Facebook Twitter

ას-250-235-2010 13 ივლისი, 2010წ.

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნუნუ კვანტალიანი, ვასილ როინიშვილი

სხდომის მდივანი _ ლ. სანიკიძე

კასატორი (მოსარჩელე) _ ნაზი ჭ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ ქ. ... ¹1 საჯარო სკოლა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 4 თებერვლის განჩინება

დავის საგანი _ ბრძანებების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2009 წლის 1 ოქტომბერს ... რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ნაზი ჭ-ძემ მოპასუხე ... ¹1 საჯარო სკოლის მიმართ. მოსარჩელემ მოთხოვა მასთან შრომითი ხელშეკრულების ვადის გაგრძელების, აგრეთვე თანამდებობიდან მისი გათავისუფლების შესახებ მოპასუხე დაწესებულების დირექტორის 2008 წლის 25 აგვისტოს ¹51 და 2009 წლის 4 სექტემბრის ¹97 ბრძანებების გაუქმება და სამუშაოზე აღდგენა.

სარჩელის თანახმად, ნაზი ჭ-ძე ... ¹1 საჯარო სკოლაში 1989 წლიდან მუშაობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. 2007 წლის 29 ნოემბერს მასა და მოპასუხე სკოლის დირექტორ ვ. მ-ძეს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება ერთი წლის ვადით 2008 წლის 25 აგვისტომდე. ... ¹1 საჯარო სკოლის დირექტორის 2008 წლის 25 აგვისტოს ¹51 ბრძანებით პედაგოგებს, მათ შორის ნაზი ჭ-ძეს, გაუგრძელდათ შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა 1 წლით. აღნიშნული ბრძანების არსებობის შესახებ ნაზი ჭ-ძისათვის ცნობილი გახდა ... რაიონული სასამართლოს 2009 წლის 25 მაისის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. ბრძანება მოპასუხეს მისთვის არ ჩაუბარებია 2009 წლის 4 სექტემბრამდე.

მოსარჩელის მოსაზრებით, 2008 წლის 25 აგვისტოს ზემოაღნიშნული ბრძანება კანონსაწინააღმდეგო იყო. მასთან შრომითი ურთიერთობა უნდა გაეგრძელებინათ არა სკოლის დირექტორის ბრძანების, არამედ შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე. მოპასუხემ დაარღვია “საჯარო სკოლის დირექტორსა და მასწავლებელს შორის დადებული ხელშეკრულების სავალდებულო პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 11 ოქტომბრის ¹959 ბრძანების 91 მუხლის მოთხოვნა, რომლის თანახმად, სკოლასა და მასწავლებელს შორის ვადიანი ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში რეკომენდებულია გრძელვადიანი, მინიმუმ 3-5 წლით, შრომითი ხელშეკრულების გაფორმება. გარდა ამისა, დაირღვა დასახელებული ბრძანების მე-10 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტების, შრომის კოდექსის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 23-ე მუხლის, შრომისა და დასაქმების სფეროში დისკრიმინაციის შესახებ 1958 წლის კონვენციის მოთხოვნები.

მოსარჩელის მითითებით, სამუშაოდან დათხოვნის ბრძანების შინაარსი წინააღმდეგობრივია. ბრძანების სამართლებრივ საფუძვლად დასახელებულია შრომის კოდექსის 37-ე მუხლის “ბ” (შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა) და “დ” (შრომითი ხელშეკრულების მოშლა) ქვეპუნქტები. ამავე ბრძანების მე-2 პუნქტით კი სკოლის ბუღალტერიას დაევალა მასთან ანგარიშსწორება შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ერთი თვის შრომის ანაზღაურებით. ერთი თვის შრომის ანაზღაურება დასაქმებულს მიეცემა მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების დამსაქმებლის ინიციატივით მოშლის შემთხვევაში. ამდენად, ბრძანებაში არასწორად მიეთითა დათხოვნის საფუძველი, მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლება მოხდა არა შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო, არამედ _ შრომის კოდექსის 38-ე მუხლის თანახმად, დამსაქმებლის ინიციატივით (ს.ფ. 2-13).

