Facebook Twitter

ას-217-206-10 8 ივლისი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვ. როინიშვილი (თავმჯდომარე)

მ. სულხანიშვილი (მომხსენებელი), თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ნ. დ-ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – აჭარის ავტ. რესპუბლიკის სოფ. მეურნეობის სამინისტრო (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – სახელფასო დავალიანების ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

შუახევის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ნ. დ-ძემ, მოპასუხედ შუახევის სატყეო მეურნეობა დაასახელა და განმარტა: 1993 წლიდან მუშაობდა შუახევის რაიონის აგროსატყეო მეურნეობაში. 2005 წლის 18 ივნისიდან 22 სექტემბრამდე იმყოფებოდა საავადმყოფო ფურცელზე. 2005 წლის აგვისტოში განხორციელდა აგროსატყეო მეურნეობის გაერთიანება, სახელმწიფო სატყეო მეურნეობასთან, რის შესახებაც იგი კანონით დადგენილი წესით გაფრთხილებული არ ყოფილა, სატყეო მეურნეობის დირექციამ კი სამსახურში დაბრუნებაზე უარი უთხრა. გამომდინარე აღნიშნულიდან, მოსარჩელემ მისი მუშაობის პერიოდში – 1998-2005 წლებში მიუღებელი ხელფასის ანაზღაურება და სამუშაოზე აღდგენა მოითხოვა.

შუახევის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილებით ნ. დ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით პირველი ინსტანციის მიერ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე ხელახალი განხილვისათვის შუახევის რაიონულ სასამართლოს დაუბრუნდა.

შუახევის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 30 მარტის განჩინებით საქმეში მესამე პირებად ჩაბმული იქნენ აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო, აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ხოლო ამავე სასამართლოს 2007 წლის 22 მაისის განჩინებით საქმეში ასევე მესამე პირად ჩაბმული იქნა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო.

პირველი ინსტანციის სასამართლოს 2007 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნ. დ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ნ. დ-ძეს უარი ეთქვა სამუშაოზე აღდგენაზე, მესამე პირს აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაეკისრა კომპენსაციის სახით 120 ლარის და ერთი თვის ხელფასის 60 ლარის ანაზღაურება, მისი სამსახურის ლიკვიდაციის გამო შესაძლო გათავისუფლების შესახებ გაუფრთხილებლობის გამო; ნ. დ-ძის სარჩელი 1998-2002 წლების პერიოდისათვის მიუღებელი ხელფასის დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდა, მესამე პირს აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაეკისრა სახელფასო დავალიანების ანაზღაურება 1580 ლარისა და 275 ლარის ოდენობით, აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაევალა ნ. დ-ძის შრომისუუნარობის ფურცელზე ყოფნის გამო, 2005 წლის 18 ივლისიდან 22 სექტემბრამდე პერიოდისათვის, შრომისუუნარობის ფურცელთა წარდგენა შესაბამისი დოკუმენტაციით საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის შუახევის რაიონულ განყოფილებაში.

შუახევის რაიონული სასამართლოს, 2007 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ორი თვის თანამდებობრივი სარგოს კომპენსაციის 120 ლარის და ერთი თვის ხელფასის 60 ლარის ოდენობით გადახდა, 1998-2005 წლებში მიუღებელი ხელფასის 1580 ლარისა და 275 ლარის დაკისრება და შრომისუუნარობის ფურცელზე ყოფნის გამო 2005 წლის 18 ივნისიდან 22 სექტემბრამდე პერიოდისათვის შრომისუუნარობის ფურცელთა წარდგენა შესაბამისი დოკუმენტაციით, საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის შუახევის რაიონულ განყოფილებაში.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 15 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა შუახევის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება. ნ. დ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სატყეო მეურნეობის მართვის შუახევის რაიონულ განყოფილებას ნ. დ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 1507 ლარის გადახდა.

საპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

მოსარჩელე მუშაობდა შუახევის აგროსატყეო მეურნეობაში.

ს.ფ. 50-ზე განთავსებულია აჭარის ა/რ მთავრობის ¹24 განკარგულება 2005 წლის 5 ივლისისა – ყოფილი საკომეურნეო ტყეებისა და საბჭოთა მეურნეობების ტყის ფონდის მიწების აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს გამგებლობაში გადაცემის შესახებ.

განკარგულების მე-4 პუნქტის თანახმად „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რაიონებში არსებული შუახევის აგროსატყეო მეურნეობის ლიკვიდაცია და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციული და სამართლებრივი ღონისძიებების განხორციელება დაევალა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს“.

სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მხარეთა და მესამე პირთა წარმომადგენლებმა დაადასტურეს და სადავოდ არ გაუხდიათ ის ფაქტობრივი გარემოება, რომ საკოლმეურნეო ტყეები, რომლის მართვა-გამგეობასაც ახორციელებდა შუახევის აგროსატყეო მეურნეობა აჭარის ა/რ სატყეო რესურსების მართვის შუახევის განყოფილებას გადაეცა.

დადგენილია ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ საწარმო, სადაც ნ. დ-ძე მუშაობდა ანუ შუახევის აგროსატყეო მეურნეობა, ფაქტობრივად კერძო სამართლის იურიდიული პირის სახით შექმნილ საწარმოს წარმოადგენდა, მაგრამ არ იყო რეგისტრირებული „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნთა შესაბამისად.

