ას-230-219-2010 26 ივლისი, 2010 წ.
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუნუ კვანტალიანი, ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი) _ ეპრაქსია ქ-ნი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე) _ თერეზა ე-ნი
მოპასუხე _ ნოტარიუსი ეთერ ო-ძე
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 29 ივლისის განჩინება
დავის საგანი _ სამკვიდრო ქონებიდან წილის გამოყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2008 წლის 25 სექტემბრს ახალქალაქის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა თერეზა ე-ნმა (იგივე თერეზა ე-ნი) მოპასუხეების: ეპრაქსია ქ-ნის (გ-ნი), ახალქალაქის ნოტარიუს ეთერ ო-ძისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახალქალაქის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა:
ა. აწ გარდაცვლილი ნასლედნიკ გ-ნის სამკვიდრო ქონებიდან _ ახალქალაქში, ... ქ. ¹56-ში მდებარე ბინიდან და ამ ბინაში არსებული მოძრავი ნივთებიდან წილის გამოყოფა და ამ ნივთების მოსარჩელის საკუთრებაში აღრიცხვის უფლების აღიარება;
ბ. სამკვიდრო მოწმობაში ცვლილების შეტანა;
გ. მამკვიდრებელ ნასლედნიკ გ-ნის მოვლის, მკურნალობის, დაკრძალვასა და საფლავის მოწყობაზე გაწეული ხარჯების ნახევარის _ 5 000 ლარის მოპასუხე ეპრაქსია ქ-ნისათვის დაკისრება.
სარჩელის თანახმად, თერეზა ე-ნი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მამკვიდრებელ ნასლედნიკ გ-ნთან. ისინი ფლობდნენ ახალქალაქში, ... ქ. ¹56-ში მდებარე ბინას, რომელიც რეგისტრირებული იყო ნასლედნიკ გ-ნის სახელზე. ეს უკანასკნელი გარდაიცვალა 2008 წლის 16 იანვარს. შემდგომში გამოირკვა, რომ 2006 წლის 27 მარტს ნასლედნიკ გ-ნს ნოტარიულად შეუდგენია ანდერძი, რომლითაც მის სახელზე რიცხული ზემოაღნიშნული საცხოვრებელი სახლი მიწის ნაკვეთისა და ფარდულის ჩათვლით უანდერძა ქალიშვილს _ ეპრაქსია ნასლედნიკის ასულ გ-ნს. თავად თერეზა ე-ნს სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე უარი უთხრეს, ხოლო საჯარო რეესტრიდან მიღებული ინფორმაციით აღმოჩნდა, რომ მთელი სახლი 2008 წლის 16 ივლისს რეგისტრირებულ იქნა ეპრაქსია ქ-ნის სახელზე.
მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ დაირღვა მისი სამემკვიდრეო და ქონებრივი უფლებები, რამდენადაც იგი წარმოადგენდა ნასლედნიკ გ-ნთან რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს, რომელიც ამ დროისთვისაც განაგრძობდა სამკვიდრო ბინაში ცხოვრებას. ამასთან, მოსარჩელეს თანაზიარი საკუთრების უფლება გააჩნდა ბინის მიშენებულ ნაწილზე, რაც ნასლედნიკ გ-ნთან თანაცხოვრების დროს, საერთო მეურნეობის წარმოებისას ჰქონდა მოპოვებული. სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესის მიხედვით თერეზა ე-ნს მეუღლის ქონებიდან, ანდერძის მიუხედავად, საკუთრების უფლება გააჩნდა ამ უკანასკნელთან ერთად მოპოვებული ქონების ნახევარზე, რაც მემკვიდრეობის წესით განაწილებას არ ექვემდებარებოდა.
