Facebook Twitter

ას-229-214-2011 12 მაისი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ე. ს-ძე (მოსარჩელე)

წარმომადგენელი _ პ. კ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე _ თ. შ-ძე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 14 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ნივთის დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ე. ს-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. შ-ძის მიმართ და მოითხოვა ე. ს-ძესა და თ. შ-ძეს შორის 1997 წლის 28 ივლისს ქ. თბილისში, ... ქ.¹18-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის 86/322 ნაწილის 15 კვ.მ ფართზე დადებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების, ასევე ე. ს-ძესა და თ. შ-ძეს შორის 1997 წლის 31 ოქტომბერს ამავე მისამართზე მდებარე საცხოვრებელი სახლის 71/322 ნაწილის 30 კვ.მ-ზე დადებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, თ. შ-ძისათვის ქ.თბილისში, ... ქ.¹18-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის 86/322 ნაწილის _ 15 კვ.მ-სა და 71/322-ის _ 30 კვ.მ-ზე ე. ს-ძესთან 1997 წლის 28 ივლისსა და 31 ოქტომბერს დადებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებების საფუძველზე შეძენილი საკუთრების უფლების შეწყვეტა და აღნიშნული ფართის მესაკუთრედ ე. ს-ძის ცნობა.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგი მოტივები: მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ის ფაქტი, რომ გარიგების დადების დროს ე. ს-ძეს არ შეეძლო რეალური ვითარების სწორად აღქმა. სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნით, ე. ს-ძის მკურნალი ექიმის სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტებიდან და ავადმყოფის ამბულატორიული ბარათიდან დგინდება, რომ 1997 წელს ე. ს-ძე იყო ნორმალურ მდგომარეობაში, ქმედუნარიანი და ფსიქოტროპული დანიშნულების წამლებს არ იღებდა, დროდადრო გადიოდა მხოლოდ ამბულატორულ მკურნალობას. მოსარჩელის მოთხოვნა არის ხანდაზმული, ვინაიდან, უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების დადების ფაქტი მხარის მიერ გასაჩივრდა 9 წლისა და 2 თვის შემდეგ, მაშინ როდესაც, სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის თანახმად, უძრავ ნივთებთან დაკავშირებულ სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს 6 წელს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილებით ე. ს-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 14 დეკემბრის განჩინებით ე.ს-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის მიერ დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 1997 წლის 28 ივლისს ე. ს-ძესა და თ. შ-ძეს შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება ქ.თბილისში, ... ქ.¹18-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის 6/322 ნაწილიდან 15 კვ.მ-ზე. ამავე წლის 31 ოქტომბერს ე. ს-ძესა და თ. შ-ძეს შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება ამავე საცხოვრებელი სახლის 71/322 ნაწილიდან 30 კვ.მ-ზე. ქ.თბილისში, ... ქ.¹18–ში მდებარე საცხოვრებელი სახლის 15 და 30 კვ.მ ირიცხება თ. შ-ძის სახელზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით 1935 წლის 3 მაისს დაბადებული ე. ს-ძე აღიარებულ იქნა ქმედუუნაროდ. ე. ს-ძეს 1979 წლის 25 ივნისიდან დადგენილი აქვს ინვალიდობის პირველი ჯგუფი უვადოდ საერთო დაავადებით, დიაგნოზით: ეპილეფსია, მყარი ჰალუცინატორულ-პარანოიდული სინდრომი ფსიქიკური ეკვივალენტებით.

1997 წლის 28 ივლისს და 31 ოქტომბერს დადებული სადავო ხელშეკრულებების გაფორმებისას ე. ს-ძეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ჰქონდა უნარი, შეეგნო თავისი მოქმედებების მნიშვნელობა და ეხელმძღვანელა მათთვის. აღნიშნული გარემოების საწინააღმდეგოს დამადასტურებელი მტკიცებულება მოსარჩელეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია.

სააპელაციო პალატა არ დაეთანხმა აპელანტს, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება ხელშეკრულების დადების დროს ე. ს-ძის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ პირველი ინსტრანციის სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო საპროცესო ნორმების უხეში დარღვევით.

სასამართლომ მიიჩნია, რომ, სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, 1997 წლის 28 ივლისსა და 31 ოქტომბერს მხარეებმა გამოხატეს საცხოვრებელი ფართის ყიდვის ნება.

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 58-ე მუხლის მეორე, მესამე ნაწილებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლებით და ჩათვალა, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ქმედუუნაროდ ცნობამდე, კერძოდ, ნასყიდობის გარიგების დადებისას ე. ს-ძის მიერ რეალური ვითარების არასწორი აღქმა და შესაბამისად, მის მიერ გამოვლენილი ნების არანამდვილობა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ე. ს-ძის წარმომადგენელმა პ.კ-ძემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით: სასამართლომ არასათანადოდ შეაფასა საქმისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები. 2007 წელს ე. ს-ძეს დაუდგინდა ქმედუუნარობა, თუმცა საქმეში წარმოდგენილი ზესტაფონის რაიონის შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საექიმო კომისიის მიერ 1979 წელს გაცემული ცნობა და ექსპერტიზის დასკვნა ადასტურებს, რომ ე.ს-ძე ამავე სნეულებით დაავადებული იყო 1975 წელსაც. ამდენად, არასწორია სასამართლოს მსჯელობა, რომ ე.ს-ძე სადავო გარიგების დადებისას ქმედუნარიანი იყო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 4 მარტის განჩინებით ე. ს-ძის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ე. ს-ძის წარმომადგენელ პ.კ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს უკავშირებს გარკვეულ შეზღუდვებს და ადგენს იმ დავათა კატეგორიებს, რომლებზეც შეტანილი საკასაციო საჩივარი საკასაციო სასამართლოს მიერ დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი. აღნიშნული დანაწესები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლში.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები მითითებული ნორმით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით.

მოცემული დავის საგანია უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და ნივთის დაბრუნების მართლზომიერება. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ეფუძნება სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 58-ე მუხლებს. აღნიშნული პრაქტიკა ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.

კასატორი ვერ ასაბუთებს და საქმის მასალებითაც არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ისეთი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის შედეგზე, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ე. ს-ძის წარმომადგენელ პ.კ-ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.