ას-204-191-2011 26 აპრილი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა «ი-ი»
მოწინააღმდეგე მხარე _ კ. ჭ-ძე
დავის საგანი – ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 13 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
კ. ჭ-ძემ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე ინდივიდუალური ბუნათმშენებლობის ამხანაგობა ,,ი-ის” მიმართ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელის განმარტებით, 2008 წლის 4 თებერვალს მასსა და ინდივიდუალურ ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,ი-ი-ს” შორის დაიდო ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობაში მონაწილეობის ხელშეკრულება@¹87, რომლის შესაბამისად, შესატანის სრულად შეტანის შემდეგ მოსარჩელე მიღებული უნდა ყოფილოყო ამხანაგობის წევრად მხოლოდ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ინდივიდუალურ ბინათმშენებლობასთან მიმართებაში და მოსარჩელეს ქ. თბილისში, ... ქ. ¹ ... -ში ასაშენებლ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის «ბ» ბლოკში II და III სართულზე უნდა გადასცემოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფართები არა უგვიანეს 2009 წლის 31 დეკემბრისა. მოსარჩელის განმარტებით, მის მიერ ნაკისრი ვალდებულება 940 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში გადახდის თაობაზე შესრულდა ხელშეკრულების დადების დღესვე _ 2008 წლის 4 თებერვალს, ხოლო მოპასუხეს დღემდე არ შეუსრულებია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელეს არ წარმოუდგენია შესაბამისი მტკიცებულება იმისა, რომ თანხა მთლიანად გადაიხადა, შესაბამისად, ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელის ამხანაგობის წევრად მიღება, აღნიშნული ფართების გადაცემა მოხდებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თანხა იქნებოდა სრულად გადახდილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით კ. ჭ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,ი-მა», მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 13 დეკემბრის განჩინებით ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,ი-ის” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ 2008 წლის 4 თებერვალს ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,ი-სა” და კ. ჭ-ძეს შორის დაიდო ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობაში მონაწილეობის ხელშეკრულება ¹87. ხელშეკრულების თანახმად, შესატანის სრულად შეტანის შემდეგ კ. ჭ-ძე მიღებულ უნდა ყოფილოყო ამხანაგობის წევრად მხოლოდ ხელშეკრულებით განსაზღვრული ინდივიდუალურ ბინათმშენებლობასთან მიმართებაში, ასევე ხელშეკრულების თანახმად, კ. ჭ-ძეს უნდა გადასცემოდა ქ. თბილისში ქუჩა ¹ ... -ში ასაშენებელი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ,,ბ” ბლოკში II და III სართულზე კომერციული ფართი ¹11, ფართობით II სართული, 190 კვ.მ, III სართული – 310 კვ,მ ფართი და აღნიშნული გადაცემული უნდა ყოფილიყო არაუგვიანეს 2009 წლის 31 დეკემბრისა. შესატანი ამხანაგობაში შეადგენდა 940 000 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარს. აღნიშნული ხელშეკრლებით ამხანაგობამ იკისრა ვალდებულება ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში უზრუნველეყო სახლის მშენებლობის დასრულება და შესაბამისი ფართის გადაფორმება კ. ჭ-ძისათვის.
სააპელაციო პალატამ ასევე დადგენილად ჩათვალა, რომ კ. ჭ-ძეს 2008 წლის 4 თებრვალს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, გათვალისწინებული ფართი არ გადასცემია ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში.
სააპელაციო სასამართლომ გაიზარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოება მასზე, რომ კ. ჭ-ძემ 2008 წლის 4 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა სრულად და ჯეროვნად, კერძოდ, ხელშეკრულების დადების დღესვე გადაიხადა 940 000 აშშ დოლარი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე და 317-ე მუხლებზე დაყრდნობით და იმ დადგენილი ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებული იყო, მართებულად დააკისრა მოპასუხეს სანაცვლო ვალდებულების შესრულება. შესაბამისად, სასამართლომ ჩათვალა, რომ სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლო იყო და დაკმაყოფილებას არ ექვემდებარებოდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის დასახელებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ინდ. ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,ი-მა’’ მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და, შესაბამისად, არასწორად შეაფასა სამართლებრივი თვალსაზრისით, კერძოდ, სასამართლომ უსაფუძვლოდ ჩათვალა დამტკიცებულად ფაქტობრივი გარემოება მასზე, რომ მოსარჩელემ ნამდვილად გადაუხადა ამხანაგობას ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა 940 000 აშშ დოლარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 18 მარტის განჩინებით ინდ. ბინათმშენებლობის ამხანაგობა «ი-ი»-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ინდ. ბინათმშენებლობის ამხანაგობა «ი-ი»-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ინდ. ბინათმშენებლობის ამხანაგობა «ი-ი»-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (6000 ლარი) 70% _ 4200 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ინდ. ბინათმშენებლობის ამხანაგობა «ი-ი»-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორს დაუბრუნდეს ა. ლ-ძის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (6000 ლარი) 70% _ 4200 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.