მოსარჩელის მითითებით, ეპრაქსია ქ-ნმა ბოროტად გამოიყენა მამასთან ნათესაური კავშირი. მან ნასლედნიკ გ-ნი ავადმყოფობის პერიოდში სხვა პირველი რიგის მემკვიდრეების გვერდის ავლით შეიყვანა შეცდომაში და ხელი მოაწერინა ანდერძზე, რომლის მეშვეობით შეძლო გარდაცვლილის ქონების მთლიანად მისაკუთრება (ტომი I, ს.ფ. 1-13).
2008 წლის 7 ოქტომბერს იმავე სასამართლოში შეგებებული სარჩელი წარადგინა ეპრაქსია ქ-ნმა (გ-ნმა) მოპასუხე თერეზა ე-ნის მიმართ. შეგებებულმა მოსარჩელემ მოითხოვა ახალქალაქში, ...კორპუსში მდებარე ¹19 ბინის 1/2 წილის მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა.
შეგებებული სარჩელის ავტორმა აღნიშნა, რომ მამამისი _ ნასლედნიკ გ-ნი და მოპასუხე თერეზა ე-ნი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 1993 წლის 13 ოქტომბრიდან. მათ ერთად ცხოვრების პერიოდში, კერძოდ, 2005 წლის 2 დეკემბერს შეიძინეს ახალქალაქში, ...კორპუსში მდებარე ¹19 ბინა, რომელიც გაფორმდა თერეზა ე-ნის სახელზე. ნასლედნიკ გ-ნმა 2006 წლის 27 მარტს შედგენილი ანდერძით გარდაცვალების შემდეგ მთელი უძრავ-მოძრავი ქონება დაუტოვა ეპრაქსია ქ-ნს. შესაბამისად, შეგებებული მოსარჩელის საკუთრებაში აღმოჩნდა ახალქალაქში, ... ქ. ¹56-ში მდებარე საცხოვრებელი საცხოვრებელი სახლი მთლიანად, რომელიც მან უკვე აღირიცხა საკუთრებაში და აგრეთვე, ახალქალაქში, ...კორპუსში მდებარე ¹19 ბინის 1/2 ნაწილი, რომელიც რეგისტრირებულია თერეზა ე-ნის სახელზე. ამდენად, ეპრაქსია ქ-ნი მიიჩნევდა, რომ … კორპუსში მდებარე ბინიდან ერგებოდა მამამისის წილი, რომელიც სასამართლოს მისთვის უნდა მიეკუთვნებინა (ტომი I, ს.ფ. 128-137).
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 5 დეკემბრის სხდომაზე მოცემული საქმიდან ამოირიცხა მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახალქალაქის სარეგისტრაციო სამსახური (ტომი I, ს.ფ. 172-177).
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილებით თერეზა ე-ნის სარჩელი დაკმაყოფილდა, მას, როგორც ნასლედნიკ გ-ნის კანონისმიერ მემკვიდრეს, მიეკუთვნა სავალდებულო წილი ნასლედნიკ გ-ნის სამკვიდრო ქონებიდან იდეალური ფორმით ქონების 1/6-ის ოდენობით, ნასლედნიკ გ-ნის სამკვიდრო ქონებად ჩაითვალა ახალქალაქში, ... ქ. 56-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი (მიწის ნაკვეთით, მრავალწლიანი ნარგავებით და ფარდულით) და აღნიშნულ სახლში ნასლედნიკ გ-ნის კუთვნილი მოძრავი ნივთები, რომელიც დადგინდა სასამართლოში საქმის განხილვისას, კერძოდ: საძინებლის ავეჯი, მაცივარი, სერვანტი, სარეცხის მანქანა; მოპასუხე ნოტარიუს ეთერ ო-ძეს დაევალა შესაბამისი ცვლილებების შეტანა 2008 წლის 16 ივლისის ანდერძისმიერ სამკვიდრო მოწმობაში; ეპრაქსია ქ-ნის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
რაიონულმა სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
