Facebook Twitter

¹ას-216-202-2011 12 მაისი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ტ. ტ-იჩი (მოსარჩელე)

წარმომადგენელი _ მ. ნ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს ... კლინიკა «ს-ი» (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 23 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ მორალური ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ტ. ტ-იჩმა სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს ... კლინიკა «ს-ის» მიმართ მოპასუხისათვის მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 1 000 000 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ შემდეგი საფუძვლებით:L2007 წლის 1 მაისს ტ. ტ-იჩი მოყვა ავტოავარიაში, რა დროსაც მიიღო დაზიანებები და, სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა ... კლინიკა «ს-ში». აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში მოსარჩელეს ჩაუტარდა ოპერაცია _ მარჯვენა ფეხის ამპუტაცია.

მოსარჩელეს ფეხის ამპუტაცია გაუკეთდა მისი ინფორმირებული თანხმობის გარეშე, რითაც დაირღვა «საექიმო საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის 44-ე მუხლი. ოპერაციის შემდეგ არ ჩაუტარდა ამპუტირებული კიდურის პათოლოგანატომიური გამოკვლევა, რითაც დაირღვა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 5 დეკემბრის ¹242/ნ ბრძანების მოთხოვნები. ამჟამად მოსარჩელეს არ შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილება და შეუძლებელია პროთეზის გამოყენება, რაც დიდ მორალურ ტანჯვას აყენებს მხარეს.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ პაციენტი იმყოფებოდა სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში, იყო შოკში და თანმხლები პირები არ ჰყავდა. ამდენად, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მიღებულ იქნა სადავო გადაწყვეტილება პაციენტის სიცოცხლის გადარჩენის მიზნით. მოსარჩელეს არ მიუთითებია არც ერთ მტკიცებულებაზე, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ ტერფის შენარჩუნება შესაძლებელი იყო. სასამართლო-სამედიცინო დასკვნაში მითითებული სხეულის მძიმე დაზიანება არ არის გამოწვეული მოპასუხის არასათანადო სამედიცინო მომსახურებით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ტ. ტ-იჩის სარჩელი, მოპასუხე შპს ... კლინიკა «ს-ის» მიმართ მორალური ზიანის _ 1 000 000 ლარის გადახდის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 23 დეკემბრის განჩინებით ტ.ტ-იჩის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებანი:

2007 წლის 1 მაისს მოსარჩელე ტ. ტ-იჩი მოყვა ავტოავარიაში, რა დროსაც მიიღო სხეულის დაზიანება და სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით გადაყვანილ იქნა შპს ... კლინიკა ,,ს-ში”. აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტს გაუკეთდა მარჯვენა კიდურის ამპუტაცია.

სსიპ «სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის» ¹3012/31 დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმდგენილ იქნა შპს ... კილინიკა ,,ს-ის» პაციენტის ტ. ტ-იჩის სამედიცინო ბარათი ¹1068/236/145, რომლის მიხედვითაც პაციენტი 2007 წლის 1 მაისს მომხდარი შემთხვევის შემდეგ აგრძელებს მკურნალობას დიაგნოზით: მენჯის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა, მარჯვენა წვივის ტრავმული ამპუტაცია, ტრავმულ-ჰემორაგიული შოკი II ხარისხის, ჭრილობები სახის არეში, ნაკვეთი ჭრილობა შუბლისა და მარცხენა წვივის არეში. დაზიანებანი ნაკვეთი ჭრილობების სახით განვითარებულია რაიმე მჭრელი საგნის მოქმედებით, მენჯის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა, მარჯვენა წვივის ტრავმული ამპუტაცია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით, ხოლო სახის არეში არსებული ჭრილობების მიმყენებელი საგნის განსაზღვრა სამედიცინო დოკუმენტაციაში არასრული აღწერილობის გამო შეუძლებელია. დასკვნის თანახმად, ყველა ზემოთაღწერილი დაზიანება ერთად აღებული მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს.

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ ტ. ტ-იჩმა სხეულის დაზიანება მიიღო ან მის ჯანმრთელობას მიადგა ვნება შპს ... კლინიკა «ს-ში» გაწეული არასწორი სამედიცინო მომსახურების შედეგად.

სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის, 317-ე მუხლის პირველი ნაწილის, 413-ე, 1007-ე და 992-ე მუხლების თანახმად, სასამართლომ მიიჩნია, რომ პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები (სამართალდარღვევის შემადგენლობა), კერძოდ, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებელს მიუძღვის ბრალი. სამართალდამრღვევის პასუხისმგებლობისათვის სავალდებულოა მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა, ამასთან, პირველი წინ უნდა უსწრებდეს და წარმოშობდეს მეორეს ანუ მოვალის მოქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევი.

მოცემულ შემთხვევაში აპელანტმა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვერ დაადასტურა, რომ მოწინააღმდეგე მხარემ ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო ქმედება და ამის შედეგად მას მიადგა ზიანი.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ტ. ტ-იჩის წარმომადგენელმა მ. ნ-ძემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო პალატამ არასწორად მიიჩნია, რომ ტ.ტ-იჩმა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, ვერ დაადასტურა, რომ ზიანი მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად მიადგა. ფაქტობრივად, მოპასუხემ არასწორად ჩაუტარა ოპერაცია პაციენტს, დაუსვა არასწორი დიაგნოზი, რამაც გამოიწვია მძიმე შედეგი.

სააპელაციო პალატამ ამომწურავად ვერ დაასაბუთა თავისი გადაწყვეტილება ტ. ტ-იჩის სასარჩელო პრეტენზიებზე უარის თქმის შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 მარტის განჩინებით ტ. ტ-იჩის წარმომადგენელ მ. ნ-ძის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით კასატორის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ტ. ტ-იჩის წარმომადგენელ მ. ნ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს უკავშირებს გარკვეულ შეზღუდვებს და ადგენს იმ დავათა კატეგორიებს, რომლებზეც შეტანილი საკასაციო საჩივარი საკასაციო სასამართლოს მიერ დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი. აღნიშნული დანაწესები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლში.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები მითითებული ნორმით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით.

მოცემული დავის საგანია სამედიცინო დაწესებულების მიერ არასწორი მკურნალობის ჩატარების შედეგად მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურების მართლზომიერება. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ეფუძნება სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილს, 317-ე მუხლის პირველი ნაწილს, 413-ე, 1007-ე და 992-ე მუხლებს. აღნიშნული პრაქტიკა ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.

კასატორი ვერ ასაბუთებს და საქმის მასალებითაც არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ისეთი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის შედეგზე, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ტ. ტ-იჩის წარმომადგენელ მ. ნ-ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.