Facebook Twitter

¹ას-221-210-10 30 მარტი, 2010 წელი

¹ ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატამ

მოსამართლე:M მ. სულხანიშვილი

საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ე. ფ-შვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 3 ნოემბრის განჩინებაზე, საქმეზე _ ე. ფ-შვილის სარჩელის გამო მოპასუხე კ. ფ-შვილის, ლ. ფ-შვილის და ... რაიონის ნოტარიუსის ზ. ჩ-შვილის მიმართ, ჩუქების ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, საცხოვრებელი ბინიდან წილის გამოყოფა, მორალური და ქონებრივი ზიანის ანაზღაურება.

პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ ე. ფ-შვილის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

მოცემულ შემთხვევაში უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 15 მარტის განჩინებით კასატორს განესაზღვრა 3 დღიანი ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის შესაბამისად დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოსადგენად.

აღნიშნული განჩინების ასლი კასატორს გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით და ჩაბარდა 2010 წლის 19 მარტს (ს.ფ.90-91). შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა ამოიწურა ამა წლის 22 მარტს, მაგრამ აღნიშნულ ვადაში კასატორის მიერ ხარვეზი არ იქნა შევსებული.

2010 წლის 23 მარტს ე. ფ-შვილმა განცხადებით მომართა საკასაციო პალატას და მოითხოვა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება 5 დღით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ კასატორს ხარვეზის შესავსებად მიცემული საპროცესო ვადა ამოეწურა 2010 წლის 22 მარტს, ხოლო მის მიერ განცხადება ფოსტის მეშვეობით გამოგზავნილი იქნა მიმდინარე წლის 23 მარტს, ანუ საპროცესო ვადის 1 დღის გასვლის შემდეგ. ზემოაღნიშნული მუხლიდან გამომდინარე ე. ფ-შვილის მიერ საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილი დოკუმენტი განუხილველი უნდა დარჩეს.

პალატა თვლის, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველი.

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ე. ფ-შვილის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.