ბს-1140-717(კ-05) 21 ოქტომბერი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
გ. ქაჯაია (მომხსენებელი),
ნ. კლარჯეიშვილი
დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა, ნაცდური ხელფასის, პრემიისა და მორალური ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
2004წ. 6 აგვისტოს ხულოს რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ზ. ტ-ემ მოპასუხე ხულოს რ-ის გამგეობის მიმართ და მოითხოვა გაზეთ “ხ-ს” ...ის თანამდებობაზე აღდგენა.
მოსარჩელემ განმარტა, რომ 13 წელი გაზეთის ...ი იყო, ხოლო ხულოს რ-ის გამგებლის 2004წ. 9 ივლისის განკარგულებით კანონის დარღვევით გაათავისუფლეს გაზეთ “ხ-ს” ...ის თანამდებობიდან, რითაც მიაყენეს მატერიალური და მორალური ზარალი. მისი გათავისუფლება მოხდა იმ დროს, როცა მივლინებით იყო წასული ქ. ბათუმში გაზეთის დასაბეჭდად. მოსარჩელემ მიუთითა, რომ გამგეობამ დაარღვია შკკ-ის 115-ე მუხლი. გამგეობის განკარგულებაში გათავისუფლების მოტივად მითითებული იყო პირადი განცხადება, რაც არასწორი იყო. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მას სურდა, რომ გამგეობის მიერ ჯერ განხილული და შეფასებული ყოფილიყო გაზეთის მუშაობა და შემდგომ კი ...ის თანამდებობაზე ყოფნა-არყოფნის საკითხი დასმულიყო. მოსარჩელემ მიუთითა, რომ გამგეობამ დაარღვია 1993წ. 25 მარტს აჭარის ა/რ წარმომადგენლობის კაბინეტის მიერ მიღებული გაზეთ “ხ-ს” დებულების მე-2 თავის 1 პუნქტი, სადაც ჩაწერილი იყო, რომ რედაქციის საქმიანობას წარმართავდა რედაქტორი, რედაქტორს ნიშნავდა ადგილბრივი მმართველობის უმაღლესი ორგანო”, ანუ მოცემულ შემთხვევაში ...ის დანიშვნა-გათავისუფლება უნდა მომხდარიყო გამგეობის სხდომის გადაწყვეტილებით.
ხულოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 27 ოქტომბრის განჩინებით ზ. ტ-ის სარჩელის გამო მოსარჩელის განცხადების საფუძველზე საქმის წარმოება შეჩერდა.
შუახევის რაიონული სასამართლოს 2004წ. 24 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ¹1/15.19.11.04 წ. გადაწყვეტილების საფუძველზე საქმე ზ. ტ-ის სარჩელის გამო ხულოს რ-ის გამგეობის მიმართ მითითებულმა სასამართლომ მიიღო მიერ წარმოებაში, ხოლო ამევე თარიღის მეორე განჩინებით განახლდა მოცემულ საქმეზე წარმოება.
2005წ. 11 იანვრის სასამართლო სხდომაზე ზ. ტ-ემ გაზარდა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა ხულოს რ-ის გამგეობის 2004წ. 9 ივლისის განკარგულების ბათილად ცნობა, გაზეთ “ხ-ს” ...ის თანამდებობაზე დაუყონებლივ აღდგენა, იძულებითი განაცდური დროისათვის ხელფასის (სულ _ 770 ლარის) ანაზღაურების მოპასუხისათვის დაკისრება და მორალური ზიანის ანაზღაურება _ 5000 ლარის ოდენობით.
შუახევის რაიონული სასამართლოს 2005წ. 24 თებერვლის გადაწყვეტილებით ზ. ტ-ის სარჩელი სამუშაოზე აღდგენისა და განაცდური ხელფასის ანაზღაურების ნაწილში მთლიანად დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ხულოს რ-ის გამგეობის 2004წ. 9 ივლისის ¹131 განკარგულება და მოსარჩელე აღდგენილ იქნა გაზეთ “ხ-ს” ...ის თანამდებობაზე, მოპასუხე ხულოს რ-ის გამგეობას დაეკისრა განაცდური ხელფასის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ 2004წ. 9 ივლისიდან შესაბამისად გაზეთ “ხ-ს” ...ის საშტატო განაკვეთისთვის დადგენილი ხელფასის ოდენობით კვარტალური პრემიის ჩათვლით. დადგინდა სამუშაოზე აღდგენის შესახებ გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსრულება, მოსარჩელის სარჩელი მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ _ მოპასუხეს დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 500 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხულოს რ-ის გამგეობამ და მოითხოვა მისი გაუქმებბა შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტი აღნიშნავდა, რომ სასარჩელო განცხადებაში ზ. ტ-ე მოითხოვდა მხოლოდ გაზეთ “ხ-ს” ...ის თანამდებობაზე აღდგენას, თუ როდის იქნა გაზრდილი სასარჩელო მოთხოვნა, აპელანტისათვის უცნობი იყო.ასევე არ ეთანხმებოდა სარეზოლუციო ნაწილის მე-4 მუხლს, სადაც დაირღვა სსკ-ის 369-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები.
