Facebook Twitter

ას-227-216-2010 22 ოქტომბერი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი

სხდომის მდივანი – ვ. ბოკუჩავა

კასატორი – შპს “ა.-ა.” (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს “დ.-ი.” (მოსარჩელე)

გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი _ კრების ოქმის ბათილად ცნობა, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა და ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა შპს „დ. ი.-მ“ (დირექტორი გ.ნ-შვილი) მოპასუხეების: იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შპს „ა.-ა.-სა“ და ნოტარიუს ქ. ჩ-ძის, მესამე პირების: დ. თ-შვილისა და ი. მ-ძის მიმართ რეესტრის ამონაწერის, კრების ოქმებისა და წესდების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 24 იანვრის განჩინებით აღნიშნული სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადმოეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

მოსარჩელემ მოითხოვა საჯარო რეესტრის 2005 წლის 25 მარტის ამონაწერის ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრისათვის პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის დავალება, ნოტარიუს ქ.ჩ-ძის მიერ დამოწმებული შპს „არსიან-ა.-ს“ 2005 წლის 18 მარტის რედაქციით დარეგისტრირებული წესდების ბათილად ცნობა. ნოტარიუს ქ.ჩ-ძის სანოტარო აქტით დამოწმებული შპს „ა.-ა.-ს“ 2005 წლის 1 მარტის კრების ოქმის ბათილად ცნობა; შპს ა.-ა.-ს“ საწესდებო კაპიტალში შპს „ა.ს“ მიერ ი. მ-ძისა და დ. თ-შვილისათვის წილის დათმობების ხელშეკრულებების ბათილად ცნობა შპს „დ.-ი.-ს“ 2004 წლის 5 სექტემბრის ¹6 კრების ოქმის ამონაწერის ბათილად ცნობა.

2007 წლის 16 ივლისს მოსარჩელემ დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს მოპასუხე შპს „ა.-ა.-ს“ მიმართ და მოითხოვა რეესტრის 2005 წლის 25 მარტის ამონაწერის ბათილად ცნობა ... გამზ. ¹44-ში მდებარე 619 კვ.მ ფართის (ცენტრალურ შესასვლელთან მარცხენა მხარეს) შპს „ა.-ა.-ს“ საკუთრების გადაცემის ნაწილში და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა შპს „დ.-ი.-ს“ საკუთრებაში აღნიშნული ფართის დაბრუნების გზით შპს „ა.-ა.-ს“ 2005 წლის 18 მარტის წესდების (არსებული რედაქციის) და შპს „დ.-ი.-ს“ 2004 წლის 5 სექტემბრის კრების ¹6 ოქმის ამონაწერის, როგორც ყალბისა და უკანონოს ბათილად ცნობა.