თერეზა ე-ნი არის 2008 წლის 4 იანვარს გარდაცვლილი ნასლედნიკ გ-ნის მეუღლე. ისინი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 1993 წლის 13 ოქტომბრიდან;
ეპრაქსია ქ-ნი არის 2008 წლის 4 იანვარს გარდაცვლილი ნასლედნიკ გ-ნის ქალიშვილი;
აწ გარდაცვლილ ნასლედნიკ გ-ნს ჰყავს მეორე ქალიშვილი _ ლაურა გ-ნი;
2008 წლის 16 ივლისის ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობის თანახმად, ეპრაქსია ქ-ნმა, რომელიც არის მამკვიდრებელ ნასლედნიკ გ-ნის ანდერძისმიერი მემკვიდრე, საკუთრებაში მიიღო სამკვიდრო ქონება, კერძოდ, ახალქალაქში, ... ქ. ¹56-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი;
ეპრაქსია ქ-ნი დარეგისტრირდა ახალქალაქში, ... ქ. ¹56-ში მდებარე სახლის მესაკუთრედ;
თერეზა ე-ნი მეუღლის _ ნასლედნიკ გ-ნის გარდაცვალების შემდეგ აგრძელებდა ცხოვრებას მამკვიდრებლის კუთვნილ, ახალქალაქში, ... ქ. ¹56-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ფლობდა აღნიშნულ სახლს და მასში არსებულ მოძრავ ქონებას;
საქმის განხილვის დროს, ეპრაქსია ქ-ნის განცხადების საფუძველზე, ახალქალაქის შინაგან საქმეთა რაიონული სამმართველოს მიერ თერეზა ე-ნი გამოსახლდა სადავო ბინიდან. აღნიშნულთან დაკავშირებით თერეზა ე-ნის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე, კერძოდ, დავის გადაწყვეტამდე სადავო ბინაში თერეზა ე-ნის შესახლების მოთხოვნით, რაც არ დაკმაყოფილდა;
ახალქალაქში, ...კორპუსში მდებარე ბინა ¹19-ის მესაკუთრედ რეგისტრირებულია თერეზა ე-ნი. აღნიშნული ბინა თერეზა ე-ნს საკუთრებაში გადაეცა 2005 წლის 2 დეკემბრის საცხოვრებელი ბინის პრივატიზების ხელშეკრულების საფუძველზე. აწ გარდაცვლილმა ნასლედნიკ გ-ნმა 2005 წლის 2 დეკემბრის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით უარი განაცხადა ახალქალაქში, ...კორპუსში მდებარე ¹19 ბინის პრივატიზაციაზე მეუღლის _ თერეზა ე-ნის სასარგებლოდ.
რაიონულმა სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1371-ე მუხლსა და 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომელთა მიხედვით, მამკვიდრებლის შვილებს, მშობლებსა და მეუღლეს, ანდერძის შინაარსის მიუხედავად, ეკუთვნით სავალდებულო წილი, რომელიც უნდა იყოს იმ წილის ნახევარი, რაც თითოეულ მათგანს კანონით მემკვიდრეობის დროს ერგებოდა (სავალდებულო წილი); მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო.
რამდენადაც საქმეზე დგინდებოდა, რომ ნასლედნიკ გ-ნის გარდაცვალების შემდეგ მისი მეუღლე თერეზა ე-ნი ფლობდა და განკარგავდა მამკვიდრებლის სახლს მასში არსებული მოძრავი ქონებით, რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ თერეზა ე-ნს სამკვიდროს მიღების 6-თვიანი ვადა არ ჰქონდა გაშვებული. ამასთან, იმის გამო, რომ არსებობდა ანდერძი ეპრაქსია ქ-ნის სასარგებლოდ, თერეზა ე-ნს შეეძლო მხოლოდ სავალდებულო წილის მიღება, ხოლო სამკვიდროს დანარჩენ ნაწილზე მას არ შეიძლებოდა პრეტენზია ჰქონოდა.
