Facebook Twitter

საქმე # 010141318700070239

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრების დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№750აპ-18 ქ. თბილისი

მ. თ. 750აპ-18 16 მაისი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულების – თ. მ-სა და რ. ი-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 11 მაისის განაჩენით თ. მ. ნასამართლობის არმქონე, – და რ. ი-ი, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნენ დამნაშავეებად საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრათ 8-8 წლით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულ თ. მ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო 2016 წლის 17 აგვისტოდან, ხოლო რ. ი-ს – 2017 წლის 23 იანვრიდან.

2. ამავე განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება პროკურორ ოთარ სამუნაშვილსა და ბრალდებულ თ. ე-ს შორის, რომლის თანახმად, თ. ე-ი, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე 1 წელი უნდა მოიხადოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 3 წელი – ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა – 3000 ლარი. მსჯავრდებულ თ. ე-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო 2017 წლის 8 მარტიდან.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ოქტომბრის განაჩენით გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 11 მაისის განაჩენში შევიდა ცვლილება: მსჯავრდებულებს – თ. მ-სა და რ. ი-ს საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიესაჯათ 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ თ. მ-მა და რ. ი-მა ჩაიდინეს თავისუფლების უკანონო აღკვეთა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2016 წლის 12 აგვისტოს, დაახლოებით 22:00 საათზე, ლ-ის რაიონის სოფელ კ-ში თ. მ-მა ცოლად შერთვის მიზნით, წინასწარი შეთანხმებით, თ. ე-სა და რ. ი-თან ერთად მოიტაცა ვ. ს-ა, რითიც მას უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულებმა – თ. მ-მა და რ. ი-მა. მათ ითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ოქტომბრის განაჩენში, სასჯელის ნაწილში, ცვლილების შეტანა და შეფარდებული სასჯელის ნახევრის პირობითად ჩათვლა.

6. გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ოთარ სამუნაშვილმა შესაგებლით ითხოვა მსჯავრდებულების საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობა.

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო პალატის აზრით, სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები, ისე – საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების, ასევე – პირთა ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინებით, მსჯავრდებულებს შეუმცირა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ შეფარდებული სასჯელი და განუსაზღვრა სამართლიანი, საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმი – 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რის გამოც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით მსჯავრდებულებისათვის დანიშნული სასჯელების ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულების – თ. მ-სა და რ. ი-ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე