ლარი. ყოველივე აქედან გამომდინარე, კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს დასკვნა 4495 ლარის დაკისრების ნაწილში უსაფუძლოა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. მ-შვილის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით არსებობს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, რომ დაუშვას ზ. მ-შვილის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ზ. მ-შვილის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
ზ. მ-შვილს დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – (300 ლარის) 70% - 210 ლარი;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.