Facebook Twitter

ას-201-191-2010 24 მაისი, 2010წ.

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),

ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) _ ა. დ-ავა

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ ტ. დ-ავას კანონიერი წარმომადგენელი მ. ლ-ძე

მოპასუხე _ ნოტარიუსი ე. გ-შვილი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 21 იანვარის განჩინება

დავის საგანი _ კანონისმიერი მემკვიდრეობის მოწმობების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2008 წლის 4 აპრილს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ა. დ-ავამ მოპასუხეების _ ტ. დ-ავას კანონიერ წარმომადგენელ მ. ლ-ძისა და ნოტარიუს ე. გ-შვილის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა:

ა. არასრულწლოვან ტ. ტ.-ს ასულ დ-ავას სახელზე 1999 წლის 30 დეკემბერს ნოტარიუს ე. გ-შვილის მიერ გაცემული კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობის ბათილად ცნობა ქუთაისში, ... ქ. ¹43-ში მდებარე თ. დ-ავას დანაშთი ქონების 1/2 ნაწილზე მემკვიდრედ ცნობის შესახებ;

ბ. არასრულწლოვან ტ. ტ.-ს ასულ დ-ავას სახელზე 1999 წლის 30 დეკემბერს ნოტარიუს ე. გ-შვილის მიერ გაცემული კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობის ბათილად ცნობა ქუთაისში, .... ¹20-ში მდებარე თ. დ-ავას დანაშთ ¹3 ფოტოატელიის ნაწილზე მემკვიდრედ ცნობის შესახებ;

გ. არასრულწლოვან ტ. ტ.-ს ასულ დ-ავას სახელზე 1999 წლის 30 დეკემბერს ნოტარიუს ე. გ-შვილის მიერ გაცემული კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობის ბათილად ცნობა თ. დ-ავას დანაშთ ქონებაზე, ავტომანქანა “ტოიოტა კოროლას” 1/2 ნაწილზე მემკვიდრედ ცნობის შესახებ (ს.ფ. 1-10).

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილებით ა. დ-ავას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ამავე გადაწყვეტილებით მოსარჩელეს დაეკისრა ტ. დ-ავას სასარგებლოდ საექსპერტო მომსახურებისათვის გადახდილი თანხის, 35 ლარის ანაზღაურება.

საქალაქო სასამართლოს მითითებით, საქმეში არსებული გარდაცვალების ¹აა102760 მოწმობის თანახმად, თ. დ-ავა გარდაიცვალა 1998 წლის 30 დეკემბერს. 1994 წელს გარდაიცვალა თ. დ-ავას შვილი ტ. დ-ავა, რომელსაც დარჩა შვილი ტ. დ-ავა. ეს უკანასკნელი დაიბადა მამის გარდაცვალების შემდეგ. 1999 წლის 30 იანვარს სანოტარო ბიუროში განცხადება შეიტანა ტ. დ-ავას კანონიერმა წარმომადგენელმა, დედამ მ. ლ-ძემ, რომელმაც განაცხადა, რომ 1998 წლის 30 დეკემბერს გარდაცვლილი თ. დ-ავას მემკვიდრეები არიან ა. დ-ავა და არასრულწლოვანი შვილიშვილი ტ. დ-ავა. სამკვიდრო ქონებაა: სახლი ქ. ქუთაისში, ... ქ. ¹43-ში, ინდსაწარმო “თ. დ-ავა” მდებარე ქუთაისში, ... ქ. ¹20-ში და ავტომანქანა “ტოიოტა კოროლა”. განმცხადებელმა სანოტარო ბიუროში წარადგინა ტ. და თ. დ-ავების გარდაცვალების მოწმობები, აგრეთვე: ტექნიკური ბიუროს მიერ 1999 წლის 2 დეკემბერს გაცემული ცნობა-დახასიათება, ქუთაისში, ... ქ. ¹20-ში მდებარე მესამე ფოტოატელიის ამხანაგობის კუთვნილი უძრავი ქონების შესახებ; ცნობა-დახასიათება ქუთაისში, ... ქ. ¹43-ში მდებარე თ. დ-ავას კუთვნილი უძრავი ქონების თაობაზე; ავტოტრანსპორტის აღდგენის ბარათი და მასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტაცია, რის საფუძველზეც გაიცა შესაბამისი სამკვიდრო მოწმობები. ნოტარიუსმა სანოტარო ბიუროში გამოიძახა ა. დ-ავა, რომელსაც განემარტა, რომ მ. ლ-ძის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით მასაც ჰქონდა უფლება, აღედგინა მემკვიდრეობა, რაზეც მას რაიმე პრეტენზი არ გამოუთქვამს.

საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა სარჩელში მითითებული ის გარემოება, რომ ნოტარიუსმა გასცა სამკვიდრო მოწმობები მის ქონებაზე, რომელსაც იგი ფლობდა შინაურული ანდერძის საფუძველზე და აღნიშნული სამკვიდრო მოწმობების შესახებ მისთვის ცნობილი არ იყო. ამასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლომ მიუთითა შემდეგზე:

სასამართლო სხდომაზე ნოტარიუსმა ე. გ-შვილმა წარადგინა ა. დ-ავას 1999 წლის 20 სექტემბრის განცხადება, რომლითაც იგი ითხოვდა სანოტარო მოქმედების შეჩერებას ანუ მისთვის აღნიშნული საქმის შესახებ ცნობილი იყო ჯერ კიდევ 1999 წელს. დასახელებულ მტკიცებულების სარწმუნოობის გამოსარკვევად, კერძოდ, იმის დასადგენად, ნამდვილად ა. დ-ავამ დაწერა თუ არა 1999 წლის 20 სექტემბერს განცხადება სანოტარო მოქმედების შეჩერების შესახებ, ტ. დ-ავას კანონიერმა წარმომადგენელმა ლ. ო-ძემ სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა კალიგრაფიული ექსპერტიზის დანიშვნაზე. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2008 წლის 16 ოქტომბრის ¹3137/10/10 დასკვნის თანახმად, დასმულ კითხვაზე პასუხი ვერ დადგინდა, ვინაიდან ექსპერტიზაზე არ იქნა წარდგენილი ხელწერის, ხელმოწერის და ციფრობრივი ჩანაწერების თავისუფალი და ექსპერიმენტული ნიმუშები, მიუხედავად იმისა, რომ ა. დ-ავამ 2009 წლის 5 იანვარს სასამართლო სხდომაზე თანხმობა განაცხადა ექსპერტიზისათვის კალიგრაფიული ნიმუშების ჩაბარებაზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ მხარე არასაპატიო მიზეზით არ ასრულებს ექსპერტის მითითებას, ან სხვაგვარად ხელს უშლის ექსპერტიზის ჩატარებას, მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია ჩაითვლება დადასტურებულად.

საქალაქო სასამართლოს განმარტებით, მცირეწლოვანი (შვიდ წლამდე ასაკის) პირების ნება სამკვიდროს მიღებაზე ვლინდება მათი კანონიერი წარმომადგენლის (მშობლები, მშვილებლები, მეურვე) განცხადებით. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება ორ შემთხვევაში: პირველი, როდესაც მემკვიდრე სამკვიდროს გახსნის ადგილის მიხედვით შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ, ხოლო მეორე, როდესაც მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო.

სამოქალაქო კოდექსის 1431-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სამკვიდროს მიუღებლობა მემკვიდრეობითი ტრანსმისიით არ ართმევს მემკვიდრეს შესაძლებლობას, მიიღოს ის სამკვიდრო, რომელიც უშუალოდ ეკუთვნოდა გარდაცვლილ მემკვიდრეს. ამავე კოდექსის 1499-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების მიხედვით, მემკვიდრეებად მოწვეულ პირებს შეუძლიათ სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოსაგან მოითხოვონ სამკვიდრო მოწმობა. კანონით დადგენილ შემთხვევებში სამკვიდრო მოწმობის მიღება სავალდებულოა. 1503-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდრო მოწმობა შეიძლება გაიცეს როგორც მთელ სამკვიდროზე, ისე მის ნაწილზე, მოწმობა მიეცემა ყველა მემკვიდრეს ერთად ან თითოეულს ცალ-ცალკე მათი სურვილისამებრ. სამკვიდრო მოწმობის მიცემა ერთი მემკვიდრისათვის სამკვიდროს ნაწილზე არ ართმევს უფლებას სხვა მემკვიდრეებს, მიიღონ მოწმობა სამკვიდროს დანარჩენ ნაწილზე.

საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ნოტარიუს ე. გ-შვილის მიერ დაცული იყო კანონის ზემოთ დასახელებული ნორმების მოთხოვნები, რის გამოც არ არსებობდა ტ. დ-ავას სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობების გაუქმების საფუძველი.

