ას-219-205-2011 10 მაისი, 2011 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ბ. ალავიძე, პ. ქათამაძე
სხდომის მდივანი _ ლ.ს-ძე
კასატორი _ ე. გ-ი (მოპასუხე)
წარმომადგენელი _ ი. რ-შვილი
მოწინააღმდეგე მხარე _ ლ. ჭ-ძე (მოსარჩელე)
წარმომადგენელი _ ჯ. მ-ძე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 24 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელზე უარის თქმა
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. ჭ-ძემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ე. გ-ის მიმართ, ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის შესახებ, იმ საფუძვლით, რომ ქ.თბილისის სამგორის რაიონის სახალახო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1991 წლის 27 მარტის ¹06.155/17 გადაწყვეტილების საფუძველზე მიიღო ქ.თბილისში, ... ზემო პლატოზე, მე-2 მ/რ მე-20 კორპუსში მე-5 სართულზე მდებარე ოროთახიანი იზოლირებული ბინა, ფართით 36,6 კვ.მ. და ასევე უნდა გაცემულიყო ორდერი მისი ოჯახის 4 წევრზე. ისანი-სამგორის რაიონის გამგეობის 2009 წლის 30 აპრილის ¹46 განკარგულების 1-ლი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის ¹73 ბრძანებულების შესაბამისად, მოქალაქე ლ. ჭ-ძეს უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადაეცა სახელმწიფო საბინაო ფონდის საცხოვრებელი იზოლირებული ბინა ¹20, საერთო ფართის 76,20კვ.მ, მდებარე ... ,ზემო პლატოს მე-2 მიკრორაიონში, კორპუს ¹20-ში. ხოლო ამავე განკარგულების 2 პუნქტის შესაბამისად, მასზე უნდა გაცებულიყო საკუთრების უფლების მოწმობა და გამგეობის მიერ დამოწმებული შიდა საკადასტრო აზომვითი ნახაზი. აღნიშნილის საფუძველზე 2009 წლის 4 მაისს მოქალაქე ლ. ჭ-ძეზე, აღნიშნულ მისამართზე გაცემულ იქნა საკუთრების უფლების მოწმობა ¹1943. აღნიშნული ბინა, ამჟამად ირიცხება მოქალაქე ლ. ჭ-ძის სახელზე. მისი ნებართვის გარეშე მის ბინაში შეჭრილია იძულებით გადაადგილებული პირი ე. გ-ი, იგი ითხოვს ე. გ-ის გამოსახლებას ქ.თბილისში, ... , ზემო პლატოს მე-2 მიკრორაიონში მე-20 კორპუსში მდებარე ¹20 ბინიდან.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ არის იძულებით გადაადგილებული პირი, ამიტომ არ უნდა გამოასახლონ. ამასთან, ეს სახლი დაუმთავრებელი იყო და მან საკუთარი ხარჯებით გააკეთა, რაშიც მონაწილეობა არ მიუღია მოსარჩელეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 23 ივნისის გადწყვეტილებით დაკმაყოფილდა ლ. ჭ-ძის სარჩელი, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. გ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 24 ნოემბრის განჩინებით ე. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო: ლ. ჭ-ძემ ქ.თბილისის სამგორის რაიონის სახალხო დეპუთათთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1991 წლის 27 მარტის ¹06.155/17 გადაწყვეტილების საფუძველზე მიიღო ოროთახიანი 36,6 კვ.მ. ბინა იზოლირებული, მისამართზე ..., ზემო პლატო, მე-2 მიკრორაიონი, მე-20 კორპუსი მე-5 სართული. ისან-სამგორის რაიონის გამგეობის 2009 წლის 30 აპრილის ¹46 განკარგულების 1-ლი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის ¹73 ბრძანებულების შესაბამისად, მოქალაქე ლ. ჭ-ძეს უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადაეცა სახელმწიფო საბინაო ფონდის საცხოვრებელი იზოლირებული ბინა ¹20 საერთო ფართით 76,20კვ.მ, მდებარე ... მასივი, ზემო პლატო მე-2 მ/რ, მე-20 კორპუსი ¹20 ბინა. ხოლო ამავე განკარგულების მე-2 პუნქტის შესაბამისად, მასზე უნდა გაცემულიყო საკუთრების უფლების მოწმობა და გამგეობის მიერ დამოწმებული შიდა საკადასტრო აზომვითი ნახაზი. აღნიშნულის საფუძველზე 2009 წლის 4 მაისს მოქალაქე ლ. ჭ-ძის სახელზე აღნიშნულ მისამართზე, გაცემულ იქნა საკუთრების უფლების მოწმობა ¹1943. აღნიშნული ბინა, ამჟამად ირიცხება მოქალაქე ლ. ჭ-ძის სახელზე. მისი ნებართვის გარეშე მის ბინაში შეჭრილია იძულებით გადაადგილებული პირი ე. გ-ი.