... რაიონული სასამართლოს 2009 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნაზი ჭ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

რაიონულმა სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

ნაზი ჭ-ძე 1989 წლიდან მუშაობდა ... ¹1 საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად;

2007 წლის 29 ნოემბერს მხარეებს შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, რომლითაც შრომითი ხელშეკრულების ხანგრძლივობა განისაზღვრა 1 წლის ვადით, 2007 წლის 25 აგვისტოდან 2008 წლის 25 აგვისტომდე;

2008 წლის 25 აგვისტოს ¹1 საჯარო სკოლის დირექტორმა გამოსცა ბრძანება ¹51, რომლის თანახმად, საჯარო სკოლის პედაგოგებს, მათ შორის ნაზი ჭ-ძეს, გაუგრძელდათ შრომითი ხელშეკრულება 1 წლის ვადით, ¹1 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის თანამდებობაზე;

2009 წლის 29 იანვარს იმავე სკოლის დირექტორმა მიიღო ბრძანება ¹65, რომლითაც ნაზი ჭ-ძეს მე-11 “ბ” კლასის მოსწავლეებთან შექმნილი დაურეგულირებელი სიტუაციის გამო მიეცა გაფრთხილება;

2009 წლის 4 სექტემბრის ¹97 ბრძანებით ნაზი ჭ-ძე გათავისუფლდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის თანამდებობიდან. სამუშაოდან დათხოვნის ბრძანებას საფუძვლად დაედო შრომის კოდექსის 37-ე მუხლის “ბ” და “დ” ქვეპუნქტები, “ზოგადი განათლების შესახებ” კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტი, აგრეთვე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის ¹448 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სკოლის წესდების მე-7 მუხლის “ნ” ქვეპუნქტის მოთხოვნები;

... რაიონული სასამართლოს 2009 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით ნაზი ჭ-ძის სარჩელი ¹1 საჯარო სკოლის დირექტორის 2009 წლის 29 იანვრის ბრძანების (ხუთი საგაკვეთილო საათის მოხსნის შესახებ) ბათილად ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდა, ხოლო მისი მოთხოვნა დროებითი შრომისუუნარობის გამო ფულადი დახმარების 247 ლარის ანაზღაურების ნაწილში დაკმაყოფილდა.

რაიონული სასამართლოს მითითებით, 2009 წლის 25 ივნისს შედგა ... ¹1 საჯარო სკოლის პედაგოგიური საბჭოს სხდომა, სადაც ნაზი ჭ-ძემ განმარტა, რომ მისთვის ცნობილი გახდა ¹51 ბრძანების შესახებ, თუმცა არც სკოლის დირექტორისათვის და არც სასამართლოსათვის მისი ბათილად ცნობის მოთხოვნით არ მიუმართავს. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ნაზი ჭ-ძეს ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული აქტი კანონით დადგენილ ერთთვიან ვადაში არ გაუსაჩივრებია.

