Facebook Twitter

ას-242-227-2011 5 მაისი, 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს «...», თ. ბ-ძე, ჯ. ბ-ძე და ჯ. მ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე _ სსიპ «... პ.. სწავლების ცენტრი»

დავის საგანი – თანხის დაკისრება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს «...მ», თ. ბ-ძემ, ჯ. ბ-ძემ და ჯ. მ-ძემ სარჩელი აღძრეს სასამართლოში სსიპ ... პ.. სწავლების ცენტრის მიმართ და მოითხოვეს მოპასუხისათვის მათ სასარგებლოდ 13000 ლარის, გადახდილი სახელმწიფო ბაჟისა და იურიდიული მომსახურების ხარჯის _ 500 ლარის დაკისრება შემდეგი საფუძვლებით:

მოსარჩელეთა განმარტებით, .... სამეცნიერო-სასწავლო საწარმო ცენტრის დირექციასა და შპს «...ს» შორის 1997 წლის 10 სექტემბერს დაიდო ხელშეკრულება ქ.ბათუმში ... ქ.¹84-ში მდებარე, პ.. სამეცნიერო-სასწავლო საწარმო ცენტრის კუთვნილი შენობა-ნაგებობის კაპიტალური რემონტის ჩატარების თაობაზე. ხელშერკულების დადების დღესვე მოხდა აღნიშნული შენობის დათვალიერება, შედგა დეფექტური აქტი და გაკეთდა შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა, რომლის თანახმად, შენობისადმი ჩასატარებელმა მოცულობითმა სამუშაომ შეადგინა 13000 ლარი, რაც გაიღო შპს «...ისაგან» დაქირავებულმა მშენებლმა. მოსარჩელეთა განმარტებით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები გაგრძელდა 1997 წლის 28 ნოემბრამდე, რის შემდეგაც პ.. სამეცნიერო სასწავლო საწარმოო ცენტრის მიერ კაპიტალურად გარემოენტებული შენობა-ნაგებობის მიღება-ჩაბარება მოხდა აქტის საფუძველზე, რომლის ხარჯების ანაზღაურება უნდა მომხდარიყო პ.. სწავლების ცენტრის მიერ, რაც დღემდე არ ანაზღაურებულა, რაც დასტურდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2009 წლის 9 დეკემბრის ¹02-09-2/16802 პასუხით, რომლის თანახმად, მოპასუხის მიერ წამოდგენილი წლიური ბალანსის თანდართული კრედიტორული დავალიანების ფორმაში ასახულია სადავო თანხა.

მოპასუხე სსიპ «... პ.. სწავლების ცენტრმა» სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ ვალდებულება 13000 ლარის ანაზღაურების შესახებ მას შეიძლება წარმოშობოდა მხოლოდ აღნიშნული თანხის გახარჯვის შესახებ შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, საქმეში კი რაიმე სახის პირდაპირი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა აღნიშნული დავალიანების არსებობა, არ მოიპოვებოდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით შპს «...ის», თ. ბ-ძის, ჯ. ბ-ძისა და ჯ. მ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე სსიპ «... პ.. სწავლების ცენტრს» დაეკისრა 13000 ლარის გადახდა მოსარჩელეთა სასარგებლოდ, მასვე დაეკისრა მოსარჩელეთა მიერ სარჩელის სასამართლოში წარდგენისას წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 405 ლარის ოდენობით.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ «... პ.. სწავლების ცენტრმა», მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით სსიპ «... პ.. სწვალების ცენტრის» სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, შპს «...ის», თ. ბ-ძისა და ჯ. მ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელეებს დაეკისრათ სსიპ «... პ.. სწავლების ცენტრის» სასარგებლოდ, აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი _ 520 ლარი.

1997 წლის 10 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ერთის მხრივ მოსარჩელე, შპს „...ის“ დირექტორს ვ. ვ-ძეს (შემკვეთს) და მეორეს მხრივ ინჟინერ – მშენებელ (შემსრულებელ) თ. ბ-ძეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, შემსრულებელმა აიღო ვალდებულება ქ.ბათუმში, ... ქ.¹184-ში მდებარე ქ.... პ.. სამეცნიერო სასწავლო საწარმო ცენტრის კორპუსზე კაპიტალური რემონტის ჩატარების (თავისი ხარჯებით) შესახებ, შემკვეთმა შპს „...მ“ თავის მხრივ აიღო ვალდებულება, რომ შესრულებული სამუშაოებისა და შეძენილი მასალების ხარჯებს აანაზღაურებინებდა ... პ.. სამეცნიერო სასწავლო ცენტრს (იხ. ტ.I, ს.ფ. 19).

პ.. სამეცნიერო სასწავლო ცენტრის დირექტორსა და თ.ბ-ძეს შორის 1997 წლის 11 სექტემბრს დადებული ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ თ.ბ-ძე ჩაატარებდა კაპიტალურ რემონტს, რემონტი დაიწყებოდა 1997 წლის სექტემბერში და დამთავრდებოდა 1997 წლის ბოლოს. ამავე ხელშეკრულებით, თ. ბ-ძემ აიღო ვალდებულება ჩატარებული სამუშაოები უზრუნველეყო მუშახელითა და საჭირო მასალებით და შეესრულებინა 10 სექტემბერს შედგენილ ხარჯთაღრიცხვაში აღნიშნული სარემონტო სამუშაოები. (ტ.I, ს.ფ. 20).

