ას-245-231-2010 31 მაისი, 2010წ.
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),
ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) _ ზ. გ-ური (წარმომადგენელი ა. თ-შვილი)
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ მერაბ კოსტავას სახელობის საქართველოს საადგილმამულო მოსახლეობის განსახლებისა და დახმარების ფონდი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 10 ნოემბრის განჩინება
დავის საგანი _ დავალიანების გადახდევინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2008 წლის 3 ივნისს მერაბ კოსტავას სახელობის საქართველოს საადგილმამულო მოსახლეობის განსახლებისა და დახმარების ფონდმა განცხადებით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა მოპასუხე ზ. გ-ურისათვის 1 509 ლარის დაკისრების შესახებ გადახდის ბრძანების მიღება (ტომი I, ს.ფ. 4-5).
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 10 ივნისის გადახდის ბრძანებით ზ. გ-ურს დაეკისრა 1 509 ლარის გადახდა (ტომი I, ს.ფ. 16-17).
აღნიშნულ გადახდის ბრძანებასთან დაკავშირებით ზ. გ-ურმა წარადგინა პროტესტი და მოითხოვა 2008 წლის 10 ივნისის გადახდის ბრძანების გაუქმება (ტომი I, ს.ფ. 20).
ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ საქმის წარმოება გაგრძელდა სასარჩელო წესით.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 19 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მერაბ კოსტავას სახელობის საქართველოს საადგილმამულო მოსახლეობის განსახლებისა და დახმარების ფონდის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ზ. გ-ურს დაეკისრა 1 509 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ (ტომი I, ს.ფ. 165-167).
აღნიშნული გადაწყვეტილება საჩივრით გაასაჩივრა ზ. გ-ურმა და მოითხოვა 2009 წლის 19 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება (ტომი I, ს.ფ. ).
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 5 ივნისის განჩინებით ზ. გ-ურის საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ამავე სასამართლოს 2009 წლის 19 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტლება (ტომი I, ს.ფ. 203-205).
ახალციხის რაიონულმა სასამართლოს 2009 წლის 5 ივნისის განჩინება გასაჩივრდა ზ. გ-ურის მიერ (ტომი I, ს.ფ. 210-213).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის განჩინებით ზ. გ-ურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 19 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2009 წლის 5 ივნისის განჩინება.
სააპალაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 19 მარტს 13:00 საათზე დანიშნულ სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე ზ. გ-ური, რომელსაც სხდომის თარიღისა და დროის შესახებ ეცნობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით გათვალისწინებული წესით.
აპელანტი მის წინააღმდეგ გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვდა იმ საფუძვლით, რომ სასამართლო პროცესზე მისი გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ, ავადმყოფობით. აღნიშნულის დასადასტურებლად ზ. გ-ურმა მიუთითა შპს “ ...ის” 24.03.2009წ ¹238 ცნობაზე, რომელშიც მითითებულია, რომ აპელანტი 18.03.2009-22.03.2009წ პერიოდში ავად იყო მწვავე ბრონქიტით.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მითითებული ცნობა არ წარმოადგენს რაიონული სასამართლოში 2009 წლის 19 მარტს დანიშნულ სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის დამადასტურებელ მტკიცებულებას, რადგან იგი არ პასუხობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილის მოთხოვნას, კერძოდ, წარმოდგენილი ცნობა არ შეიცავს მითითებას სასამართლო სხდომაზე ზ. გ-ურის გამოცხადების შეუძლებლობის თაობაზე.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ჩათვალა და სწორად აღნიშნა, რომ ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ეს გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ზ. გ-ურის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო (ტომი II, ს.ფ. 54-62).
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ. გ-ურმა, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე წარმოების განახლება.
კასატორი მიუთითებს, რომ რაიონულმა და სააპელაციო სასამართლოებმა არასწორად განმარტეს საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის შინაარსი. ავადმყოფობის ფაქტი არ ჩათვალეს გამოუცხადებლობის შეუძლებლობაზე პირდაპირ მითითებად და ეს ფაქტი სადავოდ გახადეს.
ამასთან, მოსარჩელეს 15 წლის განმავლობაში სადავოდ არ გაუხდია ბინის მთლიანი ღირებულების დაფარვის საკითხი. გაუგებარია, რატომ დაუშვა ასეთი სარჩელი ახალციხის სასამართლომ განსახილველად და არც ამ გარემოებაზე იმსჯელა სააპელაციო სასამართლომ, როგორც ხანდაზმულ მოთხოვნაზე. ეს გარემოება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგნად უნდა ექცია, რადგან ახალციხის რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილებაში უკანონოდ ჩაწერა, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას (ტომი II, ს.ფ. 72-82).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. გ-ურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ. გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე და განაპირობა არასწორი განჩინების გამოტანა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, ზ. გ-ურის საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება განსახილველად დაშვებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე ზ. გ-ურს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ. გ-ურის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 10 ნოემბრის განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. ზ. გ-ურს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% _ 210 ლარი.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.