Facebook Twitter

ას-220-209-2010 29 ივნისი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ლ. ლაზარაშვილი, პ. ქათამაძე

სხდომის მდივანი _ ვ.ბოკუჩავა

კასატორები _ ზ. კ-ძე, თ. კ-ძე (მოსარჩელე)

წარმომადგენელი _ მ.დ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე _ ლ. კ-ინი (მოპასუხე)

წარმომადგენელი _ კ.ბ-ძე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი _ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, უძრავი ნივთის საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების აღრიცხვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ზ. ი-ძემ, ს. ქ-ძემ, თ. კ-ძემ, ზ. კ-ძემ, მ. თ-ძემ, ვ. ბ-შვილმა, ნ. გ-იანმა, თ. და დ. ა-იანებმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში მოპასუხეების სს “ქ.ტ-ის კ-ის”, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის, მესამე პირების _ ო. წ-ისა და ნოტარიუს ე. გ-შვილის მიმართ გარიგების ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების აღრიცხვის შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 2000 წლის 8 ივნისს ზ. კ-ძემ შეიძინა ქ.ქუთაისში, ... ¹2-ში მდებარე 314,16 კვ.მ შენობა-ნაგებობა, რაზეც გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება სს “ქ-ს ტ-ის კ-ის” დირექტორ ო. თ-ძესთან. აღნიშნულთან დაკავშირებით არსებობს სამეთვალყურეო საბჭოს 2000 წლის 5 ივნისის ¹18 ოქმში ასახული თანხმობა. საკუთრების უფლება დარეგისტრირდა ქ.ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში.

თ. კ-ძესა და სს „ქ-ის ტ-ის კ-ის“ დირექტორს შორის სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობით 2000 წლის 8 სექტემბერს დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება ქ.ქუთაისში, ... გამზ. ¹2-ში მდებარე 620,84 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართზე. საკუთრების უფლება დარეგისტრირდა ქ.ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში.

მოსარჩელეებმა მიმართეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სამსახურს მათი კუთვნილი შენობა-ნაგებობებისა და მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლებით დარეგისტრირების შესახებ, რაზეც უარი ეთქვათ, ვინაიდან რეგისტრაცია უნდა განხოციელებულიყო ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს დასკვნის საფუძველზე. აღნიშნული უარი უკანონოა და არღვევს მოსარჩელეთა უფლებებს.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს შემდეგი მოტივებით: მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებებით ნასყიდობის საგნის საკუთრების უფლება მოსარჩელეებზე კანონით დადგენილი წესით არ გადასულა. მიწის მართვის დეპარტამენტის 1998 წლის 10 იანვრის ბრძანებით საჯარო რეესტრი გაიმიჯნა ტექბიუროსაგან და თავად ახდენდა საკუთრების უფლების რეგისტრაციას, ხოლო ტექინვენტარიზაციის სამსახური წარმოადგენდა საკუთრების ობიექტის ტექნიკურ მახასიათებლების დამდგენ ორგანოს. სს „ქ-ის ტ-ის კ.“ კეთილსინდისიერი შემძენია და გარიგების დადების მომენტში მისთვის უცნობი იყო, საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, რა სამართლებრივი მდგომარეობა გააჩნდა მოსარჩელეების შენობებს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 11 თებერვლისა და 21 აპრილის განჩინებებით დავაში მოპასუხეებად ჩაებნენ ო. წ-ი და ლ. კ-ინი, ამავე სასამართლოს 2008 წლის 5 მაისისა და 6 ივნისის განჩინებებით კი ნ. გ-იანის, ს. ქ-ძის, ვ. ბ-შვილის, თ. ა-იანის, დ. ა-იანის, მ. თ-ძის, ასევე ზ. ი-ძის მოთხოვნის ნაწილში საქმის წარმოება შეწყდა მხარეთა მორიგების გამო.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილებით თ.კ-ძისა და ზ.კ-ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი 2007 წლის 8 ოქტომბრისა და 2008 წლის 27 მარტის ხელშეკრულებები თ. კ-ძისა და ზ. კ-ძის კუთვნილი 620.84 კვ.მ ლიტ “ე”, “ე1” და 314.16 კვ.მ ლიტ “ზ” შენობა-ნაგებობების მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთის ნაწილში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა საკუთრების უფლების აღრიცხვა ქ.ქუთაისში, ... ¹2-ში მდებარე შენობა-ნაგებობის _ 620.84 კვ.მ ლიტ “ე” და “ე1” თ. კ-ძის საკუთრებად, ხოლო 314.16 კვ.მ ლიტ “ზ” _ ზ. კ-ძის საკუთრებად, გაუქმდა საჯარო რეესტრის 2007 წლის 12 სექტემბრის ჩანაწერი სს “ქ-ის ტ-ის კ-ის” საკუთრებად 620.84 კვ.მ და 314.16 კვ.მ მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის შესახებ.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ლ. კ-ინმა, ო. წ-მა და სს “ქ-ის ტ-ის კ-მა” გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 6 მარტის განჩინებით მოცემული საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო ზ.კ-ძისა და თ.კ-ძის სარჩელი ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში და გადაეცა განსჯად სამოქალაქო საქმეთა პალატას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით სს “ქ-ის ტ-ის კ-ის”, ლ. კ-ინისა და ო. წ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება ქ.ქუთაისში, ... ¹2-ში მდებარე უძრავი ქონების 2007 წლის 8 ოქტომბრისა და 2008 წლის 27 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულებები თ.კ-ძისა და ზ.კ-ძის კუთვნილი 620.84 კვ.მ ლიტ “ე”, ლიტ “ე1” და 314.16 კვ.მ ლიტ “ზ” შენობა-ნაგებობის მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთების ნაწილში და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება თ.კ-ძისა და ზ.კ-ძის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებანი: 2000 წლის 8 ივნისის ხელშეკრულებით სს „ქ-ის ტ-ის კ-მა“ ზ. კ-ძეს მიჰყიდა ქ.ქუთაისში, ... ქ.¹2-ში მდებარე 314,16 კვ.მ ლიტერ „ზ“ არასაცხოვრებელი ფართი. ხელშეკრულება დამოწმდა სანოტარო წესით და დარეგისტრირდა ტექნიკური ინვენტარიზაციის სამსახურში. 2000 წლის 8 სექტემბრის ხელშეკრულებით სს „ქ-ის ტ-ს კ-მა“ თ. კ-ძეს მიჰყიდა ქ.ქუთაისში, ... ქ.¹2-ში მდებარე 620,84 კვ.მ ლიტერ „ე“ არასაცხოვრებელი ფართი, რაც დამოწმდა სანოტარო წესით და აღირიცხა ტექნიკური ინვენტარიზაციის სამსახურში.

