ას-24-23-10 6 მაისი, 2010წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
რ. ნადირიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს “ს-ა”
მოწინააღმდეგე მხარე – შპს “ქ”
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 4 ნოემბრის განჩინება
დავის საგანი _ საიჯარო ქირის დავალიანების დაკისრება, ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით შპს “ს-ის” სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს “ქ”-ს შპს “ს-ის” სასარგებლოდ დაეკისრა საიჯარო ქირის 67 795 ლარის, საურავის _ ქირის გადაუხდელობის გამო 62 560 ლარისა და საახელმწიფო ბაჟის 3000 ლარის გადახდა. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2007 წლის 27 აპრილს გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება შპს “ს-ასა” და შპს “ქ”-ს შორის. მხარეებს შორის ასევე გაფორმდა საინვესტიციო ხელშეკრულება;
შპს “ი-ის” 2008 წლის 17 ივნისის აუდიტორული დასკვნის თანახმად, შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 47 064 ლარი;
საწყისი საიჯარო ქირა შეადგენდა 138 000 ლარს;
2008 წლის 8 თებერვლის მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, შპს “ქ”-მა ჩაიბარა შპს “ს-ის” იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქონება;
მოიჯარე საიჯარო ქირის ვადაზე გადაუხდელობის გამო გაფრთხილებული იქნა ორჯერ;
სასამართლომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 411-ე, 412-ე და 581-ე მუხლების შესაბამისად, სარჩელი საიჯარო ქირის დავალიანების დაკისრების ნაწილში საფუძვლიანად მიიჩნია, ხოლო სარჩელი ზიანის ანაზღაურების ნაწილში, როგორც უსაფუძვლო, არ დააკმაყოფილა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “ს-ამ”, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით აღნიშნულ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 4 ნოემბრის განჩინებით შპს “ს-ის” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, დასკვნები, სამართლებრივ შეფასებები და დამატებით აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში ზიანი წარმოიშვა მხარეთა შორის არსებული საიჯარო და საინვესტიციო ხელშეკრულების შეუსრულებლობიდან, ანუ სახელშეკრულებო ვალდებულებებიდან.
სასამართლომ აპელანტის მოთხოვნა ზიანის სახით შპს “ქ”-თვის დამატებით 252936 ლარის დაკისრების ნაწილში დაუსაბუთებლად მიიჩნია.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 4 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “ს-ამ”, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში, სარჩელის დაკმაყოფილება.
კასატორის განმარტებით, სასამართლომ განჩინების გამოტანისას არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 411-412 მუხლები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის პირველი თებერვლის განჩინებით შპს “ს-ის” საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად. მოწინააღმდეგე მხარეს განესაზღვრა 5 დღის ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად.
შპს “ს-ის” საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე, საკასაციო სასამართლოში მოწინააღმდეგე მხარეს მოსაზრება არ წარმოუდგენია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “ს-ის” საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს “ს-ის” საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს “ს-ის” საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად.
2. კასატორს დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 8000 ლარის 70% _ 5600 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.