2008 წლის 29 აპრილის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ საბოლოოდ დააზუსტა მოთხოვნები და მოითხოვა: შპს „დ.-ი.-ს“ 2004 წლის 5 სექტემბრის ¹6 კრების ოქმის ამონაწერის ბათილად ცნობა; შპს „ა.-ა.-ს“ 2005 წლის 1 მარტის კრების ოქმის (დამოწმებული სანოტარო აქტით ¹1-680 2005 წლის 4 მარტის ნოტარიუს ქ.ჩ-ძის მიერ) ბათილად ცნობა, ასევე მოითხოვა 2005 წლის 25 მარტის საჯარო რეესტრის ამონაწერის შპს „ა.-ა.-ს“ ... 44-ში მდებარე ნაგებობის ცენტრალური შესასვლელიდან მარცხენა მხარეს 619 კვ.მ ფართის საკუთრების ნაწილში ბათილად ცნობა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა 2004 წლის 17 აგვისტოს გაცემული ამონაწერის მიხედვით. შპს „დ.-ი.-სათვის“ მიყენებული ზიანის ანაზღაურება 306 293 აშშ დოლარის ოდენობით (გამოწვეული შპს „ა.-ა.-ს“ დირექტორის _ ი.მ-ძის დანაშაულებრივი საქმიანობით _ როგორც ანაცდენი ზიანი) შპს „ლ.-გ.-ს“ გამოსახლება ქ. თბილისში, ... გამზირ ¹44-დან და გამონთავისუფლებული სადავო უძრავი ქონების მოსარჩელისათვის გადაცემა, აგრეთვე, მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე მოპასუხე შპს “ა.-ა.-სათვის“ მოსარჩელის სასარგებლოდ ყოველთვიური საიჯარო ქირის გადახდის დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს ,,დ.-ი.-ს” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი შპს ,,დ.-ი.-ს” 2004 წლის 5 სექტემბრის ¹6 კრების ოქმის ამონაწერი, ბათილად იქნა ცნობილი შპს “ა.-ა.-ს” 2005 წლის 1 მარტის კრების ოქმი დამოწმებული ¹1-680 სანოტარო აქტით 2005 წლის 4 მარტს ნოტარიუს ქ.ჩ-ძის მიერ, აღდგენილ იქნა მოსარჩელე შპს ,,დ.-ი.-ს” საკუთრების უფლება ქ.თბილისში, ... გამზირის ¹44-ში მდებარე უძრავი ქონება. მოპასუხე შპს ,,ა.-ა.-ს” დაეკისრა 18597 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა მოსარჩელე შპს ,,დ.-ი.-ს” სასარგებლოდ, მოპასუხე შპს ,,ა.-ა.-ს” დაეკისრა ყოველთვიურად 8600 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა შპს ,,დ.-ი.-ს” სასარგებლოდ 2008 წლის იანვრიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, შპს “ლ.-გ.-ს” მიმართ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,ა.-ა.-მ” და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

მოპასუხე მხარემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ კრების ოქმის გაუქმება ნიშნავს იმას, რომ შპს „ა.-ა.“ ვალდებული იქნება, თავიდან მოიწვიოს დამფუძნებელთა კრება, რის შემდეგაც, სავარაუდოდ, შედეგი არ შეიცვლება, გარდა ამისა, თ.რ-ძემ მიუთითა, რომ მოსარჩელე მხარეს გ.ნ-შვილსა და მის წარმომადგენელს წერილობითი უარი აქვთ ნათქვამი სარჩელზე, რომელიც შეეხებოდა შპს „ა.-ა.-ს“ რეგისტრაციის გაუქმებას. ამდენად, მოპასუხე მხარემ მოითხოვა სარჩელს უარი ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილებით შპს ,,ა.-ა.-ს” სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილების მე-5 პუნქტი და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, შპს ,,დ.-ი.-ს” სარჩელი მოპასუხე შპს ,,ა.-ა.-სთვის” 18.597 აშშ დოლარი ეკვივალენტი ლარის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა შპს “ა.-ა.-ს” მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სასამართლო არ უნდა დაყრდნობოდა მხოლოდ კანონიერ ძალაში შესულ განაჩენს, ვინაიდან მოპასუხე შპს “ა.-ა.-ს” მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ შპს “დ.-ი.-მ”, როგორც შპს “ა.-ა.-ს” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მითითებულ შპს-ში შესატანის სახით შეიტანა სადავო უძრავი ქონება. აქედან გამომდინარე, შპს “დ.-ი.-სათვის” სადავო უძრავი ქონების დაბრუნება ეწინააღმდეგება იმ დროისათვის მოქმედი “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის ¹3.3 მუხლის Mმოთხოვნას, რომლის თანახმად, შესატანის უკან დაბრუნება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში დაიშვება მხოლოდ საწესდებო კაპოტალის შემცირების გზით. ამისთვის საჭიროა ცვლილებების შეტანა საზოგადოების წესდებაში. საწესდებო კაპიტალის შემცირება უნდა დარეგისტრირდეს სამეწარმეო რეესტრში.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა შპს “ა.-ა.-ს” მოსაზრება და განმარტა, რომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის ,,გ” პუნქტის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 24 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილ ფაქტებს გააჩნიათ პრეიუდიციული მნიშვნელობა და ისინი ხელმეორედ დადგენას და დადასტურებას არ საჭიროებენ, შესაბამისად, მხარეებს არ შეუძლიათ ასეთი ფაქტები სადავოდ გახადონ. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ, მოცემულ შემთხვევაში, კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ შპს ,,დ.-ი.-ს” საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება 619 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურში შპს ,,ა.-ა.-ს” საკუთრებად აღირიცხა ყალბი დოკუმენტების საფუძველზე.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ შპს “ა.-ა.-ს” მიერ მითითებული მტკიცებულებებით არ დასტურდება ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ შპს ,,დ.-ი.-მ”, როგორც შპს ,,ა.-ა.-ს” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მითითებულ შპს-ში შესატანის სახით შეიტანა სადავო უძრავი ქონება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ შპს ,,ა.-ა.-ს” წესდება არ შეიცავს მითითებას იმის შესახებ, რომ შპს ,,დ.-ი.-მ”, როგორც შპს ,,ა.-ა.-ს” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მითითებულ შპს-ში შესატანის სახით შეიტანა სადავო უძრავი ქონება, გარდა ამისა, სადავო უძრავი ქონება არ აღრიცხულა შპს “ა.-ა.-ს” საკუთრებად საჯარო რეესტრში ან ტექინვენტარიზაიის ბიუროში. ამდენად, სადავო უძრავი ქონებით შენატანი განხორციელებულად ვერ ჩაითვლება. აქედან გამომდინარე, დაუსაბუთებლად მიიჩნია შპს ,,ა.-ა.-ს” მითითება სასამართლოს მიერ ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის ¹3.3 მუხლის დარღვევის თაობაზე.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა შპს „ა.-ა.-ს“ მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 24 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დამნაშავედ იქნა ცნობილი ი. მ-ძე (ფიზიკური პირი), ამიტომ სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობაც სწორედ მას უნდა დაეკისროს და არა შპს „ა.-ა.-ს“, რადგან ამ უკანასკნელს დანაშაული არ ჩაუდენია. პალატამ აღნიშნა, რომ კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული ი. მ-ძემ ჩაიდინა, როგორც შპს „ა.-ა.-ს“ დირექტორმა და არა როგორც ფიზიკურმა პირმა. იგი მოქმედებდა საზოგადოების სახელით და მის მიერ დოკუმენტების გაყალბების მეშვეობით, სწორედ შპს „ა.-ა.-ს“ საკუთრებად აღირიცხა სადავო უძრავი ქონება, რომელიც წარმოადგენდა შპს „დ.-ი.-ს“ საკუთრებას. აქედან გამომდინარე, მართებულად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა შპს „დ.-ი.-სათვის“ სადავო უძრავი ქონების დაბრუნების შესახებ.

სააპელაციო პალატამ ასევე არ გაიზიარა შპს „ა.-ა.-ს” მოსაზრება იმის შესახებ, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია ვალდებული იყო შეეწყვიტა მის წარმოებაში არსებული სამოქალაქო საქმის წარმოება. მითითებული ნორმის მიხედვით, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით. განსახილველ შემთხვევაში არსებობს კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 8 დეკემბრის განჩინება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 8 დეკემბრის განჩინებით შეწყდა საქმის წარმოება ადმინისტრაციულ საქმეზე შპს „ა.-ა.-ს“ დამფუძნებლის და სს „დ.-ი.-ს“ წარმომადგენლის გ. ნ-შვილის სარჩელის გამო მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სარჩელის გამო მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ საჯარო რეეტრის მონაცემებში ცვლილებების შეტანის შესახებ, მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით კი დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ განხილულ იქნა შპს „დ.-ი.-ს“ სარჩელი მოპასუხეების შპს „ა.-ა.-ს“ შპს „ლ. გ.-ს“ მიმართ კრების ოქმის ბათილად ცნობის, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის, ზიანის ანაზღაურების და უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, სახეზე არაა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი, ვინაიდან არ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა შპს „ა.-ა.-ს“ მოსაზრება, იმის თაობაზე, შპს „დ.-ი.-ს“ დირექტორი ნ. ნ-შვილი არ იყო უფლებამოსილი სასამართლოში წარმოედგინა მითითებული საზოგადოება, ვინაიდან იგი კანონით დადგენილი წესით არ იყო დანიშნული ამ საზოგადოების დირექტორად. პალატამ მიუთითა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქ.თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) 2008 წლის 11 სექტემბრის ¹17202\006-5\4-3256 შპს ბრძანებით და სამეწარმეო რეესტრის ამონაწერით ირკვევა, რომ შპს „დ.-ი.-ს“ დირექტორად დანიშნულია და სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია ნ. ნ-შვილი. აღნიშნულ გარემოებათა საწინააღმდეგო მტკიცებულებები კი აპელანტს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია.

