№ას-237-223-2010 14 ივნისი, 2010წ.
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლ. ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნ. კვანტალიანი, ვ. როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) _ სს „ბ. შ. ფ.“ წარმომადგენლობა საქართველოში
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ სს „ს. კ. Aა. Bბ.“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 26 ივნისის განჩინება
დავის საგანი _ სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2008 წლის 23 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა სს „ბ. შ. ფ–ას“ წარმომადგენლობამ საქართველოში მოპასუხე სს „ს.კ.ა.ბ–ის“ მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა კუთვნილი ავტომანქანის გატაცების შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურების დაკისრება მოპასუხისათვის მხარეებს შორის 2008 წლის 25 იანვარს დადებული ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზღვევის შესახებ ხელშეკრულების სადაზღვევო პირობების შესაბამისად, რაც წინასწარი შეფასებით შეადგენდა 8 497 ლარს (ტომი 1, ს.ფ. 1-12, 140).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით სს „ბ.შ.ფ–ას“ წარმომადგენლობის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2008 წლის 25 იანვარს სს „ ბ.შ.ფ–ას და სს „ს.კ.ა.ბ–ის“ შორის გაფორმდა გენერალური ხელშეკრულება ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის შესახებ, რომლის საფუძველზეც გაიცა სადაზღვევო პოლისი №60897/08 და დაზღვეულ იქნა „ ბ.შ.ფ–ას“ კუთვნილი ავტომანქანა „ჰიუნდაი გეტც“ სახელმწიფო ნომრით №...;
ი. ნ-ძე წარმოადგენდა ზემოაღნიშნული ავტომანქანის ფაქტობრივ მფლობელს და სს „ ბ.შ.ფ–ას“ თანამშრომელს;
2008 წლის 19 თებერვალს სს „ს.კ.ა.ბ–გან“ მოსარჩელემ მიიღო წერილობითი შეტყობინება იმის შესახებ, რომ სადაზღვევო პოლისით №60897/08 დაზღვეული „ ბ.შ.ფ–ას“ კუთვნილი ავტომანქანა „ჰიუნდაი გეტც“ სახელმწიფო ნომრით ..., გატაცებულ იქნა ავტოსადგომიდან კორპუსის დაცვის თანამშრომლის მიერ;
ი. ნ-ძემ მივლინებაში გამგზავრების წინ, 2008 წლის 31 იანვარს, ავტომანქანის გასაღები გადასცა წარმომადგენლობის ოფისის დაცვის თანამშრომელს. ამავე დღეს საღამოს 11 საათზე, დაცვის სამსახურის თანამშრომელმა პ. ც-აიამ თითქოს იმ მიზეზით, რომ წარმომადგენლობის თანამშრომელმა მას სთხოვა ავტომანქანის მასთან სახლში მიყვანა, გაიტაცა იგი, რის შედეგადაც ავტომობილი დაზიანდა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის მე-18 კილომეტრზე. ი. ნ-ძის მიერ გამოძიებისათვის მიცემული ჩვენებიდან ირკვეოდა, რომ მან ავტომობილის გატაცების შესახებ შეიტყო მივლინებიდან დაბრუნების შემდეგ და აღნიშნულის თაობაზე შეატყობინა პოლიციას. პატრულის ინფორმირების შემდეგ ავტომანქანა აღმოჩენილ იქნა მცხეთის საჯარიმო სადგომზე, ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაზიანებულ მდგომარეობაში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების დეტექტივ-გამომძიებლის 2008 წლის 18 თებერვლის №27/12-3 ცნობის თანახმად, მომხდარი შემთხვევის ფაქტზე, კერძოდ, შპს „.....ის“ დაცვის თანამშრომლის, პ. ც-აიას მიერ ავტომანქანა „ჰიუნდაი გეტცის“ (სახელმწიფო ნომრით ...) ფარულად დაუფლების ფაქტზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე;