რაც შეეხებოდა საკითხს იმის შესახებ, შედიოდა თუ არა ნასლედნიკ გ-ნის სამკვიდრო ქონებაში ახალქალაქში, ...კორპუსში მდებარე ¹19 ბინა, ამასთან დაკავშირებით რაიონულმა სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლზე. აღნიშნული ნორმის თანახმად, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. სამკვიდროში შედის საერთო საკუთრების წილი, რომელიც მამკვიდრებელზე მოდიოდა.
რაიონული სასამართლოს მოსაზრებით, ახალქალაქში, ...კორპუსში მდებარე ¹19 ბინა არ წარმოადგენდა ნასლედნიკ გ-ნის საკუთრებას. სადავო ბინა იყო კომუნალური საცხოვრებელი ფონდის მუნიციპალური ქონება, ორდერი გამოწერილი იყო თერეზა ე-ნისა და ნასლედნიკ გ-ნის სახელზე.
“საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის ¹107 დადგენილების მე-2 პუნქტის თანახმად, მოქალაქეს მის მიერ დაკავებული საცხოვრებელი სახლი (ბინა) საკუთრებაში გადაეცემა მხოლოდ ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრის თანხმობით. საცხოვრებელი სახლი (ბინა) მათი სურვილისამებრ შეიძლება გადაეცეს მათ საერთო საკუთრებაში. რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, ნოტარიული დოკუმენტის თანახმად, ჯერ კიდევ სიცოცხლეში (2005 წელს) ნასლედნიკ გ-ნმა უარი თქვა სადავო ბინის პრივატიზაციაზე მეუღლის თერეზა ე-ნის სასარგებლოდ. ნასლედნიკ გ-ნი არასდროს ყოფილა ახალქალაქში, ...კორპუსში მდებარე ¹19 ბინის თანამესაკუთრე. ეპრაქსია ქ-ნმა (გ-ნი) ვერ დაამტკიცა ამ ბინის წილის ნასლედნიკ გ-ნისადმი კუთვნილების ფაქტი. აქედან გამომდინარე, რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ახალქალაქში, ...კორპუსში მდებარე ¹19 ბინა არ შედიოდა ნასლედნიკ გ-ნის სამკვიდრო მასაში.
რაიონული სასამართლოს მითითებით, იმის გათვალისწინებით, რომ ნასლედნიკ გ-ნს დარჩა სამი პირველი რიგის მემკვიდრე (მეუღლე და ორი შვილი), ანდერძი რომ არ ყოფილიყო, მაშინ თითოეული მათგანს სამკვიდრო ქონებიდან ერგებოდა 1/3 წილი. შესაბამისად, თერეზა ე-ნს უნდა მიკუთვნებოდა ნასლედნიკ გ-ნის სამკვიდრო ქონების (ახალქალაქში, ... ქ. ¹56-ში მდებარე სახლისა და მოძრავი ნივთების _ საძინებლის ავეჯი, მაცივარი, სერვანტი, სარეცხი მანქანა) 1/6 წილი. ამასთან, ეპრაქსია ქ-ნის შეგებებული სარჩელი ნასლედნიკ გ-ნის სამკვიდრო ქონების _ ახალქალაქში, ...კორპუსში მდებარე ¹19 ბინის 1/2 წილის მიკუთვნების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილებულიყო, ვინაიდან სადავო უძრავი ქონება არ წარმოადგენდა ნასლედნიკ გ-ნის სამკვიდრო ქონებას (ტომი I, ს.ფ. 239-244).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ეპრაქსია ქ-ნმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ, კერძოდ, იმ ნაწილში გაუქმება, რომლითაც სასამართლომ თერეზა ე-ნს მიეკუთვნა ნასლედნიკ გ-ნის სამკვიდროდან 1/6 ნაწილი და ცვლილება შევიდა მოსარჩელის სახელზე გაცემულ სამკვიდრო მოწმობაში, აგრეთვე, რომლითაც ეპრაქსია ქ-ნის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ხოლო მისი შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება (ტომი I, ს.ფ. 251-261).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 29 ივლისის განჩინებით ეპრაქსია ქ-ნის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, აგრეთვე მათი სამართლებრივი შეფასება.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მითითება იმის შესახებ, რომ თერეზა ე-ნს გაშვებული ჰქონდა სამკვიდროს მიღების ექვსთვიანი ვადა, რადგან მას აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოსათვის არ წარუდგენია, საქმის მასალებით კი დგინდებოდა საწინააღმდეგო.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა რაიონული სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ სამოქალაქო კოდექსის 1371-ე, 1421-ე და 1424-ე მუხლების შესაბამისად, ნასლედნიკ გ-ნის სამკვიდროდან (ახალქალაქში, ... ქ. ¹56-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი და მოძრავი ნივთები: საძინებლის ავეჯი, მაცივარი, სერვანტი, სარეცხი მანქანა) მის მეუღლეს თერეზა ე-ნს ეკუთვნის სავალდებულო წილი 1/6-ის ოდენობით.
