ას-198-189-2010 13 ივლისი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ლ. ლაზარაშვილი, პ. ქათამაძესხდომის მდივანი _ ლ. სანიკიძე
კასატორი _ ლ. პ-იკი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ს. დ-ძე (მოპასუხე)
წარმომადგენელი _ თ. კ-ძე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 6 იანვრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი _ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ნივთის მიკუთვნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. პ-იკმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ს. დ-ძის მიმართ 2008 წლის 31 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და ქ.ქობულეთში, ... ქ¹12-ში მდებარე 72 კვ.მ მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ ცნობის შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 2004 წლის 5 მარტის სამკვიდრო მოწმობით მოსარჩელემ მეუღლისაგან მემკვიდრებით მიიღო ქ.ქობულეთში, ... ქ.¹19-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი. მოპასუხე არის ლ.პ-იკის მამა, რომელმაც შესთავაზა შვილს, იჯარით გადაეცა ზემოხსენებული უძრავი ქონება საერთო მაღაზიის გახსნის მიზნით. მოგვიანებით მოსარჩელემ შეიტყო, რომ ს. დ-ძემ მას მოტყუებით ხელი მოაწერინა არა იჯარის, არამედ ნასყიდობის ხელშეკრულებაზე. მითითებული გარიგება დადებულია მოტყუებით, მოპასუხემ ისარგებლა იურიდიულ საკითხებში ლ. პ-იკის გამოუცდელობით, სუსტი მხედველობითა და მამისადმი მისი ნდობით, რის გამოც ცნობილ უნდა იქნეს ბათილად.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: მხარეთა შორის დაიდო უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც გამყიდველმა გამოავლინა ნივთის გაყიდვის ნამდვილი ნება. მოსარჩელემ გარიგების მოტყუებით დადების ფაქტი სათანადოდ ვერ დაასაბუთა.
ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ლ.პ-იკსა და ს.დ-ძეს შორის 2008 წლის 31 მარტს დადებული ხელშეკრულება ქ.ქობულეთში, ... ქ¹19-ში მდებარე უძრავი ქონების _ 72 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნასყიდობის შესახებ, ლ.პ-იკი ცნობილ იქნა ქ.ქობულეთში, ... ქ¹19-ში მდებარე უძრავი ქონების _ 72 კვ.მ მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ, რაც ს. დ-ძემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 6 იანვრის გადაწყვეტილებით ს.დ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ლ. პ-იკის სარჩელი არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო: 2008 წლის 31 მარტს მხარეთა შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება ქ.ქობულეთში, ... ქ.¹19-ში მდებარე ლ. პ-იკის კუთვნილ 72 კვ.მ მიწის ნაკვეთზე. აღნიშნული ხელშეკრულება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში, სადაც მხარეებს განემარტათ ხელშეკრულების შინაარსი და შედეგები. ლ. პ-იკი და ს. დ-ძე არიან მამა-შვილი. პალატის მოსაზრებით, საქმეში არსებული მასალების საფუძველზე არ დგინდება, რომ ლ. პ-იკი არის 4 კლასის განათლების მქონე და არ შეუძლია კითხვა. ნასყიდობის ხელშეკრულებიდან ირკვევა, რომ ნასყიდობის საგნის ღირებულებაა 2500 ლარი, რომელიც ს.დ-ძემ გადაიხადა ხელშეკრულების დადებისთანავე, რასაც ასევე მიუთითებს ლ. პ-იკიც მის განმარტებაში.
სასამართლომ დაადგინა, რომ ქ.ქობულეთში, ... ქ.¹19-ში მდებარე 72 კვ.მ მიწის ნაკვეთზე კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით 2008 წლის 31 მარტს მხარეთა შორის მართლაც დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც ხელმოწერილია ორივე მხარის მიერ და აღრიცხულია საჯარო რეესტრში. სადავო ნაკვეთზე მშენებლობის წარმოება ს. დ-ძეს დაუჯდა 29 110 ლარი. პალატამ მიიჩნია, რომ ნასყიდობის გაფორმებისას ს.დ-ძის მხრიდან სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის მოთხოვნები დაცულია, ამავე კოდექსის 477-ე მუხლის შესაბამისად, ნივთი გადაცემულია მყიდველისათვის, ნასყიდობა რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში და მის მიმართ მოქმედებს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლით გათვალისწინებული და უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია. ასევე, აპელანტმა ნასყიდობის ხელშეკრულებით შეთანხმებული ფასი _ 2500 ლარი გადაიხადა.
სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძვლებზე და ჩათვალა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებით სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის არც ერთი პირობა დარღვეული არ არის, რადგან მოცემულ შემთხვევაში ხელშეკრულება დაიდო ორ ფიზიკურ პირს შორის, რომლებსაც განემარტათ ხელშეკრულების შინაარსი, მათ გამოხატეს ნება და მოაწერეს მას ხელი. პალატის მითითებით, საქმის მასალებით არ დგინდება, რომ ლ. პ-იკმა სადავო გარიგებას ხელი იძულებით მოაწერა, ამდენად, ხელშეკრულება არ არღვევს საჯარო წესრიგს, კანონით დადგენილ აკრძალვებს და არც ზნეობის ნორმებს არ ეწინააღმდეგება. სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, პალატამ მიიჩნია, რომ გარიგების ბათილობისათვის აუცილებელია არსებობდეს სამი ფაქტორი: საბაზრო ძალაუფლების გამოყენება, მხარის მძიმე მდგომარეობა და მისი გამოუცდელობა. სასამართლომ ჩათვალა, რომ საქმის მასალებით არ დადასტურებულა აპელანტის საბაზრო ძალაუფლება, რადგან ის ფიზიკური პირია, არ გამოვლენილა მოსარჩელის ჯანმრთელობის ან ეკონომიკური მძიმე მდგომარეობა, მას სადავო მიწის ნაკვეთი შიმშილის ან ავადმყოფობის გამო არ გაუსხვისებია და ხელშეკრულება კაბალურ პირობებს არ შეიცავს. პალატა არ დაეთანხმა მოსარჩელის მითითებას მისი უსინათლობის თაობაზე, რადგან, მართალია, საქმეში წარმოდგენილი სამედიცინო ცნობებით მას სუსტი მხედველობა აქვს, მაგრამ აღნიშნული არ ადასტურებს, რომ მხარეს კითხვა არ შეეძლო. ლ.პ-იკის უსინათლოდ მიჩნევა გაუმართლებელია, რადგან ასეთ შემთხვევაში იგი გარიგებას ხელს ვერ მოაწერდა.
სასამართლომ ჩათვალა, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ნასყიდობის საგნის ღირებულება _ 2500 ლარი შეუსაბამოდ დაბალი ფასია სადავო მიწის ნაკვეთთან მიმართებით. სასამართლოს მოსაზრებით, მხარეს შეეძლო არ მოეწერა ხელი ასეთი პირობის შემცველ გარიგებაზე. წარმოდგენილი უძრავი ნასყიდობის ხელშეკრულების მე-4 მუხლის მეორე წინადადებაში გამყიდველი აცხადებს, რომ მან უკვე მიიღო ქონების ნასყიდობის საგნის საფასური მყიდველისაგან. პალატამ არ გაიზიარა ლ.პ-იკის არგუმენტი სადავო გარიგების, სამოქალაქო კოდექსის 81-ე და 84-ე მუხლების შესაბამისად, მოტყუებით დადების შესახებ და დაეთანხმა აპელანტის განმარტებას, რომ მოსარჩელეს გადაეცა ხელშეკრულების ერთი ეგზემპლარი და შესაძლებლობა ჰქონდა, ერთი წლის განმავლობაში გასცნობოდა მის შინაარსს, თუკი მან აღნიშნული გარიგების დადების დროს არ იცოდა. ამასთან, მყიდველმა ანუ აპელანტმა მიწის ნაკვეთის შეძენის შემდეგ თვეების განმავლობაში აწარმოა ნაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები.
