ას-237-222-2011 28 აპრილი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ე. მ. (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ რ. ბ. (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინებები – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 22 დეკემბრისა და 2011 წლის 5 იანვრის განჩინებები
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება
დავის საგანი _ თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ე. მ.-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში რ. ბ.-სა და ხ. ო.-ის მიმართ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო სესხის _ 8560 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ანაზღაურების მოთხოვნით.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს, ხოლო რ. ბ.-ამ შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ე. მ.-ის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებით გამოყენებული ზიანის _ 30000 აშშ დოლარის დაკისრება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 2 სექტემბრის გადაწყვეტილებით ე. მ.-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე ხ. ო.-ეს ე. მ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა 8500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, ასევე დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 420 ლარის გადახდა, ე. მ.-ის სარჩელი მოპასუხე რ. ბ.-ის 8500 აშშ დოლარის სოლიდარულად დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, ასევე არ დაკმაყოფილდა რ. ბ.-ის შეგებებული სარჩელი.
სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ე. მ.-მა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 22 დეკემბრის განჩინებით ე. მ.-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ხ. ო.-ის ე. მ.-ის სასარგებლოდ 8500 აშშ დოლარისა და სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში გაუქმდა და ე. მ.-ის სარჩელზე ხ. ო.-ის მიმართ შეწყდა საქმის წარმოება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარჩელის მიერ ხ. ო.-ის მიმართ სარჩელზე უარის თქმის გამო, დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებანი: სანოტარო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებებით დადგენილია, რომ 2005 წლის 17 თებერვალს რ. ბ.-ამ ნ. ლ.-ანს სამი თვის ვადით ასესხა 4500 აშშ დოლარი. სესხის უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა ნ. ლ.-ის უძრავი ქონება. 2006 წლის 21 მარტს მ. ბ.-ემ ნ. ი.-ეს ექვსი თვის ვადით თვეში 4%-ის დარიცხვით ასესხა 4500 აშშ დოლარი. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ნ. ი.-ის კუთვნილი უძრავი ქონება. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე ნ. ა.-ის განმარტებით, “მ.-ის ვალი თუ ჰქონდა რ.-ას მე არ ვადასტურებ, არ ვიცი. ხ.-ამ ნამდვილად წაიღო ეს ფული”. მოწმე დ. ი.-ის განმარტებით, “ხ.-ას რ. თხოვდა ე.-ის ფული დამიბრუნეო, ხ. ეუბნებოდა მომიტანენ ე.-ის ფულს და გადმოგცემო”.
სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე აპელანტმა (მოსარჩელე) ე. მ.-მა უარი განაცხადა ხ. ო.-ის მიმართ სასარჩელო მოთხოვნაზე.
სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 624-ე მუხლების, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის, მე-4 და 103-ე მუხლების თანახმად, პალატამ მიიჩნია, რომ ვინაიდან მოსარჩელეს არ წარმოუდგენია რაიმე სახის წერილობითი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა რ. ბ.-სათვის 8500 აშშ დოლარის სესხების ფაქტს, სასარჩელო მოთხოვნა აღნიშნული თანხის რ. ბ.-სათვის დაკისრების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა ე. მ.-ის მოსაზრება, რომ სანოტარო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებებით 2005 წლის 17 თებერვალს რ. ბ.-ას მიერ ნ. ლ.-სათვის გადაცემული 4500 აშშ დოლარი, ასევე 2006 წლის 21 მარტს მ. ბ.-ის მიერ ნ. ი.-სათვის გადაცემული 4500 აშშ დოლარი წარმოადგენდა მის მიერ რ. ბ.-სათვის სესხის სახით გადაცემულ 8500 აშშD დოლარს.
სასამართლო არ დაეთანხმა აპელანტის მოსაზრებას, რომ საქმის განხილვისას დაირღვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 182-ე და 189-ე მუხლის მოთხოვნები, კერძოდ, სასამართლომ ერთად განიხილა სარჩელი და შეგებებული სარჩელი ზიანის თაობაზე ისე, რომ Eს აქმეები არ იყო ერთმანეთთან დაკავშირებული და მათი გაერთიანებით გადაწყვეტილება გახდა ბუნდოვანი.