რაიონული სასამართლოს მოსაზრებით, ... ¹1 საჯარო სკოლის დირექტორს ¹51 ბრძანების გამოცემით არ დაურღვევია შრომის კოდექსისა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 11 ოქტომბრის ¹959 ბრძანების მოთხოვნები. მოპასუხეს შრომის ხელშეკრულებაში არ შეუტანია ცვლილებები და დამატებები. ხელშეკრულების პირობები მხარეთა შორის იგივე დარჩა, ადგილი ჰქონდა მხოლოდ ხელშეკრულების ვადის გაგრძელებას. შრომის ხელშეკრულების ვადის გაგრძელების შესახებ ბრძანების მიღებით არ გაუარესებულა მოსარჩელის უფლებები და ინტერესები. ... ¹1 საჯარო სკოლის 2009 წლის 30 ივნისის ¹48 ბრძანებით საჯარო სკოლის პედაგოგებს, მათ შორის მოსარჩელეს, მიეცათ შვებულება 1 ივლისიდან 1 სექტემბრის ჩათვლით. მოსარჩელეს კონტრაქტით გაგრძელებული ერთწლიანი ვადა დაუმთავრდა 25 აგვისტოს, შვებულებაში ყოფნის პერიოდში, რის გამოც დირექტორმა მისი სამუშაოდან დათხოვნის ბრძანება გამოსცა შვებულების დამთავრების შემდეგ 4 სექტემბერს. აღნიშნული გარემოების გამო რაიონულმა სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება, რომ მას ხელშეკრულება გაუგრძელდა განუსაზღვრელი ვადით. ამასთან, სასამართლომ მიუთითა შრომის კანონთა კოდექსის 31-ე მუხლზე, რომელშიც განმარტებულია, რომ, თუ შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ შრომითი ურთიერთობა ფაქტიურად გაგრძელდება და არც ერთი მხარე არ მოითხოვს მის შეწყვეტას, ხელშეკრულების მოქმედება ითვლება გაგრძელებულად განუსაზღვრელი ვადით. სადავო შემთხვევაში მხარეებს შორის შრომითი ხელშეკრულება განუსაზღვრელი ვადით არ დადებულა (ს.ფ. 108-111).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნაზი ჭ-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება (ს.ფ. 115-126).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 4 თებერვლის განჩინებით ნაზი ჭ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ... რაიონული სასამართლოს 2009 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასება.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 11 ოქტომბრის ¹959 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სკოლის დირექტორსა და მასწავლებელს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების სავალდებულო პირობების დამტკიცების შესახებ ბრძანების მე-10 მუხლის მე-4 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, მასწავლებელთან დადებული შრომითი ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმეზე დგინდებოდა რომ 2007 წლის 29 ნოემბერს დადებული შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა სკოლის დირექტორის 2008 წლის 25 აგვისტოს ¹51 ბრძანებით გაგრძელდა 1 წლით და სადავო არ გამხდარა, რადგან ნაზი ჭ-ძე აგრძელებდა მუშაობას ამ შეთანხმებით. მას ეს ბრძანება არ გაუპროტესტებია და არც მისი ბათილად ცნობა მოუთხოვია. შეთანხმება დაიდო ერთი წლის ვადით. ერთი წლის ვადის გასვლის შემდეგ ნაზი ჭ-ძეს არ გაუგრძელდა ხელშეკრულება. ერთ-ერთი მხარის ინიციატივით ხელშეკრულების დადება არ მოხდა მხარესთან. შრომის კოდექსის 37-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენს შრომის ხელშეკრულების ვადის გასვლა. ნაზი ჭ-ძე სწორედ ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო გათავისუფლდა ¹1 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის თანამდებობიდან.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, შრომითი ხელშეკრულების ურთიერთობის საფუძველი არის ორმხრივი ნება და ის, რომ ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო მოსარჩელემ აღარ ისურვა მხარესთან ხელშეკრულების გაგრძელება, ეს მხარის უფლებაა.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მას ხელშეკრულება დაუდეს განუსაზღვრელი ვადით. შრომის კოდექსის 31-ე მუხლის შესაბამისად, თუ შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ შრომითი ურთიერთობა ფაქტობრივად გაგრძელდა და არც ერთმა მხარემ არ მოითხოვა მისი შეწყვეტა, ხელშეკრულების მოქმედება ითვლება გაგრძელებულად განუსაზღვრელი ვადით. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის შრომითი ხელშეკრულება განუსაზღვრელი ვადით არ დადებულა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საჯარო სკოლის დირექტორსა და მასწავლებელს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების სავალდებულო პირობების მე-8 პუნქტზე, რომლის თანახმად, სკოლის დირექტორს უფლება აქვს მასწავლებელთან შრომითი ხელშეკრულება მოშალოს დამატებითი ვადისა და ხარვეზის გამოსწორების გზების განსაზღვრის გარეშე, თუ მასწავლებლის მუშაობაში არსებული ხარვეზის გამოსწორება შეუძლებელია და მას არ ექნება დადებითი ეფექტი სკოლის ინტერესებზე. სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ ნაზი ჭ-ძის მიმართ მე-11 “ბ” კლასში 5 საგაკვეთილო საათის სასწავლო წლის ამოწურვამდე ჩამორთმევის გამო, მოპასუხის მხრიდან წარმოშობილ პრეტენზიებზე სკოლის დირექტორმა მის მიმართ ჩაატარა საჯარო სკოლის დირექტორსა და მასწავლებელს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების სავალდებულო პირობების მე-10 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ქმედებები, რასაც შეფასება მიეცა ... რაიონული სასამართლოს 2009 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, დამტკიცებას არ საჭიროებენ ფაქტები, რომლებიც დადასტურებულია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ. აპელანტთან შრომითი ხელშეკრულება შეწყდა შრომის კოდექსის 37-ე მუხლის შესაბამისად და არა ამავე კოდექსის 38-ე მუხლის მოთხოვნების საფუძველზე (ს.ფ. 169-173).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნაზი ჭ-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

