ას-207-197-2010 6 ივლისი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ლ. ლაზარაშვილი, ვ. როინიშვილისხდომის მდივანი _ ლ. სანიკიძე
კასატორები – ო. ლ-ძე, გ. მ-ძე, მ. ო-ძე, ნ. ც-შვილი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს თუშეთის დაცული ტერიტორიების დირექცია (მოპასუხე)
წარმომადგენლები _ ი. დ-ძე, ა. გ-ძე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 10 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. ც-შვილმა, ე. ე-ძემ, გ. მ-ძემ, მ. ო-ძემ, ო. ლ-ძემ და ე. ე-ძემ სარჩელი აღძრეს სასამართლოში თუშეთის დაცული ტერიტორიების დირექციის მიმართ იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 2005 წლის 1 აგვისტოს მოსარჩელეებსა და თუშეთის დაცული ტერიტორიების დირექტორ ა. ა-ძეს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელეები სამი თვის ვადით, 2005 წლის 2 ნოემბრამდე, დაინიშნენ ტყის მცველებად (ამჟამად რეინჯერები). მხარეთა შორის შესდგა მიღება-ჩაბარების აქტი და მოსარჩელეები შეუდგნენ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას. თითოეულ მათგანს დასაცავად ჩაბარდა საშუალოდ 1000 ჰა ნაკრძალი. 2005 წლის 2 ნოემბერს მხარეებს შორის დადებულ ხელშეკრულებას ვადა ამოეწურა, მაგრამ დირექციამ მოსარჩელეები წინასწარ არ გააფრთხილა. ტყე ახალი რეინჯერებისათვის არ გადაუბარებია, რაც აუცილებელი იყო შრომითი ხელშეკრულების შესაწყვეტად. 2005 წლის 1 დეკემბრიდან ახმეტის სახელმწიფო ნაკრძალის დირექცია გაიყო და ჩამოყალიბდა ორი ახალი ადმინისტრაცია, _ ბაწარა-ბაბანეურის ნაკრძალის დირექცია, სადაც დირექტორად დაინიშნა ა. ა-ძე და თუშეთის დაცული ტერიტორიების დირექცია, სადაც დირექტორად დაინიშნა ა.გ-ძე. 2005 წლის 26 დეკემბრის ¹29 ბრძანებით მოსარჩელეებს შრომითი ხელშეკრულება გაუგრძელდათ 2005 წლის 31 დეკემბრამდე. ამ ბრძანებას ხელი მოაწერა ა. ა-ძემ, მაშინ, როდესაც იმ ნაკრძალის დირექტორად, რომელშიც მუშაობდნენ მოსარჩელეები, უკვე დანიშნული იყო ა.გ-ძე და მხოლოდ მას შეეძლო აღნიშნული ბრძანების გამოცემა. 2005 წლის 30 დეკემბრის ¹01 ბრძანებით ა.გ-ძემ მოსარჩელეებს შეუწყვიტა შრომითი ხელშეკრულება ვადის გასვლის გამო. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 54-ე მუხლისა და 58-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ზემოაღნიშნული ბრძანების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი იყო მისი რეინჯერისათვის პირადად გადაცემა ან ფოსტით გაგზავნა, რაც არ მომხდარა და ვერც განხორციელდებოდა, რადგან მოსარჩელეები მთაში იყვნენ და დიდთოვლობის გამო გზები დაიკეტა. შრომის კოდექსის 41-ე მუხლის მესამე ნაწილისა და შრომითი ხელშეკრულების 4.3 პუნქტის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია, აუნაზღაუროს მოსარჩელეებს, როგორც დეკემბრიდან-ივლისამდე გადაუხდელი ხელფასი, ასევე ყოველი დაყოვნებული დღისათვის გადაუხადოს დაყოვნებული თანხის 0,07%.
ახმეტის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 1 მაისის განჩინებით საქმეში თანამოპასუხედ ჩაება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს შემდეგი დასაბუთებით: მხარეთა შორის 2005 წლის აგვისტოში გაფორმებული ხელშეკრულებების 6.1 პუნქტის თანახმად, მათი ვადა განისაზღვრა 2005 წლის 15 აგვისტოდან 2005 წლის 2 ნოემბრამდე. შესაბამისად, მოსარჩელეებს ხელშეკრულების ვადა გაუვიდათ 2005 წლის 2 ნოემბერს. მოპასუხე, შრომის კანონთა კოდექსის შესაბამისად, არ იყო ვალდებული, ეცნობებინა მოსარჩელეებისათვის ხელშეკრულების გაუქმების შესახებ. მოცემულ შემთხვევაში ხელშეკრულების გაგრძელების თაობაზე ურთიერთშეთანხმება არ არსებობდა.