სასამართლოს მოსაზრებით, საქმის მასალებით არ დგინდება, რომ სადავო ხელშეკრულების შინაარსი ლ.პ-იკისათვის ცნობილი არ იყო. პალატა მიიჩნია, რომ რაიმე მტკიცებულებით ლ.პ-იკის გაუნათლებლობის ფაქტი არ დასტურდება. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ, მოსარჩელის განმარტებით, მას სურდა იჯარის და არა ნასყიდობის ხელშეკრულების დადება და იგი აჩუქებდა კიდეც სადავო ნაკვეთს მამას, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მხარისათვის ცნობილი იყო აღნიშნულ გარიგებათა სამართლებრივი განსხვავების შესახებ და მან იმთავითვე იცოდა, რა სახისა თუ პირობების ხელშეკრულებას დებდა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ სადავო გარიგების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი მხარეს არ დაუსაბუთებია.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ლ. პ-იკმა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით: სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, რომ ნასყიდობის საგნის ღირებულება შეადგენს 2500 ლარს, რაც ს.დ-ძემ ლ.პ-იკს გარიგების დადებისთანავე გადაუხადა. პალატამ არ გაითვალისწინა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში ს.დ-ძემ მიუთითა, რომ სადავო მიწის ნაკვეთი 12500 ლარად შეიძინა, საიდანაც 10000 ლარი გადაიხადა გარიგების დადებამდე, ხოლო 2500 ლარი, მისი ხელმოწერის შემდეგ. მოწინააღმდეგე მხარის ინიციატივით დაკითხულ მოწმეთა განმარტებით კი, ნასყიდობის საგნის ღირებულება იყო 10000 ლარი. 7500 ლარი ს.დ-ძემ გადაიხადა ნასყიდობის ხელშეკრულების დადებამდე, ხოლო 2500 ლარი _ ხელშეკრულების გაფორმებისა და საჯარო რეესტრში მისი აღრიცხვის შემდეგ.
სასამართლოს უნდა ემსჯელა, არსებობდა თუ არა მხარეთა შორის შეთანხმება სადავო უძრავი ქონების ნასყიდობაზე, მის ფასზე, გადაიხადა თუ არა მყიდველმა აღნიშნული ფასი და რით დასტურდება მითითებული გარემოება. სააპელაციო პალატამ უგულებელყო ის გარემოება, რომ გარიგების დადებისას შესაძლოა არსებობდეს ნების ნაკლი, როდესაც გარიგება გარეგნულად აკმაყოფილებს სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 477-ე მუხლებს, თუმცა შინაარსობრივად მცდარია. ნაკლოვანი ნება არსებობს, როდესაც მისი საფუძვლის, მოტივისა და შინაარსის დროს იგი გარკვეულ ზეგავლენას განიცდის. შესაძლოა, პირმა საკუთარ ნებას საფუძვლად დაუდოს მცდარი წარმოდგენა რაიმე გარემოებაზე ან ამგვარი ზემოქმედება გამოწვეული იყოს მოტყუებითა თუ მუქარით.
მოტყუება გარიგების მოტივში იმით ხასიათდება, რომ ასეთ დროს პირი ცდება არა უნებურად, არამედ მეორე მხარის ბრალით, რისგან თავდასაცავად მოტყუებულ მხარეს ენიჭება შეცილების უფლება. პალატამ არასწორად მიიჩნია, რომ სადავო ნასყიდობის ხელშეკრულება სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლით დადგენილ ბათილობის პირობებს არ შეიცავდა და მხარეებს განემარტათ მისი შინაარსი. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 13 დეკემბრის ¹800 ბრძანების 58-ე მუხლის მეათე პუნქტის თანახმად, საჯარო რეესტრში გარიგების შინაარსის მხარეთათვის გაცნობა არ ხდება და მარეგისტრირებელი ორგანო ადასტურებს მხოლოდ გარიგებაზე პირთა ხელმოწერებს. რეალურად მხარეთა შორის არსებობდა ზეპირი შეთანხმება ერთობლივი საქმიანოების შესახებ. მოპასუხეს გააჩნდა დომინირებული მდგომარეობა, იგი აწარმოებდა მოლაპარაკებებს სავაჭრო ობიექტის მშენებლობასთან დაკავშირებით და აღნიშნული მშენებლობის ხარჯებიც მასვე უნდა დაეფარა, ხოლო კასატორის მონაწილეობა შემოიფარგლებოდა მიწის ნაკვეთის გამოყენებით. სადავო ხელშეკრულების მოტყუებით დადების ფაქტს ადასტურებს ის, რომ მხარეები არიან ახლო ნათესავები და მათ შორის არსებობდა ნდობა. ლ.პ-იკს აქვს სუსტი მხედველობა, შესაბამისად, ერთი თვალის გადავლებით არ შეეძლო გარიგების შინაარსის ამოკითხვა. ნასყიდობის საგანი წარმოადგენს კასატორის სახლის ეზოს. როგორც სასამართლომ თავად დაადგინა, ლ.პ-იკს იგი მატერიალური სიძნელეების გადასალახად არ გაუსხვისებია. შესაბამისად, სასამართლოს უნდა ემსჯელა, თუ რა საფუძვლით გაასხვისებდა კასატორი მიწის ნაკვეთს მინიმალურ ფასად _ 2500 ლარად. პალატას უნდა გამოერკვია მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა და აღნიშნულის შესაბამისად დაედგინა სადავო გარიგების რეალური შინაარსი.