პალატის განმარტებით, მართალია, საქმეში წარმოდგენილი აჭარის ა/რ მთავრობის 205 წლის 5 ივლისის განკარგულების თანახმად უნდა მომხდარიყო შუახევის რაიონის აგროსატყეო მეურნეობის ლიკვიდაცია, მაგრამ როგორც ირკვევა, ფაქტობრივად მოხდა არა ლიკვიდაცია, არამედ რეორგანიზაცია საწარმოსი, რაც გამოიხატა იმაში, რომ სამართლებრივი თვალსაზრისით მოუწესრიგებელი საწარმოს საქმიანობა სამართლებრივ რეჟიმში მოიქცა. იმ ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რომ იმ საწარმოს უფლება-მოვალეობები სადაც მოსარჩელე მუშაობდა, (საკოლმეურნეო ტყეების მართვა-გამგეობა), მთლიანად გადაეცა მოპასუხე ორგანიზაციას, აჭარის ა/რ სატყეო რესურსების მართვის შუახევის განყოფილებას, პალატა მიიჩნევს, რომ არანაირ ლიკვიდაციას ადგილი არ ჰქონია, არამედ მოხდა რეორგანიზაცია, რომლის შედეგადაც შუახევის რაიონის აგროსატყეო მეურნეობის ქონება სამართავად გადაეცა შუახევის სატყეო მეურნეობას.

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოპასუხე ორგანიზაციის წარმომადგენელმა დაადასტურა ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ მაშინ როცა იგი მუშაობდა მოსარჩელესთან ერთად შუახევის აგროსატყეო მეურნეობაში 1998 წელს, რამდენადაც ახსოვს, დ-ძის ხელფასი დაახლოებით 20 ლარს შეადგენდა. აღნიშნულიდან გამომდინარე პალატამ დადგენილად ჩათვალა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ დ-ძის ხელფასი ხელზე ასაღებ 23 ლარს შეადგენდა. საკითხზე _ აქვს თუ არა მიუღებელი მოსარჩელეს 1998-2005 წლების ხელფასი, მოპასუხემ განმარტა, რომ მათი ორგანიზაცია ამ დავაში არ არის სათანადო მხარე, ამდენად მას არც იმ მტკიცებულებების წარმოდგენა შეუძლია სასამართლოში, რომელიც აღნიშნულ გარემოებას უარყოფს, ხოლო რაკი მოსარჩელემ ვერ შეძლო ამ გარემოების დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებების წარმოდგენა, პალატამ მიიჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

პალატის განმარტებით, კონკრეტულ შემთხვევაში იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, მოსარჩელეს მიღებული აქვს თუ არა განვლილი წლების ნამუშევარი კუთვნილი ხელფასი – აწევს მოპასუხე მხარეს. რადგან ამის დამადასტურებელ კანონშესაბამისი მტკიცებულების წარმოდგენა, (კონკრეტულად კი სახელფასო უწყისებისა რომლითაც უტყუარად დასტურდება მართლაც აღებული აქვს თუ არა მოსარჩელეს კუთვნილი გასარმჯელო), სწორედ ორგანიზაციის წარმოსადგენია, ანუ მისი მტკიცების ტვირთია.

რაც შეეხება საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 423 მუხლით გათვალისწინებულ გათავისუფლებული მუშაკის კომპენსაციებსა და შეღავათებს, პალატის განმარტებით, მოსარჩელის ეს მოთხოვნა უკანონოა, რადგან მისი სამუშაოდან დათხოვნის დროისათვის 2005 წლის 18 ივნისისათვის – აღნიშნული ნორმა შრომის კანონთა კოდექსისა აღარ მოქმედებდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. დ-ძემ.

კასატორი მიიჩნევს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. მოცემული დავა უნდა გადაწყდეს საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 37-ე და 109-ე მუხლებით, რადგანაც შუახევის რაიონის აგრო სატყეო მეურნეობა იყო საბიუჯეტო დაწესებულება, რომელიც სტრუქტურულად შედიოდა აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

კასატორის განმარტებით, იგი 1993 წლიდან მუშაობდა შუახევის რაიონის აგრო სატყეო მეურნეობაში სხვადასხვა თანამდებობაზე სხვადასხვა პერიოდში. 2005 წლის 18 ივნისამდე მუშაობდა აგრო სატყეო მეურნეობის უჩამბის სატყეო უბნის უფროსად. 1998-2002 წლებში არ მიუღია ხელფასი, რაც შეადგენს ხელზე ყოველთვიურად გასაცემ თანხას 23 ლარს, სულ 1580 ლარს, ასევე 2005 წლის თებერვლის თვიდან 2005 წლის 18 ივნისამდე მისაღები აქვს ხელზე ამოსაღები თანხა სულ 276 ლარის ოდენობით, ასევე კასატორის მიერ შეტანილ იქნა შუახევის სატყეო მეურნეობაში 14357 ლარი და 52 თეთრი და გამოწერილია 133 შემოსავლის ორდერი და მას არ მიუღია მისი სახელფასო სარგო შეტანილი თანხიდან.

კასატორის განმარტებით, 2005 წლის 18 ივნისიდან იგი იმყოფებოდა შრომიუუნარობის ფურცელზე, მკურნალობდა სტაციონალური წესით შუახევის საავადმყოფოში. გამოჯანმრთელების შემდეგ კი აღარ დაუშვეს სამუშაოზე იმის გამო, რომ ბიულეტენზე ყოფნისას მოხდა აგრო სატყეო მეურნეობის ლიკვიდაცია და იგი არ ყოფილა ლიკვიდაციის შესახებ წერილობით გაფრთხილებული, მას ასევე არ მიუღია ბიულეტენის ანაზღაურება და ითხოვს დაბრუნებას სამუშაოზე და ბიულეტენის ანაზღაურებას.

ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, კასატორი ნ. დ-ძე ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და შუახევის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილების ძალაში დატოვებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. დ-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძველით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ნ. დ-ძის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ნ. დ-ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.