წინასწარ გამოძიებაში ი. ნ-ძის მოწმის სახით დაკითხვის 2008 წლის 11 თებერვლის ოქმის მიხედვით, ამ უკანასკნელმა 2008 წლის 31 იანვარს, 10-დღიან მივლინებაში წასვლამდე, ავტომანქანის გასაღები გადასცა დაცვის ერთ-ერთ თანამშრომელს (სახელად ა.-ს), რომლებიც, ი. ნ-ძის განმარტებით, იცავდნენ მათი კომპანიის ოფისის კორპუსსა და ეზოს. ი. ნ-ძემ იცოდა, რომ დაცვის კომპეტენციაში შედიოდა წესრიგის დაცვა და შემომსვლელი და გამსვლელი პიროვნებების გაკონტროლება. აღნიშნულ დაცვას ისინი ოფისში ასვლისას უტოვებდნენ მანქანების გასაღებებს, ავტომანქანების მიმოსვლის დასარეგულირებლად, რათა მანქანებს ხელი არ შეეშალათ გასვლა-გამოსვლის პროცესში. გასაღებების გადაცემა ხდებოდა უშუალოდ იქვე კორპუსის პირველ სართულზე განთავსებული დაცვის ოთახში, გასაღებს უტოვებდნენ დაცვის ნებისმიერ თანამშრომელს, რომელიც გასაღების გადაცემის პროცესში იმყოფებოდა ოთახში. 2008 წლის 31 იანვარს ი. ნ-ძე ჩავიდა ეზოში და იქაური დაცვის თანამშრომლებს ჩააბარა მანქანის გასაღები, ამასთან, უთხრა, რომ გაციების შემთხვევაში დაექოქათ და გაეთბოთ მანქანა, ხოლო ვინაიდან იგი ეზოში რჩებოდა, ავტოფარეხში ადგილის გათავისუფლების შემდეგ შეეყვანათ ავტოფარეხში. 2008 წლის 11 თებერვალს სამსახურში დაბრუნებულმა ი. ნ-ძემ მოიკითხა ავტომანქანა, რაზეც ერთ-ერთმა დაცვის თანამშრომელმა გაკვირვებით უთხრა, რომ მისი ავტომანქანა ცვლის უფროსმა, ვინმე პ. ც-აიამ, თითქოსდა ი. ნ-ძის თხოვნით მის სახლში წაიყვანა. აღნიშნულის შემდეგ განხორციელდა შეტყობინება საპატული პოლიციაში;
2008 წლის 20 თებერვალს, პ. ც-აიას („....-ის“ თანამშრომელი) დაკითხვის ოქმის თანახმად, მან 2008 წლის 31 იანვარს აიღო ავტომანქანა „ჰიუნდაი გეტცის“ გასაღები და ავტომანქანა გაიყვანა ეზოს გარეთ, რათა წასულიყო სამტრედიაში. ზაჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტომანქანა დაზიანდა;
სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბისიაიმ“ 2008 წლის 14 მაისის წერილით უარი განუცხადა დამზღვევს სს „ ბ.შ.ფ–ას“ დამდგარი ზარალის _ ჰიუნდაი გეტცისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე;
შენობის დაცვას, სადაც წარმომადგენლობის ოფისია განლაგებული, ახორციელებდა შპს „.....“, ინდივიდუალური მეწარმე გ. დ-შვილთან 2008 წლის 1 მარტს დადებული ხელშეკრულების საფძველზე. აღნიშნული ხელშეკრულების საგანია ანკეტა-განცხადებაში მითითებული და აღწერილი ობიექტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შპს „.....-ის“ მიერ (მუხლი 1.1), ხოლო ობიექტს კი წარმოადგენს ანკეტაში მითითებულ მისამართზე მდებარე ობიექტი (მუხლი 22);
2006 წლის 15 ივლისს ინდმეწარმე „გ. დ-შვილსა და სს „შ–ის“ წარმომადგენლობას შორის გაფორმდა არასაცხოვრებელი ფართის ქირავნობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, წარმომადგენლობამ იქირავა თბილისში, ... გამზირის №6-ის ჩიხში მდებარე არასაცხოვრებელი ფართი;
2006 წლის 1 მაისს ინდმეწარმე „გ. დ-შვილსა“ (დამკვეთი) და შპს „....-ს“ (შემსრულებელი) შორის გაფორმდა ანკეტა-განაცხადი, რომლის მე-7 პუნქტის თანახმად, შპს „.....“ უზრუნველყოფდა, რომ დაცული ტერიტორიიდან არ მომხდარიყო მატერიალური ფასეულობების გატანა სპეციალური ნებართვის გარეშე. აღნიშნული ანკეტა-განაცხადის ძირითად მიზანს წარმოადგენდა თბილისში, ... ჩიხის №6-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის და ამ საცხოვრებელ სახლში განთავსებული საოფისე ფართების შემსრულებლის მიერ თავის სადღეღამისო ფართების შემსრულებლის მიერ თავის სადღეღამისო დაცვის ქვეშ მიღება.
