ას-241-226-2011 12 მაისი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ სს «ბანკი ... « (შეგებებული სარჩელის ავტორი)
მოწინააღმდეგე მხარე _ მ. და ა. შ-ძეები (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 23 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ძირითად სარჩელში _ ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება, შეგებებულ სარჩელში _ მიუღებელი შემოსავლის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა. და მ. შ-ძეებმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში სს «ბანკ ...ს» მიმართ მოპასუხის ანგარიშზე ზედმეტად გადახდილი თანხის _ 1783 აშშ დოლარისა და 2160.39 ლარის დაბრუნების მოთხოვნით.
მოპასუხემ შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მოსარჩელეთათვის ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის _ მიუღებელი შემოსავლის სახით 5663.06 აშშ დოლარის დაკისრება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. და ა. შ-ძეების სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოსარჩელეებს დაუბრუნდათ სს «ბანკ ...ს» ანგარიშზე ¹03-230-000028 სესხის ხელშეკრულებიდან არსებული დავალიანების დაფარვის მიზნით 2009 წლის 21 დეკემბერს, 2010 წლის 20 იანვარს, 2010 წლის 23 თებერვალს, 2010 წლის 22 მარტსა და 2010 წლის 9 აგვისტოს შეტანილი თანხებიდან 1783 აშშ დოლარი, ხოლო ძირითადი სარჩელი 2160.39 ლარის დაბრუნების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, სს «ბანკ ...ს» შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება 1783 აშშ დოლარისა და შეგებებული სარჩელით მოთხოვნილი 5663.06 აშშ დოლარის ა. და მ. შ-ძეებისათვის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში სს «ბანკმა ...მ» გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 23 დეკემბრის განჩინებით სს «ბანკ ...ს» სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2008 წლის 23 მაისს სს «ბ. ...სა» და მ. შ-ძეს შორის გაფორმდა 2008 წლის 20 მაისს დადებული გენერალური სასესხო ხელშეკრულების ¹03-230-000001 შემადგენელი სასესხო ხელშეკრულება ¹03-230-000028, რომლის თანახმადაც ბანკმა მსესხებელს გადასცა სესხი 14 000 აშშ დოლარის ოდენობით 48 თვის (4 წლის) ვადით, წლიური 26%-ის დარიცხვით.
2008 წლის 20 მაისს ¹03-230-000001 გენერალური სასესხო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება 03-230-000024 და იპოთეკით დაიტვირთა ა. შ-ძის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.
სს «ბ. ...ს” შეგებებული სარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობს 2008 წლის 23 მაისს სს «ბ. ...სა" და მ. შ-ძეს შორის გაფორმებული და 2008 წლის 20 მაისს დადებული გენერალური სასესხო ხელშეკრულების ¹03-230-000001 შემადგენელი სასესხო ხელშეკრულებიდან ¹03-230-000028, რომლის მიხედვით ბანკმა მსესხებელს გადასცა სესხი 14 000 აშშ დოლარის ოდენობით 48 თვის ვადით, წლიური 26%-ის დარიცხვით.
სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის გამო მხარეთა შორის ხელშეკრულება შეწყდა. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა რა სს «ბ. ...ს” სარჩელი, მ. შ-ძეს დაეკისრა სს «ბ. ...ს" სასარგებლოდ 10913,82 აშშ დოლარისა და სახელმწიფო ბაჟის სახით 555,61 ლარის გადახდა. აღნიშნული თანხის ამოღების მიზნით დადგინდა იპოთეკით დატვირთული ხელვაჩაურის რაიონში, სოფელ ... მდებარე 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთის, 178,2 შენობა-ნაგებობის იძულებითი რეალიზაცია. ამდენად, გადახდის გრაფიკის დარღვევის გამო, თავად სს «ბანკმა ...მ” შეწყვიტა ხელშეკრულება მ. შ-ძესთან. აღნიშნული გადაწყვეტილება აღსასრულებლად გადაცემულ იქნა 2009 წლის დეკემბერში. წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ მ. შ-ძეს წარედგინა 2009 წლის 17 დეკემბერს, რომლითაც მ. შ-ძეს ევალებოდა გადაწყვეტილების საფუძველზე სს «ბ. ...სათვის" გადაეხადა სულ 8490,71 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი და 722,61 ლარი.
ამ დროისათვის, ანუ გადაწყვეტილების იძულებით აღსასრულებლად წარდგენისათვის, მ. შ-ძეს ნაწილი თანხა ნებაყოფლობით ჰქონდა გადახდილი, ხოლო გადასახდელად დარჩა 8490,71 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი და 722,61 ლარი.
