ას-217-203-2011 26 აპრილი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – კ. ფ-რი
მოწინააღმდეგე მხარე – ე.ა ფ-რი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 11 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი _ სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება, სამკვიდროდან წილის გამოყოფა, კომპენსაციის გადახდა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
კ. ფ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ე. ფ-ის მიმართ და მოითხოვა მშობლების სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება, სამკვიდროდან წილის ნატურით გამოყოფა და კომპენსაციის გადახდა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო უსაფუძვლობის მოტივით და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით კ. ფ-რის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელეს დაევალა ე. ფ-რის სასარგებლოდ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება 2000 ლარის ოდენობით.
დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა კ. ფ-რმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 11 ნოემბრის განჩინებით კ. ფ-რის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საქმეში წარმოდგენილი ხელწერილის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას მასზე, რომ მამის, გ. ფ-რის გარდაცვალების შემდეგ _ 1998 წლის 21 იანვარს (სამკვიდროს გახსნიდან ექვსი თვის ვადაში) ე. ფ-რმა კ.ფ-რს გადასცა მშობლების ბინის ღირებულების ნახევრის სანაცვლოდ 7000 აშშ დოლარი;
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა კ. ფ-რის მითითება, რომ, ვინაიდან სათანადოდ არ ფლობდა ქართულ ენას, არ შეეძლო ხელწერილზე ხელმოწერა. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განთლების რუსულ ენაზე მიღება, არ გამორიცხავდა მის მიერ ქართულ ენაზე წერა-კითხვის შესაძლებლობას და ამასთან, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქმეში წარმოდგენილ რწმუნებულებაზე, რომლითაც იგი წარმომადგენელს ანიჭებდა წარმომადგენლობით უფლებამოსილებას, ხელმოწერა ქართულად ჰქონდა შესრულებული;
სააპელაციო პალატამ ასევე გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ თანხის მიღების შემდეგ კ. ფ-რმა დატოვა მშობლების ბინა და თ. ფ-რის გარდაცვალების შემდეგ დედის დანატოვარ სამკვიდრო ქონებას ფაქტობრივად არ დაუფლებია, რაც ემყარება საქმეში არსებულ მტკიცებულებათა _ მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას;
აპელანტის მითითება მასზე, რომ თ. ფ-რის სამკვიდროზე, როგორც მეუღლეთა თანასაკუთრებიდან კუთვნილ წილზე, მას არ გაუშვია სამკვიდროს მიღების ვადა, ვინაიდან მან ნოტარიუსს მიმართა დედის გარდაცვალებიდან კანონით დადგენილ ექვსთვიან ვადაში, ხოლო შემდეგ 2008 წლის 20 ივნისს _ სასამართლოს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის მიზნით, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა და განმარტა, რომ საქმეში წარმოდგენილი სანოტარო აქტის – სამკვიდრო მოწმობის მიღებაზე უარის თქმის შესახებ დადგენილებიის თანახმად, კ.ფ-რმა მიმართა რა სანოტარო ორგანოს, მოითხოვა მამის, გ. ფ-რის სამკვიდროს მიღება. უდავო წარმოების წესით იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენის თაობაზე განცხადებითაც, კობა ფიცხელაურმა მოითხოვა მამის _ გ. ფ-რის სამკვიდრო ქონების მიღების ფაქტის დადგენა, რაც ცხადყოფს, რომ არ დასტურდება დედის, თ. ფ-რის სამკვიდროს მიღების ფაქტობრივი გარემოება.
აპელანტის მითითება მასზე, რომ ნოტარიუსმა 2008 წლის პირველ სექტემბერს გასცა სამკვიდრო მოწმობა ე. ფ-რის სახელზე იმ დროს, როცა მისთვის ცნობილი იყო, რომ არსებობდა მოდავე კ. ფ-რის სახით, სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია და აღნიშნა, რომ ის თუ რამდენად სწორად იქნა გაცემული ე. ფ-რის სასარგებლოდ სამკვიდრო მოწმობა, არ წარმოადგენდა მოცემული დავის ფარგლებში სასამართლოს კვლევისა და მსჯელობის საგანს, ვინაიდან კ. ფ-რის სარჩელის მოთხოვნა იყო სამკვიდროს მიღების ვადის აღდგენა და სამკვიდროდან კუთვნილი წილის მიკუთვნება.
აპელანტის პრეტენზია საოჯახო ნივთებსა და ძვირფასეულობასთან დაკავშირებით, სასამართლომ არ გაიზიარა და მიუთითა, რომ გარდა მოწმის სახით დაკითხული ვანდა ფიცხელაურის ჩვენებისა, საქმეში არ მოიპოვებოდა სხვა მტკიცებულება, რომელიც სამკვიდროში კონკრეტული ნივთების არსებობასა და მათ ღირებულებას დაადასტურებდა.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს და დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა და განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე, 1424-ე, 1426-ე, 1452-ე, 1457-ე მუხლები.
ამასთან, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე, სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ თანამემკვვიდრეთა შორის მოხდა მამის სამკვიდრო ქონების შეთანხმებით გაყოფა, რასაც დამატებით მოწმობდა მამის გარდაცვალების შემდეგ მრავალი წლის მანძილზე კ. ფ-რის მიერ სამკვიდროს მისაღებად აუცილებელ მოქმედებათა განუხორციელებლობა. სასამართლოს განმარტებით, ასევე სწორად იქნა მიჩნეული, რომ დედის სამკვიდრო კ. ფ-რს კანონით დადგენილ ვადაში არ მიუღია და ამასთან, არ არსებობდა სამოქალაქო კოდექსის 1426-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძველი _ სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის გადაცილების საპატიო მიზეზი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 11 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა კ. ფ-რმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას მართებულად არ დაადგინა საქმის ფაქტობრვი გარემოებები და ამასთან არ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 1158-ე, 1336-ე, 1339-ე, 1371-ე, 1375-ე და 1426-ე მუხლები და ნაცვლად მათი გამოყენებისა, იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის სხვა ნორმებით და არასწორად განმარტა კანონი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 თებერვლის განჩინებით კ. ფ-რის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კ. ფ-რის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას კ. ფ-რის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის «ვ» ქვეპუნქტის შესაბამისად, კასატორი კ. ფ-რი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. კ. ფ-რის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.