საქალაქო სასამართლოს მითითებით, არ არსებობდა სამართლებრივი კავშირი დაცვის სამსახურსა და მოსარჩელეს შორის და საფუძველი, რომლის მიხედვითაც ი. ნ-ძე სისტემატურად, მხოლოდ იმ ცოდნის საფუძველზე, რომ დაცვა იცავდა კორპუსს (როგორც თავის ჩვენებაში აღნიშნავდა), დაცვას აბარებდა ავტომანქანის გასაღებს. პ. ც-აია ჩვენებაში აღნიშნავდა, რომ წესდების თანახმად, მათ არ ევალდებოდათ გასაღებების დატოვება, მაგრამ იტოვებდნენ მფლობელების თხოვნით (ტომი 1, ს.ფ. 105). ამასთან, როგორც ი. ნ-ძე ჩვენებაში აღნიშნავდა, კომპანიის შინაგანაწესით მანქანის გადაცემა უცხო პირებზე ეკრძალებოდათ.
საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ი. ნ-ძეს დაცვისათვის არ მიუცია ავტომანქანის გაყვანის უფლება, შესაბამისად, ავტომანქანის გატაცება მოხდა მოსარჩელის კონტროლის მიღმა და დაცვის სამსახურთან დადებული ხელშეკრულების დარღვევით. არაუფლებამოსილი იყო თუ არა მძღოლი, ამას არანაირი კავშირი არ ჰქონდა სადაზღვევო შემთხვევასთან, ხოლო მესამე პირებზე გადაცემის აკრძალვას არ მოიცავდა დაცვის თანამშრომლებზე გადაცემის აკრძალვა. ამასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლომ განმარტა შემდეგი:
ავტომანქანის გატაცება და, შესაბამისად, დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ სს „ ბ.შ.ფ–ას“ წარმომადგენლობის თანამშრომელმა ი. ნ-ძემ არაუფლებამოსილ მესამე პირს გადასცა მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა. გასაღებების გადაცემა ხდებოდა უშუალოდ იქვე კორპუსის პირველ სართულზე განთავსებულ დაცვის ოთახში, გასაღებს უტოვებდნენ დაცვის ნებისმიერ თანამშრომელს, ვინც გასაღების გადაცემის პროცესში იმყოფებოდა ოთახში. კომპანიის თანამშრომლები და, მათ შორის, ი. ნ-ძეც დაცვის თანამშრომლებს ყოველდღიურ შესაძლებლობას აძლევდნენ, მანქანის გასაღების გადაცემით, რომ დამდგარიყო სადაზღვევო შემთხვევა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სს „ ბ.შ.ფ–ას“ თანამშრომელთა მხრიდან შპს „....-ის“ თანამშრომლებისათვის სისტემატურად ავტომანქანების გასაღებების გადაცემა და ზემომითითებული ვალდებულებების დაცვის თანამშრომლებისათვის დაკისრება ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ხდებოდა.
საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, გარდა იმისა, რომ სს „ ბ.შ.ფ–ას“ თანამშრომელთა მხრიდან შპს „.....-ის“ თანამშრომლებისათვის ავტომანქანების გასაღებების გადაცემა ხორციელდებოდა ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, სს „ ბ.შ.ფ–ას“ მხრიდან ადგილი ჰქონდა მაღალი ხარისხის უყურადღებობასა და დაუდევრობას იმ ნაწილშიც, როდესაც დაზღვეული ავტომანქანების მართვის შესაძლებლობა დამზღვევის მხრიდან ეძლეოდათ ისეთ პირებს, რომლებიც სს „ ბ.შ.ფ–ას“ და სს „ს.კ.ა.ბ–ის“ შორის 2008 წლის 25 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულების პირობების მიხედვით, არ წარმოადგენდნენ უფლებამოსილ მძღოლებს. უფრო მეტიც, სს „ ბ.შ.ფ–ას“ თანამშრომლები გადასცემდნენ რა დაზღვეული ავტომანქანების გასაღებებს შპს „....-ის“ თანამშრომლებს, ანუ აძლევდნენ მათ ავტომანქანების თუნდაც ეზოს ტერიტორიაზე მართვის შესაძლებლობას, სრულიად არ ჰქონდათ წარმოდგენა იმის შესახებ, გააჩნდათ თუ არა ასეთ პირებს მართვის ცოდნა და მართვის შესაბამისი უფლებამოსილება. ავტომანქანის დაზიანება სავსებით შესაძლებელია როგორც ჩვეულებრივ გზებზე, ასევე ეზოს ტერიტორიაზეც, თუ ავტომანქანა ექსპლუატაციაშია მოყვანილი. ამდენად, დამზღვევის მხრიდან სრულიად იგნორირებული იყო დაზღვევის ხელშეკრულების ის პირობები, რომელიც ხელშეკრულების მე-2 მუხლის თანახმად (უფლებამოსილი მძღოლის განმარტება), დაზღვევის ძალაში ყოფნის სავალდებულო პირობას წარმოადგენდა.