აპელანტს არასწორად მიაჩნდა სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ გაზეთის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი არ იყო იურიდიული ძალის მქონე დებულების არსებობა. ამ შემთხვევაში რედაქციის მხრიდან დაირღვა “პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესახებ” კანონის 7-ე მუხლი, რომელიც იმპერატიულად ადგენს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციას “მეწარმეთა შესახებ” კანონის შესაბამისად. ზემოაღნიშნული კანონის 27-ე მუხლი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობასაც ითვალისწინებს რეგისტრაციის გარეშე პროდუქციის შექმნისა და გავრცელებისათვის. ფორმა დაუცველი საწარმოს დებულებას არ შეიძლება იურიდიული ძალა გააჩნდეს, მით უმეტეს, რედაქტორის დანიშვნის წესს განსაზღვრავს კანონის მე-13 მუხლი და მისგან განსხვავებული წესის ფიქსირება დებულებაში არ შეიძლება გამოყენებულიყო.
აპელანტმა უკანონოდ მიიჩნია მორალური ზიანის დაკისრება და შესაბამისად სსკ 18.2 მუხლის გამოყენება. სსკ 413-ე მუხლის თანახმად, არაქონებრივი ზიანის მოთხოვნა შესაძლებელია მხოლოდ კანონზე ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევაში, სასამართლომ ვერ მიუთითა კანონი, რომელიც ითვალისწინებდა მოხელის, მუშაკის გათავისუფლებისათვის მორალური ზიანის ანაზღაურებას. აპელანტი მიუთითებდა, რომ მოსარჩელე ძირითად სარჩელში არ ითხოვდა მორალურ ზანს.
აპელანტმა აღნიშნა, რომ ყველაზე მთავარი დარღვევა სასამართლოს მიერ სსსკ 248-ე მუხლის მოთხოვნის დარღვევა იყო, იგი გასცდა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს და მხარეს მიაკუთვნა ის, რაც მას არ უთხოვია, კერძოდ, სასამართლომ ბათილად ცნო 9.07.04წ. ¹131 განკარგულება, რასაც მხარე საერთოდ არ ითხოვდა სასარჩელო განცხადებით.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს გადიდებული სასარჩელო მოთხოვნით მიმართა ზ. ტ-ემ და მოითხოვა განაცდური ხელფასის დაკისრება მოპასუხისათვის 2004წ. 9 ივლისიდან და შესაბამისად გაზეთ “ხ-ს” ...ის საშტატო განაკვეთისათვის დადგენილი ხელფასის ოდენობით კვარტალური პრემიის ჩათვლით, სულ მოითხოვა 1400 ლარის დაკისრება მის სასარგებლოდ, და მოპასუხისათვის მორალური ზიანის (500 ლარის) ანაზღაურების დაკისრება შემდეგ გარემოებათა გამო:
მოსარჩელემ მიუთითა, რომ 1991 წლიდან მუშაობდა გაზეთ “ხ-ს” ...ად. ხულოს რ-ის გამგეობამ 2004წ. 9 ივლისის ¹131 განკარგულებით უკანონოდ გაათავისუფლა სამუშაოდან, რითაც მიადგა მორალური ზიანი, გამგებლის ბრალეული ქმედების გამო განიცადა სულიერი ტკივილი (ტანჯვა), დამცირება.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2005წ. 27 მაისის გადაწყვეტილებით ხულოს რ-ის გამგეობის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ხულოს რაიონული სასამართლოს 2005წ. 24 თებერვლის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელე ზ. ტ-ის სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა _ ზ. ტ-ე აღდგენილ იქნა ხულოს რაიონული გაზეთ “ხ-ს” ...