საქალაქო სასამართლომ ასევე მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლზე, რომლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაწეული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში თანხის გადახდისაგან. აქედან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ ჩათვალა, რომ მოსარჩელეს უნდა დაკისრებოდა მოპასუხის მიერ გადახდილი ექსპერტიზის ხარჯი _ 35 ლარი (ს.ფ. 130-134).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. დ-ავამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება (ს.ფ. 137-146).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 21 იანვრის განჩინებით ა. დ-ავას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

საქმეში არსებული გარდაცვალების ¹აა102760 მოწმობის თანახმად, თ. დ-ავა გარდაიცვალა 1998 წლის 30 დეკემბერს;

მას ჰყავდა ორი კანონისმიერი მემკვიდრე, ცოცხლად დარჩენილი შვილი ა. დ-ავა და გარდაცვლილი შვილის, ტ. დ-ავას შვილი ტ. დ-ავა, რომლებიც თანაბარ წილად იყვნენ თ. დ-ავას დანაშთი ქონების მემკვიდრეები;

თ. დ-ავას შვილი ტ. დ-ავა გარდაიცვალა 1994 წელს. ამ უკანასკნელს დარჩა შვილი ტ. დ-ავა, რომელიც დაიბადა მამის გარდაცვალების შემდეგ;

1999 წლის 30 იანვარს, თ. დ-ავას გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში, სანოტარო ბიუროში განცხადება შეიტანა ტ. დ-ავას კანონიერმა წარმომადგენელმა მ. ლ-ძემ, რომელმაც განაცხადა, რომ 1998 წლის 30 დეკემბერს გარდაცვლილი თ. დ-ავას მემკვიდრეები არიან ა. დ-ავა და არასრულწლოვანი შვილიშვილი ტ. დ-ავა. სამკვიდრო ქონებაა: საცხოვრებელი სახლი ქ. ქუთაისში, ... ქ. ¹43-ში; ი/ს “თ. დ-ავა” მდებარე ქუთაისში, ... ქ. ¹20-ში და ავტომანქანა “ტოიოტა კოროლა”;

სანოტარო ბიუროში მ. ლ-ძემ წარადგინა: ტ. და თ. დ-ავების გარდაცვალების მოწმობები, ტექნიკური ბიუროს მიერ 1999 წლის 2 დეკემბერს გაცემული ცნობა-დახასიათება, ქუთაისში, ... ქ. ¹20-ში მდებარე მესამე ფოტოატელიის ამხანაგობის კუთვნილი უძრავი ქონების შესახებ; ცნობა-დახასიათება ქუთაისში, ... ქ. ¹43-ში მდებარე თ. დ-ავას კუთვნილი უძრავი ქონების თაობაზე; ავტოტრანსპორტის აღდგენის ბარათი და მასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტაცია, რის საფუძველზეც 1999 წლის 30 დეკემბერს გაიცა სამკვიდრო მოწმობა, რომლითაც ტ. დ-ავას, როგორც მამკვიდრებლის პირველი რიგის მემკვიდრეს აღუდგა მემკვიდრეობა თ. დ-ავას დანაშთი ქონების 1/2 ნაწილზე. ამის შემდგომ, 2000 წელს ტ. დ-ავამ დასახელებული ქონება საჯარო რეესტრში დაირეგისტრირა თავის საკუთრებად;

სანოტარო ბიუროში გამოძახებულ იქნა ა. დ-ავა, რომელსაც განემარტა, რომ მ. ლ-ძის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით ა. დ-ავასაც ჰქონდა მემკვიდრეობის აღდგენის უფლება, რაზედაც მას პრეტენზია არ განუცხადებია ან რაიმე საწინააღმდეგო არ განუხორციელებია;

საქმეში მოიპოვებოდა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც ტ. დ-ავას რეალურად გამოეყო წილი ბებიის თ. დ-ავას დანაშთი ქონებიდან. აღნიშნულის თაობაზე სარჩელი სასამართლოში 2005 წელს იქნა შეტანილი, ხოლო ა. დ-ავას მხრიდან არანაირი შეგებებული სარჩელის წარდგენას არ ჰქონია ადგილი; ა. დ-ავამ სასამართლოს სარჩელით მხოლოდ 2008 წელს მიმართა.

გარდა ამისა, საქმეში არსებობდა ა. ტ-ავას 1999 წლის 20 სექტემბრის განცხადება, რომლითაც იგი ითხოვდა სანოტარო მოქმედების შეჩერებას, ანუ მისთვის აღნიშნული საქმის შესახებ ცნობილი იყო 1999 წელს;

საქმეზე დაინიშნა კალიგრაფიული ექსპერტიზა, თუმცა ექსპერტიზამ ვერ დაადგინა, ზემომითითებული განცხადება იყო თუ არა ა. დ-ავას მიერ დაწერილი, ვინაიდან ა. დ-ავამ არ წარადგინა მისი ხელმოწერის ნიმუშები ექსპერტიზაზე;