საქალაქო სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება, რომ ავტომანქანა, როგორც დაზღვევის საგანი, საკმაოდ სპეციფიკურ ნივთს წარმოადგენს, ვინაიდან იგი მომეტებული საფრთხის წყაროა და მზღვეველისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს, თუ ვინ არის მის მიერ დაზღვეული ავტომანქანის მძღოლი. სწორედ ამიტომ მზღვეველსა და დამზღვევს შორის 2008 წლის 25 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულება ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის შესახებ, კერძოდ მისი მე-2 მუხლი ადგენს უფლებამოსილი მძღოლის ცნებას, რომელიც შემდეგნაირად განიმარტება: პირები, რომლებიც დამზღვევის შესაბამის განაცხადსა და პოლისში განსაზღვრულია, როგორც უფლებამოსილი მძღოლი და რომლის მიერ ავტოტრანსპორტის მართვის დროსაც დაზღვევა ძალაშია. მოცემულ შემთხვევაში ზემომითითებული გაურკვეველი დაცვის სამსახურის არც ერთი წევრი დამზღვევის მიერ არასდროს ყოფილა დეკლარირებული მზღვეველისათვის, როგორც უფლებამოსილი მძღოლი. საქალაქო სასამართლოს მითითებით, თუ გავითვალისწინებდით იმას, რომ დასახელებული პირებისათვის ავტომანქანის გასაღების დატოვებით, ე.წ. „დაცვის სამსახურის“ წევრებს ეძლეოდათ ავტომანქანების თუნდაც შენობის ეზოში გადაადგილებისა და შესაბამისად, მართვის შესაძლებლობა, დამზღვევი და შესაბამისად, მისი თანამშრომლებიც უშვებდნენ იმის ალბათობას, რომ ასეთ პირობებში რომელიმე დაზღვევით გათვალისწინებული რისკის დადგომის შემთხვევაში, მზღვეველი არ აანაზღაურებდა მომხდარ შემთხვევას, ვინაიდან დაზღვევა მხოლოდ უფლებამოსილი მძღოლის მიერ ავტომანქანის მართვისას იყო ძალაში.
ამდენად, საქალაქო სასამართლომ დაასკვნა, რომ სს „ ბ.შ.ფ–ას“ მხრიდან ადგილი ჰქონდა უხეში გაუფრთხილებლობით ჩადენილ ქმედებას, რამაც დაზღვეული ნივთის დაზიანება გამოიწვია. აღნიშნული გარემოება კი იწვევდა მზღვეველის გათავისუფლებას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებისაგან ანუ სადაზღვევო ანაზღაურების გაცემისაგან.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლზე, რომლის თანახმად, მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით. მოცემულ შემთხვევაში საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ადგილი ჰქონდა დამზღვევის _ სს „ ბ.შ.ფ–ას“ წარმომადგენლობის მხრიდან ბრალეულ (უხეში გაუფრთხილებლობის) შემთხვევას, რის გამოც მზღვეველი _ სს „ს.კ.ა.ბ.“ თავისუფლდებოდა თავისი მოვალეობის შესრულებისაგან (ტომი 1, ს.ფ. 146-160).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „ ბ.შ.ფ–ამ“, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება (ტომი 1, ს.ფ. 170-181).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 26 ივნისის განჩინებით საქართველოში სს „ ბ.შ.ფ–ას“ წარმომადგენლობის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით და მათი სამართლებრივი შეფასება.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება სასამართლოს მიერ იმ ფაქტობრივი გარემოების არასწორად დადგენაზე, რომ შპს „....-სა“ (დაცვის სამსახური) და მოსარჩელეს შორის არ არსებობდა სამართლებრივი კავშირი და შპს „....-ის“ პასუხისმგებლობა მოსარჩელის ავტომანქანების უსაფრთხოებაზე არსად არ იყო დაფიქსირებული.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, არც 2006 წლის 1 მაისის „ანკეტა-განაცხადი“ (ტომი 1, ს.ფ. 129) და არც 2008 წლის 1 მარტის ხელშეკრულება (ტომი 1, ს.ფ. 15-17), რომლებზეც აპელანტი აპელირებდა, არ განსაზღვრავს შპს „......-ის“ ვალდებულებას, განახორციელოს სს „ ბ.შ.ფ–ას“ კუთვნილი ავტომანქანების დაცვა (მათ შორის, დაიტოვოს ავტომანქანის გასაღები, ჩაერთოს და გადააადგილოს ავტომანქანა დასაცავი ობიექტის ტერიტორიაზე და ა.შ.).
ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, შპს „....-სა“ და სს „ ბ.შ.ფ–ას“ შორის ზემოაღნიშნული შინაარსის შეთანხმების არსებობის შემთხვევაშიც, დამზღვევს (სს „ ბ.შ.ფ–ას“) ვერ ექნებოდა სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, ვინაიდან სადაზღვევო ხელშეკრულების 5.12 მუხლის თანახმად, მზღვეველი არ არის პასუხისმგებელი სადაზღვევო შემთხვევაზე დაზღვეული ავტოტრანსპორტის მართვისას არაუფლებამოსილი პირის მიერ. ამავე ხელშეკრულების მე-2 მუხლის თანახმად კი „უფლებამოსილ მძღოლად“ ითვლება პირი, რომელიც დამზღვევის შესაბამის განაცხადსა და პოლისში განსაზღვრულია, როგორც უფლებამოსილი მძღოლი. მოცემულ შემთხვევაში უდავოდ დგინდებოდა, რომ დამზღვევის შესაბამის განაცხადსა და პოლისში შპს „.....-ის“ არც ერთი თანამშრომელი, მათ შორის, არც პ. ც-აია (რომელიც მართავდა ავტომანქანას ავტოსაგზაო შემთხვევის დროს), მითითებული არ ყოფილა, როგორც უფლებამოსილი მძღოლი (ტომი 2, ს.ფ. 56-72).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოში სს „ ბ.შ.ფ–ას“ წარმომადგენლობამ (წარმომადგენელი ს. რ.), რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
კასატორის მოთხოვნა ეფუძნება შემდეგ მოტივებს:
სააპელაციო სასამართლომ ავტომანქანის არაუფლებამოსილი მძღოლისათვის გადაცემა შეაფასა დამზღვევის უხეშ გაუფრთხილებლობად, რაც არასწორია. სს „ბაიერ შერინგ ფარმასა“ და სს „ს.კ.ა.ბ–ის“ შორის 2008 წლის 25 იანვარს გაფორმებული დაზღვევის ხელშეკრულების 5.12 მუხლი გამორიცხავს მზღვეველის პასუხისმგებლობას სადაზღვევო შემთხვევაზე დაზღვეული ავტოტრანსპორტის არაუფლებამოსილი მძღოლის მიერ მართვისას. მზღვეველის პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაში გამოირიცხება არა იმის გამო, რომ ზოგადად არაუფლებამოსილი მძღოლისათვის გასაღების გადაცემა წარმოადგენს უხეშ გაუფრთხილებლობას, არამედ იმიტომ, რომ იმავე ხელშეკრულების მე-2 მუხლის თანახმად, ავტოტრანსპორტის დაზღვევა ძალაშია მხოლოდ უფლებამოსილი მძღოლის მიერ ავტოტრანსპორტის მართვის დროს. მოცემულ შემთხვევაში სადაზღვევო შემთხვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებისგან გათავისუფლების საკითხი არ დადგებოდა იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ დაზღვევის ხელშეკრულების მე-2 მუხლის თანახმად არაუფლებამოსილი მძღოლის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვისას დაზღვევა არ იქნებოდა ძალაში;
ი. ნ-ძეს ავტომანქანის გასაღების გადაცემისას არ მიუცია ოფისის დაცვის თანამშრომლებისათვის უფლებამოსილება, გაეყვანა ავტომანქანა ოფისის ტერიტორიის გარეთ და ემართა საერთო სარგებლობის გზებზე. ი. ნ-ძემ დაცვის თანამშრომლებს ავტომანქანის გასაღების გადაცემისას მისცა მხოლოდ შემდეგი მითითებები: აციების შემთხვევაში დაექოქათ და გაეთბოთ მანქანა, ავტოფარეხში ადგილის გათავისუფლების შემდეგ ავტომანქანა დაეყენებინათ ავტოფარეხში. ამდენად, ნათელია, რომ გასაღების გადაცემისას ი. ნ-ძის ნება, რომელიც მან გამოხატა დაცვის თანამშრომლებთან, არ გულისხმობდა დაცვის თანამშრომლებისათვის ავტომანქანის საერთო გზებზე მართვის უფლებამოსილებით გადაცემას, ეს ნება მიმართული იყო ავტომანქანის ტექნიკური გამართულობის, მისი დაცულობის უზრუნველსაყოფად;