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირელი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: სადავო ბინა საკუთრების უფლებით ეკუთვნის ლ. ჭ-ძეს. მოპასუხე ფაქტობრივად ფლობს სადავო ბინას. ე. გ-ი დევნილის მოწმობის თანახმად, რეგისტრირებულია სადავო მისამართზე. სადავო ბინა დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ობიექტი არ არის და არ დასტურდება ამ ფართში ლტოლვილთა და განსახლების სამინსტროს ნებართვით ე. გ-ის შესახლება. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისიტროს ცნობის თანახმად, ე. გ-ი დევნილად რეგისტრირებულია სამგორის რაიონში, დროებით მცხოვრები, კერძოდ: ქ. თბილისში, ... ზემო პლატოს ¹20 კორპუსში (კერძო სექტორი). სასამართლოს განჩინებით სამინისტროდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია მათი ნებართვის საფუძველზე არის თუ არა შესახლებული ე. გ-ი სადავო მისამართზე, რაზეც სასამართლოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს 07.05.2010 წლის წერილით ეცნობა, რომ სამინისტროს მონაცემთა ბაზის მიხედვით ე. გ-ი დევნილად რეგისტრირებულია სადავო მისამართზე, ხოლო განჩინებით გათვალისწინებული სხვა მონაცემები სამინისტროში მოძიებული ვერ იქნა. აღნიშნული მოწმობს, რომ სამინისტროს მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულება იმისა, რომ ე. გ-ი მათი ნებართვით არის შესახლებული სადავო ბინაში და იგი წარმოადგენს კომპაქტური ჩასახლების ობიექტს.
სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა ასევე პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივ შეფასებებს კერძოდ; საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილია, რომ საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია, დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობის მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
“იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სახელმწიფო უზრუნველყოფს დევნილს დროებითი საცხოვრებელი ფართობით. სამინისტრო ახორციელებს დევნილთა განსახლებას სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დევნილთა დროებითი განსახლებისათვის გამოყოფილი საცხოვრებელი ფართობის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საბინაო საკითხებთან დაკავშირებული დავები წყდება სასამართლო წესით, ამასთან, საქართველოს შესაბამის ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის აღდგენამდე დევნილთა კომპაქტური განსახლების ობიექტებიდან არ ხდება დევნილების გამოსახლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც: ა) დევნილებთან იდება წერილობითი შეთანხმება; ბ) გამოიყოფა შესაბამისი საცხოვრებელი ფართობი, რომლითაც არ გაუარესდება დევნილის საყოფაცხოვრებო პირობები; გ) ხდება სტიქიური ან სხვა მოვლენები, რაც ითვალისწინებს განსაზღვრულ კომპენსაციებს და რეგულირდება საერთო წესით; დ) დევნილს ფართობი დაკავებული აქვს თვითნებურად, კანონის დარღვევით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მასალებით და მხარეთა ახსნა-განმარტებებით დგინდება, რომ მოპასუხე ე. გ-ი ცხოვრობს იმ ფართში, რომელიც არ წარმოადგენს კომპაქტურად განსახლების ობიექტს და რომელშიც მოპასუხე ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ნებართვით არ არის შესახლებული. საწინააღმდეგოს დამტკიცება