ას-206-196-10 3 ივნისი, 2010 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),
თ. თოდრია (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს “ჟოკეი კლუბი” (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარეები – დ. გ-ავა, შ. კ-ია (მოსარჩელეები)
დავის საგანი – თანხის ანაზღაურება
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს
2009 წლის 26 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2008 წლის 18 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართეს დ. გ-ავამ და შ. კ-იამ მოპასუხე “ჟოკეი-კლუბის” მიმართ და მოითხოვეს, რომ მოპასუხეს აენაზღაურებინა, დროებით განთავსების ადგილიდან დევნილთა გაყვანის გამო, საკომპენსაციო თანხა 12 625 აშშ დოლარი, ასევე მოითხოვეს საკომპენსაციო თანხის დროულად გადაუხდელობის გამო მიუღებელი შემოსავლის სახით 32 000 აშშ დოლარის ანაზღაურება და მიყენებული მორალური ზიანის _ 25 000 აშშ დოლარის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 20 მაისის გადაწყვეტილებით მოსარჩელეების სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შპს “ჟოკეი კლუბს” დაეკისრა დ. გ-ავასა და შ. კ-იას სასარგებლოდ კომპენსაციის თანხა 12 500 აშშ დოლარი, მიუღებელი შემოსავლისა და მორალური ზიანის ანაზღაურებაზე მოსარჩელეებს ეთქვათ უარი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “ჟოკეი-კლუბმა” და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 20 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით შპს “ჟოკეი-კლუბის” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის 2009 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, დადგენილია, რომ თბილისში, ... ქუჩა ¹13-ში არსებული მიწის ნაკვეთი რეგისტრირებულია შპს “ჟოკეი-კლუბის“ საკუთრებაში, აპელანტს აღნიშნულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება წარმოეშვა საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე, დადგენილია ასევე ის გარემოება, რომ თბილისში ... ქუჩა ¹13-ში იპოდრომის ტერიტორიაზე განთავსებული კოტეჯები წარმოადგენდა დევნილთა კომპაქტურ განსახლების ადგილს, ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელეები წარმოადგენენ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს და 2007 წლამდე ჩასახლებულები იყვნენ იპოდრომის შენობაში, მიკუთვნებული ჰქონდათ ცალკე ოჯახის ნომერი ¹02592. ამჟამად მოსარჩელეები სამინისტროს მიერ რეგისტრირებული არიან კონკრეტული მისამართის გარეშე, ხოლო ფაქტობრივად ცხოვრობენ ახლობლებთან. აღნიშნული გარემოებები დასტურდება საქმეში წარმოდგენილი დევნილთა მოწმობებით.
დადგენილია, რომ შპს “ჟოკეი-კლუბის” 16.06.2005 წლის პარტნიორთა კრებაზე მოპასუხემ მიიღო გადაწყვეტილება საზოგადოების ტერიტორიაზე დროებით განთავსებულ პირთათვის, კოტეჯების დაცლის სანაცვლოდ კომპენსაციების გაცემის თაობაზე. მოპასუხემ ინდივიდუალურად დადო წერილობითი შეთანხმება თბილისში, ... ქუჩა ¹13-ში იპოდრომის ტერიტორიაზე კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებთან. სადავო არ არის ის გარემოება, რომ დევნილებისათვის კომპენსაცია გაიცემოდა ოჯახის ნომრების მიხედვით მიუხედავად იმისა, რამდენი წევრი იყო ოჯახში.
დადგენილია, რომ მოპასუხემ ანაზღაურება მოსარჩელის მეზობლად ე.წ თეთრ სახლში მცხოვრებ სხვა ოჯახებს ფართის გამონთავისუფლების სანაცვლოდ საკომპენსაციო თანხა 12 500 აშშ დოლარის ოდენობით, ასევე უდავოა, რომ მოსარჩელეებს კოტეჯის დაცლის სანაცვლოდ შპს “ჟოკეი-კლუბისაგან” საკომპენსაციო თანხა არ მიუღიათ.
აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა შპს “ჟოკეი-კლუბმა” და მოითხოვა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 26 ოქტომბრის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება. კასატორმა განმარტა, რომ სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია იმ გარემოებაზე, იყვნენ თუ არა მოპასუხეები კანონიერად ჩასახლებულები “ჟოკეი-კლუბის” ტერიტორიაზე. აღნიშნულ გარემოების გარკვევას არსებითი მნიშვნელობა აქვს საქმისთვის, ვინაიდან “იძულებით გადაადგილებულ პირთა _ დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, კომპენსაციის გაცემის საკითხი პირდაპირ არის დაკავშირებული იმ ფაქტთან, არის თუ არა დევნილი კანონიერად ჩასახლებული შესაბამის ტერიტორიაზე. საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მოსარჩელეები კანონიერად, სახელმწიფოს მიერ არიან ჩასახლებულები იპოდრომის ტერიტორიაზე.
“იძულებით გადაადგილებულ პირთა _ დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის 5-ე მუხლის 2-ე ნაწილის თანახმად, დროებით საცხოვრებელ ადგილზე დევნილის უფლებების განხორციელებას უზრუნველყოფს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო აღმასრულებელი ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოებთან ერთად, ამდენად, დევნილისთვის დროებითი ფართის უზრუნველყოფა ხდება სახელმწიფოს მიერ კანონის მოთხოვნათა დაცვით. მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდება სახელმწიფოს ნება მისი სადავო ფართში შესახლების შესახებ, ამდენად მოსარჩელეები, შესაბამისი ნებართვის გარეშე ცხოვრობდნენ იპოდრომის ტერიტორიაზე. “იძულებით გადაადგილებულ პირთა _ დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 ნაწილის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, თუ დევნილს თვითნებურად და კანონის დარღვევით აქვს დაკავებული ფართი, დასაშვებია მისი გამოსახლება კომპენსაციის გადახდის გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “ჟოკეი კლუბის” საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით არსებობს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, რომ დაუშვას შპს “ჟოკეი კლუბის” საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შპს “ჟოკეი კლუბის” საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
შპს “ჟოკეი კლუბს” დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – (1086 ლარის და 44 თეთრის) 70% - 760.50 ლარი;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.