კასატორი აღნიშნავს, რომ სადავო 2008 წლის 25 აგვისტოს ბრძანების გამოცემით მოპასუხემ დაარღვია “საჯარო სკოლის დირექტორსა და მასწავლებელს შორის დადებული ხელშეკრულების სავალდებულო პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 11 ოქტომბრის ¹959 ბრძანების მოთხოვნები. ამ ბრძანების მე-12 მუხლის თანახმად, ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილება და დამატება შეიძლება შეტანილ იქნეს მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით, რაც უნდა გაფორმდეს წერილობით. მოცემულ შემთხვევაში მოხდა ცვლილების შეტანა ხელშეკრულებაში, კერძოდ, შეიცვალა ერთ-ერთი მთავარი და სავალდებულო რეკვიზიტი _ ხელშეკრულების ვადა. აღნიშნული აუცილებლად უნდა ყოფილიყო შეთანხმებული მხარეთა შორის. ასევე დაირღვა ბრძანების გაცნობის წესი. ბრძანება არ ჩაუბარებიათ არც ერთი პედაგოგისთვის, სკოლაში არ გამოქვეყნებულა გაცნობისთვის. არასწორია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ შეთანხმება დაიდო ერთი წლით და სადავო არ გამხდარა. ეს არ იყო შეთანხმება, ეს იყო სკოლის ცალმხრივი ნება, რომელიც არ იყო შეთანხმებული მეორე მხარესთან.

კასატორის მოსაზრებით, არც სამუშაოდან დათხოვნის შესახებ სადავო 2009 წლის 4 სექტემბრის ბრძანებაა კანონშესაბამისი, რასაც არასწორი შეფასება მისცა სააპელაციო სასამართლომ. მოცემულ შემთხვევაში ასევე არასწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 11 ოქტომბრის ¹959 ბრძანებას. აღნიშნული ბრძანების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი მოითხოვს, რომ დირექტორმა მასწავლებელთან დამსაქმებლის ინიციატივით შრომითი ხელშეკრულების მოშლამდე საკითხის ირგვლივ გამოიკვლიოს ყველა გარემოება და მხოლოდ ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული პროცედურის დაცვით მიიღოს გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების მოშლის თაობაზე. ამავე ბრძანების მე-10 მუხლის მე-5 პუნქტი, თავის მხრივ, ითვალისწინებს, თუ რა პროცედურული მოქმედებები უნდა განახორციელოს სკოლის დირექტორმა მასწავლებელთან დამსაქმებლის ინიციატივით შრომითი ხელშეკრულების მოშლამდე, როგორიც არის მისთვის წერილობითი მოტივირებული პრეტენზიის გაცნობა, ამასთან დაკავშირებით წერილობითი დასაბუთების გამოთქმის შესაძლებლობის მიცემა და სხვა. აღნიშნული პროცედურა სადავო ბრძანების გამოცემით არ დაცულა.

კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანისას საერთოდ არ საუბრობს მისი დათხოვნის შესახებ ბრძანების დისკრიმინაციულ ხასიათზე. ამით დარღვეულია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 23-ე მუხლი, შრომის კოდექსის მე-2 მუხლი. სადავო ბრძანება ცალსახად დისკრიმინაციულია. კასატორი დირექტორთან მუდმივად იმყოფებოდა მტრულ, დამამცირებელ, ღირსების შემლახველ გარემოში, შრომითი ურთიერთობა სკოლის 39 პედაგოგიდან შეწყდა მხოლოდ მასთან, სადავო ბრძანების გამოცემას წინ უძღვოდა სკოლის დირექტორის მხრიდან სხვადასხვა დისკრიმინაციული ქმედებები, როგორიც იყო მე-11ბ კლასში 5 საათის მოხსნა მოსწავლეებთან შექმნილ დაურეგულირებელ სიტუაციაზე მითითებით, რაც არ შეესაბამებოდა სინამდვილეს და მოპასუხის მიერ იყო პროვოცირებული. გარდა ამისა, მოპასუხე უარს ეუბნებოდა 2008-2009 წლებში საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის გამო დახმარების გაცემაზე, რისი ანაზღაურებაც მხოლოდ სასამართლოსადმი მიმართვის შემდეგ გახდა შესაძლებელი.

კასატორის მოსაზრებით, ასევე წინააღმდეგობრივია ბრძანების შინაარსი. მასში დათხოვნის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია შრომის კოდექსის 37-ე მუხლის “ბ” (ხელშეკრულების ვადის გასვლა) და “დ” (შრომის ხელშეკრულების მოშლა) ქვეპუნქტები, იმავდროულად, ბრძანებით სკოლის ბუღალტერიას დაევალა შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ანგარიშსწორება ერთი თვის შრომის ანაზღაურებით. ამდენად, დათხოვნა მოხდა არა შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო, არამედ შრომის კოდექსის 38-ე მუხლის თანახმად დამსაქმებლის ინიციატივით (ს.ფ. 178-187).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის სასამართლო განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე დადგენილია:

ნაზი ჭ-ძე მუშაობდა ... ¹1 საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად;

2007 წლის 29 ნოემბერს მხარეთა შორის გაფორმდა შრმითი ხელშეკრულება ერთი წლის ვადით, 2007 წლის 25 აგვისტოდან 2008 წლის 25 აგვისტომდე;

2008 წლის 25 აგვისტოს ... ¹1 საჯარო სკოლის დირექტორმა გამოსცა ¹51 ბრძანება, რომლის თანახმად საჯარო სკოლის პედაგოგებს, მათ შორის, ნაზი ჭ-ძეს, გაუგრძელდათ შრომითი ხელშეკრულება ერთი წლით;

... რაიონული სასამართლოს 2009 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით ნაზი ჭ-ძის სარჩელი ¹1 საჯარო სკოლის დირექტორის 2009 წლის 29 იანვრის ბრძანების (ხუთი საგაკვეთილო საათის მოხსნის შესახებ) ბათილად ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდა, ხოლო მისი მოთხოვნა დროებითი შრომისუუნარობის გამო 247 ლარის ოდენობით ფულადი დახმარების ანაზღაურების ნაწილში დაკმაყოფილდა. ამავე სასამართლო გადაწყვეტილებაში ერთ-ერთ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიეთითა: “მოსარჩელე და მოპასუხე უთითებენ, რომ ერთმანეთს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელდა სკოლის დირექტორის 2008 წლის 25 აგვისტოს ¹51 ბრძანებით ერთი წლის ვადით”;

2009 წლის 25 ივნისს შედგა ... ¹1 საჯარო სკოლის პედაგოგიური საბჭოს სხდომა, სადაც ნაზი ჭ-ძემ განმარტა, რომ მისთვის ცნობილი გახდა ¹51 ბრძანების შესახებ;

... ¹1 საჯარო სკოლის დირექტორის 2009 წლის 4 სექტემბრის ¹97 ბრძანებით ნაზი ჭ-ძე გათავისუფლდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის თანამდებობიდან. სამუშაოდან დათხოვნის ბრძანებას საფუძვლად დაედო შრომის კოდექსის 37-ე მუხლის “ბ” და “დ” ქვეპუნქტები.