სააპელაციო სასამართლომ ასევე გაიზიარა რაიონული სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ ეპრაქსია ქ-ნის მოთხოვნა ახალქალაქში, ...კორპუსში მდებარე ¹19 ბინის 1/2 წილზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობის შესახებ უსაფუძვლო იყო, ვინაიდან მითითებული ქონება არ შედიოდა ნასლედნიკ გ-ნის საკუთრებაში.
აპელანტი მიიჩნევდა, რომ ახალქალაქში, ...კორპუსში მდებარე ¹19 ბინის 1/2 ნაწილი, როგორც მამამისის კუთვნილი წილი, ეკუთვნოდა მემკვიდრეობით. სააპელაციო სასამართლომ აპელანტის აღნიშნული მოსაზრება არ გაიზიარა, რაც შემდეგნაირად დაასაბუთა:
საქმის მასალების თანახმად, ახალქალაქში, ...კორპუსში მდებარე ¹19 ბინაზე ახალქალაქის საკრებულოს გამგეობამ 2003 წლის 28 მარტს გასცა ორდერი თერეზა ე-ნსა და მის მეუღლე ნასლედნიკ გ-ნზე. 2005 წლის 2 დეკემბერს თერეზა ე-ნმა მოახდინა ბინის პრივატიზაცია და საჯარო რეესტრში აღირიცხა ამ ბინის მესაკუთრედ. ნასლედნიკ გ-ნს პრეტენზია არ გამოუთქვამს ბინის პრივატიზაციის შესახებ. უფრო მეტიც, მან სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით უარი თქვა სადავო ბინის პრივატიზაციაზე მისი მეუღლე თერეზა ე-ნის სასარგებლოდ.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ზემოაღნიშნული განცხადებით ნასლედნიკ გ-ნმა თანხმობა განაცხადა, რომ მისი წილი ბინიდან გადასულიყო თერეზა ე-ნის საკუთრებაში. აქვე, სასამართლომ საგულისხმოდ მიიჩნია ის გარემოება, რომ ნასლედნიკ გ-ნს თავის სიცოცხლეში სადავოდ არ გაუხდია ახალქალაქში, ...კორპუსში მდებარე ბინა ¹19-ის თერეზა ე-ნის საკუთრებაში აღრიცხვა.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ აპელანტ ეპრაქსია ქ-ნის მოთხოვნა მამის კუთვნილი წილის მემკვიდრეობით მიღების შესახებ უსაფუძვლო იყო და დაკმაყოფილებას არ ექვემდებარებოდა (ტომი II, ს.ფ. 78-87).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ეპრაქსია ქ-ნმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება.