სააპელაციო პალატა არ გაიზიარა შპს „ა.-ა.-ს“ მოსაზრება მტკიცებულებათა მიღებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 14 ივლისის საოქმო განჩინების დაუსაბუთებლობის თაობაზე, ვინაიდან, მიიჩნია, რომ ჯერ ერთი, აპელანტმა ვერ დააზუსტა, თუ კონკრეტულად რომელი მტკიცებულებების მიღებაზე ეთქვა უარი 2008 წლის 14 ივლისის სასამართლოს მთავარ სხდომაზე და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე რომელი გარემოებების დადასტურებაა შესაძლებელი ამ მტკიცებულებებით. პალატამ მიუთითა, რომ 2008 წლის 8 მაისის შესაგებელზე დართული მტკიცებულებებით მოპასუხე შპს „ა.-ა.-ს“ სურდა სასამართლოსათვის დაედასტურებინა, რომ არსებობდა საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი. 2008 წლის 9 ივლისის მთავარ სხდომაზე სასამართლომ განიხილა მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მასალები და არ დააკმაყოფილა მისი შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ. მოგვიანებით, კერძოდ, 2008 წლის 24 სექტემბერს მოპასუხე შპს „ა.-ა.-მ“ სასამართლოს წარუდგინა შუამდგომლობა ახალი მტკიცებულებების მიღების შესახებ. ამ მტკიცებულებების მიღება-არმიღების თაობაზე სასამართლოს რაიმე განჩინება არ მიუღია. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ აპელანტი ასაჩივრებს მტკიცებულებათა მიღებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 14 ივლისის საოქმო განჩინებას, შესაბამისად, ამ დროისათვის სასამართლო ვერ იმსჯელებდა 2008 წლის 24 სექტემბერს წარდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობაზე. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტის მიერ მითითებული მტკიცებულებებით არ დასტურდება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ისეთი გარემოებები, რომელთა გაუთვალისწინებლობის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 9 ივლისის, 14 ივლისის, 19 სექტემბრის და 19 ოქტომბრის საოქმო განჩინებები კანონიერია და მათი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.

ამასთან, სააპელაციო პალატამ დამატებით აღნიშნა, რომ აპელანტის მოსაზრებები გასაჩივრებული საოქმო განჩინებების დაუსაბუთებლობის თაობაზე გასაზიარებელიც რომ იყოს, ეს ვერ გახდება გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393.3 მუხლის შესაბამისად, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დაუსაბუთებელია გასაჩივრებული გადაწყვეტილების მე-5 პუნქტი, რომლითაც მოპასუხე შპს „ა.-ა.-ს“ დაეკისრა 18597 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში გადახდა მოსარჩელე შპს „დ.-ი.-ს“ სასარგებლოდ ამ უკანასკნელისათვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად.