საქმეზე ერთ-ერთი სადავო საკითხია, ითვლება თუ არა მხარეთა შორის შეთანხმებულად შრომითი ხელშეკრულების ვადის გაგრძელება 2008 წლის 25 აგვისტოდან კიდევ ერთი წლით, როდესაც გავიდა მანამდე მოქმედი ხელშეკრულების ერთწლიანი ვადა.

საქმეში არ მოიპოვება იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ... ¹1 საჯარო სკოლის დირექტორის 2008 წლის 25 აგვისტოს ¹51 ბრძანება, რომლითაც სკოლის მასწავლებლებს შრომითი ხელშეკრულებები გაუგრძელდათ ერთი წლით, გამოცემისთანავე ნაზი ჭ-ძეს ჩაჰბარდა და იგი გაეცნო მას.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის 2008 წლის 25 აგვისტოს შემდეგ წარმოშობილ ურთიერთობაში, როდესაც გავიდა მანამდე მოქმედი შრომითი ხელშეკრულების ერთწლიანი ვადა, სამართლებრივი კვალიფიკაციის თვალსაზრისით შეიძლება ორ ეტაპის გამიჯვნა: ერთი მხრივ, ... ¹1 საჯარო სკოლის დირექტორის 2008 წლის 25 აგვისტოს ¹51 ბრძანების გამოცემიდან 2008 წლის ივნისამდე, როდესაც ნაზი ჭ-ძისათვის ცნობილი გახდა ამ ბრძანების შესახებ და, მეორე მხრივ, ამ პერიოდიდან სამუშაოდან გათავისუფლებამდე.

სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზეც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად ჩაითვლება კანონის მიერ.

შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა წარმოადგენს შრომითი ხელშეკრულების ერთ-ერთ არსებით პირობას, რომელიც საჭიროებს მხარეთა შორის შეთანხმებას. ვადის განსაზღვრა, როგორც წესი, მხარეთა პრეროგატივაა, ისევე როგორც ხელშეკრულების სხვა ძირითად პირობებზე შეთანხმება.

მხარეთა მიერ ვალდებულების შესრულების ვადის განსაზღვრა გამომდინარეობს სამოქალაქო სამართალში აღიარებული სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპიდან, რომელმაც ნორმატიული ასახვა ჰპოვა სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველ ნაწილში: “კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებები, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას”. შესაბამისად, მხარეებს სრული თავისუფლება აქვთ, შეთანხმდნენ ვალდებულების შესრულების ვადებთან დაკავშირებულ საკითხებზე. ისინი ამით საკუთარი ნებით განსაზღვრავენ ვალდებულების შესრულების საზღვრებს დროში. სახელშეკრულებო სამართალში ერთმანეთისგან განასხვავებენ დადგენილ (განსაზღვრულ) და დაუდგენელ (განუსაზღვრელ) ვადებს. განსაზღვრულია ვადა, როდესაც ცნობილია მოვლენის დადგომის თარიღი. განუსაზღვრელია ვადა, როდესაც მოვლენის დადგომა სარწმუნოა, მაგრამ უცნობია მისი დადგომის ზუსტი თარიღი. როდესაც მხარეთა შეთანხმებით მოვლენის დადგომის კონკრეტული თარიღი მკაფიოდაა განსაზღვრული, ასეთ შემთხვევაში სახეზეა განსაზღვრული ვადით დადებული ხელშეკრულება, ხოლო როდესაც ასეთი თარიღი არ არის განსაზღვრული და იგი არც ხელშეკრულების შინაარსიდან გამომდინარეობს _ იგულისხმება განუსაზღვრელი ვადით დადებული ხელშეკრულება.

მოცემულ შემთხვევაში სარწმუნოდ ვერ მიიჩნევა, რომ 2008 წლის ივნისამდე მხარეთა შორის არსებობდა შეთანხმება მხარეთა შორის ხელშეკრულების ერთ-ერთი არსებითი პირობის _ ერთწლიანი ვადის განსაზღვრის თაობაზე, რამდენადაც ... ¹1 საჯარო სკოლის დირექტორის 2008 წლის 25 აგვისტოს ¹51 ბრძანების ნაზი ჭყოძისათვის ჩაბარება საქმის მასალებით არ დასტურდება.