ახმეტის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 10 დეკემბრის განჩინებით ნ. ც-შვილის, ნ. ე-ძის, გ. მ-ძის, ო. ლ-ძის, მ. ო-ძისა და ე. ე-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგ ფაქტობრივ გარემოებები: 2005 წლის 1 აგვისტოს, ერთი მხრივ, მოსარჩელეებს _ ნ. ც-შვილს, გ. მ-ძეს, ე. ე-ძეს, ნ. ე-ძეს, მ. ო-ძესა და, მეორე მხრივ, ბაწარა-ბაბანეურისა და თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალის, ასევე თუშეთის ეროვნული პარკის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ა. ა-ძეს შორის დაიდო ხელშეკრულება მოსარჩელეთა რეინჯერის (ტყის მცველის) თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ 3 თვის ვადით. აღნიშნულ პირებს რეინჯერის მოვალეობის შესრულება ევალებოდათ სსიპ “თუშეთის დაცული ტერიტორიების” ფართზე, 2005 წლის 2 ნოემბრამდე, ხოლო აღჭურვილობის სპეციალისტ მ. ო-ძეს _ 2005 წლის 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრამდე.
მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2005 წლის 15 აგვისტოდან 2005 წელი 2 ნოემბრამდე და, ხელშეკრულების 6.2 პუნქტის შესაბამისად, იგი უნდა შეწყვეტილიყო ვადის გასვლის მომდევნო დღიდან. ხელშეკრულება შეიძლება განახლებულიყო ორივე მხარის შეთანხმებით. მოსარჩელეებს შრომითი ხელშეკრულებები გაუგრძელდათ 2005 წლის 31 დეკემბრამდე და ამ პერიოდის ხელფასი მათ მიღებული ჰქონდათ, რაც დადგინდა საქმეში წარდგენილი 2005 წლის 26 დეკემბრის ¹29 ბრძანების შესაბამისად.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი დასკვნები საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. პალატა არ დაეთანხმა აპელანტის მოსაზრებას, რომ აპელანტებსა და ა. ა-ძეს შორის დაიდო ზეპირი შრომითი ხელშეკრულება, ვინაიდან 2005 წლის 1 დეკემბრისათვის, ანუ იმ პერიოდისთვის, როდესაც, აპელანტთა განმარტებით, მითითებული ზეპირი ხელშეკრულება დაიდო, ა. ა-ძე თუშეთის დაცული ტერიტორიების დირექციის დირექტორს არ წარმოადგენდა, შესაბამისად, თანამშრომელთა დანიშვნის უფლებამოსილება არ გააჩნდა. სასამართლომ იხელმძღვანელა შრომის კანონთა კოდექსის მე-19 მუხლის პირველი, მესამე ნაწილებით და საქმის მასალებით დადგენილად ჩათვალა, რომ მხარეთა შორის 2005 წელს დაიდო შრომის ხელშეკრულება, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2005 წლის 15 აგვისტოდან 2005 წლის 2 ნოემბრამდე. ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ მხარეები ბრძანებით დაინიშნენ თანამდებობაზე 2005 წლის 31 დეკემბრამდე.
2005 წლის 31 დეკემბრის შემდეგ თუშეთის დაცული ტერიტორიების დირექციას, ა. გ-ძის სახით, და აპელანტებს შორის წერილობითი სახის შრომის ხელშეკრულება არ დადებულა და აღნიშნულთან დაკავშირებით არც უფლებამოსილი პირის განკარგულება არ არსებობდა. ამდენად, აპელანტებს უფლებამოსილება შეუწყდათ 2005 წლის 31 დეკემბერს და ზუსტად მუშაობის ამ პერიოდისთვის მიიღეს შრომის ანაზღაურება 2005 წლის 26 დეკემბრის ბრძანების შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ 2005 წლის 31 დეკემბრის შემდეგ მხარეთა შორის ახალი შრომითი ხელშეკრულება არ დადებულა და მოწინააღმდეგე მხარეს აღნიშნულ დრომდე ყველა ვალდებულება შესრულებული ჰქონდა, რის გამოც აპელანტების მოთხოვნა სახელფასო დავალიანებისა და ყოველი დაყოვნებული დღისათვის თანხის 0,07%-ის გადახდასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ნ. ე-ძის, ო. ლ-ძის, გ. მ-ძის, მ. ო-ძისა და ე. ე-ძის წარმომადგენელმა თ. ხ-შვილმა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით: სასამართლომ უგულებელყო შრომის სამართლის კოდექსის მე-7 და მე-40 მუხლები და არ გაითვალისწინა, რომ მოცემულ შემთხვევაში რეინჯერები, მხარეთა შორის არსებული ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე, ფაქტობრივად აგრძელებდნენ სამუშაოს შესრულებას. აღნიშნული დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით, რომლის მიხედვით თუშეთის დაცული ტერიტორიების დირექციამ საქართველოს ვეტერან მეომართა და ინვალიდთა კავშირის “ვეტერანები მშვიდობისათვის” იურიდიული განყოფილების უფროს ზ.