Facebook Twitter

საქმე ¹ას-228-217-2010 19 მარტი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ნ. კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ინდივიდუალური მეწარმე “თ. თ-ანი” (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი – ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სარჩელი აღძრა სასამართლოში ინდივიდუალურ მეწარმე “თ. თ-ანის” მიმართ 2008 წლის 29 აპრილის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნით.

ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ინდივიდუალურ მეწარმე თ. თ-ანს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სასარგებლოდ დაეკისრა 7114.50 ლარის გადახდა, ამავე სასამართლოს 2009 წლის 6 მაისის დამატებითი გადაწყვეტილებით მოპასუხეს ასევე დაეკისრა პირგასამტეხლოს 2760.40 ლარის, სულ 9874.90 ლარის გადახდა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ინდივიდუალურმა მეწარმემ “თ. თ-ანმა”.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 21 სექტემბრის განჩინებით ინდივიდუალურ მეწარმე “თ. თ-ანის” წარმომადგენლების _ გ.შ-იასა და ე.გ-იას სააპელაციო საჩივარი ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილებაზე საქმის მასალებთან ერთად განსჯადობით განსახილველად გადაეცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით ინდივიდუალურ მეწარმე “თ. თ-ანის“ სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სარჩელი დაკმაყოფილდა, ინდივიდუალურ მეწარმე “თ. თ-ანს” ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სასარგებლოდ დაეკისრა 7114.50 ლარის ანაზღაურება.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ინდივიდუალურმა მეწარმემ “თ. თ-ანმა”.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ინდივიდუალურ მეწარმე “თ. თ-ანის” საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა ერთი თვე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამდენად, მითითებული ნორმებიდან გამომდინარე, კანონმდებელი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის იმპერატიულად ადგენს ერთთვიან ვადას. აღნიშნული ვადის დენა იწყება დასაბუთებული გადაწყვეტილების (განჩინების) მოდავე მხარეთათვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გადაცემის დღის მომდევნო კალენდარული დღიდან და მისი გაგრძელების შესაძლებლობას სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 16 დეკემბრის დასაბუთებული გადაწყვეტილება ინდივიდუალურ მეწარმე “თ. თ-ანს” ჩაბარდა პირადად 2010 წლის 27 იანვარს (იხ.ტ.II, ს.ფ.38).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო შეტყობინება ეგზავნება უშუალოდ მხარეს ან მის წარმომადგენელს და კანონმდებელი მითითებულ პირთაგან ერთ-ერთისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარებას განიხილავს კანონმდებლობით დადგენილი ან სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადის დენის დასაწყისად. განსახილველ შემთხვევაში კი დასტურდება, რომ მხარის მიერ მითითებულ მისამართზე გაგზავნილი სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ადრესატს ჩაბარდა პირადად 2010 წლის 27 იანვარს, შესაბამისად, გადაწყვეტილების საკასაციო წესით გასაჩივრებისათვის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით იმპერატიულად დადგენილი ერთთვიანი ვადის დენა ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის საფუძვლეზე დაიწყო 2010 წლის 28 იანვარს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.

ვინაიდან ვადის უკანასკნელი დღე _ 28 თებერვალი ემთხვეოდა დასვენების დღეს _ კვირას, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა ამოიწურა 2010 წლის 1 მარტს. კასატორმა კი სასამართლოს მიმართა ამავე წლის 4 მარტს (იხ.ტ.II, ს.ფ.39), საკასაციო საჩივრის შეტანისათვის დადგენილი ერთთვიანი ვადის დარღვევით. აღნიშნული გარემოება საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 397-ე მუხლის პირველი ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ინდივიდუალურ მეწარმე “თ. თ-ანის” საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.