ის თანამდებობაზე და აუნაზღაურდა განაცდური ხელფასი დაწესებული სარგოს მიხედვით, მოთხოვნას, დანარჩენ ნაწილში კვარტალური პრემიის 1400 ლარის და 500 ლარის მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე, ეთქვა უარი შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2004წ. 9 ივლისს ხულოს რ-ის გამგეობამ გამოსცა განკარგულება ¹131, რომლის პირველი პუნქტით ო. გელაძე 2004წ. 9 ივლისიდან დაინიშნა ხულოს რაიონულ გაზეთ “ხ-ს” ...ის მოვალეობის შემსრულებლად, ხოლო მეორე პუნქტით ზ. ტ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან პირადი განცხადების საფუძველზე. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ზ. ტ-ის განცხადების შინაარსი არ შეიძლებოდა მოსარჩელის სამუშაოდან გადადგომის მოთხოვნად ჩათვლილიყო.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ გამგეობას გაზეთის მუშაობის საკითხი არ შეუსწავლია, გაზეთის საქმიანობის შესწავლის შედეგები არ განუხილავს და ამ შედეგების მიხედვით არ უმსჯელია ზ. ტ-ის სამუშაოზე ყოფნა-არყოფნის საკითხზე. სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ ხულოს რ-ის გამგეობის ¹131 განკარგულების მეორე პუნქტი, რომლითაც ზ. ტ-ე გათავისუფლდა თანამდებობიდან პირადი განცხადების საფუძველზე, არ შეესაბამება სინამდვილეს და ასეთი მოთხოვნის შინაარსის განცხადება არარსებობდა, რის გამოც რ-ის გამგეობას არ ჰქონდა პირადი ინიციატივით, განცხადების არ არსებობის შემთხვევაში, გამოეცა ასეთი შინაარსის განკარგულება, საქმეში არსებული განცხადების შინაარსიდან გამომდინარე, გამგეობას არ უნდა გაეგო ამ განცხადების შინაარსი მისი სამუშაოდან წასვლის სურვილად.
სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ ზ. ტ-ის მიერ განცხადებაში გამოთქმული აზრი ხულოს რ-ის გამგეობამ არასწორად გამოიყენა მის წინააღმდეგ, რითაც მას მიადგა ზიანი სამუშაოდან გათავისუფლების გამო განაცდურის ხელფასის სახით.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღებას მიაქცია იმ გარემოებას, რომ 2004წ. 9 ივლისის განკარგულება გამოცემული იყო ხულოს რ-ის გამგეობის მიერ. განკარგულებას ხელს აწერდა ხულოს რ-ის გამგებელი ო. ც-ე. “ადგილობრივი მმართველობის და თვითმართველობის შესახებ” კანონის 24-ე მუხლის მე-2-3 ნაწილის “თ” ქვეპუნქტის შესაბამისად განმგებელი ხელს აწერს გამგეობის (მთავრობის) დადგენილებას, თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებსა და განკარგულებებს. ზ. ტ-ის შესახებ 2004წ. 9 ივლისის ¹131 განკარგულება ჩამოყალიბებული იყო ხულოს რ-ის გაგეობის სახელით, გამგეობა არის კოლეგიური ორგანო, რომელიც ზემოაღნიშნული კანონის შესაბამისად გამოსცემს დადგენილებას და არა განკარგულებას.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ 2005წ. 24 თებერვლის სასამართლო პროცესზე მხარეთა პაექრობის დროს ზ. ტ-ემ გაზარდა თავისი მოთხოვნა და სასამართლოს მოთხოვა განაცდური ხელფასის, პრემიიისა და მორალური ზიანის ანაზღაურება, სასამართლომ მეორე მხარის უკითხავად, უპირობოდ დააკმაყოფილა გადიდებული მოთხოვნა. სააპელაციო სასამრთლომ ჩათვალა, რომ გადიდებული სარჩელის მიღების შემთხვევაში საჭირო იყო მოწინააღმდეგე მხარის თანხმობა, ამ საქმის განხილვის განახლება და საკითხის გადაწყვეტა საქართველელოს სსკ-ის 224-ე მუხლის გათვალისწინებით.