კასატორი აღნიშნავს, რომ სადავო შემთხვევაში სასამართლომ არასწორად განმარტა “საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის ¹107 დადგენილების მე-2 პუნქტი. საქმეზე დადგენილია, რომ 2003 წლის 28 მარტს ახალქალაქში, ...კორპუსში მდებარე ¹19 ბინაზე ორდერი გაიცა ორ სულზე: თერეზა ე-ნსა და მის მეუღლე ნასლედნიკ გ-ნზე. პრივატიზაციის დროს ნასლედნიკ გ-ნი ჩაწერილი იყო მითითებულ საცხოვრებელ ბინაში და მან უარი თქვა ბინის თავის სახელზე აღრიცხვაზე, თუმცა უარი არ განუცხადებია საკუთრებაზე. აღნიშნულს ითვალისწინებდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის დადგენილება. ამდენად, ნასლედნიკ გ-ნი წარმოადგენდა ახალქალაქში, ...კორპუსში მდებარე ¹19 ბინის თანამესაკუთრეს.
კასატორი მიიჩნევს, რომ, რამდენადაც ზემოთ დასახელებულ ბინაზე საკუთრება იყო თანაზიარი და მეუღლისათვის პრივატიზაციის მის სახელზე განხორციელებაზე თანხმობის გაცხადებით ნასლედნიკ გ-ნს ბინაზე უფლება არ დაუკარგავს, ნასლედნიკ გ-ნის შვილი წარმოადგენს იმ წილის მემკვიდრესაც, რომელიც მამამისს ეკუთვნოდა (ტომი II, ს.ფ. 99-105).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს საპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე დადგენილია:
თერეზა ე-ნი არის 2008 წლის 4 იანვარს გარდაცვლილი ნასლედნიკ გ-ნის მეუღლე. ისინი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 1993 წლის 13 ოქტომბრიდან;
ეპრაქსია ქ-ნი არის ნასლედნიკ გ-ნის ქალიშვილი;
ნასლედნიკ გ-ნს ჰყავს მეორე ქალიშვილიც _ ლაურა გ-ნი;
2008 წლის 16 ივლისის ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობის თანახმად, ეპრაქსია ქ-ნმა, რომელიც არის ნასლედნიკ გ-ნის ანდერძისმიერი მემკვიდრე, საკუთრებაში მიიღო სამკვიდრო ქონება, კერძოდ, ახალქალაქში, ... ქ. ¹56-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი;
ეპრაქსია ქ-ნი რეგისტრირებულია ახალქალაქში, ... ქ. ¹56-ში მდებარე სახლის მესაკუთრედ;
თერეზა ე-ნი მეუღლის _ ნასლედნიკ გ-ნის გარდაცვალების შემდეგ აგრძელებდა ცხოვრებას მამკვიდრებლის კუთვნილ, ახალქალაქში, ... ქ. ¹56-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში;
თერეზა ე-ნი რეგისტრირებულია ახალქალაქში, ...კორპუსში მდებარე ¹19 ბინის მესაკუთრედ. აღნიშნული ბინა თერეზა ე-ნს საკუთრებაში გადაეცა 2005 წლის 2 დეკემბრის საცხოვრებელი ბინის პრივატიზების ხელშეკრულების საფუძველზე. აწ გარდაცვლილმა ნასლედნიკ გ-ნმა 2005 წლის 2 დეკემბრის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით უარი განაცხადა ახალქალაქში, ...კორპუსში მდებარე ¹19 ბინის პრივატიზაციაზე მეუღლის _ თერეზა ე-ნის სასარგებლოდ.
საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას ტერეზა ე-ნის სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ნაწილში და მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საპროცესო საფუძველი. კერძოდ, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ საქმის მასალებით უტყუარად დასტურდება ტერეზა ე-ნის მიერ ახალქალაქში, ... ქ. ¹56-ში მდებარე საცხოვრებელი სახლსა და მოძრავი ნივთებზე სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლებით მიღება. დადგენილია, რომ მამკვიდრებელ ნასლედნიკ გ-ნის გარდაცვალების შემდეგ მისი მეუღლე ტერეზა ე-ნი აგრძელებდა აღნიშნულ სახლში ცხოვრებას. ეპრაქსია ქ-ნს ამ ფაქტობრივი გარემოების გასაქარწყლებლად არა აქვს წამოყენებული დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 1371-ე, 1421-ე და 1424-ე მუხლების შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია ტერეზა ე-ნის სარჩელი საფუძვლიანად.
