Facebook Twitter

ას-216-205-2010 25 ოქტომბერი, 2010 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ლ. ლაზარაშვილი, პ. ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ თ. კ-ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ მ. ქ-ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 6 იანვრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი _ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. ქ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. კ-ძის მიმართ, ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, თანხის _ 3020 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარისა და 60 ლარის დაკისრების შესახებ.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. ქ-ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თ. კ-ძეს მ. ქ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 400 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, ხოლო დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მ.ქ-ძემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 6 იანვრის გადაწყვეტილებით მ.ქ-ძის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და მ.ქ-ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თ.კ-ძეს მ.ქ-ძის სასარგებლოდ დამატებით დაეკისრა 600 აშშ დოლარის ანაზღაურება, ხოლო მიყენებული ზიანის _ 780 აშშ დოლარისა და საპროცენტო დანამატის _ 840 აშშ დოლარის მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში საქმის წარმოება შეწყდა სარჩელზე უარის თქმის მოტივით, დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება თ. კ-ძის წარმომადგენელმა ფ. ც-ძემ გაასაჩივრა საკასაციო წესით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით თ. კ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 6 იანვრის გადაწყვეტილება თ.კ-ძისათვის 600 აშშ დოლარის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში გაუქმდა და მ.ქ-ძის სარჩელი ამ ნაწილში არ დაკმაყოფილდა, ხოლო დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

2010 წლის 5 აგვისტოს თ. კ-ძის წარმომადგენელმა ფ. ც-ძემ განცხადებით მიმართა საკასაციო სასამართლოს დამატებითი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით და მიუთითა, რომ 2010 წლის 31 მაისის გადაწყვეტილების მიღებისას საკასაციო პალატას თ.კ-ძის მიერ გადახდილი სასამართლო ხარჯების განაწილების თაობაზე არ უმსჯელია. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის საფუძველზე მოწინააღმდეგე მხარეს უნდა დაეკისროს თ.კ-ძის მიერ საქმის წარმოებისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი განცხადების საფუძვლები და მიიჩნევს, რომ თ. კ-ძის წარმომადგენელ ფ. ც-ძის განცხადება დამატებითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს და მ. ქ-ძეს თ. კ-ძის სასარგებლოდ დაეკისროს 549,75 ლარის გადახდა შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების “გ” ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი. დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეიძლება დაისვას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება.

მითითებული ნორმით კანონმდებელი ითვალისწინებს სასამართლოს მიერ ძირითადი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას, რომლითაც მოწესრიგდება სასამართლო ხარჯებთან დაკავშირებული გადაუწყვეტავი საკითხები. ამასთან, დამატებითი გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელია ძირითადი გადაწყვეტილების გამოცხადებიდან ან, თუ გადაწყვეტილება მიღებულია ზეპირი მოსმენის გარეშე, დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 7 დღეში.

მოცემულ შემთხვევაში თ.კ-ძის წარმომადგენელმა ფ.ც-ძემ დამატებითი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით სასამართლოს დროულად, ზემოხსენებული 7-დღიანი ვადის დაცვით მიმართა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით თ.კ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება 600 აშშ დოლარის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში გაუქმდა და მ.ქ-ძის სარჩელი ამ ნაწილში არ დაკმაყოფილდა, ხოლო დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

საკასაციო სასამართლო იზიარებს განმცხადებლის არგუმენტს, რომ მითითებული გადაწყვეტილებით საკასაციო პალატას არ უმსჯელია მოწინააღმდეგე მხარისათვის საქმის წარმოებისას თ.კ-ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაკისრების შესახებ, რაც დამატებითი გადაწყვეტილების მიღების საფუძველს წარმოადგენს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯები, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს _ სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

განსახილველ შემთხვევაში კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით მ. ქ-ძის სარჩელი თ. კ-ძის მიმართ 1400 აშშ დოლარისა და 60 ლარის დაკისრების შესახებ (780 და 840 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნაზე მოსარჩელემ უარი თქვა) არ დაკმაყოფილდა 1000 აშშ დოლარისა და 60 ლარის მოთხოვნის ნაწილში. თ.კ-ძემ ყველა ინსტანციის სასამართლოში გადაიხადა სულ 774,30 ლარის ოდენობის სახელმწიფო ბაჟი. შესაბამისად, მ. ქ-ძეს თ. კ-ძის სასარგებლოდ აღნიშნული თანხის პროპორციულად უნდა დაეკისროს 558,22 ლარის ანაზღაურება (სულ დავის საგანს წარმოადგენდა 1400 აშშ დოლარი და 60 ლარი, რაც შეადგენს 1433,33 აშშ დოლარს, სარჩელი არ დაკმაყოფილდა 1033,33 აშშ დოლარის ფარგლებში ამდენად, 774,30X1033,33/1433,33=558,22).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

თ. კ-ძის წარმომადგენელ ფ. ც-ძის განცხადება დაკმაყოფილდეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა პალატის 2010 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებაზე მიღებულ იქნეს დამატებითი გადაწყვეტილება.

მ. ქ-ძეს დაეკისროს თ. კ-ძის სასარგებლოდ 558,22 ლარის გადახდა.

საკასაციო პალატის დამატებითი გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.