მხარეები არ დავობენ, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების საგანი იყო მხოლოდ შენობა-ნაგებობები და არა მიწის ნაკვეთი და ხელშეკრულებები დარეგისტრირდა ტექაღრიცხვის ბიუროში 2000 წელს. 2007 წელს სს „ქ–ი ს ტ–ის კ–მა“ გააფორმა ორი ნასყიდობის ხელშეკრულება და გაასხვისა 43,572 კვ.მ უძრავი ქონება, რომელიც შეიძინა ო. წ-მა და შემდგომ გაასხვისა ლ. კ-ინზე. აღნიშნული ქონება კომბინატის მთლიან ტერიტორიას მოიცავდა მიწის ნაკვეთითა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით. პალატამ აღნიშნა, რომ მოწინააღმდეგე მხარე დავის საგნად მხოლოდ მიწის ნაკვეთს უთითებს, რაც უსაფუძვლოა, რადგან შეუძლებელია მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა სხვადასხვა პირს ეკუთვნოდეს. ო. წ-ისა და ლ. კ-ინის მიერ უძრავი ქონების შეძენისას საჯარო რეესტრის ამონაწერში შენიშვნის სახით ფიქსირდებოდა, რომ ლიტ „ა-სა“ და ლიტ „გ-ში“ დარჩენილი ფართი გასხვისებული იყო. აღნიშნულ ლიტერებზე უფლებამოსილი პირები მორიგდნენ, ხოლო მოწინააღმდეგე მხარეების (მოსარჩელეების) უფლებების შესახებ საჯარო რეესტრის ამონაწერში მითითებული არ ყოფილა.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერით არ დადასტურდა თ. კ-ძისა და ზ. კ-ძის განმარტება ლიტერ „ე-სა“ და ლიტერ „ზ-ში“ არსებული ფართის მათი კუთვნილების თაობაზე, მყიდველისათვის ქონების შეძენის დროს აღნიშნულის შესახებ ცნობილი არ იყო, ანუ მყიდველი მოქმედებდა კეთილსინდისიერად. გამყიდველმა გაასხვისა მთლიანი მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა, რომ მოწინააღმდეგე მხარემ სადავო ლიტერებზე უფლება ტექაღრიცხვის ბიუროში დაარეგისტრირეს, რომელიც 1998 წლიდან უძრავ ნივთზე უფლების მარეგისტრირებელ ორგანოს არ წარმოადგენდა. ამდენად, პალატამ ჩათვალა, რომ, ვინაიდან საჯარო რეესტრში თ. კ-ძისა და ზ. კ-ძის საკუთრების შესახებ ჩანაწერი არ იყო, სადავო გარიგებების ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს.