ა-ძეს აცნობა, რომ ახლად დანიშნულ რეინჯერებს ტყეები გადაებარათ 2006 წლის ივლისში. ეს გარემოება ადასტურებს, რომ სადავო პერიოდისათვის კასატორები იმყოფებოდნენ თუშეთში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით. სასამართლოს არ უმსჯელია იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ ა. ა-ძეს არ ჰქონდა სადავო ბრძანების გამოცემის უფლება, რადგან ა.გ-ძე თანამდებობაზე დაინიშნა 2005 წლის 1 დეკემბერს, ა. ა-ძემ ¹29 ბრძანება გამოსცა 2005 წლის 26 დეკემბერს, ხოლო ა. გ-ძემ 2005 წლის 30 დეკემბრის ¹1 ბრძანებით 11 რეინჯერს შეუწყვიტა შრომითი ხელშეკრულებები ვადის გასვლის გამო. ამდენად, თუშეთის დაცულ ტერიტორიას ჰყავდა ორი დირექტორი, რომელთაგან ერთმა გაუგრძელა რეინჯერებს შრომითი ურთიერთობა, ხოლო მეორემ შეუწყვიტა იგი, რაც კანონის უხეში დარღვევაა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ო-ძის, ო. ლ-ძის, გ. მ-ძისა და ნ. ც-შვილის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტების თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. ამავე კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
მოცემული საკასაციო საჩივრის საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ კასატორები შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგაც ფაქტობრივად აგრძელებდნენ დაკისრებულ მოვალეობას, რაც დასტურდება იმ გარემოებით, რომ მათი საქმიანობის შეწყვეტა (ტყეების იმ ნაწილის გადაბარება, რომელსაც ისინი იცავდნენ) რეალურად განხორციელდა 2006 წლის ივლისში.
კასატორთა ზემოხსენებული არგუმენტი დაუსაბუთებელია, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ 2005 წლის 1 აგვისტოს, ერთი მხრივ, მოსარჩელეებს _ ნ. ც-შვილს, გ. მ-ძეს, მ. ო-ძესა და, მეორე მხრივ, ბაწარა-ბაბანეურისა და თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალის, ასევე თუშეთის ეროვნული პარკის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის _ ა. ა-ძეს შორის დაიდო ხელშეკრულება მოსარჩელეთა რეინჯერის (ტყის მცველის) თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ 3 თვის ვადით. მოსარჩელეეებს რეინჯერის მოვალეობის შესრულება ევალებოდათ სსიპ “თუშეთის დაცული ტერიტორიების” ფართზე, 2005 წლის 2 ნოემბრამდე, ხოლო აღჭურვილობის სპეციალისტ მ. ო-ძეს _ 2005 წლის 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრამდე.
მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2005 წლის 15 აგვისტოდან 2005 წელი 2 ნოემბრამდე და, ხელშეკრულების 6.2 პუნქტის შესაბამისად, იგი უნდა შეწყვეტილიყო ვადის გასვლის მომდევნო დღიდან. მოსარჩელეებს შრომითი ხელშეკრულებები გაუგრძელდათ 2005 წლის 31 დეკემბრამდე და ამ პერიოდის ხელფასი მათ მიღებული აქვთ.
მიუღებელ შემოსავალზე _ ხელფასებზე სასარჩელო მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს მხარეთა განმარტება შრომითი საქმიანობის ფაქტობრივი გაგრძელების თაობაზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცეს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო ამავე კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს რა შეჯიბრებითობის საფუძველზე, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავინთი მოთხოვნები. ამასთან, მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოთ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
ამდენად, მოსარჩელეებს უნდა დაემტკიცებინათ, რომ ისინი 2006 წლის ივლისამდე აგრძელებდნენ საქმიანობას. აღნიშნულის დასადასტურებლად მათ მიუთითეს ტყის გადაბარების აქტებზე (ს.ფ. 33, 47, 48), რომელიც შედგენილია 2005 წლის აგვისტოში, შესაბამისად, იგი ვერ ასახავს 2006 წლის ივლისის მდგომარეობას. მოსარჩელეთა განმარტების გარდა სხვა რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა სადავო იურიდიულ ფაქტს _ სამუშაოს ფაქტობრივ შესრულებას, საქმეში წარმოდგენილი არ არის და აღნიშნულთან დაკავშირებით კასატორს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველი საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. ო-ძის, ო. ლ-ძის, გ. მ-ძისა და ნ. ც-შვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 10 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.