Facebook Twitter

ას-243-229-2010 3 მაისი, 2010 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ გ. და ა. ჯ-შვილები (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. პ-შვილი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 18 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი _ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. პ-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. და გ. ჯ-შვილების მიმართ დაბა წყნეთში, ... ქ¹37-ში მდებარე მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 2008 წლის 25 მარტს მოსარჩელემ საჯარო აუქციონზე შეისყიდა ლ. ჯ-შვილის სახელზე რიცხული უძრავი ქონება და აღრიცხა იგი თავის საკუთრებად საჯარო რეესტრში. სადავო ფართში უკანონოდ ცხოვრობენ ლ.ჯ-შვილის ძმები _ა. და გ. ჯ-შვილები, რომლებიც ნებით ბინას არ ათავისუფლებენ.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ სადავო ბინა მიიღეს მემკვიდრეობით მამისაგან. ლ.ჯ-შვილი არის მათი ძმისშვილი და მოპასუხეთათვის ცნობილი არ იყო, თუ რა სახის გარიგებები დადო მან სადავო ქონებასთან დაკავშირებით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 28 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ნ. პ-შვილის სარჩელი თანამოპასუხეების გამოუცხადებლობის გამო დაკმაყოფილდა, ნ.პ-შვილის კუთვნილი ქ.თბილისში, დაბა წყნეთში, ... ქ.¹37-ში მდებარე უძრავი ნივთი გამოთხოვილ იქნა მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელეს. ამავე სასამართლოს 2009 წლის 2 მარტის განჩინებით კი ა. და გ. ჯ-შვილების საჩივარს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნაზე ეთქვა უარი.

საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება მისი ძალაში დატოვების შესახებ სააპელაციო წესით გაასაჩივრეს გ. და დ. ჯ-შვილებმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 18 ნოემბრის განჩინებით ა. და გ. ჯ-შვილების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 28 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე გამოცხადდნენ მხარეები, მათ შორის, მოპასუხეები – ა. და გ. ჯ-შვილები. 2008 წლის 28 ნოემბრის სასამართლო სხდომზე მოპასუხეებმა იშუამდგომლეს საქმის განხილვის გადადების შესახებ იმ მოტივით, რომ მათი ადვოკატი იყო ავად და ვერ შესძლო სხდომაზე გამოცხადება. სასამართლოს საოქმო განჩინებით ა. ჯ-შვილის შუამდგომლობა სხდომის გადადების შესახებ არ დაკმაყოფილდა. ა. და გ. ჯ-შვილებმა უარი განაცხადეს საქმის განხილვაში მონაწილეობის მიღებაზე. სასამართლომ განუმარტა მხარეებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 232-ე მუხლით გათვალისწინებული ნორმის შინაარსის და მისგან გამომდინარე სამართლებრივი შედეგების თაობაზე. ამავე სხდომაზე სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შესახებ და ნ. პ-შვილის სარჩელი დააკმაყოფილა. სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლი ამომწურავად არეგულირებს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლებს.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების ერთ-ერთ საფუძვლად საჩივრის ავტორები მიუთითებენ იმ გარემოებაზე, რომ სასამართლომ არ დააკმაყოფილა მათი შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე, ხოლო მათ საქმის სირთულიდან გამომდინარე არ შეეძლოთ უფლებების დაცვა სასამართლოში. პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 216-ე მუხლის პირველი ნაწილით, 215-ე მუხლის მესამე ნაწილით და ჩათვალა, რომ, საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილების მიზნით, ავადმყოფობა მხოლოდ მაშინაა საქმის განხილვის გადადების საფუძველი, როდესაც იგი დადასტურებულია სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს პროცესზე გამოუცხადებლობის შეუძლებლობაზე. ავადმყოფობის დამადასტურებელი ცნობა წარდგენილ უნდა იქნეს სასამართლო სხდომაზე.