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 188-ე მუხლის პირველი ნაწილით, 189-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით და მიიჩნია, რომ შეგებებული სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა ე. მ.-ის სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული ზიანის _ 30000 აშშ დოლარის ანაზღაურება, სარჩელისა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა მოთხოვნათა ურთიერთგაქვითვა (ჩათვლა). ამდენად, საქმის მოსამზადებელ ეტაპზე წარდგენილი შეგებებული სარჩელი დასაშვებია და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც პირვანდელი და შეგებებული სარჩელი ერთად იქნა განხილული, კანონშესაბამისია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 216-ე მუხლის მეოთხე ნაწილის შესაბამისად, 2010 წლის 20 აგვისტოს სხდომის ოქმით ირკვევა, რომ სასამართლო სხდომა გაიხსნა 15.00 საათზე და დასრულდა 18.25 საათზე, ანუ არასამუშაო დროს, თუმცა სხდომის ოქმი არ შეიცავს ჩანაწერს არასამუშაო დროისათვის საქმის განხილვაზე მხარეთა თანხმობასთან დაკავშირებით. ამდენად, პალატამ ჩათვალა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 216-ე მუხლის მეოთხე ნაწილით დადგენილი საქმეთა არასამუშაო დროს განხილვის წესი, თუმცა ამ დარღვევას არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა არ გამოუწვევია, რაც უსაფუძვლოს ხდის აპელანტის მოთხოვნას გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “გ” პუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე აპელანტმა (მოსარჩელე) ე. მ.-მა უარი განაცხადა ხ. ო.-ის მიმართ სასარჩელო მოთხოვნაზე, შესაბამისად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 2 სექტემბრის გადაწყვეტილება ხ. ო.-ის ე. მ.-ის სასარგებლოდ 8500 აშშ დოლარის და სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში უნდა გაუქმდეს და ე. მ.-ის სარჩელზე ხ. ო.-ის მიმართ საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.
სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 22 დეკემბრის განჩინება, ასევე სხდომის ოქმში შენიშვნების შეტანის შესახებ განჩინების განუხილველად დატოვების თაობაზე 2011 წლის 5 იანვრის განჩინება ე. მ.-მა გაასაჩივრა სააპელაციო წესით, მოითხოვა მათი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო პალატამ უკანონოდ არ გაიზიარა სააპელაციო საჩივარში მითითებული არგუმენტები, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. სასამართლომ არასწორად არ გაიზიარა კასატორის მიერ მითითებული მტკიცებულებები, მათ შორის, ექსპერტიზის დასკვნა და აუდიოჩანაწერი, რომელთა მეშვეობითაც დასტურდება, რომ რ. ბ.-ამ აღიარა ვალის არსებობა. სასამართლომ არ გამოითხოვა რიგი მტკიცებულებები, რომლებსაც მხარე ითხოვდა. ასევე უკანონოდ გაზიარებულ არ იქნა სასამართლო სხდომის ოქმში კასატორის შენიშვნები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 მარტის განჩინებით ე. მ.-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ე. მ.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს უკავშირებს გარკვეულ შეზღუდვებს და ადგენს იმ დავათა კატეგორიებს, რომლებზეც შეტანილი საკასაციო საჩივარი საკასაციო სასამართლოს მიერ დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი. აღნიშნული დანაწესები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლში.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები მითითებული ნორმით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით.
მოცემული დავის საგანია სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მართლზომიერება. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.
კასატორი ვერ ასაბუთებს და საქმის მასალებითაც არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ისეთი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის შედეგზე, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ ე. მ.-ს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2011 წლის 6 მარტს გადახდილი 730,80 ლარის 70% _ 511,56 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ე. მ.-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
კასატორ ე. მ.-ს (პირადი ¹--------) დაუბრუნდეს შემდეგ ანგარიშზე: თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი _ ¹220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300773150, დანიშნულება _ “სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე” გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 511,56 ლარი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.