პალატამ მიუთითა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 24 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ შპს „დ.-ი.-ს“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება 619 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი (მდებარე ქბ.თბილისში, ... გამზირის ¹44-ში, ცენტრალური შესასვლელიდან მარცხენა მხარეს) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურში შპს „ა.-ა.-ს“ საკუთრებად აღირიცხა ყალბი დოკუმენტების საფუძველზე, რითაც შპს „დ.-ი.-ს“ მიადგა მატერიალური ზიანი 18597 აშშ დოლარის ოდენობით. ამავე განაჩენით დადგენილია, რომ 18597 აშშ დოლარი წარმოადგენს სადაო უძრავი ქონების ღირებულებას, რომელიც დაკარგა მოსარჩელემ ამ ქონების მოპასუხის მიერ უკანონოდ მითვისებით. პალატამ განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408.1 მუხლი და მიუთითა, რომ აღნიშნულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, ქართული სამოქალაქო სამართალი უპირატესობას ანიჭებს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას, ანუ ნატურით რესტიტუციას. ფულადი კომპენსაცია კრედიტორს იმ შემთხვევაში მიეცემა, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები.

აქედან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს დაუბრუნდა მისი კუთვნილი სადაო უძრავი ქონება, ანუ ზიანის ანაზღაურება მოხდა პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით, მოსარჩელისათვის დამატებით ფულადი კომპენსაციის – 18597 აშშ დოლარის გადაცემა უკანონოა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,ა.-ა.-ს” დირექტორმა გ. ბ-ძემ და მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

კასატორმა განმარტა, რომ სასამართლომ საქმე განიხილა მოსარჩელე მხარის კანონიერი წარმომადგენლის გარეშე, კერძოდ, 2008 წლის 26 აგვისტოს გარდაიცვალა შპს ,,დ.-ი.-ს” დირექტორი გ. ნ-შვილი, რომელიც შესაბამისად საქმეში წარმოადგენდა მოსარჩელე მხარეს. 2008 წლის 19 სექტემბრის სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა გარდაცვლილი გ. ნ-შვილის შვილი ნ. ნ-შვილი, რომელმაც სასამართლოს წარუდგინა საგადასახადო ინსპექციის ბრძანება და ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, რომელთა თანახმად შპს ,,დ.-ი.-ს” მონაცემებში შევიდა ცვლილება _ დირექტორებიდან გათავისუფლდა გ. ნ-შვილი და მის მაგივრად დაინიშნა ნ. ნ-შვილი. სასამართლომ არ გამოიკვლია ის ფაქტი, ნამდვილად არის თუ არა ნ. ნ-შვილი აღნიშნული შპს-ს დირექტორი.

კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს გადაწყვეტილებით შეუძლებელი იყო საკუთრების ჩამორთმევა და მოსარჩელისათვის მიკუთვნება მხოლოდ იმ არგუმენტებზე დაყრდნობით, რომ საჯარო რეესტრში წარდგენილი მრავალი დოკუმენტიდან კრების ოქმი იყო ყალბი. კასატორის განმარტებით, ოქმი არ ყოფილა ყალბი, ის მიღებულ იქნა შპს ,,ა.-ა.-ს” დამფუძნებელთა კრებაზე და მასში უძრავი ქონების დარეგისტრირების საკითხის გარდა განხილული და მიღებულ იქნა ისეთი საკითხებიც, რომლებიც სასამართლომ გაყალბებულად გამოაცხადა.

