18 აპრილი, 2011 წელი
ას-218-204-2011 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პ. ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, ბ. ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი _ შპს «ს-ა» (წარმომადგენელი ნ. კ-შვილი)
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს «ე-ი»
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 25 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი _ პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2009 წლის 18 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა შპს «ე-მა» მოპასუხე შპს «ს-ა»ასმიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ფულადი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების გამო მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება 114956.13 ლარის ოდენობით (ტომი 1, ს.ფ. 1-15).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს «ე-ის» სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 114956.13 ლარის გადახდა.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქმის მასალებით დადგენილ შემდეგ უდავო ფაქტობრივ გარემოებებზე:
2006 წლის 31 აგვისტოს შპს «ს-ა”სა და შპს «ე- ი”ს შორის დაიდო «საბალანსო ელექტრონერგიის ნასყიდობის პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობების” ხელშეკრულება;
დასახელებული ხელშეკრულების 6.3 პუნქტის მიხედვით, გამყიდველის მიერ შესაბამისი საანგარიშსწორებო დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ მყიდველი ვალდებულია არაუგვიანეს საანგარიშო თვის დასრულებიდან 25 დღისა აუნაზღაუროს გამყიდველს შესყიდული ელექტროენერგიის სრული ღირებულება. ვალდებულება შესრულებულად ითვლება გამყიდველის საბანკო ანგარიშზე ელექტროენერგიის სრული ღირებულების ჩარიცხვის დღეს;
ხელშეკრულების 6.6 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ მყიდველის მიერ ამ ხელშეკრულებით დადგენილი წესითა და პირობებით განსაზღვრულ ვადაში არ იქნა დაფარული ან არასრულად იქნა დაფარული ელექტროენერგიის საფასური, გადაუხდელ თანხას გადახდისათვის დადგენილი თარიღიდან დაერიცხება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,075%-იანი განაკვეთით, რომლის დარიცხვა დაიწყება საანგარიშო თვის დასრულებიდან 26 დღეს, ხოლო პირგასამტეხლოს დარიცხვა შეწყდება იმ დღის მომდევნო დღეს (მომდევნო დღის ჩაუთვლელად), როდესაც გამყიდველის საბანკო ანგარიშზე ჩაირიცხება გადაუხდელი თანხა;
ხელშეკრულების 8.2 მუხლის თანახმად, არც ერთ მხარეს არ მოეთხოვება ხელშეკრულების შესრულება და არ ჩაეთვლება ვალდებულების შეუსრულებლობად, თუ ნებისმიერი ვალდებულების შეუსრულებლობის გამომწვევი მიზეზი ფორსმაჟორული მოვლენაა, იმ პირობით, რომ ერთ-ერთი მხარის მიერ სახსრების ნაკლებობა არ ჩაითვლება ფორსმაჟორულ მოვლენად და არც სხვაგვარად გაათავისუფლებს მხარეს წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული გადახდის ვალდებულებებისაგან და არ აპატიებს ამ ვალდებულების შეუსრულებლობას;
2006 წლის 31 აგვისტოს ხელშეკრულების საფუძველზე, შპს «ს-ა”ს შპს «ე-ი”გან შესყიდული აქვს 6569591.87 ლარის ღირებულების 72991450,3 კვტ.სთ ელექტროენერგია;
2007 წლის 1 ნოემბერს შპს «ს-ა”სა და შპს «ე-ი ”ს შორის დაიდო ხელშეკრულება «სტანდარტული პირობები სიმძლავრის სასისტემო რეზერვის უზრუნველყოფის შესახებ შემსყიდველ კვალიფიციურ საწარმოებთან”;