დაზღვევის ხელშეკრულების 5.12 მუხლით დადგენილია, რომ, მიუხედავად იმისა, მართავს თუ არა ავტომანქანას უფლებამოსილი მძღოლი, ზიანი, რომელიც მიყენებულია ქურდობით, ძარცვით, ყაჩაღობით ან მათი მცდელობით, ექვემდებარება მზღვეველის მიერ ანაზღაურებას. ამიტომ როდესაც სახეზეა ქურდობა, ჩადენილი ავტომანქანის ფარული დაუფლების გზით, აღარ უნდა იყოს საუბარი მძღოლის უფლებამოსილებაზე;
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა „უხეში გაუფრთხილებლობის“ ცნება. მან უხეშ გაუფრთხილებლობად მიიჩნია არაუფლებამოსილი მძღოლისათვის ავტომანქანის გასაღების გადაცემა. ამასთან დაკავშირებით კასატორი აღნიშნავს, რომ არ არსებობს კავშირი უხეშ გაუფრთხილებლობასა და ი. ნ-ძის მიერ არაუფლებამოსილი მძღოლისათვის ავტომანქანის გასაღების გადაცემას შორის. უზენაესმა სასამართლომ თავის ერთ-ერთ განჩინებაში (საქმე №ას-33-406-05) გერმანიის ფედერალური უმაღლესი სასამართლოს 2000 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებაზე მითითებით, „უხეში გაუფრთხილებლობის“ ცნებასთან მიმართებით განმარტა შემდეგი: უხეში გაუფრთხილებლობა სახეზეა, როდესაც გარკვეულ ვითარებებში და გარემოებებში პირისაგან მოსალოდნელია გამოიჩინოს კეთილსინდისიერება, რაც ყველასათვის ნათელია და ასეთ შემთხვევაში პირი არ იჩენს კეთილსინდისიერებას _ უჩვეულოდ დიდი მასშტაბით, მოცულობით, იგნორირებას უკეთებს და არღვევს მას. ჩვეულებრივი გაუფრთხილებლობისაგან განსხვავებით უხეში გაუფრთხილებლობა წარმოადგენს უპატიებელ შეცდომას სუბიექტური თვალსაზრისითაც კი. კასატორის მითითებით, ი. ნ-ძე ავტომანქანის გასაღების გადაცემისას არ არღვევდა აუცილებელი ყურადღებიანობის და კეთილსინდისიერების ფარგლებს. ავტომანქანის დაცვის თანამშრომლებისათვის დატოვებისას იგი მოქმედებდა კეთილსინდისიერად, მისი ნება იყო ის, რომ ავტომანქანა მივლინებაში ყოფნის დროს ყოფილიყო დაცული ავტოფარეხში.
კასატორის აზრით, იმ შემთხვევაშიც, თუკი დავუშვებთ, რომ ი. ნ-ძის მიერ ავტომანქანის გასაღების არაუფლებამოსილი პირისათვის გადაცემა წარმოადგენს უხეშ გაუფრთხილებლობას, სადაზღვევო შემთხვევის დადგომა არ არის პირდაპირი შედეგი ი. ნ-ძის მიერ ავტომანქანის გასაღების დაცვის თანამშრომლისათვის გადაცემისა. შესაბამისად, სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ დაცვის წევრებისათვის ავტომანქანის გასაღებების გადაცემამ გამოიწვია ავტოსაგზაო შემთხვევა, მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს (ტომი 2, ს.ფ. 83-92).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „ ბ.შ.ფ–ას“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ. გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე და განაპირობა არასწორი განჩინების გამოტანა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, სს „ ბ.შ.ფ–ას“ საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება განსახილველად დაშვებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე სს „ ბ.შ.ფ–ას“ უნდა დაუბრუნდეს საკასციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (424.85 ლარი) 70% _ 297.395 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „ ბ.შ.ფ–ას“ საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 26 ივნისის განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. სს „ ბ.შ.ფ–ას“ დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (424.85 ლარი) 70% _ 297.395 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ლაზარაშვილი
მოსამართლეები: ნ. კვანტალიანი
ვ. როინიშვილი