Facebook Twitter

ას-240-225-2011 10 მაისი, 2011 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა

ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პ. ქათამაძე, ბ. ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ნ. ბ-ვა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ მ. შ-ია (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი – დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ბ-ვამ სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. შ-იას მიმართ და მოითხოვა დანაშაულით მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად 9460 ლარის, ბინის ქირის _ 12 445 ლარისა და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 30 000 ლარის დაკისრება შემდეგი დასაბუთებით: 1996 წელს მ. შ-იამ მის ბიძაშვილს ვ. ძ-უას ასესხა, 1800 აშშ დოლარი 25%-იანი სარგებლით. რამოდენიმე დღეში მან პირადად დაუბრუნა მ. შ-იას 500 აშშ დოლარი და ამის შემდეგ მის ბიძაშვილს გადასახდელი დარჩა 1300 აშშ დოლარი. ბიძაშვილმა დროულად ვერ დაუბრუნა ვალი და მ. შ-იამ ისარგებლა რა მოსარჩელის უსაზღვრო ნდობით, მოტყუებით დაადებინა სესხის ხელშეკრულება თითქოს მოსარჩელემ მისგან ისესხა 4000 აშშ დოლარი. სესხის უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხე მ. შ-იამ მოსარჩელე ნ. ბ-ვას ქ.ზუგდიდში, ... ქ.¹193/93-ში მდებარე ბინა დატვირთა იპოთეკით. ვინაიდან მოსარჩელემ აღნშნული თანხა არ დაუბრუნა მ. შ-იას, ამ უკანასკნელმა მიმართა სასამართლოს მის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე, ნ. ბ-ვას არ გააჩნდა არანაირი დოკუმენტი, ხოლო მ. შ-იას ჰქონდა თაღლითური გზით მოპოვებული სესხის ხელშეკრულება. სასამართლომ ნ. ბ-ვას დააკისრა თანხა. 2001 წლის 15 ოქტომბერს შედგა იძულებითი აუქციონი და მოპასუხე მ. შ-იამ თვითონვე შეიძინა მოპასუხე ნ. ბ-ვას ბინა. 2010 წლის 11 აპრილის ზუგდიდის რაიონული სასამართლოს განაჩენით მ. შ-ია ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით, ხოლო 2008 წლის 23 აპრილში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენით ნაწილობრივ შეიცვალა კვალიფიკაცია და საბოლოოდ მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მოპასუხე მ. შ-იამ, სარჩელი არ ცნო და განმარტა, 3420 ლარის მისთვის დაკისრების თაობაზე მისი საკასაციო საჩივარი უზენაესი სასამართლოს მიერ ამჟამად არ არის განხილული და ამ ეტაპზე ზუგდიდის რაიონული სასამართლოს წარმოებაში არსებული სარჩელის მოთხოვნა, მოტივი და საფუძველი 2008 წლის 21 დეკემბრის სასარჩელო მოთხოვნის იდენტურია, განსახილველია მხოლოდ თანხის ოდენობა. მოსარჩელემ შეუსაბამოდ გაზარდა მოთხოვნილი თანხა 51905 ლარამდე. მოპასუხე აღნიშნავს, რომ ნ. ბ-ვას ბინა მან შეიძინა კანონიერად, აუქციონის წესით და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ თავის 2009 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით ის აღიარეს ამ ბინის კანონიერ მესაკუთრედ, რის გამოც 9460 ლარის მისთვის დაკისრება კანონშეუსაბამოა. ნ.ბ-ვას არ წარმოუდგენია ბინის დაქირავებისა და ბინის ქირის გადახდის რეალური წერილობითი მტკიცებულება ქირავნობის ხელშეკრულების ანდა ქირის გადახდის ქვითრის ან ხელწერილის სახით, შესაბამისად ასევე უსაფუძვლოა 12 446 ლარის ბინის ქირის მისთვის დაკისრება. მ. შ-ია მორალური ზიანის _ 30 000 ლარის მისთვის დაკისრების თაობაზე განმარტავს, რომ ამ მოთხოვნის მტკიცებულებად ნ. ბ-ვას მიერ უცხო ენაზე შედგენილი დოკუმენტი არ წარმოადგენს სათანადო მტკიცებულებას.