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 149-ე მუხლით, სადავო შენობა-ნაგებობზე ნასყიდობის ხელშეკრულების დადების მომენტისათვის მოქმედი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლით და მიიჩნია, რომ 2000 წლის 8 ივნისის და 8 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებები დამოწმებულია სანოტარო წესით, ხოლო საქმის მასალებით ასევე უდავოდ დადგენილია, რომ ხელშეკრულებები ტექაღრიცხვის ბიუროში 2000 წელს დარეგისტრირდა. პალატის მითითებით, 2000 წლისათვის მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 1514-ე მუხლის შესაბამისად, ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურები ახდენდნენ მიწასთან მყარად დაკავშირებული შენობა-ნაგებობების ტექნიკური მდგომარეობის აღრიცხვას, რომელსაც არ გააჩნია საკუთრების უფლების იურიდიულად უფლებაწარმომქმნელი მნიშვნელობა. კანონი იმპერატიულად აწესებდა აღნიშნული მონაცემების საჯარო რეესტრის სამსახურში წარდგენის აუცილებლობას, რაც თ. კ-ძისა და ზ. კ-ძის მხრიდან არ განხორციელებულა, ხოლო ო. წ-მა და ლ. კ-ინმა კანონის ეს დანაწესი დაიცვეს, ანუ ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების დროს მყიდველი და გამყიდველი მოქმედებდა კანონის ფარგლებში. მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით დარეგისტრირდა ერთი უფლების ობიექტად.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა აპელანტების განმარტება, რომ თ. კ-ძემ და ზ. კ-ძემ ნასყიდობის ხელშეკრულებები აღრიცხეს რა ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში და არა საჯარო რეესტრში, სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის საფუძველზე სადავო შენობა-ნაგებობის მიმართ მათ საკუთრების უფლება არ წარმოშობიათ, შესაბამისად, ამავე კოდექსის 170-ე მუხლის თანახმად, მათ სადავო საკუთრების უფლების არსებობა ვერ დაადასტურეს.

პალატამ მიიჩნია, რომ სს „ქ–ის ტ–ის კ–ს“, ო. წ-სა და ლ. კ-ინს შორის 2007 წელს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებები კანონის დაცვითაა გაფორმებული და მისი ბათილობის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. სასამართლომ ჩათვალა, რომ მხარეები არიან კეთილსინდისიერები, ვინაიდან შეძენის მომენტისათვის საჯარო რეესტრის ამონაწერში არსებული შენიშვნიდან გამომდინარე, მათთვის ცნობილი ვერ იქნებოდა მიწის ნაკვეთზე განთავსებული სადავო შენობების ლიტერ „ე-სა“ და ლიტერ „ზ-ს“ სხვა პირებზე გასხვისების შესახებ. პალატამ მიიჩნია, რომ მხარე კეთილსინდისიერი შემძენია სადავო შენობების ქვეშ არსებული მიწის ნაკვეთის მიმართაც, რადგან საჯარო რეესტრის 2007 წლის 27 სექტემბერს და 8 ოქტომბრისათვის არსებულ ამონაწერებში მოსარჩელეთა უფლებების შესახებ ჩანაწერი არ არსებობდა, მასში ასახული იყო მხოლოდ სხვა პირთა უფლებები კონკრეტულ შენობაზე. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 185-ე, 312-ე და 477-ე მუხლების თანახმად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სს „ქ–ის ტ–ის კ–ი“ წარმოადგენს სადავო მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობების მესაკუთრეს, სამოქალაქო კოდექსის 487-ე მუხლის შესაბამისად, სს „ქ–ის ტ–ის კ–მა“ _ ო. წ-ს, ხოლო ამ უკანასკნელმა ლ. კ-ინს გადასცა ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნივთი.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ზ. კ-ძემ და თ. კ-ძემ გაასაჩივრეს საკასაციო წესით, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით: სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 185-ე, 312-ე და 477-ე მუხლები, როდესაც იმსჯელა მხოლოდ საჯარო რეესტრის მონაცემების სიზუსტეზე და სათანადოდ არ გამოიკვლია, იცოდა თუ არა შემძენმა სადავო უძრავი ნივთის ნაკლისა და უზუსტობის თაობაზე. ამ კუთხით გასაჩივრებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას. სააპელაციო პალატას უნდა გაეზიარებინა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება, რომ სს “ქ–ის ტ–ის კ–მა” სადავო ფართი მიჰყიდა კასატორებს, ხოლო შემდეგ ხელმეორედ გაასხვისა იგივე ქონება ო.წ-სა და ლ.კ-ინზე. ამასთან, როგორც კომბინატის, ისე ო.წ-ისა და ლ.კ-ინის წარმომადგენლად გამოდიოდა ერთი და იგივე პირი. სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 111-ე მუხლის პირველი ნაწილით, ვინაიდან კომბინატმა სადავო ფართი ო.წ-ზე გაასხვისა, როგორც არაუფლებამოსილმა პირმა, უძრავი ნივთის მესაკუთრეთა _ კასატორთა ნებართვის გარეშე, რის გამოც გარიგება ამავე კოდექსის 54-ე მუხლის საფუძველზე ბათილია. სააპელაციო პალატამ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, რომ ლ.კ-ინმა, შემდეგ კი ო.წ-მა შეიძინა როგორც მიწის ნაკვეთი, ისე შენობა-ნაგებობა. პალატას პრეიუდიციული ძალა არ უნდა მიენიჭებინა ადმინისტრაციული სასამართლოს გადაწყვეტილებისათვის, რომლითაც სადავო ნაგებობის ქვეშ არსებული სახელმწიფოს კუთვნილი მიწა უკანონოდ მიჩნეულ იქნა სს “ქ–ის ტ–ის კ–ის” საკუთრებად. ადმინისტრაციულ დავაში მონაწილეობდა საჯარო რეესტრის სააგენტო, ხოლო მოცემულ შემთხვევაში მხარეა ო.წ-ი და ლ.კ-ინი.

საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მხარეებმა წარმოადგინეს მორიგების აქტი და იშუამდგომლეს მისი დამტკიცება შემდეგი პირობებით:

1. ლ. კ-ინი გადასცემს საკუთრების უფლებას ზ. კ-ძეს და თ. კ-ძეს ქ.ქუთაისში, .... ¹2-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე 2000 (ორი ათასი) კვ.მ-ის ოდენობით (საკადასტრო კოდი ¹030407342);

2. მიწის ნაკვეთის გადაცემა მოხდება საკუთრების უფლებით, რომლის ტექნიკური დახასიათება, გამოსახულება და ზომები მოცემულია მორიგების შეთანხმებაზე თანდართულ საკადასტრო ნახაზზე ნიმუშის სახით, კერძოდ, მიწის ნაკვეთი ქ.ქუთაისში, ... ქუჩაზე გადის 5 (ხუთი) მეტრი სიგანის საავტომობილო შემოსასვლელით, ხოლო მთლიანობაში შიდა პერიმეტრის გათვალისწინებით შეადგენს 2000 (ორი ათასი) კვ.მ-ს;

3. მხარეები თანხმდებიან, რომ საკუთრებაში გადასაცემ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით დამატებით შეადგენენ საკადასტრო აზომვით ნახაზს საჯარო რეესტრში წარსადგენად და სარეგისტრაციოდ ერთი თვის ვადაში. საჯარო რეესტრში საკადასტრო აზომვითი ნახაზის შედგენისა და წარდგენის ვალდებულებას კისრულობს ლ. კ-ინი;

4. ზ. კ-ძე და თ. კ-ძე უარს აცხადებენ თავიანთ სასარჩელო მოთხოვნებზე მოცემულ საქმეზე სადავო უძრავ ქონებასთან დაკავშირებით და გამოხატავენ ნებას, გააფორმონ მორიგება მიწის ნაკვეთის თანასაკუთრებაში მიღების შესახებ თანდართული საკადასტრო აზომვით ნახაზში მითითებული კონფიგურაციითა და მოცემულობით;

5. წინამდებარე მორიგების შეთანხმება მხარეთა ნებას ემყარება და ისინი თანახმა არიან, ნებაყოფლობით აღასრულონ აღნიშნული განჩინება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი აღსრულდება იძულებით;

6. მხარეები თანხმდებიან, რომ ზ. კ-ძე და თ. კ-ძე 12 (თორმეტი) თვის განმავლობაში ისარგებლებენ ამჟამად მათ მფლობელობაში არსებული სადავო შენობა-ნაგებობით, რომლის შემდგომ ლ.კ-ინის მოთხოვნისთანავე დაიცლება სადავო ქონება, ხოლო 12 (თორმეტი) თვე აითვლება მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში, მორიგების პირობების თანახმად, ზ. კ-ძეზე და თ. კ-ძეზე რეგისტრაციის მომენტიდან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა მხარეთა მიერ წარმოდგენილ მორიგების აქტს, თვლის, რომ მათი მოთხოვნა მორიგების დამტკიცების თაობაზე კანონიერია და უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ამ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, ხოლო მოცემული საქმის წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მოდავე მხარეთა მიერ გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში საქმის მორიგებით დამთავრების შესაძლებლობას. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს.