პალატამ მიიჩნია, რომ სასამართლომ მართებულად არ დააკმაყოფილა მოპასუხეთა შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების შესახებ ადვოკატის ავადმყოფობის მიზეზით, ვინაიდან მხარეს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. ასეთ შემთხვევაში, სასამართლოს სრული საფუძველი ჰქონდა, ევარაუდა, რომ სხდომის გადადება ემსახურებოდა საქმის განხილვის გაჭიანურებას. პალატის მითითებით, ავადმყოფობის დამადასტურებელი ცნობა მხარემ წარადგინა საჩივრის განხილვის ეტაპზე, 2009 წლის 2 მარტის სასამართლო სხდომაზე და შპს „მოზრდილთა ¹31 პოლიკლინიკის მიერ გაცემულ ავადმყოფობის ცნობაში არ არის მითითებული გამოუცხადებლობის შეუძლებლობის შესახებ, შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად არ ჩათვალა საპატიოდ წარმომადგენლის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა. რაც შეეხება ა. და გ. ჯ-შვილებს, მათ სასამართლომ განუმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 232-ე მუხლის სამართლებრივი შედეგების თაობაზე, თუმცა აღნიშნულის მიუხედავად, მათ უარი განაცხადეს საქმის განხილვაში მონაწილეობაზე. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ არსებობდა 230-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები. სააპელაციო საჩივრის ავტორებმა ვერ დაამტკიცეს რა სხდომაზე წარმომადგენლის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა, მათი განმარტება, რომ წარმომადგენლის გარეშე ვერ მიიღებდნენ მონაწილეობას საქმის განხილვაში, პალატამ არ ჩათვალა დასაბუთებულ პრეტენზიად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ა. და გ. ჯ-შვილებმა გაასაჩივრეს საკასაციო წესით და მოითხოვეს მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა კასატორთა განმარტება, რომ სადავო სასამართლო სხდომის დღეს მათ საქმის განხილვა არ დაუტოვებიათ, არამედ იშუამდგომლეს სასამართლოს წინაშე საქმის განხილვის გადადების ან სახაზინო ადვოკატის დანიშვნის თობაზე. სასამართლომ სათანადოდ არ შეისწავლა საქმის მასალები და ყურადღება არ გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ლ.ჯ-შვილმა უკანონოდ დააკანონა კასატორთა მამის _ ა. ჯ-შვილის კუთვნილი სახლი, მოპასუხეთაგან მალულად მიიღო ნოტარიუსისაგან სამკვიდრო მოწმობა მთელ ქონებაზე და კასატორთა ნებართვის გარეშე განკარგა სამკვიდროში შემავალი უძრავი ქონება, რის გამოც მის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 19 აპრილის განჩინებით ა. და გ. ჯ-შვილების საკასაციო საჩივარი ნ.პ-შვილის მიმართ მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო საკასაციო პრეტენზია ლ.ჯ-შვილის მიმართ დარჩა განუხილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ა. და გ. ჯ-შვილების საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს უკავშირებს გარკვეულ შეზღუდვებს და ადგენს იმ დავათა კატეგორიებს, რომლებზეც შეტანილი საკასაციო საჩივარი საკასაციო სასამართლოს მიერ დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი. აღნიშნული დანაწესები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლში.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები მითითებული ნორმით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით.

მოცემული დავის საგანია სასამართლო პროცესზე გამოცხადებული მხარის საქმის განხილვაში მონაწილეობის მიღებაზე უარის თქმის შედეგად მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების მართლზომიერება. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ეფუძნება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 232-ე და 241-ე მუხლებს. აღნიშნული პრაქტიკა ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.

კასატორი ვერ ასაბუთებს და საქმის მასალებითაც არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ისეთი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის შედეგზე, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ ა. და გ. ჯ-შვილებს უნდა დაუბრუნდეთ ა. ჯ-შვილის მიერ 2010 წლის 8 აპრილს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ა. და გ. ჯ-შვილების საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

კასატორ ა. და გ. ჯ-შვილებს დაუბრუნდეთ ა. ჯ-შვილის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 210 ლარი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.