კასატორი მიუთითებს, რომ არასწორია სააპელაციო პალატის მოსაზრება, რომ შპს ,,ა.-ა.-ს” წესდება არ შეიცავს მითითებას, რომ შპს ,,დ.-ი.-მ”, როგორც ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მითითებულ შპს-ში შესატანის სახითYშეიტანა სადავო უძრავი ქონება. საქმეში არსებობს შპს ,,კავკასბიზნესაუდიტის” 1996 წლის 3 ოქტომბრის აუდიტორული დასკვნა, რომელიც შპს ,,კავკასბიზნესაუდიტს” შეუკვეთა შპს ,,დ.-ი.-მ” და რომლითაც შეფასებულ იქნა მისი კუთვნილი უძრავი ქონების ნაწილი, რომლის თანახმადაც აღნიშნული უძრავი ქონების ღირებულება შეფასებულ იქნა შპს ,,დ.-ი.-ს” მიერ შპს ,,ა.-ა.-ს” შექმნასთან დაკავშირებით მისი საწესდებო კაპიტალში შეტანის მიზნით. ამავე დროს შპს ,,ა.-ა.-ს” 1996 წლის წესდებაში, რომელსაც ხელს აწერს შპს ,,დ.-ი.-ს” დირექტორი გ. ნ-შვილი, აღნიშნულია, რომ შპს ,,დ.-ი.” არის შპს ,,ა.-ა.-ს” ერთ-ერთი დმფუძნებელი, რომლის წილი საწესდებო კაპიტალში განისაზღვრება 16597 აშშ დოლარით, შესაბამისად - 15%-ით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და მიიჩნევს, რომ შპს ,,ა.-ა.-ს” საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს 2007 წლის და 2004 წლის განაჩენებით დადგენილია, რომ შპს ,,დ.-ი.-ს” საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება _ 619 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი (მდებარე ქ. თბილისში, ... გამზირის ¹44-ში, ცენტრალური შესასვლელიდან მარცხენა მხარეს) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურში შპს ,,ა.-ა.-ს” საკუთრებად აღირიცხა ყალბი დოკუმენტების (შპს ,,დ.-ი.-ს” პარტნიორთა 2004 წლის 5 სექტემბრის ¹6 კრების ოქმის ამონაწერი, შპს ,,ა.-ა.-ს” პარტნიორთა 2005 წლის 1 მარტის კრების ოქმი) საფუძველზე.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნულ ფაქტებთან მიმართებაში სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა იმ დროს მოქმედი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის ,,გ” ქვეპუნქტი (გაუქმებულია 24.09.2010. ¹3619, რაც ამოქმედდა 2010 წლის 1 ოქტომბრიდან.) და მიიჩნია ზემოაღნიშნული პარტნიორთა კრების ოქმების არაკანონიერების ფაქტი პრეიუდიციულ ფაქტად განსახილველ საქმეში.

კასატორი შპს “ა.-ა.-ს” წარმომადგენელი უთითებს, რომ შპს “დ.-ი.-ს”, როგორც ერთ-ერთ დამფუძნებელს, შპს “ა.-ა.--ში” 2005 წლამდე შეტანილი ჰქონდა შესატანის სახით ქ. თბილისში, ... გამზირის ¹44-ში მდებარე 619 კვ.მ მიწის ნაკვეთი, (სადავო ოქმებით მიღებულ გადაწყვეტილებამდე), რომლის დასადასტურებლად უთითებს (ტ. I., ს.ფ. 373-435) საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის ზემოაღნიშნულ მოსაზრებას სადავო ქონების შპს “ა.-ა.-ს” საწესდებო კაპიტალში შენატანის თაობაზე.

უნდა აღინიშნოს, რომ არც პირველი ინსტანციის სასამართლოს და არც სააპელაციო სასამართლოს არა აქვთ მიღებული აღნიშნული მტკიცებულებები და, შესაბამისად, არც მსჯელობენ და იკვლევენ მათ.

სააპელაციო სასამართლო მსჯელობს ამ მტკიცებულებებზე მხოლოდ სსკ-ის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონტექსტში და ასკვნის, რომ ამ მტკიცებულებების მიღების ან არმიღების თაობაზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის არ არსებობას არ მოჰყვა არანაირი გადაწყვეტილების გამოტანა.

ამასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებები პირველი ინსტანციის სასამართლოში კანცელარიის მეშვეობით პაექრობის შუა ეტაპზე წარდგენილ იქნა შპს ,,ა.-ა.-ს” წარმომადგენლის მიერ. მტკიცებულებათა მიღება-არმიღების, არ შეფასების ან არასათანადოთ შეფასების თაობაზე პროცესუალურ დარღვევებს მნიშვნელობა გააჩნიათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ პროცესუალურ დარღვევის შედეგად იქნა გამოტანილი უკანონო გადაწყვეტილება (სსსკ-ის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილი).