საქმეზე დადგენილია, რომ 2008 წლის ივნისში მოსარჩელე ნაზი ჭ-ძისათვის უტყუარად გახდა ცნობილი 2008 წლის 25 აგვისტოს ¹51 ბრძანების არსებობის შესახებ და შესაბამისად, იმის თაობაზე, რომ სკოლის ადმინისტრაციის მიერ მასთან შრომითი ურთიერთობა გაგრძელებულია მხოლოდ ერთი წლით. საქმის მასალების თანახმად, ნაზი ჭ-ძეს რაიმე პრეტენზია ამასთან დაკავშირებით არ გამოუთქვამს და დაეთანხმა ვადის შესახებ სახელშეკრულებო პირობის ამგვარად ტრანსფორმირებას. ასეთი თანხმობის არსებობა შეესაბამება სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლით განმტკიცებულ კეთილსინდისიერების პრინციპსაც, რომელსაც ეფუძნება სამოქალაქო მართლწესრიგი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ნ. ჭ-ძესთან შრომითი ხელშეკრულება გაგრძელებული იყო მხოლოდ ერთი წლით და მისი გასვლის შემდეგ არსებობდა ხელშეკრულების მოშლის სამართლებრივი საფუძველი. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ მასთან შრომითი ურთიერთობა მოიშალა არა ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო, არამედ _ სხვა საფუძვლით, რაც არ არის დასაბუთებული. იმაზე, რომ სწორედ ვადის გასვლის გამო მოხდა კასატორთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, მიუთითებს თავად გათავისუფლების ბრძანებაში აღნიშნული სამართლებრივი საფუძველი _ შრომის კოდექსის 37-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტი და ასევე, აღნიშნული დასტურდება საქმის მასალებით. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა “საჯარო სკოლის დირექტორსა და მასწავლებელს შორის დადებული ხელშეკრულების სავალდებულო პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 11 ოქტომბრის ¹959 ბრძანებით გათვალისწინებული პროცედურის დაცვის საჭიროება, რაზეც კასატორი მიუთითებს.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ის გარემოება, რომ მხარეთა შორის შრომითი ხელშეკრულების ვადა გაგრძელებული იყო 2008 წლის 25 აგვისტომდე, ხოლო მოსარჩელე ვადის გასვლის გამო სამუშაოდან გათავისუფლდა 4 სექტემბერს, ასევე არ ნიშნავს, რომ მასთან შრომითი ურთიერთობა 25 აგვისტოს შემდეგ გაგრძელდა განუსაზღვრელი ვადით. საქმის მასალების თანახმად არ დგინდება, რომ ნ. ჭ-ძე 25 აგვისტოს შემდეგ რაიმე სამუშაოს ასრულებდა და შესაბამისი კონკლუდენტური მოქმედებებით დამქირავებელთან შრომით ურთიერთობას კვლავ აგრძელებდა. გარდა ამისა, აღნიშნულ საკითხზე არც კასატორი აყენებს რაიმე პრეტენზიას.

რაც შეეხება დისკრიმინაციის საკითხს, აღნიშნულის მტკიცების ტვირთი აწევს მოსარჩელეს. იმ შემთხვევაში, თუ გათავისუფლება არ არის გამომდინარე სამუშაოს არსიდან, უნდა დაადასტუროს თავად მოსარჩელემ, წინააღმდეგ შემთხვევაში სამსახურიდან მოსარჩელის გათავისუფლება არ შეიძლება ჩაითვალოს დისკრიმინციად. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ვერ ადასტურებს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დისკრიმინაციის რომელიმე სახის არსებობას, ხოლო თავისთავად სამუშაოს შესრულების ვადის გასვლა და ამის გამო სამუშაოდან გათავისუფლება არ ნიშნავს, რომ ასეთ დისკრიმინაციას აქვს ადგილი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საპროცესო საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ნაზი ჭ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 4 თებერვლის განჩინება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.