Facebook Twitter

ას-210-197-2011 18 აპრილი, 2011 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა

ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

კასატორი _ ე. დ. (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ე. ჩ. (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 5 იანვრის განჩინება

კასატორების მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ე. დ.-მ სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ე. ჩ.-ს წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხისათვის 700 (შვიდასი) აშშ დოლარისა და ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, ზიანის ასანაზღაურებლად 5000 (ხუთი ათასი) აშშ დოლარის დაკისრება შემდეგი საფუძვლებით: 2008 წლის 7 მაისს მოპასუხე ე. ჩ.-ან დადო სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ე. დ.-ამ სესხის სახით ე. ჩ.-ას გადასცა 4000 (ოთხი ათასი) აშშ დოლარი, ორი წლის ვადით, 2010 წლის 7 მაისამდე. ამავე ხელშეკრულებით იპოთეკით დაიტვირთა ე. ჩ.-ას საკუთრებაში არსებული ბინა, მდებარე ქ.რუსთავში, ლ-ის ქ. ¹24-ში მდებარე ბინა ¹98. აღნიშნული სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის ხელშეკრულება დამოწმდა სანოტარო წესით. ე. ჩ.-ამ ე. დ.-ას 2010 წლის 07 მაისს დაუბრუნა 2000 აშშ დოლარი, ხოლო 2010 წლის 21 მაისს დაუბრუნა 1300 აშშ დოლარი და დასაბრუნებელი დარჩა 700 აშშ დოლარი. 2010 წლის 21 მაისს ე. ჩ.-ამ დაწერა ხელწერილი, რომლითაც აღიარა სესხის არსებობა და იკისრა ვალდებულება, 2010 წლის 1 ივნისამდე ე- დ.-ის გადაეხადა 490 (ოთხას ოთხმოცდაათი) აშშ დოლარი. ამ პერიოდისათვის მოპასუხის დავალიანება შეადგენდა 700 აშშ დოლარს, მაგრამ ბინის მესაკუთრეს გააჩნდა პრეტენზია იატაკისა და სველი წერტილების დაზიანების გამო, რაშიც გამოუქვითა 200 აშშ დოლარი და ხელწერილში დაფიქსირდა ნაკლები თანხა. მიუხედავად მოსარჩელის არაერთი მოთხოვნისა, მოპასუხემ ვალი არ დააბრუნა.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განაცხადა, რომ მან აღებული სესხის თანხა დაუბრუნა გამსესხებელს, ხოლო 2008 წლის 7 მაისს მოსარჩელე ე. დ.-სა და მოპასუხე ე. ჩ.-ას შორის დადებული სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის ხელშეკრულება გაუქმებულია მოსარჩელის 2010 წლის 4 ივნისის განცხადებით.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ე. დ.-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც ე. დ.-ამ სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 5 იანვრის განჩინებით ე. დ.-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული განჩინება დარჩა უცვლელად. პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2008 წლის 7 მაისს მოსარჩელე ე. დ.-სა და მოპასუხე ე. ჩ.-ას შორის დაიდო სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ე. დ.-ამ სესხის სახით ე. ჩ.-ას გადასცა 4000 (ოთხი ათასი) აშშ დოლარი ორი წლის ვადით _ 2010 წლის 7 მაისამდე. ამავე ხელშეკრულებით იპოთეკით დაიტვირთა ქ. რუსთავში, ლ.-ის ქ. ¹24-ში მდებარე ე. ჩ.-ას საკუთრებაში არსებული ¹98 ბინა. აღნიშნული სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის ხელშეკრულება დამოწმდა სანოტარო წესით. გარიგების თანახმად, სესხის სარგებლის სახით, ე. დ.-ას უნდა ესარგებლა უძრავი ქონებით. 2008 წლის 7 მაისს დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული იპოთეკის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში განხორციელდა 2010 წლის 14 მაისს. 2010 წლის 4 ივნისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ განცხადებით მოსარჩელე ე. დ.-ამ მსესხებლის მიერ სესხის სრულად დაბრუნების საფუძველზე უარი განაცხადა მის სასარგებლოდ რეგისტრირებულ იპოთეკაზე. აღნიშნული განცხადება დამოწმებულია ნოტარიუსის მიერ.

პალატამ განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება), ხოლო, ამავე კოდექსის 429-ე მუხლის მიხედვით კი, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ, მას უნდა გადასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. პალატამ გაიზიარა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ე. ჩ.-ამ 2008 წლის 7 მაისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულება შეასრულა მთლიანად. აღნიშნულის საფუძვლად პალატამ მიიჩნია კრედიტორის მიერ გაცემული დოკუმენტი, კერძოდ, 2010 წლის 4 ივნისის განცხადება, რომელიც სანოტარო წესითაა დამოწმებული და რომელშიც აპელანტი, მსესხებლის მიერ სესხის სრულად დაბრუნების გამო, უარს ამბობდა მის სასარგებლოდ რეგისტრირებულ იპოთეკაზე.

სააპელაციო სასამართლო არ გაიზიარა აპელანტის მითითება იმის შესახებ, რომ აღნიშნულ განცხადებაზე მან მოტყუებით, შინაარსის გაუცნობლად მოაწერა ხელი. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატამ განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად მარტოოდენ მხარის ახსნა-განმარტება სადავო გარემოების_ მოტყუების დამადასტურებელ მტკიცებულებად ვერ იქნება მიჩნეული.

სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ არსებობს ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, რის გამოც მოპასუხისათვის თანხის დაკისრება უსაფუძვლოა, ხოლო ის გარემოება რომ ვალდებულება შესრულებულია, სრულად გამორიცხავს ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობას. აპელანტის მითითება იმის თაობაზე, რომ მოპასუხის შვილმა ლ. ჩ.-ამ და მისმა მეუღლე ე. ა-მა მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, რაც წარმოადგენდა ზიანის ანაზღაურების საფუძველს სააპელაციო პალატამ ასევე არ გაიზიარა და მიუთითა, რომ ე. დ.-ას დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე მოთხოვნა მიმართული აქვს ლ. ჩ.-ას და ე. ა.-ის მიმართ, ხოლო სარჩელი აღძრულია ე. ჩ.-ას მიმართ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 5 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე. დ.-ამ და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი დასაბუთებით: სასამართლომ არ გაითვალისწინა მის მიერ წარდგენილი ამონაწერები დაკითხვის ოქმიდან, სადაც მითითებულია, რომ ჩ.-ებს კასატორისთვის მოსაცემი ჰქონდათ 200 აშშ დოლარი. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა: რომ მოპასუხემ თანხა ნაწილ-ნაწილ დაუბრუნა და ისიც არასრულად, რის გამოც მან ბინა ვერ დააგირავა; 2010 წლის 4 ივნისს ჩ.-ას ქალიშვილმა ლ. ჩ.-ამ და სიძე ე. ა.-მა მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, მოტყუებით დააწერინეს ხელწერილი, რომ მას მოპასუხის მიმართ პრეტენზია არ გააჩინია. 2010 წლის 13 ივნისს ე. ჩ.-ამ ისე მოითხოვა მისი გამოსახლება ბინიდან, რომ არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ მორიგება არ იყო შესრულებული და 4000 აშშ დოლარი სრულად არ ჰონდა დაბრუნებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე. დ.-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა)საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

მოცემული დავის საგანია ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ზიანის ანაზღაურება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე, 992-ე მუხლებით. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რაც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ე. დ.-ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშველი უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ე. დ.-ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.