ას-21-20-2010 10 ივნისი, 2010 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვ. როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ლ. მურუსიძე, პ. სილაგაძე
საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა შპს “საფინანსო კომპანია ბი-ბი-ქეისათვის” სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების საკითხი.
პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 11 მარტის განჩინებით შპს “საფინანსო კომპანია ბი-ბი-ქეის” საკასაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული მისი დაუშვებლობის გამო. აღნიშნული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი არ შეიცავს მითითებას სასამართლო ხარჯების განაწილების თაობაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს მითითებას სასამართლო ხარჯების განაწილების თაობაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრულია, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის სკითხი შეიძლება დაისვას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 11 მარტის განჩინება, რომლითაც შპს “საფინანსო კომპანია ბი-ბი-ქეის” საკასაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული, გამოტანილია საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, რაც გულისხმობს, რომ მისი სარეზოლუციო ნაწილი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე და 397-ე მუხლების თანახმად, საპროცესო მოქმედების შესარულების ვადების ათვლისას გადაწყვეტილების გამოცხადება და მისი მხარისათვის ჩაბარება ერთმანეთს უთანაბრდება. აქედან გამომდინარე, თუ გადაწყვეტილება გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადის ათვლა დაიწყება სწორედ ამ მომენტიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მისი მხარისათვის ჩაბარებიდან.
საქმეში წარმოდგენილი მასალებით ვერ დგინდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 11 მარტის განჩინების მხარისათვის ჩაბარების თარიღი. ამიტომ შეუძლებელია ვადის ათვლა მოხდეს განჩინების ჩაბარების მომენტიდან.
შპს “საფინანსო კომპანია ბი-ბი-ქეის” წარმომადგენელმა _ მ. ა-ძემ საქართველოს უზენაეს სასამართლოს სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების შუამდგომლობით მომართა 2010 წლის 2 ივნისს. იქიდან გამომდინარე, რომ განჩინება სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა და არც საქმის მასალებით დგინდება მხარისათვის მისი ჩაბარების ზუსტი თარიღი, უნდა ვივარაუდოთ, რომ შპს “საფინანსო კომპანია ბი-ბი-ქეის” წარმომადგენლის შუამდგომლობა შემოსულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლით გათვალისწინებულ 7 დღიან ვადაში.
როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა კასატორს საკასაციო ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი ჰქონდა 8000 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად შპს “საფინანსო კომპანია ბი-ბი-ქეის” უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%, რაც შეადგენს 5600 ლარს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს “საფინანსო კომპანია ბი-ბი-ქეის” დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 5600 ლარი
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.