2007 წლის 1 ნოემბრის ხელშეკრულების 5.5 პუნქტის მიხედვით, შპს «ს-ა” ვალდებულია არაუგვიანეს საანგარიშო თვის დასრულებიდან 25 დღისა ანგარიშ-ფაქტურაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე გადარიცხვის გზით, პირადაპირ, უშუალოდ აუნაზღაუროს კომერციულ ოპერატორს ანგარიშ-ფაქტურაში მითითებული თანხა. ვალდებულება შესრულებულად ითვლება გამყიდველის საბანკო ანგარიშზე ელექტრონერგიის სრული ღირებულების ჩარიცხვის დღეს. მიუხედავად იმისა, ეთანხმება თუ არა საწარმო სარეზერვო სიმძლავრის მიწოდების აქტის ან/და ანგარიშფაქტურის მონაცემებს, საწარმომ უნდა გადარიცხოს კომერციული ოპერატორის ანგარიშზე ანგარიშფაქტურაში აღნიშნული თანხა. ზემოაღნიშნული მოტივით თანხის გადაუხდელობა წარმოადგენს ამ ხელშეკრულებითა და «ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით” გათვალისწინებული სანქციების გამოყენების საფუძველს;
2007 წლის 1 ნოემბრის ხელშეკრულების 5.8 პუნქტის მიხედვით, თუ სიმძლავრის სასისტემო რეზერვის საფასური არ იქნება დაფარული ან არასრულად იქნა დაფარული ამ პირობებით განსაზღვრულ ვადაში, გადაუხდელ თანხას გადახდისთვის დადგენილი თარიღიდან დაერიცხება პროცენტები ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,075%-იანი განაკვეთით, რომლის დარიცხვა დაიწყება საანგარიშო თვის დასრულებიდან 26 დღეს, ხოლო პროცენტების დარიცხვა შეწყდება იმ დღის მომდევნო დღეს (მომდევნო დღის ჩაუთვლელად), როდესაც გამყიდველის საბანკო ანგარიშზე ჩაირიცხება გადაუხდელი თანხა;
2007 წლის 1 ნოემბრის ხელშეკრულების 7.2 პუნქტის თანახმად, არც ერთ მხარეს არ მოეთხოვება ხელშეკრულების შესრულება და არ ჩაეთვლება ვალდებულების შეუსრულებლობად, თუ ნებისმიერი ვალდებულების შეუსრულებლობის გამომწვევი მიზეზი ფორსმაჟორული მოვლენაა, იმ პირობით, რომ ერთ-ერთი მხარის მიერ სახსრების ნაკლებობა არ ჩაითვლება ფორსმაჟორულ მოვლენად;
2007 წლის 1 ნოემბრის ხელშეკრულების საფუძველზე, შპს «ე-ი”მა შპს «ს-ა” უზრუნველყო სიმძლავრის სასისტემო რეზერვით 5913168.1 კვტ.სთ ელექტროენერგიით;
2006 წლის 31 აგვისტოს ხელშეკრულების შესაბამისად, დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა 2008 წლის ნოემბრიდან 2009 წლის იანვრის თვის ჩათვლით შეადგენდა 108172.80 ლარს, ხოლო 2007 წლის 1 ნოემბრის ხელშეკრულების საფუძველზე, ამ პერიოდში ვადის გადაცილების გამო დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენდა 6783.33 ლარს.
საქალაქო სასამართლოს შეფასებით, შპს «ს-ა”მ დაარღვია 2006 წლის 31 აგვისტოს ხელშეკრულების მე-6 მუხლის 6.3 პუნქტისა და 2007 წლის 1 ნოემბრის ხელშეკრულების მე-5 მუხლის 5.5 პუნქტებით გათვალისწინებული ანგარიშსწორების ვადები. მოპასუხეს ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვადების გადაცილების ფაქტი სადავოდ არ გაუხდია და მიუთითა, რომ არსებობდა ფორსმაჟორული გარემოება, რამაც ხელი შეუშალა ფულადი ვალდებულების ვადაში შესრულებაში.
საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 401-ე მუხლის მიხედვით, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული. ამ მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ვადის გადაცილება ბრალეული მოქმედების შემთხვევაში ხდება, კერძოდ, როცა მოვალე განზრახ ან გაუფრთხილებლობით დროულად არ შეასრულებს ვალდებულებას. მითითებული გარემოებების დადგომა არც მოვალის პასუხუსმგებლობას იწვევს. მოვალე არ ჩაითვლება ვადის გადამცილებლად, თუ ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზია დაუძლეველი ძალა, შესრულება შეუძლებელია მოვალის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ან ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვეულია კრედიტორის მიერ შესრულების მიღების დაყოვნებით.