მოპასუხემ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, ვერ შეძლო. კანონის თანახმად, სხვისი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის უფლება მესაკუთრის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უფლებაა და მისი უზრუნველყოფა ხდება ვინდიკაციური სარჩელის შეტანის გზით. მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ შემთხვევაში სამი წინაპირობის ერთდროულად არსებობისას არის შესაძლებელი. პირველი, უნდა არსებობდეს ნივთის მესაკუთრე, მეორე, უნდა არსებობდეს ნივთის მფლობელი და მესამე, მფლობელს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას მოპასუხის მიერ ვერ იქნა დადასტურებული სადავო ფართის ფლობის უფლება, მაშინ, როცა იგი ფაქტობრივად ცხოვრობს ამ ფართში და არ აძლევს მესაკუთრეს მისით სარგებლობის შესაძლებლობას. სასამართლოს მოსაზრებით, მოპასუხემ ვერ დააზუსტა ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ” კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული კანონისმიერი დაცვის მექანიზმების გამოყენების შესაძლებობა, ამდენად სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა იმ მოსაზრებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიიჩნია ლ. ჭ-ძის სარჩელი საფუძვლინად და მოპასუხე ე. გ-ის უკანონო მფლობელობიდან უნდა გამოთხოვილ იქნეს ქ.თბილიში, ... , ზემო პლატო მე-2 მიკრორაიონის მე-20 კორპუსში მდებარე ¹20 ბინა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე. გ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით უარი ეთქვას მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე შემდეგი საფუძვლებით: მიაჩნია, რომ სადავო ფართის მართლზომიერი მფლობელია, ვინაიდან ე. გ-ისა და მისი ოჯახის წევრების რეგისტრაციის კანონიერება ეჭვ ქვეშ არავის დაუყენებია. შესაბამისად, რეგისტრაციის შედეგად საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ აპელანტს მიანიჭა სადავო ბინით სარგებლობის უფლება. მოსარჩელეს არა აქვს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172-ე მუხლის საფუძველზე ნივთის გამოთხოვის უფლება. სადავო კორპუსში, ლტოლვილები კომპაქტურად არიან ჩასახლებული და ამჟამად იქ სულ 28 იძულებით გადაადგილებული დევნილი ოჯახი ცხოვრობს. რეგისტრირებულია საქართველოს ლტოლვილთა და განსხლების სამინისტროს მიერ. აღნიშნული დასტურდება სამინისტროს მიერ გაცემული ცნობებით ლტოლვილთა რეგისტრაციის შესახებ. გარდა ამისა, მისი აზრით დამატებითი გარანტიებს აძლევს კანონი ,,იძულებით გაადადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ’’ და პრეზიდენტის 1996 წლის 25 სექტემბრის ბრძანებულება, რაც სააპელაციო სასამართლოს არ გაითვალისწინა. 2000-2001 წლებში, როცა ფართში ჩასახლდნენ, საცხოვრებელი ბინა იყო დაუმთავრებელი, ნახევრად აშენებული კედლებით და ირიცხებოდა ქ.თბილისის მერიის სამშენებლო სამმართველოს ბალანსსზე (დღესაც ირიცხება) და მესაკუთრის თანხმობაც შეუძლებელია რომელიმე ორგანიზაციას გაეცა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 2 მაისის განჩინებით მოცემული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის განსახილველად დაინიშნა საქმის ზეპირი განხილვის ფორმით 2011 წლის 10 მაისს.
სასამართლო სხდომაზე მხარეებმა წარმოადგინეს მორიგების აქტი და იშუამდგომლეს მისი დამტკიცება შემდეგი პირობებით:
1. ე. გ-ი იღებს ვალდებულებას, ლ. ჭ-ძეს ამა წლის 30 ნოემბრამდე გადაუხადოს ბინის ღირებულება 18000 (თვრამეტი ათასი) აშშ დოლარი;
2. თანხის გადაცემის შემდეგ ე. გ-ის სახელზე საკუთრების უფლებით აღირიცხოს ქ.თბილისში, ... დასახლება, ზემო პლატოს მე-2 მიკრორაიონი, მე-20 კორპუსში მდებარე
¹20 ბინა.