რაც შეეხებოდა მოსარჩელის მხრიდან შინაურული ანდერძის არსებობას და მის საფუძველზე ა. დ-ავას მიერ სამკვიდროს მიღებას, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული არ გაიზიარა, რადგან საქმეში არსებობდა ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც არ დადგენილა, რომ შინაურულ ანდერძზე ხელისმოწერა ეკუთვნოდა თ. დ-ავას.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, რამდენადაც ტ. დ-ავა იყო არასრულწლოვანი, მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა, დედამ მ. ლ-ძემ სრულიად კანონიერად შეიტანა განცხადება სანოტარო ორგანოში ანუ ტ. დ-ავას მხრიდან მემკვიდრეობის მიღების ნება გამოიხატა კანონიერი წარმომადგენლის მეშვეობით. ტ. დ-ავას მხრიდან თ. დ-ავას გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში მოხდა სამკვიდროს მიღება კანონის საფუძველზე, მათ ნოტარიუსთან წარადგინეს ყველა ის საბუთი, რაც ადასტურებდა სამკვიდრო ქონების თ. დ-ავასადმი კუთვნილებას და თ. დ-ავას მემკვიდრეობას ტ. დ-ავას მხრიდან.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დატოვებას ექვემდებარებოდა (ს.ფ. 183-188).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. დ-ავამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

კასატორის აზრით, მოცემული დავის გადაწყვეტისას სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, “ნოტარიატის შესახებ” კანონის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის მიხედვით, მემკვიდრეობის უფლებების მოწმობის გაცემის სანოტარო მოქმედებებს ნოტარიუსი ასრულებს სამუშაო უბნის მიხედვით. ქუთაისში, ... და ... ქუჩები სადავო სამკვიდრო მოწმობების გაცემისას არ მიეკუთვნებოდნენ (არც ამჟამად მიეკუთვნებიან) ნოტარიუს ე. გ-შვილის სამუშაო უბანს.

კასატორის მითითებით, სასამართლომ საკმაოდ ვრცლად ისაუბრა ტ. დ-ავას მიერ მისი ბებიის (აწ გარდაცვლილი თ. დ-ავა) დანაშთი ქონების მიღების კანონიერებაზე, რაც გასაზიარებელი იქნებოდა, სახეზე რომ არ ყოფილიყო თ. დ-ავას ანდერძი, რომლითაც ამ უკანასკნელმა მთელი თავისი უძრავ-მოძრავი ქონება დაუტოვა შვილს, ა. დ-ავას. სწორედ ამიტომ აუცილებელი იყო ანდერძთან დაკავშირებით სწორი სამართლებრივი დასკვნების გაკეთება, რაც სააპელაციო სასამართლომ ვერ განახორციელა. იმის გამო, რომ დასახელებული ანდერძის ნამდვილობაში მოწინააღმდეგე მხარემ ეჭვი შეიტანა, მისი ნამდვილობის დასადასტურებლად ამ უკანასკნელის შუამდგომლობით ჩატარდა ექსპერტიზა. ექსპერტიზით ვერ დადგინდა ის გარემოება, ანდერძზე არსებული ხელმოწერა იყო თუ არა შესრულებული თ. დ-ავას მიერ. სასამართლომ, მტკიცების ტვირთის არასწორად განაწილების შედეგად, ანდერძის ნამდვილობის დადასტურება მოსთხოვა ა. დ-ავას. ამასთან, სასამართლომ არასწორად შეაფასა ექსპერტის დასკვნა, მისი მითითებით, თითქოსდა ექსპერტიზის დასკვნით დამტკიცდა, რომ ანდერძზე არსებული ხელმოწერა თ. დ-ავას არ ეკუთვნოდა, რაც არასწორია.

კასატორი ასევე მიუთითებს საქმეში არსებულ 1993 წლის 13 მაისის ჩუქების ხელშეკრულებაზე, რომლითაც ა. დ-ავამ თავის ძმას, ტ. დ-ავას აჩუქა ... ქუჩის ¹41-ში არსებული სახლის ნახევარი. მან ეს მშობლებთან ურთიერთშეთანხმებით სწორედ იმიტომ გააკეთა, რომ შემდგომში ტ. დ-ავას პრეტენზია არ ჰქონოდა დედის სახელზე რიცხულ სახლზე. კასატორი მიიჩნევს, რომ საქმეზე განმეორებითი ექსპერტიზის ჩატარების პირობებში სიმართლე გაირკვევა. სადავო ანდერძის შედგენას ესწრებოდნენ მოწმეები, რომლებმაც ერთხელ უკვე დაადასტურეს მისი ნამდვილობა (ს.ფ. 194-200, 203-215, 221-229).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. დ-ავას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ. გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე და განაპირობა არასწორი განჩინების გამოტანა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, ა. დ-ავას საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება განსახილველად დაშვებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. დ-ავას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 21 იანვრის განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.