სასამართლომ მიიჩნია, რომ 2008 წლის 8 აგვისტოდან 2008 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში სარკინიგზო მიმოსვლის პარალიზება, არ წარმოდგენდა ისეთ გარემოებას, რაც ფულადი ვალდებულების შესრულებისას ჩაითვლებოდა ფორსმაჟორულ გარემოებად. განსახილველ შემთხვევაში, მოვალე ფულადი ვალდებულების ვადაში შესრულების ხელისშემშლელ გარემოებად მიუთითებდა უსახსრობაზე, რაც მისი განმარტებით, გამოწვეული იყო საომარი მოქმედებების შედეგად, დანგრეული ინფრასტრუქტურის აღდგენაზე ხარჯების გაწევით. საქალაქო სასამართლოს მოსზრებით, ვალდებულების შესრულების შეუძლებლობა უსახსრობის გამო, არ წარმოადგენდა ისეთ გარემოებას, რაც სამოქალაქო კოდექსის 401-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ვადის გადაცილებაში მისი ბრალის არარსებობას დაადასტურებდა და შესაბამისად, პასუხისმგებლობის გამომრიცხველ გარემოებად მიიჩნეოდა. ამასთან, 2006 წლის 31 აგვისტოს ხელშეკრულების 8.2 პუნქტისა და 2007 წლის 1 ნოემბრის ხელშეკრულების 7.2 პუნქტით პირდაპირ არის განსაზღვრული, რომ ერთ-ერთი მხარის მიერ სახსრების ნაკლებობა არ ჩაითვლება ფორსმაჟორულ გარემოებად.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შპს «ს-ა”ს მიერ ვალდებულების დარღვევის ფაქტი.
პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ მოთხოვნასთან მიმართებით საქალაქო სასამართლომ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 394-ე, 417-ე, 418-ე, 316-ე მუხლები და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, არსებობდა მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც დადგენილ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენდა პირგასამტეხლოს. დგინდებოდა, რომ შპს «ს-ა”მ ვალდებულება არ შეასრულა ჯეროვნად და შესყიდული ელექტროენერგიის ღირებულება გადაიხადა დადგენილი ვადის გადაცილებით. ამდენად, არსებობდა ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილებულიყო.
სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. აქედან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს «ე-ი” უფლებამოსილი იყო მოეთხოვა მოვალისაგან ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების გამო, პირგასამტეხლოს 114956.13 ლარის ოდენობით დაკისრება და მოპასუხე შპს «ს-ა”ს უნდა დაკისრებოდა აღნიშნული თანხის გადახდა (ტომი 1, ს.ფ. 170-178).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს «ს-ა”მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ტომი 1, ს.ფ. 182-192).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 25 ნოემბრის განჩინებით შპს «ს-ა”ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის პრეტენზია ფაქტობრივი გარემოებების მიმართ დაუსაბუთებელი იყო.
სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმების შედეგად ასევე დაასკვნა, რომ აპელანტის პრეტენზია დაუსაბუთებელი იყო, მასში მითითებული გარემოებები არ ქმნიდნენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების მატერიალურ და პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, დგინდებოდა, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო მოიცავდა 2008 წლის ნოემბრიდან 2009 წლის იანვრის პერიოდს და შეადგენდა 2006 წლის 31 აგვისტოს ხელშეკრულების საფუძველზე 108172.8 ლარს, ხოლო 2007 წლის 1 ნოემბრის ხელშეკრულების საფუძველზე _ 6783.33 ლარს.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, მოპასუხის მიერ მითითებული გარემოება, რომ 2008 წლის 8 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში საომარი მოქმედებების შედეგად საწარმო მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში აღმოჩნდა (მთელი შემოსავლები ინფრასტრუქტურის აღდგენას ხმარდებოდა) _ სწორად არ ჩათვალა ხელშეკრულებებით ნაკისრი ფულადი ვალდებულებების შესრულების ვადის გადაცილებაში ბრალის გამომრიცხველ ისეთ გარემოებად, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 401-ე მუხლით. სასამართლომ მართებულად მიუთითა ხელშეკრულებების შესაბამის პუნქტებზე, რომლის თანახმად, ერთ-ერთი მხარის მიერ სახსრების ნაკლებობა არ ჩაითვლება ფორსმაჟორულ გარემოებად. ამდენად, სასამართლომ დავის გადაწყვეტისას სწორად იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 394-ე, 417-ე, 418-ე, 316-ე მუხლებით და სარჩელის დაკმაყოფილებას საფუძვლად დაუდო ნორმათა სწორი განმარტება (ტომი 2, ს.ფ. 81-88).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს «ს-ა”ამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საკასაციო საჩივრის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ არასწორად არ გაიზიარა შპს «ს-ა»ის მოსაზრება და მიიჩნია, რომ რკინიგზის პარალიზება არ წარმოადგენს ისეთ გარემოებას, რაც ფულადი ვალდებულების შესრულებისას ჩაითვლება ფორს-მაჟორულ გარემოებად. უდავოდ დადგენილია ის ფაქტი, რომ საქართველოში 2008 წლის 8 აგვისტოდან 2008 წლის 3 სექტემბრამდე მიმდინარეობდა საომარი მოქმედებები, რასაც შედეგად მოჰყვა ქვეყნის სტრატეგიული ობიექტების პარალიზება, მათ შორის, სარკინიგზო მიმოსვლის შეწყვეტა 2008 წლის 8 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით. ეს გამოწვეული იყო რუსი ოკუპანტების მიერ რკინიგზის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ობიექტების აფეთქებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ შპს «ს-ა”ს შეექმნა წინააღმდეგობა ხელშეკრულებით ნაკისრი და სხვა (მათ შორის ფინანსური ხასიათის) ვალდებულებების შესრულებაში, რაც წარმოადგენდა ფორს-მაჟორულ გარემოებას და რაც დასტურდება სავაჭრო-სამრეწველო პალატის ცნობით.
კასატორი მიუთითებს შპს «ს-ა”სა და შპს «ე-ი”ს შორის 2006 წლის 31 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულების მე-8 მუხლზე, რომლის მიხედვით, ომი წარმოადგენს ფორს-მაჟორულ გარემოებას ხელშეკრულების მიზნებისათვის, აგრეთვე, 2007 წლის 1 ნოემბრის ¹3/026-00 ხელშეკრულების მე-7 მუხლზე, რომლითაც ომი განმარტებულია, როგორც ფორს-მაჟორი. სამოქალაქო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული. საკასაციო საჩივარში საუბარია იმაზე, რომ მნიშვნელოვნად დაზიანდა რკინიგზის მაგისტრალი, აფეთქდა და დაიბომბა სხვადასხვა სადგურები, რკინიგზის საწარმოო ციკლის სრულყოფილად ამოქმედების შემდეგ მიღებული შემოსავლები მთლიანად ხმარდებოდა ომის შედეგად დანგრეული ინფრასტრუქტურის აღდგენას არა მხოლოდ ომის პერიოდში, არამედ შემდგომი თვეების განმავლობაშიც. შესაბამისად, რკინიგზას არ გააჩნდა სახსრები არათუ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესრულებისათვის, არამედ საკუთარი თანამშრომლებისათვის სახელფასო დავალიანების გასაცემადაც. აქედან ნათელია, რომ სახელმწიფოში არსებული მდგომარეობის შედეგად დაზარალებული რკინიგზა ვერ მოახერხებდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას (ტომი 2, ს.ფ. 93-100).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 25 თებერვლის განჩინებით შპს «ს-ა»ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს «ს-ა»ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (5747.80 ლარი) 70% _ 4023.46 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს «ს-ა»ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. კასატორ შპს «ს-ა»ს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (5747.80 ლარი) 70% _ 4023.46 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.