1997 წლის 10 სექტემბრის დეფექტური აქტის შესაბამისად, სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ მხარეები შეთანხმდნენ შესასრულებელ სამუშაოებზე, მათ ხარისხიან და დროულად ჩატარებაზე (ტ.I ს.ფ.11);

საქმეში წარმოდგენილი სსიპ ... პ.. სწავლების ცენტრის ბალანსზე რიცხული კრედიტორული დავალიანებების ამონარიდის თანახმად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ კრედიტორს შპს „...ს“ 1997 წლის 28 ნოემბრიდან წარმოეშვა რემონტის ღირებულების 13000 ლარის მოთხოვნის უფლება სსიპ ... პ.. სწავლების ცენტრისადმი.

ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 1997 წ. 11 სექტემბერს ქ.... პ.. სამეცნიერო სასწავლო საწარმო ცენტრსა და თ. ბ-ძეს შორის შედგა ნარდობის ხელშეკრულება. და ამდენად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ხელშემკვრელ მხარესთან რაიმე ვალდებულების შესრულებაზე მოთხოვნის უფლების მქონე პირს მხოლოდ თ.ბ-ძე წარმოადგენდა.

საქმეში წარმოდგენილი 1997 წლის 28 ნოემბრის მიღება ჩაბარების აქტით, რომელსაც ადასტურებდა სამეცნიერო სასაწავლო ცენტრის დირექტორი და მისგან უფლებამოსილი კომისია, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ თ. ბ-ძემ, შეასრულა ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და, თავისი ბრიგადით ჩაატარა ქ.... პ.. სამეცნიერო სასწავლო საწარმო ცენტრის შენობის აღდგენითი სარემონტო სამუშაოები, 1997 წლის 28 ნოემბრისათვის და ეს სამუშაოები შესრულებული იქნა ხარისხიანად.(ტ.I ს.ფ. 21)

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ თ. ბ-ძე ... პ.. სწავლების ცენტრთან დადებული ნარდობის ხელშეკრულებისას მოქმედებდა შპს „...ის“ სახელითა და რწმუნებით, რადგან აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ შპს „...“ ... პ.. სამეცნიერო სასწავლო საწარმო ცენტრის ბალანსზე ირიცხება კრედიტორად 13 000 ლარით.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას პალატამ მიიჩნია, რომ 1997 წლის 11 სექტემბერს მხარეთა _ თ. ბ-ძესა და ქ. ... პ.. სამეცნიერო სასწავლო ცენტრს შორის შედგა ნარდობით გათვალისწინებული სახელშეკრულებო-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის თანახმადაც, ხელშეკრულების ერთმა მხარემ, შემკვეთმა სასაწავლო ცენტრმა _ შემსრულებელს თ. ბ-ძეს გარკვეული სარემონტო კაპიტალური სამუშაოების შესრულება დაუკვეთა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 629-ე, 648-ე მუხლებზე და გაიზიარა მოპასუხის მითითება სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით.

სააპელაციო სასამართლომ უდაოდ დადგენილ ფაქტობრივი გარემოებად მიიჩნია, რომ ინჟინერ-მშენებელმა თ. ბ-ძემ, თავისი ბრიგადით ჩაატარა .... პ.. სამეცნიერო სასწავლო საწარმო ცენტრის შენობის აღდგენითი სარემონტო სამუშაოები, რომელიც შესრულდა ხარისხიანად და შემკვეთს სამუშაო ჩაბარდა 1997 წლის 28 ნოემბერს.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის არგუმენტი იმის თაობაზე, რომ მოპასუხე მხარის მიერ მოხდა ვალის აღიარება, რითაც ხანდაზმულობის ვადა შეჩერდა, რასაც ადასტურებს მისივე ბალანსში კრედტორად შპს „...ის“ დაფიქსირება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატამ განმარტა, რომ თავისი სამართლებრივი ბუნებით ვალის აღიარება ხელშეკრულებაა, იურიდიული მნიშვნელობის მქონე მოქმედებაა, რომლის განხორციელებაც სათანადო, კანონშესაბამისი ფორმითა და სათანადოდ უფლებამოსილ პირთა მიერ უნდა მოხდეს.

სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს, მსგავსი კატეგორიის დავებზე ერთმნიშვნელოვან განმარტებებზე და აღნიშნა, რომ მიღება-ჩაბარების აქტი, ბალანსი და ა.შ. დოკუმენტი არ შეიძლება მიჩნეულიყო ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულებად და ამასთან, ვალის ასახვა მხოლოდ შიდა დოკუმენტებში, რომელზედაც კრედიტორს ხელი არ მიუწვდებოდა – ვალის აღიარებად არ ჩაითვლებოდა, ვინაიდან პალატის მოსაზრებით, ვალის აღიარებად მხოლოდ მოვალის ერთმნიშვნელოვანი და ნათლად გამოვლენილი ნება უნდა იქნეს მიჩნეული.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სსიპ ... პ.. სწავლების ცენტრის მიერ შიდა საბუღალტრო დოკუმენტში (ბალანსში) კრედიტორული დავალიანების არსებობის თაობაზე ციფრობრივი მონაცემების ასახვა, სადაც კრედიტორად მითითებულია შპს „...“, (რომელიც პალატის მოსაზრებით საერთოდაც არ არის მოთხოვნის უფლების მქონე პირი) მოპასუხის მხრიდან ვალის აღიარებად ვერ ჩაითვლებოდა და ვერ გამოდგებოდა მოპასუხის მიერ მითითებული სარჩელის ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერების საფუძვლად.

ამდენად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია სასარჩელო ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, ვინაიდან სამუშაოთა შესრულების დღიდან გავიდა 10 წელზე მეტი (14 წელი) და მოსარჩელეს არ უცდია კანონშესაბამისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ასევე კანონშესაბამისი გზებითა და საშუალებებით.

რაც შეეხება მხარეთა სათანადოობას, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ზოგადად აღნიშნულ დავაში მოთხოვნის უფლების მქონე სათანადო მხარეს მხოლოდ თ. ბ-ძე წარმოადგენდა, რადგან სწორედ ის იმყოფებოდა ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობაში მოპასუხე მხარესთან და არა შპს „...“, ჯ. ბ-ძე ან ჯ. მ-ძე.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ჯ. ბ-ძე და ჯ. მ-ძე შრომით-სამართლებრივ ურთიერთობებში იმყოფებოდნენ მენარდესთან და, შესაბამისად, მოთხოვნის უფლება მათ მხოლოდ თ. ბ-ძის მიმართ შეიძლება ჰქონოდათ.

რაც შეეხება შპს „...ს“, პალატამ იგი არ მიიჩნია სათანადო მოსარჩელედ წინამდებარე დავაში, თუმცა აღნიშნა, რომ, რომც ყოფილიყო ეს ვერ შექმნის მისთვის საშეღავათო გარემოებას, რადგან ისევე, როგორც თ. ბ-ძის, ასევე შპს „...ის“, ჯ. ბ-ძისა და ჯ. მ-ძის სარჩელიც (სათანადოობის შემთხვევაშიც კი) ხანდაზმული იყო.

ამდენად, ვინაიდან შპს „...ის“, ჯ. ბ-ძისა და ჯ. მ-ძის მოთხოვნის წარმოშობის საფუძველი, პ.. სამეცნიერო სასწავლო ცენტრის მიმართ არ დგინდებოდა არანაირი დოკუმენტით, სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლზე მითითებით მიიჩნია, რომ მათ მიერ აღძრული სარჩელი სამართლებრივად დაუსაბუთებელი იყო.

თ. ბ-ძესთან მიმართებაში კი, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნას მართალია გააჩნდა სამართლებრივი საფუძველი, მაგრამ იგი ხანდაზმული იყო.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეთა მიერ არ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა მათი სარჩელის საფუძვლიანობას, ამასთან გამორიცხავდა აღძრული სარჩელის ხანდაზმულობას, სააპელაციო სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს «...მ», თ. ბ-ძემ, ჯ. ბ-ძემ და ჯ. მ-ძემ, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

კასატორთა განმარტებით, გადაწყვეტილების მიღებისას სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 137-ე და 341-ე მუხლები, ასევე არ გამოიყენა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2009 წლის 9 დეკემბრის ¹02-09-2/16802 აღიარებითი კორესპონდენცია, რომლითაც სამინისტროს მოწინააღმდეგე მხარესთან ერთად აღიარებული აქვს სადავო კრედიტორული დავალიანება 2009 წლის დეკემბრის მდგომარეობით. კასატორის აზრით, სასამართლომ ასევე არ იხელმძღვანელა სსკ-ის 105-ე მუხლის მეორე ნაწილით და არ გამოიყენა საქმეში არსებული მოწინააღმდეგე მხარის მიერ დავალიანების შესახებ წერილობითი აღიარებითი განცხადებები.

კასატორთა აზრით, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია სასამართლოს მოსაზრება თანხის მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, ვინაიდან სადავო ვალი თვით მოწნააღმდეგე მხარესაც აღიარებული აქვს 2009 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით წერილობითი ფორმით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 31 მარტის განჩინებით შპს «...ის», თ. ბ-ძის, ჯ. ბ-ძისა და ჯ. მ-ძის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს «...ის», თ. ბ-ძის, ჯ. ბ-ძისა და ჯ. მ-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. ას-286-543-08, ას-599-562-2010).

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს «...ის», თ. ბ-ძის, ჯ. ბ-ძისა და ჯ. მ-ძის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (650 ლარი) 70% _ 455 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს «...ის», თ. ბ-ძის, ჯ. ბ-ძისა და ჯ. მ-ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორებს დაუბრუნდეთ შპს «...ის» მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (650 ლარი) 70% _ 455 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.