საქმეში წარმოდგენილი გადახდის ქვითრებით პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. შ-ძემ სს «ბ. ...ს" წინაშე არსებული დავალიანების დაფარვის მიზნით, საბანკო ანგარიშებზე ამ დროისთვის დარჩენილი დავალიანების _ 8490,71 აშშ დოლარის ნაცვლად, შეიტანა სულ 10274 აშშ დოლარი და 2883 ლარი, ანუ იმაზე მეტი, ვიდრე მას კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ეკისრებოდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ დაადგინა, რომ მ. შ-ძის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხა 2008 წლის 23 მაისის სასესხო ხელშეკრულებიდან და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე შეადგენს 1783 აშშ დოლარს.
რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას 2160 ლარის, როგორც ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების თაობაზე, ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, თუმცა მოსარჩელის მიერ არ გასაჩივრებულა და გადაწყვეტილება ამ ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში.
სააპელაციო პალატა მიიჩნია, რომ მხარეთა შორის წარმოშობილი ურთიერთობა უნდა მოწესრიგდეს სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 317-ე, 316-ე, 976-ე მუხლებით.
სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ არ გაიზიარა შეგებებული სარჩელის მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის გამო მოპასუხისათვის 5663.06 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე. მ. შ-ძის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის მიღებულ იქნა სასამართლოს გადაწყვეტილება, ამასთან, მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის გაწყვეტის ინიციატორი სწორედ სს «ბ. ...” იყო, რაც გამორიცხავს მისი მოთხოვნის მართებულობას ხელშეკრულების შეწყვეტის დღიდან რაიმე ვალდებულების დაკისრების თაობაზე.
პალატამ ჩათვალა, რომ მოდავე მხარეთა შორის ხელშეკრულება ბოლომდე არ გაგრძელებულა და ბ-საგან აღებული კრედიტით მ. შ-ძეს არ უსარგებლია. ამდენად, მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის თაობაზე უსაფუძვლოა. პალატა თვლის, რომ მიუღებელ შემოსავალს ბანკი მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებდა, თუ ხელშეკრულება ბოლომდე გაგრძელდებოდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება სს «ბანკმა ...მ» გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით: დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ მხარეთა შორის ურთიერთობის შეწყვეტის ინიციატორი იყო ბანკი, რაც გამორიცხავს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებას გარიგების შეწყვეტის დღიდან რაიმე ვალდებულების შესრულების შესახებ. ასევე არასწორია პალატის მოსაზრება, რომ ბანკი მიუღებელ შემოსავალს მიიღებდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულება ბოლომდე შესრულდებოდა. მითითებული მსჯელობა სამართლებრივი ნორმით გამყარებული არ არის. ბუნდოვანია, თუ რას მოიაზრებს სასამართლო ხელშეკრულების ბოლომდე გაგრძელებაში. პალატამ არ გაითვალისწინა, რომ გარიგების ბოლომდე გაგრძელებისა და შესრულების შემთხვევაში მხარეთა შორის დავა არ წარმოიშობოდა.
სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლი და საერთოდ არ შეაფასა საქმის სწორად გადასაწყვეტად მნიშვნელოვანი მტკიცებულება _ მ. შ-ძის აღიარება ბანკის წინაშე მეტი ოდენობით დავალიანების არსებობის თაობაზე. აღნიშნული წერილობითი მტკიცებულება სასამართლოს უნდა შეეფასებინა სამოქალაქო კოდექსის 52-ე და 341-ე მუხლებთან მიმართებით, რაც არ განუხორციელებია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 7 მარტის განჩინებით სს «ბანკი ...ს» საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა სს «ბანკი ...ს» საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს უკავშირებს გარკვეულ შეზღუდვებს და ადგენს იმ დავათა კატეგორიებს, რომლებზეც შეტანილი საკასაციო საჩივარი საკასაციო სასამართლოს მიერ დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი. აღნიშნული დანაწესები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლში.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები მითითებული ნორმით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით.
მოცემული დავის საგანია ვალდებულების არარსებობის პირობებში გადახდილი თანხის დაბრუნების მართლზომიერება. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ეფუძნება სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლს. აღნიშნული პრაქტიკა ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.
კასატორი ვერ ასაბუთებს და საქმის მასალებითაც არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ისეთი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის შედეგზე, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ სს «ბანკ ...ს» უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2011 წლის 10 თებერვალსა და 4 მარტს გადახდილი 644,67 ლარის 70% _ 451,26 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სს «ბანკი ...ს» საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
კასატორ სს «ბანკ ...ს» (საიდენტიფიკაციო კოდი ¹...) დაუბრუნდეს შემდეგ ანგარიშზე: თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი _ ¹220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300773150, დანიშნულება _ «სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე» გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 451,26 ლარი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.