3. ლ. ჭ-ძე იღებს ვალდებულებას არ გაასხვისოს სადავო ბინა ამა წლის 30 ნოემბრამდე, რის უზრუნველსაყოფადაც ყადაღა დაედოს ბინას;
4. 2011 წლის 30 ნოემბრამდე თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, ე. გ-ი იღებს ვალდებულებას, ბინა დაუყონებლივ გამოათავისუფლოს და შესაბამისად მოიხსნას ყადაღა ქ.თბილისში, ... დასახლება ზემო პლატოს მე-2 მიკრორაიონი, მე-20 კორპუსი ¹20 ბინა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა მხარეთა მიერ წარმოდგენილ მორიგების აქტს, თვლის, რომ მათი მოთხოვნა მორიგების დამტკიცების თაობაზე კანონიერია და უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ამ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, ხოლო მოცემული საქმის წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მოდავე მხარეთა მიერ გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში საქმის მორიგებით დამთავრების შესაძლებლობას.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს.
მოდავე მხარეების მიერ შედგენილი მორიგების აქტი დაერთო საქმეს.
მხარეებს განემარტათ, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, მხარეთა მორიგების შედეგად მოცემულ დავაზე სამოქალაქო საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, ხოლო, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
სამოქალაქო საპოროცესო კოდექსის 271-ე მუხლის თანახმად, მოცემული განჩინების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს სადავო ბინაზე ყადაღის დადებას.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ე. გ-ს დაუბრუნდეს ი. წ-ურის მიერ 2011 წლის 07 მარტს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი საკასაციო საჩივარზე _ 300 (სამასი) ლარი. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში მხარეებმა მორიგების აქტი წარმოადგინეს საკასაციო სასამართლოს მთავარი სხდომის დაწყებამდე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად კი, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
დამტკიცდეს მორიგება ე. გ-სა და ლ. ჭ-ძეს შორის შემდეგი პირობებით:
1. ე. გ-ი იღებს ვალდებულებას, ლ. ჭ-ძეს 2011 წლის 30 ნოემბრამდე გადაუხადოს ბინის ღირებულება 18000 (თვრამეტი ათასი) აშშ დოლარი;
2. თანხის გადაცემის შემდეგ ე. გ-ის სახელზე საკუთრების უფლებით აღირიცხოს ქ.თბილისში, ... დასახლება, ზემო პლატოს მე-2 მიკრორაიონი, მე-20 კორპუსში მდებარე ¹20 ბინა.
3. ლ. ჭ-ძე იღებს ვალდებულებას არ გაასხვისოს სადავო ბინა 2011 წლის 30 ნოემბრამდე.
4. 2011 წლის 30 ნოემბრამდე თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, ე. გ-ი იღებს ვალდებულებას, ბინა დაუყონებლივ გამოათავისუფლოს და შესაბამისად მოიხსნას ყადაღა ქ.თბილისში, ... დასახლება ზემო პლატოს მე-2 მიკრორაიონი, მე-20 კორპუსი ¹20 ბინა.
ყადაღა დაედოს ლ. ჭ-ძის სახელზე რიცხულ ბინას მდებარე ქ.თბილისში, ... დასახლება, ზემო პლატოს მე-2 მიკრორაიონი, მე-20 კორპუსი ¹20.
შეწყდეს საქმის წარმოება ლ. ჭ-ძის სარჩელის გამო ე. გ-ის მიმართ უკანონო მფობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე.
გაუქმდეს მოცემულ საქმეზე მიღებული ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებები.
ე. გ-ს დაუბრუნდეს ი. წ-ურის მიერ 2011 წლის 07 მარტს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი საკასაციო საჩივარზე _ 300 (სამასი) ლარი.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.