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მითითებულ მტკიცებულებებს შესაძლოა, გავლენა მოეხდინა გადაწყვეტილების შედეგზე, მაგრამ მნიშვნელოვანია, ამ შემთხვევაში გათვალისწინებულ იქნეს მტკიცებულებების წარდგენასთან ან გამოთხოვასთან დაკავშირებული პროცესუალური კანონით დადგენილი შეზღუდვები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მოთხოვნათა დაცვით მთავარ სხდომაზე მტკიცებულებების წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ ისეთ ობიექტურ გარემოებათა არსებობის შემთხვევაში, რომლებიც მიუთითებენ სათანადო ეტაპზე მტკიცებულებების წარუდგენლობის საპატიო მიზეზზე (ამავე მუხლის მე-3 ნაწილი). სააპელაციო სასამართლოში დაუშვებელია ახალ ფაქტებზე და მტკიცებულებებზე მითითება, გარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე და 382 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებისა.

კასატორი ვერ უთითებს ამ მტკიცებულებების წარუდგენლობის საპატიო მიზეზზე, ხოლო მის მიერ მითითებული შუამდგომლობები საქმის წარმოების შეწყვეტისა და საქმეთა გაერთიანების თაობაზე, რომლებიც აღძრული ჰქონდა პირველი ინსტანციის სასამართლოში, არ წარმოადგენს მტკიცებულებათა წარუდგენლობის საპატიო მიზეზს, მიუხედავად იმისა, თუ მივიჩნევთ, რომ ეს მტკიცებულებები არსებობდა გასაერთიანებელ საქმეში.

აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ არსებობს სადავო ოქმების ბათილად ცნობის საფუძველი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგსა და ზნეობის ნორმებს.

ამასთან ერთად კასატორი ვერ უთითებს შპს ,,ლ. გ.-სთან” საიჯარო ქირის მიღების ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველზე. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის მიერ დადგენილი ფაქტები. დადგენილად არის მიჩნეული, რომ მოპასუხის ყოველთვიური შემოსავალი სადავო ფართის იჯარით გაცემის შედეგად შეადგენს 8765 აშშ დოლარს და იჯარის ხელშეკრულება ძალაშია 2006 წლის 1 ნოემბრიდან 5 წლის ვადით. პირველი ინსტანციის სასამართლო დაეყრდნო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლს (იხ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გვ. 5, 11). აღნიშნული მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისათვისაც. მიუღებელ შემოსავლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და, რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ამდენად, განსახილველი ნორმის თანახმად, მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, რომელიც მიიღებდა კრედიტორი და არა იმ შემოსავალს, რომელსაც იღებდა ვალდებულების დამრღვევი პირი. კასატორი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ მან შეუწყვიტა შპს “ლ. გ.-ს” იჯარის ხელშეკრულება, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში სამართლებრივი მნიშვნელობა არა აქვს. კასატორი არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ იჯარის ხელშეკრულება მას ჰქონდა დადებული შპს “ლ. გ.-სთან” და ქირის ოდენობა შეადგენდა 8600 აშშ დოლარს. ამდენად, იმ შემთხვევაში, თუ შპს “ა.-ა.-ს” მიერ არ იქნებოდა დარღვევული შპს “დ.-ი.-ის” უფლებები, არსებობს იმის ვარაუდი, რომ ეს უკანასკნელი მიიღებდა ამ შემოსავალს, რომლის საწინააღმდეგოდ კასატორი არ უთითებს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია. კონკრეტულ შემთხვევაში დასაშვებ და დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება და სამართლებრივ-მატერიალური ნორმის არასწორად გამოყენება ან განმარტება.

კასატორი ვერ უთითებს ისეთ გარემოებებზე, რომლებიც, კონკრეტული სადავო ურთიერთობის ზემოაღნიშნული თავისებურებებიდან გამომდინარე, მიუთითებს სადავო ქონების შენატანის სახით განკარგვის სამართლებრივი საფუძვლის არსებობაზე და სადავო ოქმების კანონიერებზე. ამდენად, საქმეში არ მოიპოვება ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც, საქართველოს საქმოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, გამორიცხავდა სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი, რადგან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ მითითებული კანონი არ დარღვეულა. სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შპს “ა.-ა.-ს” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.