სადავო ნასყიდობის საგნის ღირებულების სიმცირე თავად მოპასუხემაც დაადასტურა, თუმცა მიუთითა, რომ ფაქტობრივად მის შესაძენად 12500 ლარი გადაიხადა. სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლი და არ გაითვალისწინა, რომ ს.დ-ძეს გააჩნია უპირატესობა, იგი გამოცდილია კომერციულ საქმეებში და შეეძლო, თავს მოეხვია გამოუცდელი პირისათვის თავისი ნება, მით უფრო, რომ კასატორს მისი, როგორც მამის მიმართ, განსაკუთრებული ნდობა გააჩნდა. დაუსაბუთებელია სასამართლოს მოსაზრება, რომ ამჟამად შეუძლებელია, მხარეს მხოლოდ დაწყებითი სასკოლო განათლება გააჩნდეს. ლ.პ-იკის მიერ 4 კლასის დამთავრების დამადასტურებელი მტკიცებულების წარდგენა ვერ მოხერხდა ასეთი დოკუმენტის არარსებობის გამო. ამასთან, აღნიშნული გარემოების საწინააღმდეგოს მტკიცება მოწინააღმდეგე მხარესაც ევალებოდა, თუმცა ს.დ-ძემ დამაჯერებლად ვერ დაადასტურა კასატორის მიერ საშუალო განათლების მიღები ფაქტი.
სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 81-ე და 84-ე მუხლებიც, ვინაიდან ს.დ-ძის მიერ სადავო გარიგების შინაარსის განზრახ დამალვის გარეშე ხელშეკრულება არ დაიდებოდა. საფუძველს მოკლებულია სასამართლოს მითითება, რომ კასატორს ერთი წლის მანძილზე სადავო ხელშეკრულების ერთი ეგზემპლარი თან ჰქონდა, რადგან ლ.პ-იკს სადავო გარიგების არც ერთი ეგზემპლარი არ გადასცემია. აღნიშნული იმათაც დასტურდება, რომ სარჩელის წარდგენის შემდეგ სასამართლომ დაავალა მოსარჩელეს ხარვეზის გამოსწორება _ სადავო ხელშეკრულების წარმოდგენა, რომელიც გამოთხოვილ იქნა საჯარო რეესტრიდან. აღსანიშნავია, რომ ლ.პ-იკმა ნასყიდობის ხელშეკრულება სადავოდ გახადა შეცილების საფუძვლის შეტყობიდან ერთი წლის განმავლობაში (ანუ, როდესაც კასატორის კუთვნილ მიწაზე ს.დ-ძემ მშენებლობა დაასრულა და ლ.პ-იკს სავაჭრო ობიექტის ნაწილით სარგებლობის უფლება არ მისცა) მაშინ, როდესაც გარიგების დადებიდანაც ერთი წელი გასული არ იყო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ლ. პ-იკის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
საკასაციო სასამართლო ამოწმებს რა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში, მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატას მითითებული კანონი არ დაურღვევია, კერძოდ:
მხარეს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია და სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ქობულეთში, ... ქ.¹19-ში მდებარე 72 კვ.მ მიწის ნაკვეთზე 2008 წლის 31 მარტს ლ. პ-იკსა და ს.დ-ძეს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც ხელმოწერილია ორივე მხარის მიერ და აღრიცხულია საჯარო რეესტრში. ს. დ-ძემ სადავო ნაკვეთზე მშენებლობისათვის დახარჯა 29 110 ლარი.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
აღნიშნულთან მიმართებით უსაფუძვლოა კასატორის არგუმენტი, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების მოტყუებით დადებას ადასტურებს შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 1. მხარეები არიან მამა-შვილი და მათ შორის არსებობს ნდობა; 2. კასატორს აქვს სუსტი მხედველობა და ერთი თვალის შევლებით არ შეეძლო ხელშეკრულების შინაარსის გაგება; 3. ნასყიდობის საგანი უკავშირდება ცენტრალურ გზას და ლ.პ-იკს არ აქვს ისეთი ეკონომიკური მდგომარეობა, რომ საცხოვრებელი ეზო გაესხვისებინა 2500 ლარად _ რეალურ საბაზრო ფასებთან სრულიად შეუსაბამოდ. მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ნასყიდობის ხელშეკრულების მოტყუებით დადების ფაქტს ვერ ადასტურებს.
სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია, მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ეს ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა.
აღნიშნული ნორმით არასწორად ინფორმირებული მხარისათვის რეალურად არსებული გარემოება ცნობილი უნდა გახდეს გარიგების დადების შემდეგ, რაც მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება. ყოველგვარ დასაბუთებასაა მოკლებული, რომ მხარემ არ იცოდა, თუ რა ხელშეკრულებას აწერდა ხელს. ლ.პ-იკი ვერ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მას ხელშეკრულება არ წაუკითხავს, თუმცა ასეთ შემთხვევაშიც ხელშეკრულება ვერ იქნება ბათილად ცნობილი, ვინაიდან ხელშეკრულებაზე ნებაყოფლობით ხელის მოწერით მხარე გამოთქვამს რა თანხმობას სახელშეკრულებო პირობებზე, ივარაუდება, რომ ხელშეკრულების პირობები მისთვის ცნობილია. კანონი არ ითვალისწინებს ხელშეკრულების ბათილობას მხარის დაუდევრობის _ ხელშეკრულების გაცნობის გარეშე ხელმოწერის გამო.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორის არგუმენტის საწინააღმდეგოდ, ხელშეკრულების კანონიერად მიჩნევისათვის არ არის სავალდებულო, განემარტათ თუ არა ხელშემკვრელ მხარეებს სახელშეკრულებო პირობები.
დაუსაბუთებელია ლ.პ-იკის მოსაზრება სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის არასწორად განმარტებასთან მიმართებით. აღნიშნული ნორმით გარიგება შეიძლება ბათილად ჩაითვალოს, თუ გარიგებით განსაზღვრულ შესრულებასა და ამ შესრულებისათვის გათვალისწინებულ ანაზღაურებას შორის აშკარა შეუსაბამობაა და გარიგება დაიდო მხოლოდ იმის წყალობით, რომ ხელშეკრულების ერთ-ერთმა მხარემ ბოროტად გამოიყენა თავისი საბაზრო ძალაუფლება ან ისარგებლა ხელშეკრულების მეორე მხარის მძიმე მდგომარეობით ან გამოუცდელობით (გულუბრყვილობით). ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია ერთი მხარის მიერ მეორეზე გავლენის ბოროტად გამოყენებით, როცა მათი ურთიერთობა დაფუძნებულია განსაკუთრებულ ნდობაზე.
საააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გარიგების მხარის მიერ საბაზრო ძალაუფლების გამოყენება, მხარის მძიმე მდგომარეობა და გამოუცდელობა არ დგინდება, რაც სავსებით სწორია, ვინაიდან უპირველესად დაუდგენელია თვით ს.დ-ძის ძალაუფლება, და მით უმეტეს მისი ბოროტად გამოყენების ფაქტი. რაც შეეხება ლ.პ-იკის იმ არგუმენტს, რომ აქვს სუსტი მხედველობა, არასრული საშუალო განათლება და გარიგების დადებისას მოწინააღმდეგე მხარემ ძალაუფლება ბოროტად გამოიყენა, აღნიშნული გარემოებები საქმის მასალებით არ დასტურდება და საქმის განხილვის არც ერთ ეტაპზე კასატორს არ წარმოუდგენია მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულება. ამასთან, სუსტი მხედველობა ხელშეკრულების გაცნობის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოცემულ შემთხვევაში ლ.პ-იკმა ვერ შეძლო დაესაბუთებინა სარჩელის საფუძვლად მითითებული ფაქტები არსებობა, რაც მისი მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მიერ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებულ გარემოებებს და ამ გარემოებების სამართლებრივ შეფასებას და თვლის, რომ ლ. პ-იკის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ლ. პ-იკის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 6 იანვრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.