სააპელაციო სასამართლომ მისაღებად ჩათვალა გადიდებული მოთხოვნა, რადგან იგი გამომდინარეობდა სარჩელიდან და საქმის გარემოებებიდან გამომდინარე გადიდებული სარჩელის ერთად განხილვა ხელს შეუწყობდა დავის მოკლე ვადებში დამთავრებას.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2005წ. 27 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ხულოს რ-ის გამგეობამ და მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგ გარემოებათა გამო:
კასატორი განმარტავს, რომ სააპელაციო საჩივარი ხულოს რაიონული სასამართლოს გააწყვეტილებაზე შეიტანეს იმ მოტივით, რომ სასამართლო გასცდა მოთხოვნის ფარგლებს და მხარეს მიაკუთვნა ის, რაც მას არ უთხოვია.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის არსებითი განხილვის დროს თავისი ინიციატივით მოსარჩელეს მისცა უფლება, სარჩელი გაეზარდა და ამ მოტივით გადადო საქმის განხილვა. ფაქტობრივად სასამართლომ კანონის უხეში დარღვევით მოსარჩელეს მისცა საშუალება აღმოეფხვრა ის ხარვეზები, რაზეც კასატორი ამყარებდა თავის საჩივარს.
კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასმართლოს არ უმსჯელია სააპელაციო საჩივრის ირგვლივ და არ უარყვია მათი არგუმენტაცია, რითაც დაარღვია სსკ-ის 393.3 მუხლის დანაწესი, როცა პროცესში გამარჯვებულ მხარის მეორე ინსტანციაში მისცა სარჩელის გაზრდის უფლება, სსკ-ის 384-ე მუხლი, როცა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება შეცვალა იმ ფარგლებში, რასაც აპელანტი არ მოითხოვდა, სსკ-ის 377.1 მუხლი, როცა გასცდა სააპელაციო საჩივრის ფარგლებს, როგორც სამართლებრივი, ისე _ ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისას.
კასატორი მიუთითებს, რომ აღნიშნული პროცესუალური და მატერიალური დარღვევები იძლევა დასკვნის საშუალებას, რომ გადაწყვეტილების დასაბუთება არასრულია და მისი სამართლებრივი შემოწმება შეუძლებელია.
კასატორი ასევე მიუთითებს, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში არ არის გადაწყვეტილი იმ აქტის ბედი, რომლის საფუძველზეც გათავისუფლდა მოსარჩელე.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ კასატორ ხულოს რ-ის გამგეობის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 27 მაისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობრივია და ფაქტობრივად მისი აღსრულება შეუძლებელი იქნება, კერძოდ მოსარჩელე ზ. ტ-ის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს ხულოს რ-ის გამგეობის 2004წ. 9 ივლისის ¹131 განკარგულების ბათილად ცნობა, რომლითაც იგი გათავისუფლდა რაიონულ გაზეთ “ხ-ს” ...ის თანამდებობიდან პირადი განცხადების საფუძველზე, თანამდებობაზე აღდგენა და განაცდური ხელფასის ანაზღაურება. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში სააპელაციო პალატამ ისე აღადგინა ზ. ტ-ე ხულოს რაიონული გაზეთ “ხ-ს” ...ის თანამდებობაზე და დაადგინა განაცდური ხელფასის ანაზღაურება მოსარჩელისათვის, რომ არ უმსჯელია ხულოს რ-ის გამგეობის გასაჩივრებული სადავო 2004წ. 9 ივლისის განკარგულების შესახებ და არ გადაუწყვეტია ამ განკარგულების კანონიერების საკითხი. მართალია, სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მსჯელობს სადავო განკარგულებაზე, მაგრამ შედეგი არ არის ასახული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში. “საჯარო სამსახურის შესახებ' კანონის 127.5 მუხლის თანახმად, მოხელე თანამდებობაზე აღდგენას ექვემდებარება სასამართლოს მიერ სამსახურიდან გათავისუფლების გამოცემული ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების არაკანონიერად აღიარების შემთხვევაში, რა მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა. მოსარჩელე ზ. ტ-ე თანამდებობაზე ვერ იქნება აღდგენილი, თუ მისი გათავისუფლების შესახებ გამოცემული E¹131 განკარგულება ისევ ძალაში იქნება, ანუ გადაწყვეტილება მოსარჩელეს თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ფაქტობრივად აღუსრულებელი დარჩება.
აღნიშნულ გარემოებას საკასაციო პალატა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მიიჩნევს და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება მოსარჩელე ზ. ტ-ის გათავისუფლების შესახებ ხულოს რ-ის გამგეობის 2004წ. 9 ივნისის ¹131 განკარგულების კანონიერების საკითხთან დაკავშირებით და ამის საფუძველზე იმსჯელოს სარჩელის სხვა მოთხოვნებთან მიმართებაში. შესაბამისად, უნდა გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პლატის 2005წ. 27 მაისის გადაწყვეტილება და აღნიშნული მითითებით საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412 მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. კასატორ ხულოს რ-ის გამგეობის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 27 მაისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.