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ. ბ-ვას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მ. შ-იას ნ. ბ-ვას სასარგებლოდ დაეკისრა 21905 ლარი, ხოლო მორალური ზიანის 30000 ლარის დაკისრებაზე ეთქვა უარი. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. შ-იამ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ნ. ბ-ვას სარჩელი მ. შ-იასთვის 21905 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2010 წლის 11 აპრილის ზუგდიდის რაიონული სასამართლოს განაჩენით მ. შ-ია ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით. 2008 წლის 23 აპრილის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენით ნაწილობრივ შეიცვალა კვალიფიკაცია და საბოლოოდ მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. კანონიერ ძალაში შესული ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 18 აგვისტოს გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მ. შ-იასა და ნ. ბ-ვას შორის, 1997 წლის 28 თებერვალს დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ნ.ბ-ვას მ.შ-იასათვის უნდა გადაეხადა 4000 ამერიკული დოლარი. დადგინდა, რომ აღნიშნული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადახდევინება მიექცევა ქ.ზუგდიდში, .... ქ.¹225-ში მდებარე ნ. ბ-ვას კუთვნილი ¹33 ბინაზე. კანონიერ ძალაში შესული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002 წლის 15 ნოემბრის განჩინებით ირკვევა, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 18 აგვისტოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, სამეგრელო-ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ, 2001 წლის 15 ოქტომბერს ჩატარდა განმეორებითი აუქციონი და ნ.ბ-ვას კუთვნილი ბინა 7095 ლარად შეიძინა მ.შ-იამ, რაც გაფორმდა მ.შ-იას სახელზე. ნ.ბ-ვამ 2001 წლის 27 ნოემბერს სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა 2001 წლის 15 ოქტომბერს ჩატარებული აუქციონის გაუქმება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002 წლის 15 ნოემბრის განჩინებით დადგენილ იქნა, რომ აუქციონი ჩატარდა კანონის მოთხოვნათა დაცვით, რის გამოც ნ.ბ-ვას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, დაკმაყოფილდა მ. შ-იას სარჩელი და ნ. ბ-ვა ოჯახის წევრებთან ერთად გამოსახლდა ქ.ზუგდიდში, .... ქ.¹193/33-ში მდებარე საცხოვრებელი ბინიდან. ნ.ბ-ვა იძულების წესით 2003 წლის 7 აგვისტოს გამოსახლებულ იქნა საცხოვრებელი ბინიდან. სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 24 თებერვლის საოქმო განჩინებებით არ დაკმაყოფილდა მ. შ-იას შუამდგომლობა მისი არასათანადო მოპასუხედ მიჩნევისა და სათანადო მოპასუხით სამეგრელო _ ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს ჩართვის თაობაზე ასევე არ დაკმაყოფილდა მოთხოვნა აუქციონის ბათილად ცნობის თაობაზე ნ.ბ-ვას სარჩელთან დაკავშირებით დავის განხილვამდე, მოცემული საქმის წარმოების შეჩერებისა და მ.შ-იას შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტისა და დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირად სამეგრელო – ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს ჩართვის თაობაზე.

სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლის საფუძველზე პალატამ განმარტა, რომ კანონიერ ძალაში შესული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 21 აპრილის განაჩენით, ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002 წლის 15 ნოემბრის განჩინებით დადგენილია, რომ ნ. ბ-ვა იძულების წესით კუთვნილი საცხოვრებელი ბინიდან გამოსახლებულ იქნა 2003 წლის აგვისტოს, საცხოვრებელი სახლის დაკარგვით წარმოშობილი ზიანის თაობაზე ნ.ბ-ვასათვის ცნობილი გახდა 2003 წლის აგვისტოში, კანონის აღნიშნული ნორმის შესაბამისად სარჩელის წარდგენის ბოლო ვადას წარმოადგენდა 2006 წლის 7 აგვისტო, ხოლო ნ.ბ-ვამ სარჩელი მიყენებული ზიანის – 9460 ლარის ანაზღაურების თაობაზე წარადგინა 2009 წლის 9 დეკემბერს. პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული მოთხოვნა ხანდაზმულია.

პალატამ არ გაიზიარა ნ. ბ-ვასა მოსაზრება, რომ დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენა უნდა დაიწყოს 2008 წლიდან, როდესაც სისხლის სამართლის წესით დადგენილ იქნა მ.შ-იას დანაშაულებრივი ქმედება და განმარტა, რომ სარჩელის წარდგენის დროისათვის მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 30-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირს, რომელსაც უშუალოდ დანაშაულის შედეგად მიადგა ქონებრივი, ფიზიკური ან მორალური ზიანი, უფლება აქვს სისხლის სამართლის საქმის წარმოებისას მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება და ამ მიზნით წარადგინოს სამოქალაქო სარჩელი. მითითებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმები ადგენენ სისხლის სამართლის საქმის წარმოებისას სამოქალაქო სარჩელის წარდგენის, განხილვისა და გადაწყვეტის საგამონაკლისო წესებს, რომლებიც არ შეიძლება გავრცელდეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით წარდგენილ სამოქალაქო სარჩელებზე., შესაბამისად, ისეთ შემთხვევაში, როდესაც სარჩელი წარდგენილია სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, მიუხედავად იმისა, თუ რა არის მითითებული სამართლებრივ საფუძვლად, დანაშაულით მიყენებული, თუ ხელშეკრულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება, ყველა შემთხვევაში გამოიყენება სამოქალაქო სამართლის მატერიალური ნორმები და არა სისხლის სამართლის საპროცესო ნორმები. პალატამ მიიჩნია, რომ, ვინაიდან დავის საგანს წარმოადგენს საცხოვრებელი სახლის დაკარგვით წარმოშობილი ზიანის ანაზღაურება, განსახილველ შემთხვევაში გამოყენებული უნდა იქნას სამოქალაქო კოდექსის ნორმები. რაც შეეხება ნ. ბ-ვას მოთხოვნას ნ. შ-იასთვის ბინის ქირის დაკისრებზე, პალატამ მიუთითა რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, ბინის დაქირავებისა და ქირის გადახდის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ნ. ბ-ვამ და მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ ზიანის ანაზღაურების ნაწილში სარჩელი მიიჩნია ხანდაზმულად, ვინაიდან სასამართლოს აზრით, მოტყუებით დადებული გარიგების გასაჩივრების ვადა არის ერთი წელი იმ დღიდან, როდესაც პირისათვის ცნობილი გახდა მოტყუების შესახებ, სასამართლომ ჩათვალა, რომ ნ. ბ-ვასთვის მოტყუების ფაქტი ცნობილი გახდა 2008 წლის 23 აპრილს და, შესაბამისად მას სარჩელი უნდა აღეძრა 2009 წლის 23 აპრილამდე, ხოლო სარჩელი აღიძრა 2009 წლის დეკემბერში. ამ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და არ გაითვალისწინა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილი, სადაც მითითებულია, რომ „სისხლის სამართლის საქმეთა გამო აღძრულ სამოქალაქო სარჩელებზე არ ვრცელდება სამართლის სხვა დარგებში დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადები“. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიღო უკანონო გადაწყვეტილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ბ-ვას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა)საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

მოცემული დავის საგანია დანაშაული მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება საქმოქალაქო კოდექსის 992-ე, 1008-ე მუხლებით. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რაც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნ. ბ-ვას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ნ. ბ-ვას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.