რაც შეეხება ეპრაქსია ქ-ნის შეგებებულ სარჩელს, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ არის სრულყოფილად დასაბუთებული.
ამასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ნასლედნიკ გ-ნის 2005 წლის 2 დეკემბრის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება პრივატიზაციაზე მეუღლის სასარგებლოდ უარის თქმის შესახებ ნიშნავს ბინიდან მისი კუთვნილი წილის თერეზა ე-ნის საკუთრებაში გადაცემაზე თანხმობას. აღნიშნული განცხადების შინაარსიდან მკაფიოდ ირკვევა, რომ იგი წარმოადგენს არა საკუთრების კუთვნილ წილზე უარის თქმის შესახებ განცხადებას, არამედ _ მეუღლის სახელზე პრივატიზების განხორციელებაზე თანხმობას, რასაც სხვადასხვა სამართლებრივი შედეგები მოსდევს. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ისე იმსჯელა აღნიშნულ საკითხზე, რომ არ დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, რატომ იყო ნასლედნიკ გ-ნი ბინის თანამესაკუთრე, რა საფუძვლით მოიპოვა მან ბინაზე თანასაკუთრების უფლება, ხომ არ წარმოადგენდა ბინა ტერეზა ე-ნის ინდივიდუალურ საკუთრებას.
სადავო საკითხთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს სადავო სამართალურთიერთობის მიმართ “საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლო გადაცემის) შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის ¹107 დადგენილების პირველი პუნქტის, ამავე დადგენილების მე-5 პუნქტის პირველი აბზაცის გამოყენების შესახებ. მითითებული დადგენილების საფუძველზე საცხოვრებელი სახლის (ბინის) პრივატიზაციისას თანაბარი უფლებებით სარგებლობენ პირები, რომლებიც წარმოადგენენ ამ საცხოვრებელი სახლის (ბინის) დამქირავებლებს, ან მათი ოჯახის წევრებს. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის ¹107 დადგენილებით მინიჭებული უფლება, შესაბამისი წილის გათვალისწინებით, ვრცელდება დამქირავებელთან ერთად მცხოვრებ ოჯახის ყველა წევრზე, მიუხედავად იმისა, რომ ბინაზე საკუთრების უფლება მათივე თანხმობით შეიძლება აღირიცხოს ერთ-ერთ დამქირავებელზე. აღნიშნული დადგენილების მე-5 პუნქტის პირველი აბზაცის თანახმად, საცხოვრებელი სახლი (ბინა) უსასყიდლოდ გადაეცემათ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც ამ საცხოვრებელი სახლის (ბინის) დამქირავებლები ან დამქირავებლის ოჯახის წევრები არიან.
საქმის ხელახლა განხილვისას საქმის მასალების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, იყო თუ არა ნასლედნიკ გ-ნი სადავო ბინის დამქირავებელი, რა საფუძვლით მოიპოვა მან ბინაზე თანასაკუთრების უფლება, ბინის რა ნაწილი შევიდა სამკვიდრო მასაში, აღნიშნული ბინის რა წილზე აქვს ეპრაქსია ქ-ნს, როგორც ანდერძისმიერ მემკვიდრეს უფლება. ამასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ტერეზა ე-ნის სამემკვიდრეო უფლებებიც ნასლედნიკ გ-ნის სამკვიდრო მასაში შემავალ წილზე და მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ეპრაქსია ქ-ნის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 29 ივლისის განჩინება ეპრაქსია ქ-ნის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 29 ივლისის განჩინება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.