მოდავე მხარეების მიერ შედგენილი მორიგების აქტი დაერთო საქმეს.

მხარეებს განემარტათ, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, მხარეთა მორიგების შედეგად მოცემულ დავაზე სამოქალაქო საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, ხოლო, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზ. კ-ძეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 2010 წლის 19 აპრილს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 628 ლარის ოდენობით, ხოლო თ. კ-ძეს _ მის მიერ 2010 წლის 19 აპრილს გადახდილი 1240 ლარი, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში მხარეებმა მორიგების აქტი წარმოადგინეს საკასაციო სასამართლოს მთავარი სხდომის დაწყებამდე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად კი, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე, 273-ე, მე-3, მე-4 მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

დამტკიცდეს მორიგება, ერთი მხრივ, ლ. კ-ინს, ხოლო, მეორე მხრივ, ზ. კ-ძესა და თ. კ-ძეს შორის შემდეგი პირობებით:

1. ლ. კ-ინი გადასცემს საკუთრების უფლებას ზ. კ-ძეს და თ. კ-ძეს ქ.ქუთაისში, ი.... ¹2-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე 2000 (ორი ათასი) კვ.მ-ის ოდენობით (საკადასტრო კოდი ¹030407342);

2. მიწის ნაკვეთის გადაცემა მოხდება საკუთრების უფლებით, რომლის ტექნიკური დახასიათება, გამოსახულება და ზომები მოცემულია მორიგების შეთანხმებაზე თანდართულ საკადასტრო ნახაზზე ნიმუშის სახით, კერძოდ, მიწის ნაკვეთი ქ.ქუთაისში, ... ქუჩაზე გადის 5 (ხუთი) მეტრი სიგანის საავტომობილო შემოსასვლელით, ხოლო მთლიანობაში შიდა პერიმეტრის გათვალისწინებით შეადგენს 2000 (ორი ათასი) კვ.მ-ს;

3. მხარეები თანხმდებიან, რომ საკუთრებაში გადასაცემ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით დამატებით შეადგენენ საკადასტრო აზომვით ნახაზს საჯარო რეესტრში წარსადგენად და სარეგისტრაციოდ ერთი თვის ვადაში. საჯარო რეესტრში საკადასტრო აზომვითი ნახაზის შედგენისა და წარდგენის ვალდებულებას კისრულობს ლ. კ-ინი;

4. ზ. კ-ძე და თ. კ-ძე უარს აცხადებენ თავიანთ სასარჩელო მოთხოვნებზე მოცემულ საქმეზე სადავო უძრავ ქონებასთან დაკავშირებით და გამოხატავენ ნებას, გააფორმონ მორიგება მიწის ნაკვეთის თანასაკუთრებაში მიღების შესახებ თანდართული საკადასტრო აზომვით ნახაზში მითითებული კონფიგურაციითა და მოცემულობით;

5. წინამდებარე მორიგების შეთანხმება მხარეთა ნებას ემყარება და ისინი თანახმა არიან, ნებაყოფლობით აღასრულონ აღნიშნული განჩინება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი აღსრულდება იძულებით;

6. მხარეები თანხმდებიან, რომ ზ. კ-ძე და თ. კ-ძე 12 (თორმეტი) თვის განმავლობაში ისარგებლებენ ამჟამად მათ მფლობელობაში არსებული სადავო შენობა-ნაგებობით, რომლის შემდგომ ლ.კ-ინის მოთხოვნისთანავე გამოთავისუფლდება სადავო ქონება. 12 (თორმეტი) თვე აითვლება მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში, მორიგების პირობების თანახმად, ზ. კ-ძეზე და თ. კ-ძეზე რეგისტრაციის მომენტიდან.

შეწყდეს საქმის წარმოება ზ. კ-ძის და თ. კ-ძის სარჩელისა გამო სს “ქ–ის ტ–ის კ–ის”, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის, მესამე პირების ო. წ-ისა და ნოტარიუს ე. გ-შვილის მიმართ გარიგების ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების აღრიცხვის შესახებ.

გაუქმდეს მოცემულ საქმეზე მიღებული ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებები.

განემარტოთ მხარეებს, რომ სასამართლოში დავა იმავე მხარეებს შორის, იმავე საფუძვლითა და იმავე საგანზე დაუშვებელია.

ზ. კ-ძეს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 628 ლარი.

თ. კ-ძეს დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1240 ლარი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.