ას-223-212-10 3 ივნისი, 2010 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),
თ. თოდრია (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს “ჟოკეი კლუბი” (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. მ-ავა (მოსარჩელე)
დავის საგანი – თანხის ანაზღაურება
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს
2009 წლის 10 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა მ. მ-ავამ შპს “ჟოკეი კლუბის” მიმართ და მოითხოვა თბილისში, ... ქ. ¹13-ში, დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ადგილზე კოტეჯის გამონთავისუფლების სანაცვლოდ მოპასუხისათვის 12500 აშშ დოლარის ოდენობით კომპენსაციის დაკისრება.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელეს არ შეთანხმებია წერილობით ფართის განთავისუფლების სანაცვლოდ კომპენსაციაზე, მოსარჩელე ფაქტობრივად არ ცხოვრობდა სადავო ადგილზე და, შესაბამისად, არც გამოსახლებულა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 20 მაისის გადაწყვეტილებით მ. მ-ავას სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე შპს “ჟოკეი კლუბს” მოსარჩელე მ. მ-ავას სასარგებლოდ დაეკისრა 12 500 აშშ დოლარის გადახდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა _ შპს “ჟოკეი კლუბმა” და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 10 დეკემბრის განჩინებით აპელანტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება.
სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელეს მინიჭებული აქვს დევნილის სტატუსი, მასზე გაცემულ დევნილის მოწმობაში დროებით მისამართად მითითებულია, იპოდრომი 001, საბურთალო და ის რეგისტრირებულია ცალკე ოჯახის ნომრით. საქმეში წარმოდგენილი საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს სახელობითი სიით დგინდება, რომ ნ. დ-ნია რეგისტრირებულია ამავე მისამართზე ცალკე ოჯახის ნომრით _ ¹010304. სადავო არაა ის გარემოება, რომ მოპასუხე ... ქ. ¹13-ში, იპოდრომის ტერიტორიაზე ჩასახლებულ დევნილებს ფართის სანაცვლოდ უხდიდა კომპენსაციას 12 500 აშშ დოლარის ოდენობით.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელემ 2006 წლის 20 ივნისის სანოტარო აქტით, მინდობილობით, ნ. დ-ნიას მიენიჭა მოპასუხესთან წერილობითი შეთანხმების დადებისა და ფართის განთავისუფლების სანაცვლოდ საკომპენსაციო თანხის მიღების უფლებამოსილება.
საკომპენსაციო თანხის სანაცვლოდ საცხოვრებელი სადგომის გათავისუფლების შესახებ 2006 წლის 20 ივნისის ხელშეკრულების (სანოტარო აქტი ¹1-7637) შესაბამისად, ნ. დ-ნიას, როგორც იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩასახლებული ¹01304 ოჯახის წარმომადგენელსა და შპს “ჟოკეი კლუბს” შორის შესდგა შეთანხმება 12625 აშშ დოლარის სანაცვლოდ დაკავებული კოტეჯის განთავისუფლების თაობაზე. აღნიშნული ხელშეკრულების შესავალი ნაწილის მიხედვით დგინდება, რომ ის წარმოადგენდა ცალკე ნომრად რეგისტრირებულ მხოლოდ თავის ოჯახს და არა 2006 წლის 20 ივნისს ¹1-2469 სანოტარო აქტით, მინდობილობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, მ. მ-ავას ოჯახს, ვინაიდან, ამ ხელშეკრულების შესაბამისად ნ. დ-ნიამ მიიღო მხოლოდ ერთი ოჯახისათვის განკუთვნილი საკომპენსაციო თანხა. დადგენილია, რომ განხორციელდა ¹9 კოტეჯის დემონტაჟი და მოსარჩელეს საკომპენსაციო თანხა არ მიუღია.
აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა შპს “ჟოკეი კლუბმა”. კასატორმა განმარტა, რომ სასამართლომ საკმარისად არ დაასაბუთა ის ფაქტი, რომ ნ. დ-ნია წარმოადგენდა თუ არა მოსარჩელეს ხელშეკრულების დადების დროს, ვინაიდან ამ საკითხის სათანადო გარკვევას არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა საქმეზე ობიექტური გადაწყვეტილების მიღებისას.
სააპელაციო სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა იმ გარემოებას, რომ მოპასუხე ხელშეკრულებას კომპენსაციის გადახდის შესახებ დებდა დევნილთა ოჯახებთან. საქართველოს კანონმდებლობა არ განსაზღვრავს ოჯახის ცნებას. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ნ. დ-ნია და მოსარჩელე წარმოადგენდნენ ერთ ოჯახს და როდესაც მოპასუხემ შეთანხმება მიაღწია ამ კონკრეტულ ოჯახთან, ბუნებრივია, ოჯახის ერთ-ერთ წევრთან დადო ხელშეკრულება იმ გარემოების გამო, რომ ოჯახის დანარჩენმა წევრებმა სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობებით მიანიჭეს ამის უფლებამოსილება ნ. დ-ნიას. გადაწყვეტილებში სასამართლო ადგენს (სამართლებრივი დასაბუთების გარეშე), რომ ნ. დ-ნია ხელშეკრულების დადების დროს წარმოადგენდა მხოლოდ ¹01302 ოჯახს, რაც არასწორია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “ჟოკეი კლუბის” საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით არსებობს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, რომ დაუშვას შპს “ჟოკეი კლუბის” საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შპს “ჟოკეი კლუბის” საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
შპს “ჟოკეი კლუბს” დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – (1086 ლარის და 44 თეთრის) 70% - 760.50 ლარი;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.