Facebook Twitter

საქმე # 330100117002160347

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№17აპ-19 ქ. თბილისი

ბ. შ. 17აპ-19 27 ივნისი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ნოემბრის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ კერესელიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:

შ. ბ-მ, – დაბადებულმა 1... წელს, ნასამართლობის არმქონემ, – ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2017 წლის 5 სექტემბერს, ღამით, შ. ბ. გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა რ-ს გზატკეცილის №..-ში მდებარე შპს „ი-ს“ კუთვნილ სწრაფი ჩარიცხვის აპარატში მოთავსებულ თანხას – 19 ლარს.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 23 აპრილის განაჩენით შ. ბ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა ამავე მუხლის 1-ლ ნაწილზე და მიესაჯა 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2018 წლის 23 აპრილიდან; მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2017 წლის 10 ოქტომბრიდან 2018 წლის 11 იანვრის ჩათვლით.

3. სასამართლომ დაადგინა, რომ შ. ბ-მ ჩაიდინა ქურდობა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ნოემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. კასატორი – თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორი თამარ კერესელიძე ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ნოემბრის განაჩენში ცვლილების შეტანას და შ. ბ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით იმ მოტივით, რომ საქმეზე შეკრებილი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით უდავოდაა დადასტურებული შ. ბ-ს მიერ ჯგუფური ქურდობის ჩადენა.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო პალატის მოსაზრებით, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი შ. ბ-ს დამნაშავედ ცნობისათვის საკასაციო საჩივრით მოთხოვნილი კვალიფიკაციით, კერძოდ – საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ქურდობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ), ვინაიდან საქმის მასალებით, მათ შორის – მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული ვიდეოჩანაწერით – არ დასტურდება, რომ შ. ბ. მოქმედებდა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად ჩანაწერზე აღბეჭდილ დაუდგენელ პირთან.

9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ კერესელიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე